№24 სხივური თერაპია და თანამედროვე მიდგომა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში
მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მიხეილ ბარამია:
ონკოლოგია – თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს 14 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის მაჩვენებლები საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, განუხრელად იზრდება. ამ ფაქტს ამძიმებს ისიც, რომ ჩვენთან ავადმყოფთა 70-75 პროცენტი ექიმს დაავადების იმ სტადიაში მიმართავს, როცა რადიკალური მკურნალობის მეთოდი უკვე აღარ გამოიყენება.
– რა არის სიმსივნეების ასეთი დაგვიანებული გამოვლენის მიზეზი?
– ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენის ძირითადი მიზეზია მოსახლეობის მიერ პროფილაქტიკური გასინჯვების უგულებელყოფა, ქრონიკული და კიბოსწინა დაავადებების არასრულფასოვანი მეთვალყურეობა. კიბოს მკურნალობის ეფექტურობა პირდაპირაა დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე.
დღეს ონკოლოგია მულტიპროფილური დარგია, რომელიც აერთიანებს ქირურგებს, რადიოლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, ჰემატოლოგებს, იმუნოლოგებს, პათომორფოლოგებს, ბიოქიმიკოსებსა თუ ბირთვული მედიცინის სპეციალისტებს. ეს არის გუნდი, რომლის მიზანია ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო მომსახურების და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით სხივური თერაპიის ანუ რადიაციული ონკოლოგიის სპეციალისტებს ეხება. სხივური თერაპია ერთი მთლიანი ჯაჭვია, რომლის შემადგენელ თითოეულ რგოლს დიდი მნიშვნელობა აქვს, იქნებიან ესენი ექიმები, სამედიცინო ფიზიკოსები თუ ტექნიკოსები. თანამედროვე მიდგომა სხივურ თერაპიაში გულისხმობს სამიზნე კერის მაქსიმალურად ზუსტ დასხივებას, ისე რომ, გარშემო არ დაზიანდეს ჯანმრთელი ქსოვილები. ეს არის პრიორიტეტული ჩვენთვისაც და სწორედ ამის გამო შევიძინეთ ბოლო თაობის უმაღლესი კლასის აპარატურა, რომელიც აღიარებულია როგორც საუკეთესო მთელ მსოფლიოში.
– საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს თქვენი კლინიკა უპრეცედენტოა თავისი შესაძლებლობებით, მაგრამ როგორ იწყებდით, რამ გიბიძგათ ამ დარგის არჩევა?
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1996 წელს მოვხვდი ბატონ ფრიდონ თოდუას ინსტიტუტში. აქ დავიცავი დისერტაცია კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკის განხრით. როდესაც 2001 წელს ჩვენს ინსტიტუტში ბირთვული მედიცინის განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო, ბატონი ფრიდონის რეკომენდაციით გავემგზავრე ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ამის შემდეგ, დავინიშნე ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელად. 2013 წლიდან ბატონ ფრიდონ თოდუას ინიციატივით, გადაწყდა ჩვენს ინსტიტუტში ონკოლოგიური მიმართულების გაძლიერება – აშენდა ახალი კორპუსი, სადაც განთავსდა ქიმიოთერაპიისა და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტები. ამისთვის გავემგზავრე გერმანიაში, კერძოდ, მიუნჰენში, რადიაციული ონკოლოგიის მიმართულების ასათვისებლად. დღემდე ვმუშაობ ამ დეპარტამენტში, როგორც სხივური თერაპიის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი.
ვფიქრობ, სხივური თერაპია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წამოწყება იყო იმ მრავალრიცხოვან საქმეთაგან, რაც ბატონ ფრიდონ თოდუას გაუკეთებია ქართული მედიცინისთვის. დღესდღეობით ჩვენი დეპარტამენტი ერთ– ერთი წამყვანი განყოფილებაა. ინოვაციებს ფეხდაფეხ მივყვებით და მთლიანად აღჭურვილი ვართ ამერიკული ფირმა ,,ვარიანის” აპარატურით. 2014 წელს შევიძინეთ უახლესი თაობის ორი აპარატი. ქვეყანაში ამ სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და თუ ადრე, პაციენტების 80 პროცენტი მკურნალობისთვის უცხოეთში მიემგზავრებოდა, დღეს იგივე და უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას უკვე სამშობლოში იღებენ. საკმაოდ მოკლე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა პაციენტთა მომართვიანობა, რამაც კიდევ ერთი სხივური ამაჩქარებლის შეძენა განაპირობა. 2016 წლის ბოლოს დამონტაჟდა მესამე აპარატი, ასევე ფირმა ,,ვარიანის” ბოლო თაობის ხაზოვანი ამაჩქარებელი – EDGE, რომელიც, ევროპის მასშტაბით, მხოლოდ 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ეს აპარატი არ დგას ჩვენს მეზობელ თურქეთში. წელსვე შევიძინეთ მეოთხე, ბრაქითერაპიის აპარატი, რაც ძირითადად, მცირე მენჯის ღრუს პათოლოგიების მკურნალობას ემსახურება. აქტუალურია, აგრეთვე, კანის კიბოს, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების მკურნალობისთვის, ჩვენების შესაბამისად. თუ ზემოხსენებულ აპარატებს ვიყენებთ გარეგანი დასხივებისთვის, ბრაქითერაპიის მეშვეობით, ახლომანძილიანი კონტაქტური დასხივება გამოსხივების წყაროს დაზიანებული კერის უშუალო სიახლოვეს ან ინტრაორგანულად მოათავსებს, რაც ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგად სხივურ დატვირთვას.
– რა რაოდენობის პაციენტების მიღება გიწევთ ყოველდღიურად?
– თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო დოზა უხშირესად ნაწილდება რამდენიმე დღეზე ან კვირაზე. ამიტომ, მათთვის ეს ყოველდღიური პროცედურაა, რომ სხივური თერაპიის მთლიანი კურსი მოიცვას. ასე რომ, დატვირთვა საკმაოდ დიდია. ჩვენი გრაფიკი ყოველთვის მკაცრადაა გაწერილი – 4 აპარატზე დღეში დაახლოებით 180 პაციენტს ვატარებთ, ხშირად გვიწევს დილიდან გვიან ღამემდე მუშაობა.
– რა არის რადიოქირურგია და რამდენად შედეგიანია დასხივება?
– არის სიტუაციები, გარკვეული პათოლოგიების დროს, როდესაც კერაზე ხდება არა პორციული, არამედ ერთჯერადად დარტყმითი, დიდი დოზით სხივური ზემოქმედება. ეს, ფაქტობრივად, ქირურგიული ჩარევის ტოლფასად აღიქმება და ამიტომაც, ამ მანიპულაციას რადიოქირურგიასაც უწოდებენ. ეს არის ახალი მიმართულება ონკოლოგიაში. რადიოქირურგია ხდება პირველადი სიმსივნეებისა და მეტასტაზური დაზიანების დროსაც, როდესაც, რიგ შემთხვევებში, ქირურგიული ჩარევა მეტი ზიანის მომტანია პაციენტისთვის, ვიდრე გარედან არაინვაზიური ზემოქმედება. რეალურად, პაციენტი მოდის, უტარდება ერთი ან ორი სეანსი და იღებს მაქსიმალურ სამკურნალო ეფექტს, მინიმალური გვერდითი მოვლენების ფონზე. ჩვენი ახალი აპარატი, თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, ორიენტირებულია ზუსტად რადიოქირურგიაზე. მას შეუძლია, ძალიან მცირე, მაგალითად, 2.5 მილიმეტრის სამიზნის დასხივება ისე, რომ მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს გარშემო მყოფ ჯანსაღ ორგანოებზე. ასევე, უნდა ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში, როგორც რადიოქირურგია, ასევე სხივური თერაპიის სხვა მეთოდები ოპერაციული მკურნალობის ალტერნატივაა და მათი შორეული შედეგები ზოგჯერ, პრაქტიკულად, იდენტურია, მაგალითად: პროსტატის კიბოს შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აპარატურა მართლაც საუკეთესოა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ გადამწყვეტი მაინც ექიმია – პროფესიონალი, რომელმაც, მკურნალობის სწორი ტაქტიკა უნდა შეარჩიოს. ამიტომაც, ჩვენთან უდიდესი ყურადღება ეთმობა სპეციალისტების მომზადების საკითხს. ჩვენს ინსტიტუტში მუშაობენ საუკეთესო ექიმები, ფიზიკოსები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლებიც თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. მათი სახელები კარგადაა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამის მიღწევა, მერწმუნეთ, არ არის იოლი. სანამ აპარატურა დამონტაჟდებოდა, მთელი წელი სპეციალისტები უკვე გადიოდნენ მომზადებას ყველა მიმართულებით მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
ახლა, როდესაც ხორციელდება ახალი, გრანდიოზული პროექტი, რომელიც ჩვენს ინსტიტუტში პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის – PET-CT-ის გაშვებას გულისხმობს, უპირველესად, სპეციალისტების მომზადება დავიწყეთ: 2 ექიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, უკვე მომზადებულია ინჟინერთა ჯგუფი.
კლინიკის წარმატება თითოეული თანამშრომლის დაუღალავი შრომის შედეგია. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ეს საქართველოში ხდება და მეც ამ კოლექტივის წევრი ვარ. როდესაც ქვეყანაში ასეთი მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა და უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი, შესაძლებელია, გამკლავება ნებისმიერ დაავადებასთან. აქ შეცდომის უფლება არავის აქვს.