№24 დაშორდა თუ არა ლიკა ყაზბეგი მეუღლეს და ვისზეა ის ახლა შეყვარებული
მშვენიერი ლიკა ყაზბეგის პირადი ცხოვრების მიმართ საზოგადოების ინტერესი მას შემდეგ არ წყდება, რაც მან არაორდინარულად – ციხეში პატიმარზე იქორწინა. ბოლო დროს ჭორები გავრცელდა, რომ ლიკა მეუღლეს დაშორდა, რაც მის მიერ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულმა სტატუსმა უფრო გააღვივა, როცა იკითხა, თუ როგორ იწერება განქორწინების „სმაილი“.
ლიკა ყაზბეგი: დიდი დროა მანამდე, მაგრამ უკვე დავიწყებ მზადებას პროექტისთვის „წარმატებული ქალი პოდიუმზე“. ამ პროექტს ათი წლის იუბილე აქვს და მინდა, გრანდიოზული და პომპეზური იყოს. ისევ „ბაბილო მიუზიკ-ჰოლში“ უნდა ჩავატარო. თავიდან ეს პროექტი ერთჯერადი სახით გაკეთდა, არც არავის ეგონა, თუ ამდენჯერ ჩავატარებდით. ბევრი რამ მინდა, განვახორციელო. ისეთი დაკავებული ვიყავი, ცოტა ძალების აღდგენა მჭირდებოდა. ოთხი დღე დავისვენე ციხისძირში და ესეც მეყო ძალების აღსადგენად. ბევრი იდეა მაქვს, ჯერ არ მინდა, ვისაუბრო ამაზე. ამას წინათ, ერთი ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანი ამბობდა, რომ არასდროს ვლაპარაკობ ჩემს გეგმებზეო და მართალიც არის. იმიტომ კი არა, რომ თვალისცემის მეშინია, არა, მართლა მჯერა, რომ მერე ეს ენერგია იფანტება და იკარგება. ამ პროექტის მზადების პროცესში ვარ. არ ეწყინება ჩემს წინა გამომსვლელებს, ყველანი ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ წელს მინდა, ისეთი განსაკუთრებული ქალბატონები გამოვიყვანო, რომლებმაც თავის დროზე უარი მითხრეს. ზოგმა იმიტომ, რომ ქმარი არ უშვებდა.
– თვითონაც წარმატებული ქალი ხარ, რას იტყვი შენი თავიდან გამომდინარე, ქალის წარმატება მის სიძლიერეზე მეტყველებს?
– საშინლად არ მომწონს მამაკაცური ქალები. როდესაც სადმე სტუმრად მივდივართ და სუფრაზე ვხვდებით, ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი მამაკაცი სულ სვამს ჩემს სადღეგრძელოს – აი, ლიკამ რამდენს მიაღწია, როგორი ძლიერი გოგოა. ჩემთვის არ არის ეს კომპლიმენტი. ისე მინდა, ვიყო ფაქიზი, სუსტი და მსხვრევადი (იცინის), ვერ წარმოიდგენ. თუმცა, ზოგჯერ ყოფილა, რომ კმაყოფილი ვყოფილვარ საკუთარი თავით. ეს ნარკოტიკია, მაგრამ დოზებს ვაკონტროლებ, სულ ამის „კაიფში“ რომ არ ვიყო – ვაიმე, რა მაგარი გოგო ვარ, რა ძლიერი გოგო ვარ. როგორ მამაკაცებს იზიდავენ, ეგრეთ წოდებული, ძლიერი და მამალი ქალები? ძლიერ მამაკაცებს – არა. ეს ლოგიკაში არ ჯდება, შანსი არ არის, გამორიცხულია. თუმცა, რამდენიმე წყვილი ვიცი, ისეთი მამაკაცია ქალის გვერდით, ფიზიკურად ჩემპიონი რასაც ჰქვია, მაგრამ შინაგანად, რადგან ვიცნობ ამ მამაკაცს, ვიცი, რომ სუსტი კაცია თავის თვისებებით. შეიძლება, ქალური ფსიქოლოგიაც კი ჰქონდეს. უპირობოდ, მამაკაცი უნდა იყოს ლიდერი და თუ ის არ არის ბუნებით ასეთი, ვფიქრობ, ქალმა უნდა ამამაკაცოს. ამას კი, უპირველესად, სიყვარული, მოთმინება, ნებისყოფა სჭირდება. უნდა გიღირდეს, რომ მისთვის ეს გააკეთო, ბევრი დაკვირვებაა საჭირო. ქალი დაკვირვებული უნდა იყო, რადგან სიყვარული ისე გაბრმავებს, შეიძლება, ბევრი რამ ვერ დაინახო. ბევრი ქალი ვიცი, ვინც გრძნობების გარეშე, რაციონალურად უდგება ყველაფერს და უფრო წარმატებულია პირად ცხოვრებაში. მაგრამ, ერთხელ მაინც რომ გამოსცადო გადარეული სიყვარული, ქალისთვის აუცილებელია. მე გამოცდილი მაქვს ასეთი სიყვარული და ვიცი, რაც არის.
– გამოცდილი გაქვს თუ ახლაც შეყვარებული ხარ?
– მე შეყვარებული ვარ! ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი ვიპოვე, გვიან, მაგრამ ვიპოვე! ის ბოლო რამდენიმე წელია, დავიწყებული მყავდა, ყურადღებას არ ვაქცევდი, არ ვაფასებდი... არადა, ყველაზე მეტად უნდა მყვარებოდა, პატივი მეცა, მეზრუნა, გავფრთხილებოდი. დამეზოგა მისი დრო, რესურსი, ენერგია. ვწუხვარ, რომ მას კარგად არ ვიცნობდი. მგონია, რომ ცხოვრების ნაწილი დავკარგე. ახლა ყოველდღე ვსწავლობ მას, მის შინაგან სამყაროს ვეცნობი და ეს ურთიერთობა დღითი დღე უფრო საინტერესო ხდება. ეს სიყვარული სამუდამოა, ნამდვილი, სანდო და ყველაზე მთავარი – ცხოვრების არსია. „ეტა ლიუბოვ, ა ნე ვლიუბლიონოსტ“ (რუსულად უკეთ ჟღერს). მე საკუთარი თავი შევიყვარე! ზოგი, ალბათ, ამ ყველაფერს ეგოიზმში ჩამითვლის. მკაცრად ვმიჯნავ სიყვარულსა და ეგოიზმს. ეს უკანასკნელი ამპარტავნებასთანაა ახლოს. ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, რაც ბიბლიაშია მოთხრობილი, რაზედაც ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები თანხმდებიან. უნდა გვიყვარდეს ღვთიური ჩვენში. მივხვდი, რომ ეს არის მთავარი. რაც არ გაქვს, სხვებს ვერ გაუნაწილებ, თუ არ გადარჩი, ათასებს ვერ გადაარჩენ.
– რადგან საკუთარი თავი, ბოლო წლებია, დავიწყებული გყავდა და ახლა თავიდან შეიყვარე. ეს ფაქტი ხომ არ ადასტურებს გავრცელებულ ჭორს, რომ თითქოს, მეუღლეს დაშორდი?
– ოთხი წლის წინ ჩემთვის უჩვეულო რამ მოხდა – საზოგადოებისთვის პირველად გახდა საჯარო ჩემი პირადი ცხოვრება. ეს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. ამის გამო უამარავი ადამიანი ადევნებდა თვალს, როგორ განვითარდებოდა უჩვეულო გარემოში შექმნილი ოჯახის ამბავი. ამ ინტერესს მუდმივად ვგრძნობდი, რაც ძალიან მძაბავდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, მუდმივად რესპონდენტის როლში ვიყავი – არ ჰქონდა მნიშვნელობა ჟურნალისტი მეჯდა წინ თუ ერთხელ ნანახი ადამიანი. მეკითხებოდნენ, ვიყავი თუ არა ბედნიერი, ხომ არ დავიღალე. ზოგი მაქებდა, ზოგი მლანძღავდა (ზურგს უკან, რა თქმა უნდა). ნაწილი მხარს გვიჭერდა, ნაწილს არ სჯეროდა ამ ურთიერთობის. ბევრი ჭორი გავრცელდა. გათხოვების შემდეგ პირველად ვახსენე მეუღლე პრესასთან. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ვიცი, რომ ჩემი ოჯახის მიმართ ინტერესი ამჟამად პიკს აღწევს. საზოგადოების ცნობისმოყვარეობას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სრულად ვერ დავაკმაყოფილებ. არის დეტალები, რაზეც არასდროს ვისაუბრებ.
– რატომ დაწერე „ფეისბუქზე“ სტატუსი, სადაც იკითხე, თუ რომელია განქორწინების აღმნიშვნელი „სმაილი“?
– ვიცოდი, უამრავ მომაბეზრებელ ზარზე მომიწევდა პასუხის გაცემა, მაგრამ პირველ აპრილს ამოვეფარე. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო გახდა. მთავარი ჩემთვის ის იყო, რომ კონკრეტულ ადამიანამდე მიეღწია ამ მესიჯს. ვიცოდი, აუცილებლად წაიკითხავდნენ ისინი, ვისთვისაც არ იყო ჩემი ამ ქორწინებაში ყოფნა სასურველი. მინდოდა, მათი აგრესიისგან დამეცვა თავი. არავინ არაფერს მერჩოდა, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე ვარ და უარყოფითი დამოკიდებულება ცუდად მოქმედებს ჩემზე. ამას არ ვარ მიჩვეული. მტერი არასდროს მყოლია. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვიყავით. რადგან გზავნილი ორაზროვანი იყო, იმის მიხედვით, თუ ვინ მირეკავდა, ყველას სხვადასხვა პასუხს ვცემდი. უამრავი ცნობისმოყვარე იმით ჩამოვიშორე, რომ ვუთხარი, საპირველაპრილო ხუმრობა იყო-მეთქი.
– ბევრი ქალი ამბობს, რომ მამაკაცს შეიძლება, ღალატი აპატიოს, შენ როგორ უდგები ამ საკითხს?
– ბევრი ჩემი მეგობარი ვიცი, რომელსაც ღალატი უპატიებია. ღალატსაც გააჩნია, რას დავარქმევთ და პიროვნებასაც, ვინ სჩადის ამას. შეიძლება, ერთ ადამიანს აპატიო, მეორეს – არა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის ნამდვილია, რომ მამაკაცისთვის სიყვარული და სექსი ერთი და იგივე არ არის. ბევრ ბიჭთან ვმეგობრობ და გვისაუბრია ამ თემებზე. ვიცი, კაცი, რომელსაც ცოლი სიგიჟემდე ჰყვარებია, არასდროს დაანგრევს ოჯახს, მაგრამ ცდუნებები ჰქონია. შეყვარებული მე ძალიან ერთგული ვარ და ვფიქრობ, თუ ერთგულება არ არის, ურთიერთობას აზრი არ აქვს. თუმცა, ერთგულებასაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ზოგს უნდა, რომ კაცი დღე და ღამე მის ირგვლივ ტრიალებდეს, ზოგს უნდა, რომ სულ ელაპარაკოს, ურეკავდეს. მეც მქონდა ასეთი რაღაცეები, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, აღარ მაქვს. ალბათ, მაგიტომ გახშირდა, რომ ყველაზე მყარი ოჯახები აქვთ წყვილებს, სადაც ქალი ასაკით უფროსია.
– როგორ ფიქრობ, ქალს უნდა ჰქონდეს თუ არა ეგრეთ წოდებული, „ქალური ხრიკები“ მამაკაცთან ურთიერთობისთვის და შენ თუ გაქვს ეს და რა არის შენი მთავარი „ხრიკი“?
– ჩემი მთავარი „ხრიკი“ გულწრფელობაა. დიდხანს ვერ მოაჩვენებ ადამიანს თავს და აუცილებლად გამომჟღავნდება შენი სახე. თუ გიყვარს ადამიანი, თუ მეგობრობა გინდა მასთან, ეს თვისება აუცილებელია. ძალიან მენატრება გულწრფელობა ადამიანებისგან. იმდენ ნიღაბს ირგებენ, რომ თავს კარგავენ. ამას წინათ ძალიან კარგ ადგილას ვიყავი თბილისის ზღვაზე და გავიცანი მამა ნიკოლოზი – საოცარი ადამიანი, რომელთანაც ინტენსიური შეხება მომიწია და მან ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. მამაომ კითხვები დაგვისვა: ღმერთს ყველაზე მეტად რა უნდაო. სიყვარული-მეთქი, წამოვიძახე. არაო. მეორე ვარიანტი იყო – სიკეთე. ესეც არა და ისეთი რამ თქვა, რის გარეშეც არცერთ ადამიანთან არ ვიმეგობრებ და ეს არის – გულწრფელობა. თუმცა, ამ ფაქტორზე არასდროს მქონია გამახვილებული ყურადღება. ამის მერე ვაკვირდები ადამიანს – თუ გულწრფელია, მასთან ვიმეგობრებ, თუ არა – არ ვიმეგობრებ. მინდა, ჩემს თავსაც ვასწავლო ეს თვისება. მეც გამომიჭერია თავი არაგულწრფელობაში. ვერ ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება გულწრფელი ვიყავი. ხშირად არის, რომ გარემოება გაიძულებს, მოიტყუო. თვითგადარჩენის ინსტინქტი ხომ ყველაზე ძლიერადაა ადამიანში. იმდენად შევდივართ როლში, რომ საკუთარ თავსაც ვატყუებთ. მერე კი გვიკვირს, სხვა რატომ გვატყუებსო. ანუ, ეს ცოდვა თვითონ გვაქვს დაშვებული საკუთარ თავთან.