№24 გადადის თუ არა ვანიკო თარხნიშვილი „იმედზე“ და რატომ არის მისთვის „X ფაქტორის” წამყვანობა რთული
ვანიკო თარხნიშვილი, რომელსაც საზოგადოება საკმაოდ ბევრ ამპლუაში იცნობს, ამჯერად პროექტ „X ფაქტორის“ წამყვანია, რუსკა მაყაშვილთან ერთად. „რუსთავი 2-ზე“ მისი კიდევ ერთი გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“ კი მაყურებელს საბოლოოდ დაემშვიდობა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანიკომ ტელეკომპანია „იმედიდან“ მიიღო შემოთავაზება და მალე იქ გადასვლას აპირებს.
ვანიკო თარხნიშვილი: „X ფაქტორში“ წელს პირველად ვარ, რაც ძალიან მიხარია. პირველი წელია, რაც რუსკას თანაწამყვანი გავხდი. თუმცა, მანამდე იცით, რომ „ნიჭიერში“ ვიყავი. პრინციპში, ეს ორი პროექტი ერთმანეთს ჰგავს. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ „ნიჭიერში” სხვადასხვა მხრივ ნიჭიერი ადამიანები მონაწილეობენ, „X ფაქტორში“ კი – მხოლოდ ნიჭიერი მომღერლები. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ცოტა რთულია, რადგან, როცა „ნიჭიერის” კულისებში ვდგავარ, იქ სცენაზე ზოგი თავს ურტყამს რაღაცას, ზოგი ლექსს ამბობს, ზოგი მღერის და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მეტი შეფასების გაკეთების საშუალება მაქვს. აქ მარტო მომღერლები არიან და ცოტა შეზღუდულია ფანტაზია – რა ვიხუმრო ან რა კომენტარი გავაკეთო, რომ ერთფეროვნება ავიცილო თავიდან.
– რუსკას თანაწამყვანობა როგორი აღმოჩნდა?
– მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს მე და რუსკა, თუმცა თანაწამყვანები პირველად ვართ. ყველანაირად ნიჭიერი გოგოა, გარდა ამისა, ჩვენი ხანგრძლივი ნაცნობობა და მეგობრობაც გვეხმარება ამ საქმეში.
– შენ თვითონაც მღერი და ჯგუფიც გაქვს, პროექტის მონაწილეებს უკვე მუსიკოსის თვალით უყურებ?
– არა, მუსიკოსის თვალით ვერ შევხედავ, იმიტომ რომ, მე არ ვარ მუსიკოსი. ამას ვერ დავიბრალებ, ასე არ გავკადნიერდები (იცინის). ჯგუფის ამბავი ტელესერიალიდან წამოსული პროექტია. ჩემმა პერსონაჟმა შექმნა ბენდი, რომელიც მაყურებელს ძალიან მოეწონა და ამიტომ გავაგრძელეთ არსებობა რეალურ სამყაროშიც. ამ კონკურსში ჩემზე ბევრად მაგარი მომღერლები გამოდიან – დაწყებული პატარა ბავშვებიდან. ამიტომ, მათი შეფასების უფლება არ მაქვს. მუსიკაზე დავდიოდი და დედაჩემმა ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ამ კუთხით განათლება მიმეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, მე მუსიკოსი არა, უბრალოდ, ვოკალისტი ვარ.
– თქვენი ჯგუფი ბოლო პერიოდში არ აქტიურობდა, თუმცა ახლახან კიდევ ერთი კონცერტი ჩაატარეთ.
– ახლაც არ ვართ ძალიან აქტიურები. მოგეხსენებათ, მუსიკის გაკეთება ცოტა რთულია. მსმენელს გამუდმებით სიახლე უნდა შესთავაზო, თუ მართლა მომღერალი ხარ. თუმცა, საკმაოდ ბევრი, 25-მდე სიმღერა დაგვიგროვდა. დასაწყისში იმდენად მიეწყო ჩვენი კონცერტები ერთმანეთს, თითქმის ყველა დიდი ქალაქი საქართველოს მასშტაბით არაერთხელ მოვიარეთ და ამიტომ, ახლა გაჩერებულები ვართ. ერთი და იგივეს მოსმენა, არა მგონია, ბევრჯერ უნდოდეთ. ახლა საქართველოს უნივერსიტეტიდან დაგვიძახეს და მივედით. ადრეც გვქონდა იქ კონცერტი, კიდევ გვთხოვეს და უარი, რა თქმა უნდა, არ გვითქვამს.
– სერიალშიც ხომ არ ბრუნდებით?
– არა მგონია. სერიალს თავისი სიცოცხლე აქვს. ზოგი პერსონაჟი მოდის, ზოგი – მიდის და რამდენიმე მთავარი გმირი რჩება. ჩემმა პერსონაჟმა, მგონი, ბოლომდე ამოწურა თავი და არ ვიცი, კიდევ რაღა უნდა დაწეროს სცენარისტმა. მეგობრობის ხათრით ხომ არ დამაბრუნებენ?! (იცინის).
– რაც შეეხება „იღბლიან ბორბალს“, სეზონთან ერთად, პროექტიც დასრულდა?!
– კი, ამ ეტაპისთვის ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ახალი სეზონიდან გადაცემა ეთერში აღარ გავა. როცა რაღაცაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობ, თავისთავად ეჩვევი, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და დასასრული. ამ კუთხით თუ შეხედავ, მაინცდამაინც, არ უნდა დაგწყდეს გული, თორემ ისე, რა თქმა უნდა, საწყენია. მიყვარს იქაური თანამშრომლები, გადაცემის ჯგუფი და ცოტა ხანში შეიძლება, მონატრების მომენტი გაჩნდეს. თუმცა იგივე გუნდი, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობდა, „რუსთავი 2-ის“ სხვა პროექტებზეცაა და ამ მხრივ, დიდი დანაკლისი არ მექნება. რაც შეეხება შორენას, მეგობარია, ისედაც ვნახავ, თან ცხოვრება წინ არის და კიდევ ათასი გადაცემა შეიძლება, წავიყვანოთ ერთად.
– ამ ყველაფრის პარალელურად, საინტერესო მომენტია შენს ცხოვრებაში. ცოტა ხანში მეორე შვილს ელოდები.
– კი, ველოდებით მეორე შვილს და ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მაგარი ეტაპია.
– როგორი მამა ხარ?
– მინდა, რომ უკეთესი ვიყო.
– ვის ჰგავს პატარა?
– ოჯახზე ლაპარაკი არ მიყვარს. იმიტომ კი არა, რომ რამე დასამალია... უამრავი მეგობარი მყავს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, მაგრამ, არა მგონია, დავთანხმდე, ჩემი შვილი კინოში ან სერიალში გადაიღონ. ამ გზით, პატარა ასაკშივე მიღწეული წარმატება სწორად არ მიმაჩნია. მგონია, რომ ასე, უხეშად ერევი მის ცხოვრებაში და შენ უწყვეტ, ვინ უნდა იყოს. თუ კინოში გადაიღეს, პოპულარული გახდა და ხალხს შეუყვარდა, ვფიქრობ, ეს ბავშვისთვის ცუდია. მას ჯერ გაცნობიერებული არ აქვს, თავად რა უნდა ცხოვრებაში და შენ ტაბუს ადებ. ასეთ წარმატებას მომავალში ბევრი ტკივილი მოჰყვება, რადგან, როგორც წესი, ის მოკლევადიანია და როცა დამთავრდება, მერე ადამიანი მუდმივი მოლოდინით ცხოვრობს, რომ ის დრო ისევ დაბრუნდება და წარმატებაც ისევ მოვა. თუმცა, როცა ასე არ ხდება, ეს ტკივილს აყენებს.
– ბევრი პირიქით ფიქრობს და ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ადამიანები ესტაფეტასავით გადასცემენ შვილებს წარმატებას.
– ეს არასწორი დამოკიდებულებაა. მე ეგ, ბავშვის უფლებების დარღვევა მგონია. ეს იგივეა, შვილს რომ რელიგია დააძალო ან რომელიმე ორიენტაცია ჩაუნერგო. ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს ის, რაც ბედნიერს გახდის და შემდეგ ბევრი სირთულე და ბრძოლა უნდა გაიაროს მიზნის მისაღწევად. როცა მშობელს გგონია, შვილს ეხმარები იმით, რომ ძმაკაცს კინოში გადააღებინებ და ამ გზით პოპულარული გახდება, არასწორია. რომ გაიზრდება, შეიძლება, მართლა მსახიობობა მოუნდეს, მაგრამ ეს უკვე მისი არჩევანი იქნება. ამიტომ, არ მიყვარს ჩემი ოჯახური ამბების საჯაროდ გამოტანა.
– შენ შემთხვევაში როგორ იყო? დედა აკადემიურ სფეროს წარმოადგენს – ლექტორია. იყო მისი გავლენა?
– დედაჩემს უნდოდა, მეცნიერი ვყოფილიყავი და მეც მქონდა ამის სურვილი. ამ გადმოსახედიდან, მე არაფერიც არ მინდოდა, უბრალოდ, მისი გავლენის ქვეშ ვიყავი. დედაჩემიც არასდროს ძალადობდა ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ვარიანტებს მთავაზობდა. უბრალოდ, ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე მსახიობობა. ჯგუფი, რომელიც მე დავამთავრე, ექსპერიმენტული იყო, რომელიც ქეთი დოლიძეს და ნანა კვასხვაძეს ჰქონდათ გახსნილი. ეს გახლდათ თეატრალური ჯგუფი, მაგრამ არა თეატრალურში, სადაც უგამოცდოდ მიგვიღეს. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი და სხვათა შორის, ცხოვრებაში არაფრის გამოცდა არ მაქვს ჩაბარებული – არც სკოლის და არც მისაღები. ამ ჯგუფში თავიდან ბევრი ვიყავით და ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი დატვირთვით გვამუშავებდნენ. ვინც ამ რეჟიმს გაუძლო, ის დარჩა და მთელი ეს პროცესი ჩაითვალა გამოცდად, რის საფუძველზეც, მთელი ჯგუფი უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში გადავედით სამსახიობოზე. ასე გავხდი მსახიობი შემთხვევით.
– მანამდე მეცნიერება მინდოდაო, რომელი სფერო გაინტერესებდა?
– არაფერი. საერთოდ, დედაჩემის დიდი მცდელობების მიუხედავად ძალიან უსწავლელი ბავშვი ვიყავი. ხან რა მინდოდა, ხან – რა. სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებდა არქეოლოგია, რომელიც დღესაც ძალიან მომწონს, მაგრამ ამისთვის რეალურად არაფერს ვაკეთებდი. 15 წლის ვიყავი, როცა ჩემი მეგობარი იმედა არაბული მოვიდა და მითხრა იმ ჯგუფის შესახებ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე – შემომთავაზა, არ გინდა, შემოგვიერთდე, წლის ბოლოს ედინბურგში წავალთო. ასე გავხდი მსახიობი – ედინბურგის წყალობით (იცინის). საბოლოოდ, პროფესიის შესახებ გადაწყვეტილება მე მივიღე, მაგრამ მშობლებს სხვა რამე რომ დაეძალებინათ, ის გავხდებდი, რაც მათ უნდოდათ.
– „იღბლიანი ბორბლის“ დახურვის შემდეგ ინფორმაცია გავრცელდა – ვანიკომ „იმედიდან“ მიიღო შემოთავაზება და ახლა „X ფაქტორის“ დასრულებას ელოდება, რომ „რუსთავი 2“ დატოვოსო.
– არა. ჭორია ეს ყველაფერი. არსად არ მივდივარ, „რუსთავი 2-ზე“ ვარ და „რუსთავი 2-ელი“ ვარ.