კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ არ მიიჩნევს ჯემალ ღაღანიძე სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძისა და თამუნა მუსერიძის დაშორებას ოჯახის დანგრევად და რის გამო „გაასამართლეს“ ის მეგობრებმა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 მსახიობი ჯემალ ღაღანიძე უკვე სამოცი წელია, რუსთაველის თეატრის სცენაზე დგას და უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. წლებმა, არაერთმა წარმატებულმა როლმა, შრომისმოყვარეობამ და საკუთარი საქმისადმი საოცარმა ერთგულებამ დიდი აღიარება და სიყვარული მოუტანა. 84 წლის ასაკში, განახლებულ „მოხუც ჯამბაზებში“ მონაწილეობს და ბედნიერია, რომ მის გზას შვილიშვილი – სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე აგრძელებს.

– ბატონო ჯემალ, დიდი გზა გაიარეთ. როგორი იყო დასაწყისი?
– სამოცი წელი გავატარე რუსთაველის თეატრში. მეექვსე კლასში შემიჩნდა ჭია და გადავწყვიტე, აუცილებლად მსახიობი ვყოფილიყავი. დღეს, ჩემი სკოლის მეგობრები რომ მხვდებიან, მეუბნებიან: ჯემალ, შენ ყველაზე ბედნიერი ხარ ჩვენ შორისო. არადა, ყველა კარგ ადგილას მუშაობს – სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობენ ლექციებს და ვეკითხები, რატომ ვარ თქვენზე ბედნიერი-მეთქი?! ბავშვობაში რაც ჩაიფიქრე, ბოლომდე ის გაიტანე და იმიტომო, მპასუხობენ. სკოლა საინგილოში დავამთავრე. დამამთავრებელ კლასში რომ გადავდიოდი, თქვეს, რომ თეატრალურზე მიღება წელიწადგამოშვებით იქნებოდა. ანუ, იმ წელს ვერ ჩავაბარებდი და ჯარში მომიწევდა წასვლა. აღარ ვიცოდი, რა მექნა და მამაჩემს ვუთხარი, ატესტატი უნდა მიყიდო-მეთქი (იცინის). ამ დროს, შემთხვევით, საინგილოში მცხოვრები პროფესორი გვესტუმრა ოჯახში, რომელმაც კახში ქართული სკოლა გახსნა და შემოგვთავაზა, ერთი წელი იქ მესწავლა და ატესტატიც ამეღო. ის ერთი წელი დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნათელი წერტილი იყო. ატესტატი ავიღე, მაგრამ, რადგან კახი აზერბაიჯანს ეკუთვნის, დროში გაიწელა საბუთებთან დაკავშირებული პროცესი და ამასობაში, თეატრალურში მისაღები გამოცდებიც დამთავრდა, ფაქტობრივად, გარეთ ვრჩებოდი. კიდევ ერთხელ გადმომხედა ღმერთმა – ქუთაისმა სპეცჯგუფი მოითხოვა ქუთაისის თეატრისათვის და გამოცდები გვიან დაიწყო. პირველი ჯგუფი გიგა ლორთქიფანიძემ აიყვანა. ძალიან ძლიერები ვიყავით: არჩვაძე, ბერიკაშვილი, კვერენჩხილაძე, წიფურია და ასე შემდეგ. დამთავრების შემდეგ გიგა ქუთაისში მიდიოდა და გადავწყვიტეთ, ყველა იქ გავყოლოდით. მაგრამ იმ პერიოდში მიშა თუმანიშვილი მოვიდა ჩემთან და ზინა კვერენჩხილაძესთან: რუსთაველის თეატრში ვდგამ პიესას და ორივე მჭირდებითო, გვითხრა. როგორი საქმეა, ქუთაისში წასვლაზე მაქვს თანხმობა ნათქვამი და ამ დროს, ასეთ შემოთავაზებას ვიღებ.  რუსთაველის თეატრის სიყვარულმა დაძლია და დარჩენა გადავწყვიტე. იმ დროს გავიგე, რომ გიგა ლორთქიფანიძე ქუთაისიდან ერთ წელიწადში უნდა გადმოეყვანათ და მარჯანიშვილის ხელმძღვანელად დაენიშნათ. ამ ამბავმა ხელ-ფეხი გამიხსნა და თამამად ვთქვი, მე არ მოვდივარ-მეთქი. მახსოვს, ალექსანდროვის ბაღში მომიწყვეს გასამართლება – შე მოღალატე, როგორ რჩებიო, მეუბნებოდნენ (იცინის). მოკლედ, ასე მოვხვდი რუსთაველის თეატრში. იმ დღიდან სამოცი წელი გავიდა და მე ისევ აქ ვარ. მარტო „კავკასიური ცარცის წრე“ 650-ჯერ ვითამაშეთ. ერთადერთი მსახიობი ვარ, რომელმაც აბსოლუტურად ყველა სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და დუბლიორი ერთხელაც არ გამომიყენებია. ხობში მივდიოდით ამ სპექტაკლით, როცა მითხრეს, რომ მამა გარდამეცვალა. სახლში მივბრუნდი, მაგრამ დედამ მითხრა, შენ ისეთი პროფესია გაქვს, შენს თავს არ ეკუთვნი. წადი, ითამაშე პირველი სპექტაკლი და მერე რობიკო მოუვლის ყველაფერსო. სულ სამი სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. მართლაც, წავედი, პირველი სპექტაკლი ვითამაშე, რობიკომ ორი სპექტაკლი გადაიტანა და მთელი თეატრი დაკრძალვაზე წამოვედით. შემდეგ უკან დავბრუნდით და ის ორიც ვითამაშეთ. ასე რომ, მამის გარდაცვალების დროსაც კი, არ გამიცდენია სპექტაკლი. გინესის წიგნში ვარ შესატანი, მაგრამ პატრონი არა მყავს (იცინის).
– ოჯახის შექმნის ისტორიაც გაიხსენეთ...
– ძალიან გვიან, 33 წლის ასაკში დავიწყე ოჯახის შექმნაზე ფიქრი და ათი წლით უმცროსი ქალბატონი შევირთე ცოლად. ქორწილში ბატონმა სერგო ზაქარიაძემ მითხრა: შენ ახლა ახალ ცხოვრებას იწყებ ორი ოჯახით – თეატრი და სახლი. იცოდე, ერთმა მეორეს ხელი არ უნდა შეუშალოსო. ეს ჩემს მეუღლესაც ვუთხარი და როგორც ჩანს, კარგად გაიგო. დღემდე მივლის და ყველანაირად მიწყობს ხელს. ლამაზი გოგო იყო და ამიტომაც შემიყვარდა. როცა დავქორწინდი, დედაჩემი ცოცხალი იყო და ყოველ დილით საუზმის გარეშე არ მიშვებდა თეატრში. ლენა ახალი შერთული რომ მყავდა, ძალიან გვიან იღვიძებდა. რეპეტიციიდან რომ მივდიოდი, მაშინ დგებოდა (იცინის). მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძე და ლენა არ ჩანს. ავდექი და ვხედავ, სამზარეულოსა და აბაზანას შორის ტრიალებს. საუზმეს მიმზადებს და თან, მაკიაჟს იკეთებს. სირცხვილია, ყოველდღე დედაშენი რომ გიმზადებს საჭმელს, ერთხელ მეც ხომ უნდა გაგიკეთოო, მითხრა. ჩავიდე პირში მისი მომზადებული საუზმის ერთი ლუკმა, მაგრამ რა ჩავიდე. როგორ გინდა, ეს შეჭამო?! რაღაც ძალიან უცნაური გემო აქვს, მაგრამ რომ ვთქვა, ეს რა გაგიკეთებია-მეთქი, დაიწყებს: აბა, დედაშენს გაეკეთებინა, მაშინ თუ იტყოდი მაგასო. მოკლედ, სხვა გზა არ მაქვს, დავჯექი და ვჭამ. ამ დროს ის აბაზანაში თავს იწესრიგებს. შემოვიდა, მაცივარში შეჰყო თავი და იქიდან ისმის კივილი: ჯემალ, არ შეჭამო, მომიკვდა თავი, სახის კრემი კარაქში ამრევიაო (იცინის). რაღა უნდა მექნა?! გამოვვარდი რეპეტიციაზე და რომ მოვედი, მედიკო ჩახავა მეუბნება: ჯემალ, რა „დუხი” გასხია, რა კარგი სუნი გაქვსო. რა იცოდა, რომ კი არ მესხა, ნაჭამი მქონდა კრემი (იცინის). ერთი ქალიშვლი გვყავს. კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ გერმანიაში განაგრძო ასპირანტურაში სწავლა. ძალიან კარგი პიანისტია, მაგრამ საქართველოში ადგილის შოვნა ვერ მოახერხა. ადგა და თურქეთში წავიდა. იქ მუსიკალური სკოლის დირექტორია. იმედია, მოვა დრო, რომ ქართველი ბავშვების აღზრდაშიც მიიღებს მონაწილეობას. შვილიშვილი – სანდრო მსახიობია. ბავშვობიდან ცეკვის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და „სუხიშვილებშიც“ ცეკვავდა. მაგრამ მერე მასაც თეატრის ჭია შეუჩნდა და... გაუმართლა, რობიკომ მიიღო რუსთაველის თეატრში.
– ბაბუა როგორ აფასებს შვილიშვილს?
– რადგან სანდრო თეატრში მოვიდა და ჩემი გვარი გაგრძელდება, ბედნიერი კაცი ვარ. ის ჩემი ქალიშვილის შვილია, გვარად მიკუჩაძე. ღაღანიძის გვარი წყდებოდა და ეს რომ არ მომხდარიყო, სანდრომ გადაწყვიტა, ჩემი გვარი დაემატებინა და ახლა მიკუჩაძე-ღაღანიძეა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ერთხელ ბათუმში მყავდა გასტროლზე. მაშინ ძალიან პატარა იყო. ზღვის ნაპირზე გავედით და ვითომ ვთევზაობდით. იმდენად გავერთეთ, ღია კაფეში ისე შევედით, რომ ვერც გავიგეთ, ჩვენი საქმით ვიყავით დაკავებულები (იცინის). რომ დამინახეს, მიცნეს და აქეთ-იქიდან გვესმოდა: ღაღანიძე, ღაღანიძეო – ყველა სიყვარულს გამოხატავდა. სანდროს ზოგმა ნაყინი მიაწოდა, ზოგმა ნამცხვარი. მოვიდა და მეუბნება: ბაბუა, არ შეიძლება, მეც ღაღანიძე ვიყოო? მგონი, მაშინ გაუჩნდა გვარის დამატების იდეა (იცინის). ექვსი წლის იყო, ერთ დღეს, საძინებელში შევედი და ვხედავ, ჩემს მეუღლესთან წევს. ვეუბნები, ამხელა მუტრუკი ხარ – ექვსი წლის კაცი და კიდევ ბებიაშენთან წევხარ-მეთქი?! შენ რომ სამოცი წლის ხარ და ბებიაჩემთან წევხარ, კარგიაო? – მიპასუხა (იცინის). მოუგე ასეთს ლაპარაკში. ახლა სხვანაირი თაობა იზრდებით. წინათ სპექტაკლის ბილეთებს ეწერა – 16 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიანო და ახლა, ამ ასაკის გოგოს შვილები ჰყავს და მიდი, შენ და თეატრში არ შემოუშვა (იცინის).
– თქვენ ოჯახის სიმყარის თვალსაზრისითაც გამორჩეული ხართ. მსახიობებს ხშირად ენგრევათ ოჯახები.
– მე შემიძლია, ბევრი მსახიობი გავიხსენო, ვისაც საოცარად მყარი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ თქვენს ასაკში, გათხოვებაც სხვანაირად ხდება და დაშორებაც. სანდროც დაშორდა ცოლს. როცა დაქორწინება გადაწყვიტა, ვეუბნებოდი, სანდრო, შენ ჯერ არ ხარ მზად ოჯახის შექმნისთვის-მეთქი.
– პირველ ოჯახს გულისხმობთ?
– კი, პირველს. მაგრამ მზადყოფნაში ეკონომიურ მდგომარეობას კი არ ვგულისხმობდი, არამედ ასაკს. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მათი ამბავი დაიწყო და რა დროს მისი ცოლი იყო. არ დამიჯერა და... მაგრამ, ამას თავის დიდი პლუსი აქვს – შვილთაშვილს მოვესწარი. სანდროს ექვსი წლის ქალიშვილი ჰყავს, რომელიც გვაბედნიერებს.
– სანდროს მეორე ოჯახიც დაენგრა, მაშინ, როცა თქვენ ასეთი მყარი ოჯახი გაქვთ. ამ საკითხში თუ აძლევთ რჩევებს?
– თამუნა (მუსერიძე) ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ის და სანდრო ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ყოფილან. ასე რომ, გასცილდნენ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ოჯახი არ დანგრეულა. მისვლა-მოსვლა – კი ბატონო. თამუნაც ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში და სანდრო – მასთან. თამუნას დედა რომ გარდაეცვალა, მეც მივედი და მივუსამძიმრე. ოფიციალური ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ძალიან კარგად იყვნენ ერთად. თუმცა, სანდრომ, მგონი, აქაც იჩქარა. მაგრამ, მე სანდროსთვის რამის დაშლის უფლება არ მაქვს. როცა ეს ამბავი მოხდა, ის უკვე დიდი იყო. ურთიერთობას გარედან რომ უყურებ, არ იცი, სინამდვილეში, შიგნით რა ხდება, თუმცა მათ ურთიერთობას მე ოჯახს მაინც ვერ ვუწოდებ.
– მკაცრი ბაბუა ხართ?
– არ ვარ მკაცრი. პირიქით, ამბობენ, რომ რბილი და მოსიყვარულე კაცი ვარ. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს, რადგან გამოსასწორებელი დრო აღარ რჩება.
– დიდბაბუობას როგორ ირგებთ სანდროს შვილთან?
– ეს გოგო გვაცოცხლებს. ჯერ ექვსი წლისაა, მაგრამ უკვე იმასაც არტისტული ჭიები შეუჩნდა. ლექსებს კითხულობს და ცეკვავს.
скачать dle 11.3