№24 როგორ ათენებდა ღამეებს სიკვდილმისჯილებთან ერთად ლაშა ღლონტი და რომელი 5 დღე იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული
ლაშა ღლონტი ცოტა ხნის წინ საყვარელი ბიჭის ბაბუა გახდა, რომელმაც მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა. როგორც მომღერალი ამბობს: შვილიშვილთან ერთად თავიდან დაიბადა. მე მთელ ოჯახს ვულოცავ პატარა ვაჟკაცის დაბადებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებ.
ლაშა ღლონტი: ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. როცა მამა გავხდი, თან 21 წლის ასაკში, პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი ამ ყველაფერს. ახლა სრულიად გათვითცნობიერებული მაქვს, რომ შვილიშვილი მყავს. ვიცი, რომ მასთან ერთად გავდივარ ახალ ცხოვრებას: თავიდან დავიბადე, მასთან ერთად უნდა შევიდე ბაღში, დავამთავრო სკოლა და გავყვე მანამდე, სანამ ღმერთი ინებებს. ფაქტობრივად, ნულ კლასში შევალ მასთან ერთად, ოღონდ, უკვე გააზრებულად.
– მამები განიცდიან ხოლმე ქალიშვილების გათხოვებას. თქვენ როგორ შეეგუეთ?
– ჩემს შვილში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. მას მანამდე ასეთი სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია. როდესაც გავიგე და მივხვდი, ვინ იყო ჩემი სიძე, როგორი ადამიანი და პიროვნება, ადვილად შევეგუე. თუმცა, შესაგუებელიც არაფერი ყოფილა – მშვიდად შევხვდი ამ გადაწყვეტილებას. ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მოხდა: თავისი დაწინდვით, ნიშნობით შეიქმნა ტრადიციული ქართული ოჯახი. ეს ჩემი სურვილიც იყო და მათიც. ჩემი სურვილით არასდროს ვმართავდი შვილს. ის ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მეც მუდამ ვენდობოდი. მისთვის არასდროს არაფერი ამიკრძალავს. არჩევნის საშუალებას ყოველთვის ვუტოვებდი. დემოკრატიულად ვზრდიდი, თუმცა იმ ქართულ ტრადიციებს, რაც ნორმალური და მისაღებია, ყოველთვის ვაცნობდი.
– როგორი ემოცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ბაბუა ხდებოდით?
– რომ გავიგე ბაბუა ვხდებოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა, ვერ ვაცნობიერებდი ამ ყველაფერს, სანამ ბავშვი არ დაიბადა. თან, იმ დროს გასტროლზე ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი, მშობიარობა რომ უწევდა. თუმცა, ჩამოვუსწარი და დიდი მადლობა დავით გაგუას და მის კლინიკას.
– 21 წლის ასაკში რომ შექმენით ოჯახი, მაშინ აცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რაც ოჯახს სჭირდებოდა?
– პასუხიმგებლობებს ვერ ვაცნობიერებდი, იყო სიყვარული რომელმაც ბევრ გამოცდას გაუძლო. სიყვარული ფორმას იცვლის და ახლა, როცა ჩემი მეუღლე ბებია გახდა, მის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა – სიყვარულმაც ფორმა შეიცვალა. ჩვენმა ცხოვრებამაც სხვანაირი ფერები შეიძინა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება მანამდე უფერული იყო. მას ყოველთვის თან ახლდა დიდი მოგონებები, ემოციური დატვირთვა. უბრალოდ, ახლა სხვა ფერები შეიძინა. ხშირად მიწევს უცხოეთში მოგზაურობა გასტროლებით და საქმიანი ვიზიტებით. ვცდილობ და მინდა, რომ ეს დრო ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო, მათთან ერთად ვიმოგზაურო. ყველანაირად ვცდილობ, მეუღლესთან ერთად წავიდე, თუკი ამის საშუალებაა. მე არ ვარ ისეთი, ვინც მარტო მიიღებს სიამოვნებას. მეგობრების, ოჯახის წევრების გარეშე სიამოვნების მარტო მიღებას აზრი არ აქვს. ბევრი შემოთავაზება მქონია, როცა მარტო უნდა წავსულიყავი და ყოველთვის უარს ვამბობდი. მარტო წასვლით ვერ ვიღებ სიამოვნებას, გვერდით ის ადამიანები უნდა მყავდეს, ვისაც ამ სიამოვნებას გავუზიარებ.
– ამბობენ, ოჯახური თანაცხოვრების გარკვეულ წლებს კრიზისები ახლავსო. თქვენთანაც ყოფილა ასე?
– ყველა ოჯახშია კონფლიქტი, უსიამოვნება. მაგრამ, თუ სიყვარული დიდია და ასევე, პატივისცემა, რომლის ზღვარსაც არ უნდა გადახვიდე, მაშინ ყველაფერი ნორმალურად მიდის. პატივისცემა არასდროს არ უნდა წაიშალოს. მე არ მწამს ისეთი სიყვარულის, საყვარელ ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენებ და ამას იმით ამართლებ, მიყვარსო. ან იეჭვიანებ და ამ ეჭვიანობის ნიადაგზე რამეს გააკეთებ. ეს არ არის სიყვარული, სიყვარული სულ სხვა რამეა. მე ამაღლებულ სიყვარულზე ვლაპარაკობ და არა სიმახინჯეებზე. ჩვენ სერიოზული პრობლემა არასდროს გვქონია.
– 21 წლის ასაკში როგორ გამოხატავდით სიყვარულს?
– მე, ზოგადად, ყველაფერს სიმღერით გამოვხატავ. ყვავილების ჩუქება, მისი ხელში დაჭერა – ბიჭების კომპლექსია. მეც ყოველთვის „მიტყდებოდა“ და მერჩივნა, სხვისი ხელით გამეგზავნა. ზოგადად, მიყვარს სიურპრიზების მოწყობა მეუღლისა და შვილისთვისაც. ორივე ფეხბურთის გულშემატკივარია – ერთი „რეალის“, მეორე „ბარსასი“. ერთხელ ორივეს სიურპრიზი გავუკეთე: ბარსელონაში მოვახვედრე „ბარსას“ და „რეალის“ თამაშზე. მათი ემოცია იყო წარმოუდგენელი და არნახული. თამაშის დროს ძალიან ჩხუბობენ და ბარსელონაშიც კინაღამ დახოცეს ერთმანეთი. მე მომიწია გაშველება.
– როგორც ვიცი, ბავშვობაში თამაშობდით ფეხბურთს. თუმცა, მერე თავის დანებება მოგიწიათ, ისევე, როგორც ქირურგობისთვის.
– კი, ვთამაშობდი ფეხბურთს. მერე რაღაცაზე გული დამწყდა, ტრავმა მივიღე, მოკლედ, რომ არ გაგიმართლებს ადამიანს... ეს ადრეულ ასაკში მოხდა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ უფრო კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვიდრე მომღერალი. ექიმობაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და სულ ვამბობ ხოლმე: ექიმობა და მომღერლობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს-მეთქი. გადარჩენილი პაციენტის თვალები და კმაყოფილი მაყურებლის თვალები ერთნაირი და ჩემთვის მნიშვნელოვანია. ქირურგობა თვალზე პრობლემის გამო ვერ განვაგრძე, თუმცა სამედიცინო სფეროს არ მოვშორებივარ და ერთ-ერთი კომპანიის აქტიური თანამშრომელი ვარ.
– წლების წინ პატიმრებთანაც გიწევდათ მუშაობა. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
– სასჯელაღსრულებაში ვმუშაობდი, ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პატიმრებთან, პერსონალთან. ხვალ შეიძლება, ყველა მოხდეს გისოსებს მიღმა, ამისგან არავინაა დაზღვეული. ყველგან ადამიანები არიან. ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ სამსახურთან და მიხარია, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. 1998 წელს დავამთავრე ინსტიტუტი, პრაქტიკის მიზნით წავედი და შემდეგ შემოვრჩი ამ სისტემას. მერე წითელი ჯვრის ეგიდით ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო სამუშაო მქონდა, ბევრს ვეხმარებოდი, ბევრი გადაგვირჩენია. მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ჩემს პაციენტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც გისოსებს მიღმა იყვნენ და ახლა გარეთ არიან, დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. სიკვდილმისჯილებთანაც მაქვს ღამეები გათენებული, ბევრი დრო გატარებული. ყველა ადამიანია და მნიშვნელოვანია, მათ როგორ მიუდგები. სიყვარულის, იმედის ნაპერწკალი ყველაში უნდა დავინახოთ. ადამიანში კარგიც არის და ცუდიც. მე მუდმივად ვცდილობ, კარგ კუთხეს ჩავეჭიდო.
– მამათქვენის ტრაგიკულ გარდაცვალებას მინდა, შევეხო და ასევე, მის ნახატს, რომელზეც, როგორც ვიცი, ის ადგილია აღწერილი, სადაც გარდაცვლილი იპოვეთ.
– მამას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. სამწუხაროდ, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. 5 დღის შემდეგ გარდაცვლილი ვიპოვეთ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს მისი საფლავი მაქვს, შეიძლება, ასეც არ ყოფილიყო. ეს 5 დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და რთული იყო, ასეთი არც მქონია. როცა ადამიანს გარდაცვლილს იპოვი და გაგიხარდება – ეს არის საშინელი ტრაგედია. ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა, ნიკა წულუკიძემ აღმოაჩინა მამაჩემის ნახატი. მამას აკადემია კი ჰქონდა დამთავრებული დიზაინის განხრით, მაგრამ თუ ხატავდა, არ ვიცოდი. დედამაც მითხრა, სანამ მე მომიყვანდა ცოლად, ხატავდაო. 16 წლის ასაკში აქვს ეს ნახატი შესრულებული და როგორც აღმოჩნდა, ნახატზე ის ადგილია, სადაც გარდაცვლილი ვიპოვეთ. წინასწარმეტყველებასავით იყო და ამ ისტორიამ შოკი განმაცდევინა.
– სად ინახებოდა ნახატი?
– კერძო კოლექციაში და შევიძინე, დღეს ჩემთან, სახლშია. ნახატი რომ ვნახე, ხელმოწერით ვიცანი და რომ შევხედე, იმ ადგილს ძალიან ჰგავს და დროც ემთხვევა: თებერვალი, წყალი... მტკივნეულია ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ, რომ მამის საფლავი მაქვს...