კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-23(858)


ქალს მაიორის კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ყურმილი სასწრაფოდ დაკიდა და პარხომენკო-კოვზირიძეს მიაჩერდა, რომელიც ჯიხურის წინ იდგა და ქალს მწვერ მზერას არ აცილებდა. მალიშევა რომ სახლიდან გავიდა, კაცმა ეჭვი აიღო მასზე და ფარულად უკან გაჰყვა. ხოლო, მალიშევა რომ სატელეფონო ჯიხურიდან გამოვიდა, ქალს მიუახლოვდა და მშვიდად ჰკითხა:
– სად დარეკე და ვის ელაპარაკებოდი?
სხვას, ნადეჟდა მალიშევას ადგილზე ელდა ეცემოდა და შეიძლება, ადგილზევე ჩაკეცილიყო. მაგრამ, ცხოვრებამ მას საკუთარი თავის სრული მობილიზაციის უნარი შესძინა. ქალმა მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და მიუგო:
– ჯაშუშივით უკან რატომ დამდევ – რა, არ მენდობი?
ეჭვის მიუხედავად, პარხომენკო-კოვზირიძე ვერ წარმოიდგენდა, რომ ნადიას ის შეიძლება „ჩაეშვა“. მალიშევას მისთვის ძალიან ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული. დიდ ხიფათში არაერთხელ ჩაუგდია თავი მის გამო. იცოდა, რომ ქალი „ჩამშვები“ არ იყო და გულწრფელად უყვარდა ის. თუმცა, მაინც გაჰყვა უკან, რადგან ქალის დაჟინებულმა კითხვებმა დააეჭვა.
ნდობა-არნდობაზე პასუხს, კაცმა თავი აარიდა და ქალის კითხვა გაუმეორა:
– სად დარეკე და ვის ელაპარაკებოდი?
მალიშევამ გაიღიმა და თქვა:
– მეც მაქვს ჩემი პატარა საიდუმლო და ასე დაჟინებით რატომ ცდილობ მის გაგებას?
– რა საიდუმლო, ნადია, გაგიჟდი! რა ხდება?
მალიშევა საბოლოოდ დამშვიდდა და თავდაჯერებული გახდა. გადაწყვიტა, დრო გაეწელა და ანტონ პარხომენკოს უთხრა:
– ჯერ ერთი, ასეთი გამოხდომით თავსაც იწვავ და აქედან გამომდინარე, მეც უკიდურეს დღეში მაგდებ. წამოდი სახლში და იქ ვილაპარაკოთ. ჯანდაბას შენი თავი, გეტყვი, რადგან ასე გულით გსურს, თორემ ვხედავ, თავი გაგისკდება წნევისგან, ისე გაინტერესებს ეს ამბავი.
ანტონი ოდნავ დამშვიდდა და მიუგო:
– კარგი. სახლში ვილაპარაკოთ.
– მანამდე გასტრონომში შევივლი საჭმლისა და ლუდისთვის, – უთხრა ქალმა კაცს და მას მერე, რაც ხელკავი გამოსდო, ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ ქუჩას.
პარხომენკო-კოვზირიძე გასტრონომთან დაელოდა ქალს. ნადეჟდა მალიშევამ ათიოდე წუთი მოანდომა ყველაფრის ყიდვას. შემდეგ გამოვიდა და ანტონთან ერთად სახლში დაბრუნდა. ნაყიდები მაგიდაზე დაალაგა და კაცს ჰკითხა:
– რაო, საყვარელო, იეჭვიანე?
– არა, – მიუგო ანტონმა და რაღაც უნდა დაემატებინა, რომ ქალმა დააყოლა, – იქნებ, „ჩამშვები“ გგონივარ და ამიტომ გამომყევი უკან?
– რა „ჩამშვები“ ნადია? თქვი, რა ხდება, – მოუთმენლად ჰკითხა ანტონმა.
– რა ხდება და ჩემს ძველ საყვარელს დავურეკე ფარულად.
– რას როშავ, ნადია, თქვი, რა ხდება? – თანდათან მოთმინებიდან გამოდიოდა ანტონი.
– ჰო, საყვარელს. რა, არ გჯერა? მარტო შენ ხომ არ ხარ ამქვეყნად მაგარი კაცი?
– მასხარად მიგდებ და თემა გადაგაქვს?
– სულაც არა და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. მოკლედ, ჩემო ანტოშკა, როცა შენ, ასე მოულოდნელად გაუჩინარდი, ვიფიქრე – მიმატოვა-მეთქი. ამიტომ, სამი დღე გიგლოვე, შემდეგ კი ჩემს ძველ „ნაშას“ დავურეკე და ურთიერთობის განახლება შევთავაზე. ერთ საათში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ უცებ შენ „გაიჩითე“ და ახლა დავურეკე, პაემანი გავაუქმე. გასაგებია?
– არაა გასაგები. სიმართლე მითხარი.
– გითხარი უკვე.
– ნადიუშა, ნუ ჯიუტობ!
– სიმართლე?
– ჰო, სიმართლე თქვი.
– სიმართლე ასეთია, როცა გაუჩინარდი და არ ვიცოდი, რა მექნა, ჩემი მეგობარი რიტა სმირნოვა ჩამოვიყვანე ლენინგრადიდან და ყველაფერი მოვუყევი. რიტა ახლა თავის დასთანაა და მას დავურეკე, ვუთხარი, არ მოხვიდე, ანტონი გამოჩნდა-მეთქი. გასაგებია?
– ესე იგი, ჩემ შესახებ სხვამაც იცის?
– შენ შესახებ რიტამ მხოლოდ ის იცის, რომ ჩემი შეყვარებული ხარ და მეტი არაფერი. ახლა დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
– კი, – თქვა პარხომენკო-კოვზირიძემ. ამ დროს ბინაში „კაგებეს“ ოპერჯგუფი შევარდა, რომლებმაც კარი უხმაუროდ გააღეს და ანტონი ელვისებური სისწრაფით გაკოჭეს.
ზურაბ გიგაურმა თავის ოპერებს დაპატიმრებულის წაყვანა უბრძანა. გასვლის წინ ანტონმა ქალს შეხედა და ნაღვლიანად უთხრა:
– გამყიდე, ნადიუშ?
ნადეჟდა მალიშევამ ზურაბ გიგაურს გაოგნებულად შეხედა, თუმცა არაფერი უკითხავს და ჯერ თავი ჩაღუნა, შემდეგ კი ფეხები მოეკვეთა და მაიორს რომ ხელი არ შეეშველებინა, იატაკს თავით დაასკდებოდა.
– ჩქარა, წყალი, – დაიძახა მაიორმა, თან, ხელბორკილდადებულზე მიანიშნა ხელქვეითებს და უთხრა:
– ჩაიყვანეთ და დამელოდეთ.
დაპატიმრებული პარხომენკო-კოვზირიძე ოთახიდან გაიყვანეს. ზურაბმა კი ერთ-ერთი კოლეგის მიერ მოწოდებული ჭიქა პირთან მიუტანა მალიშევას და უთხრა:
– ნუ ნერვიულობთ, ნადია. წყალი დალიეთ და სკამზე ჩამოჯექით.
ქალი ჩამოჯდა და წყალი შესვა. სული რომ მოითქვა, მაიორს უთხრა:
– ზურაბ, ანტონს ციხეში დააბრუნებთ?
– ნადეჟდა, ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე. ანტონ პარხომენკოს დავკითხავთ და ჩვენთვის საინტერესო ამბებს გამოვკითხავთ. დავეხმარებით, რომ სასჯელი მინიმუმამდე დაუყვანონ, თუ, რა თქმა უნდა, სხვა დანაშაული არ ჩაუდენია.
– არა, რა სხვა დანაშაული. რაც ციხიდან გაიქცა, სულ ჩემთანაა და არაფერი ჩაუდენია, – თქვა ქალმა.
– თუ არ ჩავთვლით იმ მოკლევადიან მივლინებებს, როდესაც სადღაც უჩინარდებოდა, – თქვა მაიორმა და დააყოლა, – მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ პარხომენკო სუფთაა.
– რაიმე ეჭვები გაქვთ?
– კონკრეტულად არაფერი.
– ზურაბ, თქვენ მე რაღაცას მიმალავთ. სიმართლე მითხარით, ღვთის გულისთვის და ნურაფერს დამიმალავთ. ასე მგონია, რაღაც ეჭვები გაქვთ.
– კონკრეტული არაფერი, ნადია, – თბილად გაუღიმა ზურაბმა ქალს, – უბრალოდ, პროფესია მაქვს ისეთი, რომ ბევრ რამეს კრიტიკულად უნდა შევხედო და გადავამოწმო. მენდეთ. ახლა კი უნდა წავიდე და გთხოვთ, რაც აქ მოხდა და საერთოდ არავისთან არაფერი თქვათ.
– გასაგებია. არ ვიტყვი. მხოლოდ ის მითხარით, ანტონის ნახვას თუ შევძლებ?
– ჯერჯერობით ვერა, მაგრამ გპირდებით, როგორც კი ამის საშუალება გამოჩნდება, ანტონ პარხომენკოს აუცილებლად შეგახვედრებთ. ახლა კი უნდა წავიდე. დროებით, ნადია! დამშვიდდით და უკეთესის იმედი გქონდეთ, – უთხრა ზურაბმა ქალს. შემდეგ ხელზე ეამბორა და ბინიდან გავიდა.
***
ხელბორკილდადებული პარხომენკო „ვოლგა“ „გაზ 21-ით“ წაიყვანეს ლუბიანკაზე. პატიმარს მანქანის უკანა სავარძელზე, აქეთ-იქიდან ოპერები უსხდნენ. მაიორი ზურაბ გიგაური კი მძღოლის გვერდით მოკალათებულიყო და ჯერ უხმოდ ათვალიერებდა პატიმარს, შემდეგ კი რუსულად ჰკითხა:
– ანტონ პარხომენკო, პოლკოვნიკ სემიონ ნოვაკს რას ერჩოდით, რატომ მოკალით?
– შემთხვევით შემომაკვდა. მის ბინაში მოსაპარად შევედი და ცარიელი მეგონა. იქ კი შეიარაღებული ადამიანი დამხვდა და ჩემი მოკვლა უნდოდა. მე თავი დავიცავი და ასე მოხდა. არ მინდოდა, ნამდვილად არ მინდოდა მისი მოკვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე გამოვიდა.
– გასაგებია და ნაწილობრივ გეთანხმებით კიდეც, რადგან სისხლის სამართლის საქმეშიც იკითხება, რომ მხოლოდ გაძარცვა გინდოდათ, მაგრამ რატომ?
– რა რატომ? – კითხვითვე მიუგო პარხომენკომ.
– რატომ გინდოდათ გაძარცვა. თქვენ არ ჰგავხართ პროფესიონალ მძარცველსა და ბოროტმოქმედს?
– უსახსრობის გამო. უბრალოდ რომ ვთქვა, მშიოდა და იმიტომ.
– გასაგებია. ომი ახალი დამთავრებული იყო. საერთო გაჭირვება, შიმშილი, სიცივე სუფევდა, მაგრამ ეს ხომ არ ამართლებს დანაშაულს?
– დიახ. არ ამართლებს. დამნაშავე ვარ, მაგრამ ძალიან მკაცრი სასჯელი მომისაჯეს.
– ამაშიც შეიძლება, ნაწილობრივ დაგეთანხმოთ, – თქვა გიგაურმა, – პროფესია თუ გაქვთ?
– არა. მხოლოდ რვა კლასი დავამთავრე.
– კეთილი. ადგილზე რომ მივალთ, დანარჩენზე მაშინ ვილაპარაკოთ, – უთხრა მაიორმა პარხომენკოს. შეტრიალდა და ლუბიანკაზე მისვლამდე ხმა აღარ ამოუღია.
ზურაბს პარხომენკო-კოვზირიძის დაკითხვის გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებას გეგმავდა. ამიტომ, პატიმარი რომ მის კაბინეტში აიყვანეს, საუბარი კვლავ რუსულ ენაზე განაგრძო:
– მოწევთ?
– თუ შემომთავაზებთ, უარს არ ვიტვი, – მიუგო პატიმარმა მაიორს. გამოწვდილი კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მადლობა გადაიხადა და სიამოვნებით გააბოლა.
– ნუთუ არ გაინტერესებთ, რატომაა თქვენით დაინტერესებული უშიშროება? – ჰკითხა გიგაურმა პატიმარს.
– ალბათ, თავადვე მეტყვით, – მიუგო პარხომენკომ და დააყოლა, – ისე კი, საუშიშროებო ნამდვილად არაფერი ჩამიდენია და მიკვირს, რატომ გავხდი თქვენი ყურადღების ღირსი.
– ერთ საქმეში ამოტივტივდით, – თქვა მაიორმა. პაუზა გააკეთა და ხაზგასმით დაამატა, – და ამ საქმეში თქვენ საკმაოდ მკაფიო სახე ხართ.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– იმას, რაც გითხარით. ამ მნიშვნელოვან საქმეში თქვენ მკაფიო სახე ხართ, – კვლავ ხაზი გაუსვა გიგაურმა „სახეს“ და თავადაც გააბოლა.
– ნუ ცდილობთ სახის შეცვლას, – უფრო ხაზგასმულად, ღიმილით თქვა გიგაურმა და პარხომენკოს რეაქციას დაელოდა, რომელსაც სულაც არ ეტყობოდა შეშფოთება. მან მხრები აიჩეჩა და მაიორს უთხრა:
– ნამდვილად ვერ ვხვდები თქვენი სიტყვების არსს და იქნებ დამიკონკრეტოთ?
– კეთილი, – თქვა გიგაურმა. შემდეგ ღიმილი გაუქრა სახეზე და ქართულად დააყოლა, – მშობლიურ ენაზე უფრო ადვილად აგიხსნით.
პარხომენკო ოდნავ შესამჩნევად შეცბა, თუმცა გაიღიმა და თქვა:
– სამწუხაროდ, ქართულ ენას საერთოდ არ ვფლობ.
მაიორმა კვლავ ქართულად, მოღიმარი სახით უთხრა პარხომენკოს.
– თქვენ ვარლამ კოვზირიძე ხართ, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი-კოსმეტოლოგი. მე თქვენ გულმოდგინედ გეძებდით და ჩემს ძალისხმევას ტყუილად არ ჩაუვლია. თქვენ ჩემ წინაშე ზიხართ. მე თქვენს შესახებ არც თუ ისე ცოტა რამ ვიცი. მაგალითად, ის, რომ პირმშვენიერი ირინე გავაშელისგან ულამაზესი ქალიშვილი – ეკატერინე გყავთ. რას იტყვით, ტყუილს ვამბობ?
პარხომენკომ დაუკითხავად ამოიღო მაიორის სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი, გააბოლა და გიგაურს უკვე ქართულად უთხრა:
– მართალს ბრძანებთ.
– ძალიან კარგი, რომ არ გაჯიუტდით. თანახმა ხართ, რომ ჩემს შეკითხვებზე სწორი პასუხები გამცეთ?
– სხვა რა გზა მაქვს, – მხრები აიჩეჩა კოვზირიძემ.
– შეგიძლიათ, კითხვებზე არ მიპასუხოთ ან მომატყუოთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ დაასხამს თქვენს წისქვილზე წყალს.
– ვიცი.
– ესე იგი, თანახმა ხართ?
– თანახმა ვარ. მკითხეთ.
– ცოტა არათანმიმდევრულად შეგეკითხებით.
– ნება თქვენია.
 გიგაურმა თვალი თვალში გაუყარა კოვზირიძეს და უთხრა:
– თქვენ სემიონ ნოვაკის მკვლელობა არ გინდოდათ?
– რა თქმა უნდა, არა.
– თქვენ ხომ ის შემთხვევით შეგეფეთათ?
– დიახ, სრულიად შემთხვევით.
– მაშინ, რა გინდოდათ მის ბინაში?
– ცოლ-ქმარ პოპოვებს მივაკითხე, რომლებიც, თურმე, დასასვენებლად იყვნენ წასულები.
– ვინ არიან ცოლ-ქმარი პოპოვები – ვიქტორი და ნონა? – ჰკითხა მაიორმა კოვზირიძეს.
– ვიქტორ და ნონა პოპოვები ირინა და ოლეგ ვარლამოვები ერთი და იგივე წყვილია, სხვადასხვა ვინაობით. სინამდვილეში ისინი ევგენი და ალა მოროზოვები არიან. ევგენი მოროზოვი ჩემი ნახევარბიძაა, – თქვა ვარლამ კოვზირიძემ.
გიგაურს გაეღიმა და ვარლამ კოვზირიძეს უთხრა:
– ჯერჯერობით, აბსოლუტურად ზუსტად მპასუხობთ. ვნახოთ, შემდეგ რას იზამთ.
– გისმენთ, მკითხეთ.
– რატომ ეძებდით მათ?
– არა მგონია, არ იცოდეთ, – კითხვითვე მიუგო კოვზირიძემ.
– მე ზუსტი პასუხი მინდა, თანაც თქვენგან.
– იმიტომ ვეძებ დღემდე, რომ მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ და სასწაულებრივად ვარ გადარჩენილი, – თქვა ვარლამ კოვზირიძემ.
– მხოლოდ ამიტომ?
– კონკრეტულად, ალბათ, იმიტომ რომ, პასუხი მოვთხოვო ასეთი საქციელისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ სადმე მოხელთების შემთხვევაში, სულსაც კი გავაძრობდი ორივეს.
– და მათ შვილს დააობლებდით.
– დიახ. ასეთ შემთხვევაში, მასე გამომივიდოდა.
– ვარლამ, არაფერს მიმალავთ?
– მე, მგონი, არა, – მხრები აიჩეჩა კოვზირიძემ, – რას გულისხმობთ?
– ძებნის მიზეზს.
– არა. მაინც რა გგონიათ, რაზე გაქვთ ეჭვი, კიდევ რის გამო უნდა ვეძებდე მე მათ?
– იქნებ რამე გაქვთ გასაყოფი?
– გასაყოფი? – გაიმეორა ვარლამ კოვზირიძემ.
– დიახ, გასაყოფი, – დაუდასტურა გიგაურმა.
– არა. მეტი რა უნდა მინდოდეს. მკლავდნენ და პასუხი მინდოდა, მომეთხოვა ასეთი საქციელისთვის.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3