№24 საბედისწერო აღიარება
ერლი კუინი
ცირკში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი და ლამის ინგლისი შეძრა. გაზეთები ამაზე წერდნენ, ჟურნალისტები მიკროფონებით დარბოდნენ. მყვირალა სათაურებითა და ამ ტრაგედიაში მონაწილეების სურათებით იყო აჭრელებული პრესა. მერილოუს თავისი კერძო ცირკი ჰქონდა და სიმდიდრით მეორე იყო. თავად მერილოუ და მისი ულამაზესი ცოლი მტაცებელ ცხოველებთან მუშაობდნენ. არენაზე ოთხ გაწვრთნილ ვეფხვთან და უზარმაზარ ლომთან ერთად გამოდიოდნენ. რომელსაც სახელად „საჰარის მეფე“ ერქვა. ტრაგედია ღამე დატრიალდა, როცა მერილოუ და მისი ცოლი ცხოველებს აჭმევდნენ. ცირკი ბერკშირში იყო დაბანაკებული და მეორე დღეს წარმოდგენა უნდა გაემართა. მსახიობებმა და სცენის მუშაკებმა ჯერ ლომის გამაყრუებელი ღრიალი გაიგონეს, მერე ქალის არაადამიანური, სულის შემძვრელი კივილი. ფანრებით ხელში ლომის გალიასთან მიცვივდნენ და შეძრწუნებულები გაშეშდნენ – თვალწინ საზარელი სურათი გადაეშალათ: ცირკის მეპატრონე, მისტერ მერილოუ ლომის თათით თავისქალაგაჩეჩქვილი, ლომის გალიიდან სამას მეტრში, საკუთარ სისხლში ცურავდა. ის მკვდარი იყო. რაც შეეხება ცოლს, ლეონორი ლომს ისევ კლანჭებში ჰყავდა მოქცეული და სახეს უფლეთდა. გონს აკრობატი და კლოუნი მოეგნენ. იარაღის სროლითა და ღრიანცელით მოახერხეს მხეცის უკან, გალიაში შეგდება. არავის ეგონა, რომ მისის მერილოუ ცოცხალი გადარჩებოდა. საქმე იმავე დღეს აღიძრა, მაგრამ მალევე დაიხურა და უბედური შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცა. პოლიციელებმა გადაწყვიტეს, რომ ლომში ველურმა ინსტინქტმა გაიღვიძა და თავისი პატრონები სასიკვდილოდ გაიმეტა. ამ ვერსიას არ ეთანხმებოდნენ მისტერ მერილოუს და და ახალგაზრდა გამომძიებელი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ამ საქმეში, რაღაც ისე ვერ იყო. მისის მერილოუ გადარჩა. რამდენიმე თვე ექიმები მასთან გასაუბრებას კრძალავდნენ. ქალს სახე ისე დაუმახინჯდა, რომ თავისი ძველი სილამაზისგან მხოლოდ ნიკაპი და ქვედა ტუჩი შერჩა. მისის მერილოუმ ქმრისგან უზარმაზარი მემკვიდრეობა მიიღო, შეიძინა მამული და სასახლე „აბას პარვა.“ იქ განმარტოებით დასახლდა, რომ არავის ენახა მისი სახე. გამომძიებელი რონდერი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ესტუმრა, მერილოუს დას. ქალი სწორედ იმ აკრობატ ლეონარდოზე იყო გათხოვილი, რომელმაც პირველმა მიირბინა ტრაგედიის ადგილას. გამომძიებლისა და ქალის საუბარმა რამდენიმე საათი გასტანა. მერილოუს და ღელავდა. წინადადებებს საუბრის დროს არ ამთავრებდა, მაგრამ აბსოლუტურად გასაგები იყო მისი თითოეული სიტყვა.
„აბას პარვაში“ ერთად მისულებს მისის მერილოუმ მიღებაზე უარი უთხრა, მაგრამ რონდერი კატეგორიულად მოითხოვდა ქალთან შეხვედრას. შემდეგ ფურცელზე რაღაც დაწერა და კამერდინერს დიასახლისთან გაატანა. ნახევარ საათსაც არ გაევლო, რომ მათ წინ მამულის დიდებული კარიბჭე გაიღო. მისის მერილოუს სავარძელი მდიდრულად მორთული დარბაზის შორეულ კუთხეში იდგა. ქალს სახეზე სქელი პირბადე ჰქონდა ჩამოფარებული, ისე რომ, მხოლოდ ნიკაპი და ქვედა ტუჩი მოუჩანდა. პირბადე იმდენად სქელი იყო, რომ შეუძლებელს ხდიდა ქალის ნაკვთების გარჩევას.
– ძალიან მიკვირს, რომ აქ მოსვლით თავი შეიწუხე, მერი. მიუხედავად იმისა, რომ შენი ძმის ცოლი ვიყავი და ჩვენ მაინც ნათესავებად ვითვლებოდით, ერთხელაც არ გიკითხავს ჩემი ამბავი. სანახავადაც არ მოსულხარ.
– შენ ჩემი ძმა მოკალი და მისი ქონება მიისაკუთრე! – შეჰყვირა მერიმ და გამომძიებელს მკლავზე მოებღაუჭა, – ძალიან გთხოვთ, ათქმევინეთ სიმართლე.
– სიმართლე? – მისის მერილოუს სასიამოვნო ხმა ჰქონდა, მაგრამ შესამჩნევად უკანკალებდა, – სიმართლე გაინტერესებს, მერი? სიმართლე ის არის, რომ ვერასდროს გამოვჩნდები ხალხში, ვერასდროს შევძლებ ადამიანური შეხედულება დავიბრუნო. სიმართლე ის არის, რომ შენი ძმა ნამდვილი ურჩხული იყო, შენი ქმარი კი ლაჩარი და მშიშარა ნაძირალა?
– აჰა, აღიარებ რომ საყვარლები იყავით?
– ჰო, ვაღიარებ. მე ახლა დასამალიც კი არაფერი მაქვს. შენი ძმა სიკვდილს იმსახურებდა და მოკვდა კიდეც. მეც ღალატისთვის დავისაჯე, მეტი რაღა გინდა?
– მკვლელობისთვის არ დასჯილხარ. ქმარი მოკალი და ძვირფას სასახლეში განცხრომით ცხოვრობ.
– მისის მერილოუმ ისტერიკულად გაიცინა.
– ცხოვრებაა? შენ ამას ცხოვრებას ეძახი? იცი, როგორ გამოვიყურები? გინდა, განახო? დამიჯერე, ასეთი არაფერი გინახავს.
– მისის მერილოუ, როგორ მოხდა, რომ ლომი ჯერ გაეკიდა თქვენს ქმარს, თავს დაესხა, მოკლა და თქვენკენ შემოტრიალდა? მტაცებელი ცხოველების შესახებ ბევრი ინფორმაცია ვიპოვე და მიმაჩნია, რომ იქ რაღაც მოხდა. ლომი ისე არ მოიქცა, როგორც სტანდარტულ სიტუაციაში მოიქცეოდა. მისის მერილოუ, იქნებ ამიხსნათ, რა მოხდა. თქვენ ლომს ყოველ საღამოს აჭმევდით ერთად, ხომ ასეა?
– დიახ, ასეა. ჩემი ქმარი მაიძულებდა ამის გაკეთებას. ის ლომზე უარესი იყო.
– მისის მერილოუ, მოყევით რა მოხდა ტრაგედიის ღამეს, – გამომძიებელი მშვიდად საუბრობდა, თითქოს წინასწარ იცოდა, რას მოყვებოდა ქალი.
– ტრაგედიის ღამეს რა მოხდა, თუ გაინტერესებთ, მანამდე რა მოხდა? კარგი. ჩემს ასეთ ცხოვრებას აზრი მაინც არა აქვს და მერიმაც მოისმინოს სიმართლე თავის ანგელოზ ქმარზე. დიახ, ჩვენ საყვარლები ვიყავით და მეგონა, რომ ვიპოვე მამაკაცი, რომელიც ქმრისგან მოყენებულ იარებს მომიშუშებდა, მაგრამ არარაობა აღმოჩნდა. ჩემი ქმრის თავიდან მოშორების გეგმა მან მოიფიქრა. დაამზადა დიდი კომბალი, რომელსაც „თავზე“ ლურსმნები ჩააჭედა და პირები აულესა. ლურსმნები ერთმანეთისგან ისეთი დაშორებით იყო განლაგებული, როგორც ლომის თათებზე ბრჭყალები. იმ ღამეს, როცა მე და ჩემი ქმარი გალიისკენ მივდიოდით, სიბნელეში იყო ჩასაფრებული. მერი, კარგად მომისმინე. შენ ძმას სწორედ მან გაუხეთქა თავი „ბრჭყალებიანი“ კომბლით. მე კი ლომს კარი გავუღე, რომ ყველას ჰგონებოდა, ჯო ლომმა მოკლა, მაგრამ გეგმა ჩავარდა. ლომმა ისეთი სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა ჩემი ქმრის მიმართ – აუხსნელი. როგორც კი გალიის კარი გავაღე, მოიჭრა ჩემი ქმრის უსულო სხეულთან და უცებ ჩემკენ გამოექანა. არ ვიცი, სისხლის სუნმა გააღვიძა მასში მხეცის სურვილი, თუ უბრალოდ, იგრძნო, რომ მე ვიყავი მისი პატრონის სიკვდილის მიზეზი, მომვარდა და გლეჯა დამიწყო. ტკივილებისგან გონება დავკარგე, მაგრამ ის კი მახსოვს, როგორ ვუხმობდი საშველად შენს ლაჩარ ქმარს, მან კი მიმატოვა, გაიქცა და დაიმალა.
გაფითრებულმა მერიმ გაჭირვებით აამოძრავა ტუჩები.
– მერე რა, შენ მაინც მკვლელი ხარ და პასუხი უნდა აგო.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პასუხისმგებლობას შენი ქმარიც გაინაწილებს. მკვლელობა ხომ მან ჩაიდინა. მე მსხვერპლი ვარ და ამას ახლავე დაგიმტკიცებთ.
ქალი სწრაფად წამოდგა სავარძლიდან, მათთან მივიდა და პირბადე მოიხსნა. გამომძიებელმა უკან დაიხია და თვალები დახუჭა. მერიმაც კი ვერ შეიკავა თავი და დაიყვირა. ეს აღარ იყო ადამიანის სახე. თვალები იარებს შორის ძლივს უჩანდა. ნორმალური მხოლოდ ქვედა ტუჩი და ნიკაპი ჰქონდა. დანარჩენი წითელი ხორცის უფორმო ნაჭერს ჰგავდა. გამომძიებელს საქმე აღარ გადაუკვალიფიცირებია.