№24 როგორ უმაღლებს ქალებს თვითშეფასებას გიგი ადამაშვილი და როდის ხდება ის გიჟი და არაადეკვატური
გიგი ადამაშვილი ფართო საზოგადოებამ ჯერ უკრაინული, ხოლო შემდეგ ქართული „X ფაქტორიდან“ გაიცნო. ნიჭიერი მომღერალი, ლამაზი ხმითა და ბევრი დადებითი ენერგიით, მაყურებელმა მაშინვე შეიყვარა. დღეს ის განსაკუთრებით პოპულარულია, რაზეც მის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ანშლაგით ჩატარებული კონცერტებიც მეტყველებს, სადაც დიდი ოვაციებითა და სიყვარულით ხვდებიან.
გიგი ადამაშვილი: როდესაც დამთავრდა „X ფაქტორი“, მცირე პაუზის შემდეგ, პატარ-პატარა საღამოების კეთება დავიწყე. იმდენი ხალხი მოდიოდა, რომ ბარებში, კაფეებში ვერ ეტეოდნენ, ამიტომ საჭირო გახდა უფრო დიდი სივრცე. მთავარი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა ტურნეში წასვლა, ეს იყო უამრავი „ესემესი,” რაც მომდიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მწერდნენ: შენ თბილისში ხარ, იქ მღერი, ჩვენ ვერასდროს შეგხვდებით, რადგან ვცხოვრობთ აქ, ან იქო. მხოლოდ თბილისი არ არის საქართველო. ამიტომაც, ოქტომბერში დავიწყე მთელი საქართველოს მასშტაბით ტურნე. უკვე 19 კონცერტი ჩავატარეთ და ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
– გოგონები განსაკუთრებული ემოციებით გხვდებიან. გავიგე, ცუდად ხდებიან შენს კონცერტზე, გული მისდით.
– ყოველთვის ვცდილობ, ბოლოს დავრჩე, მსმენელთან მივიდე, ფოტოები გადავიღო. მაგრამ, რომ გამოვდივარ, მაშინვე მოდიან ჩემთან, მეხუტებიან. ამდენი ადამიანი რომ გეხუტება და კედელთან მიგაყუდებენ, იხრჩობი, არ შეგიძლია. ცოტა ცუდადაც ხდები. რა თქმა უნდა, ეს, ერთი მხრივ, სასიამოვნოა. ქუთაისში ჩემმა ერთმა უფროსმა მეგობარმა თავის თავზე აიღო ჩემი გამოყვანა და ცოტა ნეკნები აქვს ჩამტვრეული. ერთ კონცერტზე მოხდა ისეთი ფაქტი, რომ სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. ცუდად გახდა ერთი გოგო, არ ვიცი, რა დაემართა. მაგრამ მე ლამის მოვკვდი, დავიბენი. ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, ეს რატომ ხდება. სექტემბერში ვიმღერე ქარელში და ისეთი ამბავი ატყდა, ძალიან ბევრი ხალხი ამოვიდა სცენაზე, დაიწყეს ფოტოების გადაღება... თან, ჩემს მერე სხვა მომღერალი უნდა გამოსულიყო. ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა და აი, იქ დამჭირდა დაცვის გამოყენება. ზოგადად, გოგონები ისე იქცევიან, როგორც კონცერტს უხდება. გიჟები არიან, რადგან მეც გიჟი ვარ სცენაზე, სრულიად არაადეკვატური – ეს არის ხოლმე სრული სიგიჟე. მთავარია, პირველი ორი სიმღერის დროს ხელში აიყვანო მაყურებელი და მერე, ყველა არაადეკვატურია, ემოციებით ვფეთქდებით. ბევრჯერ ისეთი რამ გამიკეთებია, რომ მერე მიცინია, მაგრამ იმ სიტუაციას უხდებოდა. წყალი დავლიე და ატყდა ერთი ამბავი: ისროლე, ისროლეო და მეც მოვუჭირე თავსახურს და ვისროლე. დაიჭირეს, ატყდა ერთი ამბავი. რატომ გავაკეთე ეს? – რომელი ჯასტინ ბიბერი მე ვიყავი, მაგრამ იმ მომენტში, ემოციამ მოიტანა.
– ამ ხნის განმავლობაში რას ამჩნევ საკუთარ თავს, გაიზარდე პიროვნულად?
– მე ბებერი გავჩნდი და ნელ-ნელა ვაახალგაზრდავდები. ბავშვობიდან მიყვარდა პოლიტიკაზე ლაპარაკი, სუფრასთან ჯდომა, დიდებთან, უფრო ბაბუებთან, საუბარი. ეზოში თამაში არ მიყვარდა, ძალიან მშვიდი ტიპი ვიყავი. ახლა ახალგაზრდა ვხდები და მაინტერესებს, 30 წლის როგორი ვიქნები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი დავამთავრე. 1-2 წელიღა დამრჩა და უნდა წავიდე, დამთავრდა ჩემი ცხოვრება. მგონია, დრო აღარ მექნება, რომ რამე გავაკეთო და დავაგვიანე. შიში მაქვს იმის, რომ რაღაცეებს ვაგვიანებ. აღარც ვარ ისეთი ტკბილი და თბილი, როგორიც ვიყავი, რაღაცეებმა „გამიტრუხა“. თავიდან მეგონა: ყველა როგორი თბილია-მეთქი, მაგრამ, მერე ისე ცუდად გამოიყენეს, რომ „გავიჩითე” ფულტლარი, რომელიც მოდის და მხოლოდ ფოტოს იღებს. როცა დიდ სითბოს გასცემ და მერე ზურგს გაქცევენ, იმიტომ რომ „X ფაქტორში“ აღარ ხარ, მანამდე – ყველაფერი ხარ და მერე – აღარავინ, ეს არის „გატრუხება“: თუ აღარ ხარ პროექტში, უცებ გაქცევენ ზურგს. თუ გენატრები, გიყვარვარ, მეგობარი ხარ, რა პროექტს ელოდები?! ესენი „პონტის” ტიპები არიან და მე ასეთი ადამიანები არ მიყვარს. „პონტის” ტიპიც არასდროს ვყოფილვარ, ისეთ რაღაცეებზე მითქვამს უარი, მერე წავსულვარ და მეგობართან დამილევია ჩაი.
– ფინანსურად უკვე დამოუკიდებელი ხარ?
– დაახლოებით წელიწად-ნახევარია, ფინანსურად დამოუკიდებლი ვარ. თუმცა, ოჯახის წევრებთან ერთად ვცხოვრობ. ამას თუ ერთხელ გამოცდი, მერე ვერავიზე ვერ იქნები დამოკიდებული. ჯერ ერთი, „ტეხავს” 18 წლის ბიჭი, როცა ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, თუ გაქვს ამის შესაძლებლობა, რომ არ იყო. მე, რომელიც უარს ვამბობ უმაღლეს განათლებაზე, არ მაინტერესებს დიპლომიანი მომღერალი, ვირჩევ მუსიკას. აქედან უნდა მქონდეს შემოსავალი. გორის ფესტივალზე ვიყავი ადრე და პირველად მომცეს ნანატრი 100 ლარი – იმხელა ფული იყო ჩემთვის. პირველად ცოტა დიდი ფული რომ ვიშოვე, ოთხნიშნა და ხუთნიშნა იყო, დავფიქრდი და მივხვდი: ტვინში რაღაც შეიცვალა. ყოველდღე რესტორანში ვჭამდი, ხან სად დავდიოდი, ხან სად, რაღაცეები შევიძინე და მერე მივხვდი, რომ საერთოდ აღარ მაქვს ფული. მივხვდი, რომ „გოიმი“ ვყოფილვარ: „გოიმობაა“, როცა პირველად იშოვი შენთვის ცოტა დიდ ფულს და ხარჯავ. ახლა ვანაწილებ და ვიცი, რა რაში დამჭირდება.
– კიდევ რა არის შენთვის „გოიმობა“?
– ადამიანი, რომელიც სხვას ეძახის „გოიმს“, თვითონ არის ერთი დიდი „გოიმი“. ყველა ასეთი ტიპი „მეგოიმება“. „გოიმობა“ შეიძლება, ჩემს საქციელს დავარქვა, სხვას არ დავუძახებ. რაღაც ჩემი ქცევა შეიძლება, „მეგოიმებოდეს“, „მეპაზორებოდეს“. თან, ჯერ პატარა ვარ და მერე შეიძლება, ისეთი რამ გავაკეთო, რომ ჩემს თავს სულ „გოიმო“, „გოიმო“ – ვეძახო.
– პირადში რა ხდება, არ გყავს შეყვარებული?
– შეყვარებული არ მყავს. სიყვარული ხომ იმით არის გენიალური და იდეალური სრულყოფილება, რომ უცებ მოვარდება და „დარხეული“ გაქვს, დაგიმათავრდა ცხოვრება. ჯერჯერობით ეს ვერავიზე განვიცადე. იმდენად საინტერესო შინაგანი სამყარო აქვს ყველა ქალს, რომ შენით ვერ შეიყვარებ, ვერ ამოირჩევ. სათამაშო ხომ არ არის?! ამიტომ, სიყვარული თვითონ უნდა მოვიდეს, ინტერესები გაიცვალოს. ფლირტზე მეც ვგიჟდები, როგორც ყველა – ეს არის ჯანმრთელი რეაქციაა, როცა გინდა, ვინმემ შეგამჩნიოს. ქალს სულ სჭირდება ფლირტი, უნდა, რომ მომხიბლავი იყოს და „ნამბერ ვანი“ – თავი იგრძნოს გამორჩეულად. შეიძლება, ისეთი დეტალი გააკეთო, რომ მას თვითშეფასება მაშინვე აუმაღლო.
– შენ გეხერხება ასეთი რაღაცეები?
– ვიცი, სად და რა მომენტში უნდა ავუმაღლო ქალს თვითშეფასება. დრო სწორად უნდა შეარჩიო და თუ „მოარტყი”, მერე ქალი ქალად გრძნობს თავს. მგონია, რომ ქალი ყველაზე საინტერესო არსებაა შინაგანად. კაცები მაქამდე ვერ „გავქაჩავთ“. ქალის გარეშე ცხოვრება სისულელეა. ხშირად კაცს საყვარელ ქალთან, ცოლთან სენტიმენტების გამომჟღავნების რცხვენია, „უტყდება“, რომ გული გადაუშალოს, უთხრას, რომ უყვარს. სხვა, უცხო ქალთან ძალიან გახსნილია, რეალურად არ ანაღვლებს, რაღაცეები სჭირდება და იქ მთავრდება ყველაფერი. მე ვერ ვიტან არაერთგულ ადამიანებს, მით უმეტეს, კაცს. არაერთგული ადამიანი ვერ წარმომიდგენია ჩემ გვერდით და ვერც მე ვიქნები ასეთი. ჯერ შენი უნდა დააფასო, სხვასთან რომ გარბიხარ, უკვე „ბანძი“ ხარ. ქალს თუ თავს ღმერთად აგრძნობინებ, აუცილებლად თავის საფეხურზე აგიყვანს და შენც ღმერთი ხარ, ეგრევე. ქალს მარტივად შეუძლია, გაგაჭედინოს და იქ დაგამთავრებინოს ცხოვრება.