№24 მართლა აპირებდა თუ არა ლავრენტი ბერია ამერიკისთვის დემოკრატიული გერმანიის მიყიდვას 20 მილიარდ დოლარად
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას „საბჭოთა წითელ ბოროტმოქმედთა სიაში” ჯერ კიდევ მყარი პოზიციები უკავია და პირველ ხუთეულში ტრიალებს, ირკვევა, რომ ის თურმე, არც ისეთი სისხლისმსმელი და მანიაკი ყოფილა და ყველა კომპონენტით ბევრად სჯობია თავის კოლეგებს, ბოროტმოქმედთა სიაში საერთოდ რომ არ მომხვდარან. ისტორიკოსი ანატოლი მაზნეცინი წერს: „პარადოქსული ფაქტია, რომ ბერიას სასამართლო პროცესის ფალსიფიკატორებმა რუდენკომ და ხრუშჩოვმა ვერსად მოიძიეს ერთი საბუთიც კი, სადაც ლავრენტი ბერია ხელს აწერს თუნდაც ერთი ადამიანის ფიზიკურ განადგურებას, რომ არაფერი ვთქვათ ათასებზე... ეს უცილობელი ფაქტია. მას ვერსად გავექცევით და თვით ხრუშჩოვმა და შეთქმულთა კამპანიამაც ვერ მოახერხეს ამისი ფალსიფიცირება. სამაგიეროდ, უამრავი ოფიციალური საარქივო დოკუმენტია, სადაც ხრუშჩოვი, კაგანოვიჩი, მიქოიანი, მალენკოვი და სხვები ათეულ ათასობით ადამიანის დახვრეტის საბუთს აწერენ ხელს... საერთოდ, „გადასწორებულ-გადმოსწორებული“ საბჭოთა არქივები ჯერ კიდევ უამრავ საიდუმლო საბუთს ინახავს, რომლებიც მკაფიოდ მეტყველებს ბერიას მკვლელთა (შეთქმულთა ჯგუფი) საზარელ, არაადამიანურ დანაშაულებებზე, რისთვისაც ისინი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდებით უნდა გაესამართლებინათ და სიკვდილით დაესაჯათ. ერთ-ერთი ასეთი საბუთია 1953 წლის 16 ივნისის, საბჭოთა პოლიტბიუროს სხდომის ოქმი, რომელიც საბრალდებო საბუთად გამოდგებოდა ბერიას მკვლელების მიმართ, თავად ბერიას კი ცამდე გაამართლებდა.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ამერიკულ-ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა აღმოსავლეთ გერმანიაში თავიანთი საქმიანობა გაააქტიურეს. ამას კი, ანტისაბჭოთა განწყობის გაძლიერება მოჰყვა და 1953 წლის პირველი დეკადისთვის მდგომარეობა იქ უკიდურესად დაიძაბა. ამას ისიც დაემატა, რომ დემოკრატიულ გერმანიაში არ იყო საკმაო პროდუქტები ხალხის გამოსაკვებად და მუშების სამუშაო ნორმატივები ათი პროცენტით გაიზარდა. სწორედ მუშები უდგნენ ავანგარდში სახალხო მღელვარებას და ათეულ ათასობით გერმანელი მუშა აპირებდა დიდი საპროტესტო მღელვარების გამომხატველი დემონსტრაციის მოწყობას. ბერიამ, რომელიც ყველა საბჭოთა სპეცსამსახურს აკონტროლებდა, მშვენივრად იცოდა ეს განწყობები და თავისი წარმომადგენლებისთვის დირექტივები ჰქონდა მიცემული, რომ არავითარ შემთხვევაში, არ დაეშვათ ძალის გამოყენება. გაეტარებინათ მშვიდობისმოყვარე პოლიტიკა და უკმაყოფილოებთან კონსტრუქციული, მშვიდობიანი დიალოგი ეწარმოებინათ. გენერალი სერგო გოგლიძე ასე იხსენებდა ამ პერიოდს: „ლავრენტი პავლოვიჩი იმ პერიოდში უკიდურესად გადატვირთული იყო და უსერიოზულესი პროექტების განხორციელებაზე მუშაობდა. როცა მას მოახსენეს, რომ დემოკრატიულ გერმანიაში საერთო-სახალხო პროტესტი პიკს აღწევდა, მან პოლიტბიუროს სხდომის მოწვევა გადაწყვიტა, რომ იქ განხილულიყო ეს საკითხი. იმ დღეებში გამომიძახა – არ მახსოვს, თერთმეტ თუ თორმეტ ივნისს და მითხრა:
– გერმანიაში ძალიან ცუდი რამ მზადდება. ვფიქრობ, იქ წასვლა მომიწევს მდგომარეობის დასარეგულირებლად და უნდა გიახლო. ამიტომ, გასამგზავრებლად მოემზადე.
– დღესვე მივემგზავრებით, ლავრენტი პავლოვიჩ? – ვკითხე ბერიას.
– დღეს არა. ალბათ ორ-სამ დღეში, – მითხრა ბერიამ და დააყოლა, – ჯერ პოლიტბიუროზე უნდა გავიტანო ეს საკითხი და მათი აზრი გავიგო.
ზუსტად მახსოვს, რომ ბერიას მიერ მოთხოვნილი პოლიტბიუროს სხდომა 16 ივნისს ჩატარდა, ხოლო 17 ივნისს, შუაღამეს კი, ჩვენ ბერლინში გავფრინდით და 18 ივნისის ღამეს ჩავფრინდით იქ“.
1953 წლის 16 ივნისის პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა ბერიას მოთხოვნით ჩატარდა. დილის 9 საათზე დაიწყო და საღამოს 18 საათამდე, შესვენების გარეშე გაგრძელდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი (ყველაზე ხანგრძლივი თუ არა) საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში. მოგვიანებით, უკვე მონანიე ვიაჩესლავ მოლოტოვი ასე იხსენებდა ამ ხანგრძლივი სხდომის ფრაგმენტებს: „პოლიტბიუროს ეს საგანგებო სხდომა ბერიას კატეგორიული მოთხოვნით გაიმართა. უმეტეს დროსაც სწორედ ბერია გამოდიოდა მასზე და თავის არგუმენტებს გვიზიარებდა. სხდომაც, რა თქმა უნდა, მან გახსნა და დემოკრატიულ გერმანიაში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა გაგვაცნო. ბოლოს კი იკითხა:
– რას იტყვით, ამხანაგებო, როგორ მოვიქცეთ?
სინანულით უნდა ვთქვა, თუ არ ჩავთვლით ბერიას, პოლიტბიუროს წევრებს შორის აბსოლუტური ერთსულოვნება სუფევდა და ყველანი მოვითხოვდით უმკაცრესი ზომების გატარებას პროტესტანტი მუშების მიმართ. ყველა გამონათქვამი ასპროცენტიანი აგრესიით იყო გაჯერებული და ისინი ასე ჟღერდა: „დედა ვუტიროთ ფრიცებს“, „ბერლინი ხელახლა გავასწოროთ მიწასთან“, „ბართლომეს ღამე მოვუწყოთ“ და ასე შემდეგ. განსაკუთრებით სასტიკ ფრაზებს ნიკიტა ხრუშჩოვი ისროდა და მან თქვა: „ამხანაგებო, წინადადება შემომაქვს, რომ თუკი გერმანელები საპროტესტო დემონსტრაციაზე შეიკრიბებიან, ისინი არც კი გავაფრთხილოთ. ტანკების კოლონა მივუშვათ და ცოცხლად გადავთელოთ...“ საზარელია, რომ ბერიას გარდა პროტესტი არავის გამოუთქვამს ხრუშჩოვის „კონსტრუქციულ“ წინადადებაზე, მათ შორის, მეც. მხოლოდ ბერიამ აიღო სიტყვა და ჯერ კიდევ წონასწორობიდან გამოუსვლელად, ასე უპასუხა ხრუშჩოვს: „ნიკიტა სერგეევიჩ, ვფიქრობ, თქვენი წინადადება მაღალი ემოციურობითაა გამოწვეული და მასე არ ფიქრობთ. რა თქმა უნდა, არეულობის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ არც სასაკლაოს მოწყობაა კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს“. ხრუშჩოვმა, ამ ეშმაკმა მუჟიკმა, პასუხი არ გასცა ბერიას. სამაგიეროდ, ლოთმა თავდაცვის მინისტრმა, ბულგანინმა წამოყო თავი და არყის დიდი დოზით გამხნევებულმა (ბულგანინი ტრადიციულად მთვრალი იყო) ბერიას უთხრა: სწორია, ფრიცებს ტანკებით უნდა გადავუაროთ და მალე ჯარს ასეთი ბრძანება ექნებაო. აქ უკვე ბერია მოთმინებიდან გამოვიდა, ბულგანინთან მიიჭრა, ძლიერი სილა გააწნა სახეში და უხეშად უღრიალა: „ლოთო, ინდაურისტვინა კრეტინო, ჩემი ხელით დაგხვრეტ, შენმა ხელქვეითებმა რომ ერთი ტყვიაც გაისროლონ გერმანიაში...“ ბულგანინი უმალვე გამოფხიზლდა. გაახსენდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და მიტკლისფერი დაედო. ბერიამ კი პოლიტბიუროს ნებართვა სთხოვა, გერმანიაში გაეშვათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად და შეგვპირდა, ყველაფერს მშვიდობიანად მოვაგვარებო.
ბერია მეორე დღესვე გაემგზავრა ბერლინში და მართალია, იქ უკვე 55 დემონსტრანტი იყო დაღუპული, მაგრამ ყველა კარლ ულბრიხტის, გერმანიის მთავრობის მეთაურის ბრძანებით დახოცა გერმანულმა პოლიციამ და კიდევ უფრო დიდი საშინელება იგეგმებოდა. ბერიამ კი ულბრიხტი დაარწმუნა, რომ სისხლისღვრა ვერ შეაჩერებდა პროტესტს და ძალის გამოყენებაზე უარი ათქმევინა. შემდეგ ბერიამ მთელი გერმანული მთავრობა შეკრიბა, ესაუბრა მათ და გერმანიაში საპროტესტო ტალღა შეჩერდა...“
ყველაზე საინტერესო ისაა და მოლოტოვი არაფერს ამბობს, რომ ბერიამ ულბრიხტს ოპოზიციონერები ციხეებიდან გამოაშვებინა. შემდეგ კი, პირადად შეხვდა მათ და დიდხანს ესაუბრა. როგორც მთელი რიგი მკვლევრები ამტკიცებენ, ბერია მათ ორი გერმანიის გაერთიანებას შეჰპირდა. არის მოსაზრებაც, რომ ბერია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის გაერთიანების თაობაზე. სამაგიეროდ, 20 მილიარდ დოლარს ითხოვდა საბჭოთა ეკონომიკის ასაღორძინებლად. ხრუშჩოვი კი ამტკიცებდა, რომ გერმანული პროტესტი თავად ბერიას პროვოცირებული იყო, რათა ის შემდეგომ „მშვიდობის მტრედად“ მოვლენოდა გერმანელებს, თავისი ავტორიტეტი აემაღლებინა მსოფლიოში და ჩვენ ეს არ დავუშვითო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ბერიამ 1953 წლის ივნისში დიდი გერმანული სისხლისღვრა აღკვეთა, თავად კი ამ და სხვა მიზეზთა გამო, შეთქმულთა მსხვერპლი გახდა.“