№24 როგორ დასდევდნენ გუგული მგელაძე და გივი სიხარულიძე კუს ტბაზე ბიზნესმენებს სამათხოვროდ და როგორ ეამბორა ხელზე ტრანსგენდერს რეჟისორი
„ერთ დღეს მამამ ოჯახის წევრებს გამოგვიცხადა, თბილისში გადავდივართ საცოვრებლადო! რამდენიმე დღის შემდეგ ჭიათურიდან წამოვედით... დავტოვეთ იქ ნაწილი ჩვენი სულისა და ბებიის საფლავი... ჩამოვედით მთელი ოჯახი თბილისში. სუსხიანი დღე იყო, სადგურის მოედანზე მამამ ფაეტონი იქირავა... ვზივარ გვედრზე გადახრილ ეტლში, გავცქერი დათოვლილ ქუჩებს, ჩემკენ მომავალ დიდ სახლებს... ჭიათურის შემდეგ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი...“ და ეს სამყარო იყო კინო, რომელმაც ჭიათურელ ბიჭს, გუგული (ყარამან) მგელაძეს საქართველოსა და უცხოეთში სახელი მოუტანა. „ფესვები“, „გაჭედილები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“... მრავალი სცენარისა და ფილმის ავტორი გასულ წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამჟამად მისი შემოქმედებითი ცხოვრების საინტერესო მომენტებით დატვირთულ დღიურის ფურცლებს გადაგიშლით.
კუნთმაგარი „დედოფალი“ გივი სიხარულიძე
„გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“ ჩემთვის დიდი ფილმია. ამიტომ მისი დამდგმელის აღტაცება „ენკი-ბენკი-სიკლისას“ სცენარის წაკითხვის შემდეგ, მაწრმუნებდა, რომ ტყუილად არ მიშრომია. „ქართულ ფილმს“ იმ პერიოდში ფინანსური გაჭირვება ჰქონდა, მაგრამ ფილმი წარმოებაში ჩაუშვეს. ოთარ მეღვინეთუხუცესს მივეცი სცენარი წასაკითად და ერთი პატარა როლი შევთავაზე. ასე მითხრა, ეს ისეთი სცენარია, ნებისმიერ ეპოზოდსაც კი სიამოვნებით ვითამაშებო. მთავარ როლზე ვვარაუდობდი კომედიური ჟანრის მსახიობს, მარტივად რომ ვთქვათ, „სასაცილო სიფათს“, მაგრამ ვერავინ მივუსადაგე... ოთარს შევეკითხე: რამე რომ იყოს, მთავარ როლს ხომ არ ითამაშებდი-მეთქი! – ურამეოდ ვითამაშებ, დიდი სიამოვნებითო! ჰოდა, ითამაშე-მეთქი. შევუდექი გადაღებას, მაგრამ „ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია“ და დაიწყო „ეკლიანობა“. ჯერ კინოაპარატი წაგვართვეს „პროფილქტიკისათვის“. მერე – ვიღაცეები გვაფინნსებდნენ. ნათქვამია „გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო“ და მეც დავიწყე დედოფლის ძებნა. ეს „დედოფალი“ აღმოჩნდა კუნთმაგარი პიროვნება, გივი სიხარულიძე. მაქსიმალურად გავამარტივე სცენარი, შევუცვალე სათაური და როცა იმ დიდებული სცენარიდან აღარაფერი დარჩა, მე და გივიმ მათხოვრობა დავიწყეთ კუს ტბაზე (თან ვვარჯიშობდით). ხან ერთ ბიზნესმენს ამოვუდგებოდით გვერდში და მასთან ერთად ვარტყამდით კუს ტბაზე წრეებს, და ვუყვებოდით სცენარის შინაარსს, ხან მეორეს. თუ გაეღიმებოდა 200 დოლარს ვთხოვდით, თუ გაეცინებოდა – 400-ს, ხარხარს თუ დაიწყებდა – 600 დოლარზეც ყაბულს ვიყავით. ღამე ვწერდი ეპიზოდებს, დღე ვიღებდი. რადგან „პროფილაქტიკაზე“ ჩაბარებული კინოაპარატი სხვა ჯგუფში იყო „გაქრთამული“, ნათხოვარი ვიდეოკამერით ვიღებდით ფილმს, ერთხელ უკვე სხვის მიერ გადაღებულ ფირზე. მასობრივ სცენებში უსასყიდლოდ მონაწილეობდნენ ლამის მთელი კუს ტბის მოვარჯიშეები. ყველაზე მასობრივი ეპიზოდის გადასაღებად კი, ეშმაკობას მივმართე. გივიმ დააბეჭდინა მოსაწვევები და კინოსახლში გავმართეთ ჩემი ძველი ლექსების ხელმეორე „პრეზენტაცია“. გადავიღეთ ლამის ფილმის მეოთხედი, თუმცა „ალა-ფურშეტი“ მაინც შედგა. და ასე გაგრძელდა ექვსი წელი. ვისაც თმები გაუთეთრდა – ვუღებავდით, სახის ნაოჭებს გრიმით ვუფარავდით, დაბერებულებს კი ლინზიანი ობიექტივით ვიღებდით შორიდან... რაღა ბევრი გავაგრძელო და, ვალიდოლებით ჯიბეში მოვედით კინოსახლში პრემიერაზე და რაც იმ საღამოს იქ მოხდა, ვერაფერს დაარქმევ თუ არა სასწაულს. ფილმი რომ დამთავრდა იყო ისეთი ტაშის გრიალი, რომელიც არცერთ ჩემს სხვა ფილმზე არ გამიგია. დღემდე არ ვიცი, ეს რას მივაწერო. ფილმი კი დაჯდა სულ რაღაც 30 ათასი დოლარი (გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა). მე კი, გამოშტერებულს, ამ ფილმის ხსენება ჩემს ფილმებს შორის, ხშირად მავიწყდება რატომღაც...
„იდი ნა ხუი, მარქს!”
„მოსფილმში“ გახლდით. ჩემი ფილმის რუსულ ენაზე დუბლირება მიმდინარეობდა. ერთ-ერთ პავილიონთან გასაოცარი სცენის მომსწრე გავხდი. წითელ სტენდთან, სადაც გამორჩეული კინემატოგრაფისტების ფოტოები იყო გაკრული (მათ შორის, ორი ქართველის – გია დანელიასი და მხატვარ ლევან შენგელიასი), წევს უზომოდ მთვრალი ლენინი და გამვლელ-გამომვლელს თვალებს უბრიალებს. თან, უკან იყურება. პავილიონიდან მარქსი გამოვიდა, გალეშილი ლენინი რომ დაინახა, უყვირა: „ვსტან სეიჩას ჟე, მერზავეც, ტი ჟე პოზორიშ ვოჟდია ი ნას, აკტიოროვ!” ლენინმა კარგა ხანს უყურა მარქსს და ჩახლეჩილი ხმით დაუღრიალა: „იდი, ნა ხუი!” შეშინებული მარქსი წამში გაუჩინარდა. ამ შემთხვევის შემდეგ, სამინისტროს ბრძანებით, ლენინის როლზე მსახიობებს დიდი სიფრთხილით არჩევდნენ.
გუგული მგელაძის ტრანსგენდერი და მიშა კობახიძის „ქორწილი“ ობერჰაუზენში
მიშა კობახიძემ ჩემს სამონტაჟო ოთახში უცხოელი ქალი შემოიყვანა – ლამაზი, გრძელი თმებითა და ხელზე სამაჯურით. სკამიდან წამოვხტი და მის ხელს ვეცი, საამბოროდ. შეცბა და ხელი გამომტაცა. – რას შვები! – იყვირა მიშამ, კაცია, ბიჭო, კაცი! მერე, ამ ამბავს სხვებს რომ ვუყვებოდი, სიცილით ვიგუდებოდით. ქართული კინოს აღმავლობის დრო იყო მაშინ და ვიყავით ბედნიერები... კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი მიშას არ გამოუვიდა. ასე მხოლოდ მათ ემართებათ, ვინც რაღაც ახალს ეძებს. ფილმი ჩაუვარდა. იქნებ სწორედ ამ „ჩავარდნამ“ განაპირობა „ქორწილის“ დაბადება?!. ობერჰაუზენიდან სამი პრიზი ჩამოიტანა (1965 წ). იმავე წელს მეოთხე პრიზი ჩამოიტანა კანიდან. მიშიკოს ფილმებს დღემდე ატრიალებენ, არც მეტი არც ნაკლები – პარიზის კინოთეატრებში!
ჩარლი ჩაპლინის „ბურთი და მოედანი“
ხმა გავრცელდა, ჩარლი ჩაპლინს კარტოთეკაში „ბურთი და მოედანი“ ჰქონდაო. ბევრ ჩემს კოლეგას ამაში ეჭვი ეპარება, ეს ხმა თვითონ გუგული მგელაძემ გაავრცელაო! ასეთი რამ, მართლაც ხდება. ერთ მაგალითს მოგიტანთ. ჩემი სტუდენტობის დროს, გრიგორი როშალის ახალი ფილმის მიღება-არმიღების გამო კომიტეტის რედაქტორები ყოყმანობდნენ. ფილმის ბედი მაღალი თანამდებობის პირებს უნდა გადაეწყვიტათ. ესენი იყვნენ კულტურის განყოფილების გამგე „ცეკაში“ – დემიცევი და კინოკომიტეტის თავმჯდომარე – რომანოვი. ფილმის ჩვენებას ეწრებოდა რეჟისორი გრიგორი როშალიც. ის იყო, ფილმი უნდა დამთავრებულიყო, სიბნელეში ვიღაცამ თქვა: „ხოროში ფილმ!” აინთო სინათლე. რომანოვს უფიქრია, ეს საქებარი სიტყვები დემიჩევმა თქვაო. დემიჩევს კი უფიქრია – რომანოვმაო. „ცეკას” წარმომადგენელი კინოკომიტეტის თავმჯდომარის გემოვნებას ენდო. კინოკომიტეტის თავმჯდომარე – „ცეკას” წარმომადგენლის ავტორიტეტს. „ხოროში, ხოროში!” – უთქვამთ მერე ორივეს ერთხმად და ფილმის ბედი არა თუ გადაწყდა, იქვე მიანიჭეს უმაღლესი კატეგორია. როგორც მერე გაირკვა, ფილმზე ეს საქებარი სიტყვები, თვითონ მის დამდგმელ რეჟისორს უთქვამს. აბა, რა გარანტიაა, რომ ჩაპლინისა და „ბურთი და მოედნის“ ამბავი თვითონ მე არ გავავრცელე?! – არავითარი. ოღონდ საქმე ისაა, რომ, მე ხომ ვიცი, არ მითქვამს.“