№24 მონოტონური ერთფეროვნება
ბევრი წყვილის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მათი სასიყვარულო ცხოვრება ერთ დიდ მონოტონურ ერთფეროვნებას ემსგავსება. თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ საღამოების უმეტესობას დივანზე, ტელევიზორის ყურებაში ატარებთ ქმართან ერთად, უნდა იმოქმედოთ. გთავაზობთ „შპარგალკას“, თუ რა უნდა გააკეთოს წყვილმა, რომ თავი დააღწიოს ყოველდღიურ ერთფეროვნებას.
* გაიხსენეთ თქვენი პირველი პაემანი და სცადეთ, გაიმეოროთ – ეს უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით და თან, წარსულში დაგაბრუნებთ, იმ ბედნიერ დღეს, როცა ერთმანეთი შეგიყვარდათ.
• მოამზადეთ ერთად სადილი, ვახშამი, ყველაფერი გემრიელი. მთავარია, ეს ერთად გააკეთოთ;
• მოაწყვეთ რომანტიკული პიკნიკი;
• წადით კინოში ან თეატრში ერთად;
• გაისეირნეთ ველოსიპედით უახლოეს პარკში;
• მოუარეთ ეზოს, აივანს, დარგეთ ერთად ხე, გაიმრავალფეროვნეთ შაბათ-კვირა;
• ააწყვეთ ერთად დიდი პაზლი (შეგიძლიათ ეს ოჯახურ გასართობად აქციოთ);
• მოუწყვეთ ერთმანეთს ერთი ან ორდღიანი გასვლა ქალაქგარეთ;
• წადით ისეთ კონცერტზე, სადაც თქვენი საყვარელი ჯგუფი მღერის ანდა, წადით კარაოკე-ბარში და თავად იმღერეთ. დამიჯერეთ, ძალიან ბევრს იხალისებთ;
• ირბინეთ ერთად დილაობით, თან ივარჯიშეთ;
• გადაიღეთ საერთო ვიდეოები, რომლებიც თქვენს ბედნიერ წამებს ასახავს;
• ივახშმეთ ორიგინალურ და დასამახსოვრებელ ადგილას;
• გაისეირნეთ პარკში, სადაც იქნება უამრავი ატრაქციონი, ექსტრემი და გართობა – ეს ბავშვებსაც მოეწონებათ;
• წადით აკვაპარკში, ბევრი იცურავეთ, დაისვენეთ. დამიჯრეთ, ამას არაფერი ჯობია.
• გაუკეთეთ ერთმანეთს ორიგინალური სიურპრიზები – მაგალითად, მოუწყვეთ ქმარს რომანტიკული საღამო სანთლებით, გემრიელი ვახშმითა და ზედმეტად გამომწვევი ტანსაცმლით ან მის გარეშეც, ის ხომ თქვენი მეუღლეა. მიეცით ფანტაციას გზა ფართო!
• ნუ დაინანებთ ფინანსებს ბედნიერი, ერთად გატარებული წუთებისთვის. რემონტი, ან ახალი დივანი მოიცდის.
ფიქრები გვიშველის .
როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით, ასეთი მომენტები კი ყველას ცხოვრებაში მრავლადაა, ხელები კი არ უნდა ჩამოუშვათ, მშველელად ფიქრებს უნდა მოუხმოთ, ოღონდ პოზიტიურს. მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, რომ...
დედამიწაზე არის, როგორც მინიმუმ, ორი ადამიანი, ვისთვისაც შენ სიცოცხლეს გასწირავ და ასეთივე, ორი შენი გადამრჩენელიც მოიძებნება.
მინიმუმ ხუთ ადამიანს თავისებურად უყვარხარ – ეს უნდა დაიჯეროთ, რადგან სიმართლეა.
იქნებ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ვინმეს სძულდე, არის ის, რომ ძალიან უნდა, შენ გგავდეს.
ღიმილს შეუძლია იმ ადამიანის გაბედნიერებაც კი, რომელსაც არ მოსწონხარ. გაიღიმეთ ხშირად და მოიზიდეთ თქვენკენ მეტი პოზიტივი.
ყოველ ღამე ვიღაც გაიფიქრებს შენზე ძილის წინ – სამყარო ისეთი დიდია და სიურპრიზებით აღსავსე.
იფიქრე, ვიღაცისთვის შენ ყველაფერი ხარ. თუ ვერ ამჩნევ, ეს შენი პრობლემაა და ამის გამოსწორებაზეც იფიქრე.
მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებ, მასთან ერთად, აუცილებლად მოვა რაღაც კარგი – ესეც სიმართლეა.
ყოველთვის გახსოვდეს, ცხოვრება მეორე შანსს გაძლევს. ეს მეორე შანსი ყველასთვისაა და ყველაფერი გამოგივა.
ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ დილით უმნიშვნელო პრობლემაზე წუხილით სავსემ გაიღვიძო. იფიქრე, რა გესიამოვნება დილით ყველაზე მეტად და დღე ისე დაიწყე.
გჯეროდეს, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება.
თუ შანსი მოგეცა, გამოიყენე ის, მით უმეტეს, თუ ეს შანსი შენს ცხოვრებას მთლიანად ცვლის.
მოღალატე ევა
ინგლისელმა სოციოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს და ღალატის 4 000 შემთხვევა შეისწავლეს. მათ აინტერესებდათ, რამდენად იოლად მიდიან ღალატზე მამაკაცები და ქალები. ანუ, რომელი უფრო ხშირად ღალატობს პარტნიორს.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქალებს საშუალოდ, ორიდან სამ შემთხვევამდე ფარული კავშირი აქვთ მაშინ, როცა მამაკაცები ერთ ინტრიგას გაჭირვებით ხლართავენ ცოლისგან მალულად.
ამ ყველაფრის გაანალიზებით, სოციოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალებს უფრო იზიდავთ თავგადასავალი და ადვილად ერთვებიან თამაშში, მერე კი უკან დახევა უძნელდებათ. ადრენალინი მუდმივად მოქმედებს და აიძულებს მათ, მიზანს მიაღწიონ.
თუ მამაკაცი ასეთ კავშირს ხანმოკლედ და წამიერად აღიქვამს, ქალი მას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
მამაკაცები მეტწილად სექსუალურ სიამოვნებებს დასდევენ. მათ გრძნობა კი არ აინტერესებთ, არამედ ცდილობენ, გაამრავალფეროვნონ თავიანთი ინტიმური ცხოვრება. ქალები პირიქით – სიამოვნებას მხოლოდ საწოლში არ ეძებენ, რომანტიკული კავშირიც სურთ. ამითვე აიხსნება ის ფაქტი, რომ ქალებს ხშირად უყვარდებათ საყვარლები, მაშინ, როცა მამაკაცები იშვიათად განიცდიან ემოციურ მიზიდულობას პარტნიორის მიმართ.
გამოკითხვის მიხედვით, ისიც გაირკვა, რომ ღალატს ქალები იწყებენ, საშუალოდ, 37 წლიდან, ხოლო მამაკაცების უმრავლესობა – 42 წლიდან.
ფაქტებმა დაადასტურეს, რომ როდესაც ქალს ღალატის სურვილი უჩნდება, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამასთანავე, ამ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ამის გაკეთების ბევრად უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.