№24 რა უნდა გამოვცადოთ დაწოლის წინ და როგორი ადამიანის ცნობიერების შეყვანა არ შეიძლება სიწმიდეში
დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, ვეზიარებით, მაგრამ ხშირად ჩვენი ლოცვა, ჩვენი ქრისტიანობა ეკლესიის გუმბათს არ სცილდება. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებაც ხშირად მექანიკურია, ამიტომაც გვიპყრობს განსაცდელის დროს განსაკუთრებული შიში.
მამა გიორგი (თევდორაშვილი): წირვაზე, მოსმენის გარდა, სხვა რაღაცის კეთება მიუღებელია. შეიძლება, თავიდან ბოლომდე ვერ გაიგოთ ყველაფერი, გაგეფანტოთ გონება. ანდა, თქვენი შვილები, მეუღლეები ახალმოსულები არიან ეკლესიაში და არ შეუძლიათ ლოცვების წაკითხვა, უთხარით: 5 წუთი აჩუქეთ უფალს და წაიკითხეთ „იესოს ლოცვა“: „უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.“ შენ უკვე მცირედში იქნები ერთგული, ეს ლოცვაც გამოიღებს თავის ნაყოფს. სტიქაროსნები თავისთვის ვერ ლოცულობენ წესიერად და ამ დროს წირვის განმავლობაში ხელში უჭირავთ „მოსახსენიებლები.“ პატრონი კი ახლობელს ურეკავს, ჩემი „მოსახსენიებელი“ საკურთხეველში შეაგზავნეო. ასეთი მოხსენიება ვის რაში სჭირდება. როცა მოძღვარი და სტიქაროსნები შიგნით კითხულობენ შენს „მოსახსენიებელს“, შენთან ერთად უნდა ლოცულობდნენ. ამ დროს კი შენ არ ხარ ეკლესიაში, ან ხარ და რას აკეთებ, არავინ იცის. ეს მაგიაა და არა ლოცვა, მოხსენიება. ის, ვისი სახელებიც შენს მოსახსენიებელში წერია, ზეპირად უნდა იცოდე. დადექი წირვაზე და მოიხსენიე ის სახელები. მცირედში ერთგულიც არ ხარ და ამ დროს გინდა, დაუჯდომლები წაიკითხო, პარაკლისები, მაგრამ შენი ლოცვა არ სცილდება ეკლესიის გუმბათსა და სახლის ჭერს. თუ ადამიანები ღვთის გმობაში არიან, არიან მწვალებლები, მათთვის მართლმადიდებლობა სასაცილო რელიგიაა, უფლება არ მაქვს‚ ისინი მოვიხსენიო‚ რადგან სიწმიდეში შემომყავს მათი ცნობიერება. სახარებაში წერია: ძაღლებსა და ღორებს ნუ გადაუყრით მარგალიტებსო.
– დღევანდელი საზოგადოების 80 პროცენტს ვერ მიუღია გადაწყვეტილება, ხშირად ყოყმანობენ, განსაკუთრებით, როცა საქმე ღმერთთან მისვლას ეხება. ეს რა მდგომარეობაა?
– ისე მოვა ამ ადამიანების აღსასრული, მთელ ცხოვრებას აგონიაში, ყოყმანსა და ჭოჭმანში გაატარებენ და ვერ გამოიტანენ დასკვნას – რა გააკეთონ. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, თქვი: „იყოს ნება შენი, უფალო!” და, საითაც გული მიგიწევს, რისკენაც შენი სინდისი მიგიწევს, იქით უნდა წახვიდე და იმას უნდა დაუჯერო. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს სინდისი შეტრიალებული აქვს და, რაც მას უნდა, სინდისიც იმას ეუბნება. ბევრი მოძღვარი ამბობს: „დღეს ბოლო ჟამია, ქრისტე ხვალ მოვა ან ზეგ; აღარ ჭამო, აღარ დალიო, ცოლი აღარ მოიყვანო, შვილები არ გააჩინო,“ – ეს არის სისულელე და ვინც ამას ამბობს, მას ბიბლია არ აქვს წაკითხული. პირველივე საუკუნეში ამბობს პავლე მოციქული: შვილებო, უკანასკნელი ჟამიაო. რადგან, ვინც გარდაიცვლება, მისთვის უკანასკნელი ჟამია და, არავინ იცის, ეს როდის დადგება. როდის მოვა ქრისტე – ეს არავინ იცის, ქრისტეს გარდა. ყოყმანი – არ გავთხოვდე, არ მოვიყვანო ცოლი, არ ვიყოლიო შვილები – ეს ეშმაკისგან მოვლენილი შიშია. ჭეშმარიტი შიში რომ არ გაქვს ღმერთის, ამიტომ ისჯები და გაქვს სხვადასხვა რაღაცეების შიში.
– ეს განსაკუთრებით განსაცდელის დროს იგრძნობა ხოლმე. ასეთ დროს არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ და ჩვენი ქრისტიანობაც კარგად წარმოჩინდება მაშინ.
– როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არის გარკვეული განსაცდელი: სნეულება, პატიმრობა და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, მოხვიდეთ ეკლესიაში, აიღოთ მოძღვრისგან კურთხევა და შეინახოთ გარკვეული მარხვა კონკრეტული ადამიანებისთვის – ეს ძალიან კარგი იქნება. თუ შენი ოჯახის წევრი სნეულებაშია, ან საპატიმროშია, ანდა, შენი სულიერი და-ძმა განსაცდელშია, კარგი იქნება‚ თუ კვირაში ერთ დღეს, დამატებით კიდევ იმარხულებ მისთვის – ეს იქნება შენგან ძალიან კარგი ქმედება. შენც განიწმიდები და მასაც დაეხმარები. სწორი, ქრისტიანული ცხოვრების შედეგად, ადამიანები ყოველთვის იცვლებიან – ყოველდღე თითოეულმა მეოთხედი საათი მაინც უნდა დაუთმოს სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს, განსაკუთრებით კი – გონებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ, შეიძლება, ეს დღე თქვენთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს. ამიტომ, ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც ისურვებდით, გაგეკეთებინათ მაშინ, დაუყოვნებლივ რომ წარმდგარიყავით ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. ყოველ დილას მადლობა უნდა შესწიროთ უფალს, რომ მან დაგიფარათ განვლილ ღამეს, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ და არ მომწყდარხართ საკუთარ ცოდვებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი წარდგა იმ ღამეს ღვთის სამსჯავროს წინაშე და თქვენთვის ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ყოველდღე უნდა ფიქრობდეთ იმაზე, რომ მხოლოდ ახლა იწყება და გსურს, იყო ქრისტიანი და წარსული დრო ტყუილად დაკარგე. დაწოლის წინ კი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ საკუთარი სინდისი.
– მოწყალების გაცემაც ხშირად დაბრკოლებად ექცევათ ადამიანებს.
– როდესაც მაცხოვარი მობრძანდება მეორედ, საშინელი სამსჯავროს დრო დადგება და იმ ხალხს, ვინც მარცხნივ აღმოჩნდება, მკაცრად მიმართავს: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო სატანჯველში”. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი: რატომ არ ეზიარებოდით, რატომ არ დადიოდით ეკლესიაში, რატომ არ ამბობდით აღსარებასო. მაცხოვარი მათ ეტყვის: მშიოდა და არ დამაპურეთ, მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, უძლურებაში ვიყავი, სნეულებაში და არ მანუგეშეთ, საპატიმროში ვიყავი და არ მინახულეთ. უნდა იცოდეს ქრისტიანმა, რომ თუ არ იქნება ქველმოქმედი, მოწყალე, ის ვერ ცხონდება. სიკეთის კეთება ადამიანის ცხოვრებას ხშირად ბოლომდე ცვლის. სიკეთე გულს უთბობს, ცხოვრების წესს ცვლის, აღარ არის გაბოროტებული და ახალ ცხოვრებას იწყებს. ჩვენ ხშირად, ეკლესიაში წირვაზე რომ მივდივართ და გზად გაჭირვებული ადამიანები გვხვდებიან, ვიწყებთ მათ განკითხვას, თვალს ვარიდებთ და გვავიწყდება მღვდლისა და სამარიტელის იგავი. ეს ჩვენთვის, მღვდელმსახურებისთვის უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, მაგალითი და მერე სხვებისთვის. ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სიკეთისა და შემდეგ ამას მრევლიც დაინახავს. მაგრამ ამ ყველაფერს ფარული აღსრულება სჭირდება: მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა. ეკლესია გვასწავლის: დაფარულში აღსრულდეს ყოველგვარი ქველმოქმედება, რამეთუ ნაყოფი სულისა არს სიხარული, სახიერება, მოწყალება და მარხვა. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ყოველივეს სიყვარულით უნდა ვაკეთებდეთ და მივიღებთ სიხარულს. თუ მოწყალება გაეცი და თან, ეჩხუბები გაჭირვებულს, შეაგონებ: რატომ არ მუშაობ, რატომ ზიხარ აქ, ეს უკვე მოწყალება აღარ არის. შენ დაეხმარე იმ ადამიანს და ღმერთმა იცის: ის რისი ღირსია, ან არ არის.