№23 რატომ არის შეუძლებელი ფინანსურ პირამიდაში ჩართული ადამიანის დარწმუნება, რომ ის თაღლითური სქემის მონაწილეა
რაკი ისე ხდება, რომ ფინანსური პირამიდებისგან დაცულნი არც განვითარებულ ქვეყნებში არიან, მით უფრო, მიმზიდველია უცებ გამდიდრების ცდუნება ღარიბსა და განვითარებადებში. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ჩვენს ქვეყანაშიც მრავლადაა კომპანიები, რომლებიც ფინანსური პირამიდის პრინციპით მუშაობენ. ამას გარდა, ქართულ ბაზარზე უკვე ოპერირებს კომპანია „ქიუნეთი“, რომლის მუშაობის პრინციპიც არაადეკვატური ფასის პროდუქციის ვირტუალურ ყიდვა-გაყიდვას ეფუძნება. როგორია ფინანსური პირამიდების ისტორია, რა ტიპის ქვენებისთვისაა ის დამახასიათებელი და როგორ მოვახერხოთ, რომ არ ვემსხვერპლოთ იოლად გამდიდრების სურვილს, ამ თემაზე „აფბას” ვიცე-პრეზიდენტთან, პაატა ბაირახტართან ერთად ვისაუბრებთ.
– როდიდან იწყება ფინანსური პირამიდების ისტორია?
– ჯერ გავარჩიოთ ფინანსური პირამიდის ტიპები. დღევანდელ რეალობაში გვაქვს ორი ტიპის ფინანსური პირამიდა, პირველია კლასიკური ტიპის, რომლებიც ძირითადად, რეგისტრირდებიან შპს საფინანსო კომპანიებად და იწყებენ თანხის მიღებას, ანაბრებს ვერ მიიღებენ, რადგან ამის უფლება აქვს მხოლოდ ბანკებს. ისინი იღებენ თამასუქებს და ამის სანაცვლოდ, ჰპირდებიან ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით, გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
– როგორიც იყო საფინანსო კომპანია „საქართველო“?
– დიახ, იმდენად, რამდენადაც მაღალი საპროცენტო განაკვეთია მთავარი საცდური იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობენ. მსგავსი საცდური ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ხშირია. თუ აშშ-ის მაგალითს ავიღებთ, მსოფლიოში უძლიერესი ფინანსური პირამიდა ბერნარ მედროფმა დააარსა ამერიკაში, გაცილებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაში, რომელშიც მოსახლეობის ფინანსური განათლების დონეც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენთან. ანუ ამერიკაში იყო მსგავსი პირამიდა და მეტიც, რომ არა ცნობილი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, არავინ იცის, რამდენ ხანს იარსებებდა ეს პირამიდა. 75 მილიარდ დოლარზე მეტმა თანხამ გაიარა ამ პირამიდაში, ბევრიც დაზარალდა და დღემდე არ აუნაზღაურებიათ მათთვის ზარალი. ამდენად, ფინანსური პირამიდები ოდითგანვე აქტუალურია, იმიტომ რომ, მათი მთავარი საცდურია მაღალი საპროცენტო განაკვეთი და სწორედ ამაზე წამოეგებიან ხოლმე მომხმარებლები. ფინანსური პირამიდის შედარებით რთული ფორმაა ის პირამიდები, რომელიც მუშაობენ მარკეტინგული ქსელით. საერთოდ, კომპანიამ, რომელიც თავის შემოსავლებს არ აბანდებს ეკონომიკაში, შეუძლებელია, მუდმივად იარსებოს. შესაძლოა, სქემა იყოს ძალიან კარგად დალაგებული და პირამიდამაც დიდხანს იარსებოს. ფინანსური პირამიდის არსებობის ხანგრძლივობის გარანტია მისი კარგად აწყობილი სქემაა.
– რამდენია პირამიდის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა?
– ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლისუნარიანობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც უკვე გითხარით, კარგად აწყობილი სტრუქტურაა. ზოგადად, ფინანსური პირამიდები რღვევას იწყებენ მაშინ, როდესაც ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში იწყება ფინანსური კრიზისი. ამ დროს შესაძლოა, მას ძალიან ბევრმა ადამიანმა ერთდროულად მოსთხოვოს თავისი თანხის უკან დაბრუნება და ამდენი გასავალი იწვევს კომპანიის რღვევას. ამდენად, ვერ ვიტყვით, რამდენ ხანს არსებობს ფინანსური პირამიდა.
– ქსელური მარკეტინგის თავისებურება როგორია?
– ეს უკვე ფინანსური პირამიდის შედარებით ახალი ფორმაა. მათი არსი ისაა, რომ მომხმარებელს დაბანდებული თანხის სანაცვლოდ სთავაზობენ თავიანთი პროდუქციის ან მომსახურების შეძენას. აქაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის, რომ ამ პროდუქციისა და მომსახურების ფასი არის არაადეკვატურად მაღალი. ანუ, თუ კლასიკური ფინანსური პირამიდა მომხმარებელს არაადეკვატურად მაღალ სარგებელს სთავაზობს, ქსელური მარკეტინგის შემთხვევაში, ნივთის ან მომსახურების შესაძენად, არაადეკვატურად დიდ თანხას ითხოვენ და მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი პირამიდაში მოხვედრა. ამდენად, ვერ მიედავები, რადგან მაღალი ფასი დარღვევა არ არის: კომპანია იტყვის, რომ მას ეს ნივთი ან მომსახურება ამდენი უღირს. ეს არის ადამიანების მოზიდვისა და მათი კომპანიაში ჩართვის მთავარი მექანიზმი.
– „ქიუნეთი“ ქსელური მარკეტინგის პრინციპით მუშაობს?
– აქ სირთულე არის ის, რომ კომპანიაში მხოლოდ იქ უკვე მომუშავე ადამიანი თუ ჩაგრთავთ. ძალიანაც რომ მოინდომოთ, დამოუკიდებლად კომპანიაში გაწევრიანება, ვერ მოახერხებთ. თქვენ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უნდა მიგიყვანოთ იქ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, შეიძინოთ პროდუქცია თუ მომსახურება, რომლის ჩამონათვალიც ძალიან მწირია და ამის შემდეგ გახდებით კომპანიის წევრი. აქვე უნდა გითხრათ, რომ კომპანიაში ჩართვა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ადამიანი წაგებაზე მუშაობს. მან შეიძლება, დიდი ბენეფიტები მიიღოს კომპანიისგან. მაგრამ საქმე ისაა, რის ხარჯზე. თქვენ შესაძლოა, კომპანიაში მიიყვანოთ ბევრი ადამიანი და მათგან მიიღოთ მოგება, მაგრამ, როგორც ყველა ფინანსური პირამიდა, იქ თანხის შედინების წყაროა ახალი ადამიანები. როდესაც იწყება ფინანსური კრიზისი, ახალი ხალხის მოზიდვა ჭირს და როდესაც კომპანიას აღარ აქვს საშუალება, გადაუხადოს თავის წევრებს ის ბენეფიტები, რომლებიც აკისრია, ფინანსური პირამიდა იშლება. საბოლოოდ, ყველა ფინანსური პირამიდის ბოლოა რღვევა, ეს უბრალოდ დროის საკითხია.
– ანუ თითოეული წევრის შემოსავალია მის მიერ მიყვანილი ახალი წევრების თანხის პროცენტი?
– მარტივად ვიტყვი: „ქიუნეთის“ შემთხვევაში, თითოეული ახალი ადამიანისგან მომყვანი იღებს თავის წილს, შემდეგ იმ ახალ მოყვანილს მოჰყავს სხვა, კიდევ ორი ადამიანი და ეს გრძელდება უსასრულოდ. ახლების მიერ შეტანილი თანხის ნაწილი, არც თუ მცირე, ირიცხება მომყვანის ანგარიშზე, დიდი ნაწილი კი კომპანიის მესვეურებთან მიდის და ამას აქვს შეუქცევადი ფორმა. რაც აუცილებლად მიგვიყვანს რღვევამდე, რადგან კომპანია ამ თანხას არ ატრიალებს ეკონომიკაში, ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ თანხის მოზიდვაზე და როდესაც ეს შეწყდება, კომპანია ირღვევა. ერთმა ძალიან კარგმა ანალიტიკოსმა აშშ-ში იწინასწარმეტყველა, რომ მედოფის კომპანია იყო ფინანსური პირამიდა და ის დაიშლებოდა, მაგრამ მას არავინ ათხოვა ყური. მედოფი დიდი ნდობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბიზნესმენებთან დაახლოებული პირი იყო. ერთი პარალელი მინდა გავავლო „ქიუნეთსა“ და მედოფის ფინანსურ პირამიდას შორის: მედოფი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას პირადად განიხილავდა და საკმაოდ ბევრს უთხრა უარი, თავის კომპანიაში ფულის ჩადებაზე. საბოლოოდ, ისინი გადარჩნენ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ რთული იყო მედოფის ფინანსურ პირამიდაში მოხვედრა. „ქიუნეთის“ სქემაც ანალოგიურია: იქ მოხვედრა ნებისმიერს არ შეუძლია. მთავარი პირობაა, რომ მათთვის სანდო ადამიანმა უნდა მიგიყვანოთ. ამ პრინციპით, სხვათა შორის, ძალიან ბევრი მსგავსი კომპანია მუშაობს.
– „ქიუნეთი“ რომელი ქვეყნის კომპანიაა?
– 1998 წელს დაარსდა ჰონკონგში, თუ არ ვცდები, მისი დამაარსებელი მალაიზიელია. ის ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ ეტაპობრივად, ბევრგან, სადაც ფესვი გაიდგა, ცნეს თაღლითურ სქემად.
– ჰყავს დაზარალებულები?
– ცხადია და ძალიან ბევრი. რუსეთსა და აზერბაიჯანში ასობით ადამიანია დაზარალებული, საჩივრებიც აქვთ შეტანილი სასამართლოებში. ბევრი ქვეყნიდან გააძევეს კიდეც, მაგრამ ჩვენს რეგიონში კომპანია ჯერ კიდევ ოპერირებს, ასევე, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და, თუ არ ვცდები, ყაზახეთში. რაც შეეხება რუსეთს, ის ფინანსური პირამიდების ლამის აკვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ იქ ფინანსური პირამიდები.
– თქვით, რომ „ქიუნეთში“ და არა მხოლოდ ამ ფინანსურ პირამიდაში, გაწევრიანების პირობაა, რომ უნდა მიმიყვანოს სანდო ადამიანმა, მაგრამ რაც უნდა სანდო იყოს ის ადამიანი და მეც მენდობოდეს, ვერავინ დადებს თავს ჩემს სანდოობაზე მაინც?
– თუ გადავხედავთ ამ სისტემას, იმის მიუხედავად, რომ კომპანია მოქმედებს თაღლითური სქემით და, წესით, ბევრი დაზარალებული უნდა ჰყავდეს, დღემდე არ გვყავს მომჩივნები და არ გვაქვს კონკრეტული, თვალში საცემი შემთხვევები; რატომ? კომპანიას ორიენტაცია აქვს ნათესავებზე: თუ იქ მიგყავთ და, ძმა, ბიძაშვილი, თქვენი ოჯახის წევრი არ გიჩივლებთ სასამართლოში.
– ვინც მიმიყვანა იმას უნდა ვუჩივლო თუ კომპანიას?
– თქვენ შეგიძლიათ, უჩივლოთ კომპანიას, მაგრამ ამით თქვენი ახლობელი ან ოჯახის წევრი ზარალდება, რომელმაც მიგიყვანათ კომპანიაში. სწორედ ეს სქემა მუშაობს კომპანიის სასარგებლოდ. რამდენადაც ვიცი, კომპანია რეკომენდაციასაც უწევს თავის წევრებს, რომ მათ მიიყვანონ თავიანთი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები.
– ვინც მიმიყვანა კომპანიაში, ისიც თუ დაზარალდა, ის ხომ მაინც უჩივლებს?
– ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია. ასევე, ჩვენს რეალობაში სასამართლო დავას ბევრი ერიდება და ფიზიკურ პირებს სასამართლოსადმი დაბალი ნდობა აქვთ. მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია 1 000-1 500 დოლარზე. ტენდენცია ისეთია, რომ ბევრი თავს იკავებს, სასამართლოს მიმართოს. კომპანიის მესვეურები იმითაც აპელირებენ, რომ, თუ თქვენ არ იმუშავებთ და არ მოიზიდავთ ახალ ადამიანებს, დაზარალდებით; ხოლო, თუ კარგად იმუშავებთ და ბევრ ადამიანს ჩართავთ, საფრთხე არ გემუქრებათ და შემოსავალიც გექნებათ. ამდენად, ბევრი საკმაოდ დიდი ბენეფიტსაც იღებს კომპანიაში ჩართულობით, მაგრამ ვინც ზარალდება, რატომღაც, დუმილს ამჯობინებს ჯერჯერობით. ალბათ, იმიტომ, რომ ამას მასშტაბური სახე არ მისცემია, მაგრამ აუცილებლად მიეცემა, რადგან ეს არ არის ჯანსაღი სისტემა.
– პრინციპი როგორია? მე ვყიდულობ ამ პროდუქციას, შემდეგ მივყიდი სხვას, ის კიდევ – სხვას და ასე შემდეგ?
– შეიძლება, ეს იყოს მომსახურება, მაგალითად, საგზური, ოღონდ თქვენ სამოგზაუროდ ვერ წახვალთ საგზურის შეძენისთანავე. შეიძლება, მომავალ წელს გიწევდეთ ან მაშინ, როდესაც ადგილი გამოთავისუფლდება. ანუ ჩახლართული სქემაა, მაგრამ რეალურად თქვენ ყიდულობთ მომსახურებას და ამიტომ ამაში ვერ შეედავებით.
– ანუ ჩემი შემოსავლის წყაროა ჩემ მიერ მოყვანილი ადამიანების მიერ გადახდილი თანხის პროცენტი, შემდეგ მათ მიერ მოყვანილი ადამიანების მიერ გადახდილი თანხის პროცენტი?
– დიახ და საკმაოდ დიდ პროცენტსაც მიიღებთ თქვენ მიერ მოყვანილი ადამიანების მიერ შემოტანილი თანხიდან. რაც მთავარია, თქვენ უნდა მიიყვანოთ, მინიმუმ ორი ადამიანი. თუ ერთს მიიყვანთ, თანხას ვერ მიიღებთ. ცხადია, მეტის მიყვანაც შეგიძლიათ. რაც მეტს მიიყვანთ, მით მეტი სარგებელი დაგერიცხებათ, ასევე, სარგებელი დაგერიცხებათ თქვენ მიერ მიყვანილების მიერ მიყვანილების თანხიდანაც, ოღონდ შედარებით ნაკლები. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია კომპანიის მესვეურების მიერ კომპანიაში ჩართული ადამიანების ფსიქოლოგიური დამუშავება. ისინი ამას აკეთებენ ბანალური და სტანდარტული ფრაზებით. ოღონდ ინტენსიურად. ისინი სერიოზულ მომზადებას გადიან და არიან მოტივირებულები იმდენადაც კი, რომ ვერაფრით დააჯერებთ, რომ თაღლითური სქემის მონაწილეები არიან. პირიქით, ისინი დარწუნებულები არიან, რომ, რაც მეტ ადამიანს ჩართავენ ამ სქემაში, მით მეტ კარგ საქმეს აკეთებენ.
– ჩივილის შემთხვევაში, ჩადებული თანხის ამოღების შანსი თუ არის? ვინმეს ოდესმე დაუბრუნებია თავისი კუთვნილი თანხა?
– მე არ ვიცნობ მსგავს შემთხვევას. ზოგადად, ფინანსური განათლება ადამიანს ბევრი ფინანსური საფრთხისგან დაიცავს. მაგალითად, საერთაშორისო კანონმდებლობით, ადამიანმა, რომელიც სამსახურის ძიებაშია, სამსახურის დაწყების სანაცვლოდ, ტრენინგში არ უნდა გადაიხადოს თანხა. ამდენად, რეკომენდაციის სახითაც მინდა, ვუთხრა მკითხველს, რომ, როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციაში მიდიხართ და იქ ჯერ კონკრეტული თანხის ჩარიცხვას გთხოვენ, ეს არის დარღვევა და უნდა იცოდეთ, რომ ამ კომპანიაში ყველაფერი რიგზე ვერ არის.