№23 როგორ იცნო საკუთარი ბედი ნანა კუხალეიშვილმა პირველივე დანახვისას და რა სიზმარი ტანჯავდა მას ოცი წლის განმავლობაში
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთ-ერთი ახალი პერსონაჟის, ნორა გაბისკირიას შვილის, კრიმხილდას, როლს მსახიობი ნანა კუხალეიშვილი ასრულებს. ის თავის პროფესიას ოცწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მიუხედავად ოცწლიანი პაუზისა, როგორც თავად ამბობს, დაბრუნების შემდეგ, პირველივე გადაღებამ წარმატებულად ჩაიარა და ტაშიც დაიმსახურა.
ნანა კუხალეიშვილი: თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანის ჯგუფში ვსწავლობდი და დამთავრების შემდეგ, სამი წელი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვიყავი. იმ პერიოდში გავთხოვდი, შვილები შემეძინა და მთლიანად ოჯახზე გადავერთე. ამას დაემატა ისიც, რომ გარდამეცვალა მშობლები და და, შესაბამისად, მსახიობობაზე ფიქრს თავი დავანებე. საბოლოო ჯამში, ოცწლიანი პაუზა გამომივიდა. შემდეგ, ჩემი ყოფილი მოსწავლე, რეჟისორი კიაზო ჯობავა მოვიდა – არ შეიძლება ასე გაგრძელებაო და მითხრა, მის თეატრში მივსულიყავი. თავიდანვე მსახიობობას მოვერიდე და მეტყველების პედაგოგად დავიწყე მუშაობა თეატრ „პროტესტში“. ბოლო ერთი წელია, ამით ვარ დაკავებული. ოცი წლის განმავლობაში თეატრალური სამყაროსადმი დიდი ნოსტალგია მქონდა და მთელი ეს დრო ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი: სცენაზე ვიდექი და ჩემი როლი მავიწყდებოდა. ლილი იოსელიანი კულისებიდან მიყურებდა გაბრაზებული. ის დიდ იმედს ამყარებდა ჩემზე და განვიცდიდი, რომ მისი მოლოდინი ვერ გავამართლე. ვნანობდი, რომ ჩემი პროფესიიდან შორს ვიყავი. უკვე იმ ზომამდე მივედი, ამ თემაზე ფიქრიც კი ცუდად მხდიდა.
– ამ დროის განმავლობაში არ გიცდიათ დაბრუნება?
– ათი წლის წინ დათო დოიაშვილთან მივედი „მუსკომედიის თეატრში“. ძალიან კარგად შემხვდა და ვუთხარი: შენ ჩემი შესაძლებლობები იცი და თუ რამეში დაგჭირდები, იქნებ გამომიყენო-მეთქი. მითხრა: მოდი და ხვალიდან მუშაობას დაიწყებო. მისი მოადგილე გაოცებული მეკითხებოდა, დოის ვინ ხარ, იცი, ეს რას ნიშნავსო?! არადა, დოის სტუდენტობიდან ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. დოი ინსტიტუტში ჩემი სტუდენტობის დროს სწავლობდა და ყველა, როგორც საუკეთესოს, ისე იცნობდა. მე განსაკუთრებული ხმა აღმომაჩნდა. მეუბნებოდნენ, რომ მეცოსოპრანო მქონდა და ერთ-ერთი სოლო რეპეტიციის დროს, დოი შემოვიდა – ეს ვისი ხმააო?! იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. თუმცა, მას შემდეგ ბევრი დრო იყო გასული და მართლა სასწაული იყო მისი მხრიდან ასეთი ნაბიჯი. სახლში უბედნიერესი დავბრუნდი, გაბადრული სახით, მაგრამ იმ დღეს ძალიან ცუდად გავხდი. ფეხზე ვერ ვდგებოდი და მესამე დღეს გაირკვა, რომ მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ. ასე დამთავრდა ჩემი დაბრუნების მცდელობა.
– სიმღერასაც დაანებეთ თავი, მსახიობობასთან ერთად?
– ერთ ჩემს გაკვეთილზე გურამ საღარაძის მეუღლე შემოვიდა და გაოცებული კითხულობდა, ეს ვისი ხმა არისო?! იმ დღესვე ხელი მომკიდა და კონსერვატორიაში წამიყვანა. მეორად ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს ძალით. მე არ მინდოდა, მაგრამ დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. მე ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი და ეს აზრი იმდენად მქონდა ჩაბეჭდილი თავში, რომ ოპერის მიმართ ინტერესი საერთოდ არ გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნებოდა, ასეთი ხმა იშვიათია, ღმერთისგან გაქვს ბოძებული და არ დაკარგოო. ბავშვური სისულელით, ორი თვის შემდეგ საერთოდ დავანებე თავი კონსერვატორიაში სწავლას. მერე, როცა უკვე მარჯანიშვილში ვმუშაობდი, მომაკითხეს, ისევ ძალით და ძალდატანებით წავედი მოსასმენად ანდღულაძესთან სახლში. რომ მივედი, ლიფტში გავიჭედე. ერთი საათი გავატარე იქ და მთელი ეს დრო ვტიროდი. როგორც კი გამომიყვანეს, უკან გამოვიქეცი. რა თქმა უნდა, ანდღულაძესთან არ ავსულვარ და საერთოდ აღარ გამიხედავს სიმღერისკენ (იცინის). დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ვნანობ, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა შესაძლებლობები მქონდა.
– თქვენი ოჯახის შესახებაც მოგვიყევით.
– ოჯახის შექმნის შემდეგ ყველას უკვირდა, შენ სახლში როგორ დაჯექიო. ასე გამოვიდა: მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობდით და შვილი რომ შემეძინა, დამტოვებელი არავინ მყავდა. მერე დედაჩემი ჩავარდა ლოგინად და რამდენიმე წელი მას ვუვლიდი. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, თეატრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ეს მოხდა და ალბათ, ჩემი მეუღლისადმი დიდმა სიყვარულმა გადამატანინა ყველაფერი. ჩვენი ამბავი ლეგენდასავით იყო. ერთმანეთი ქუჩაში, შემთხვევით გავიცანით. მაშინ ოჯახზე არც კი ვფიქრობდი, მაგრამ, ის რომ ვნახე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვიგრძენი, ის ჩემი მომავალი იყო. დამშვიდობებისას ტელეფონის ნომერი გამომართვა, მაგრამ დიდი იმედი მქონდა, რომ არ დამირეკავდა, რადგან ვხვდებოდი, ჩემი ბედი იყო და არ მინდოდა, ჩემი კარიერა ასე უცებ დამთავრებულიყო (იცინის). სამი დღის შემდეგ, დილის რვა საათზე დამირეკა და მითხრა, რომ ეს დღეები ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ სხვაგან ხვდებოდა. ბოლოს, როგორღაც გაუგია ნომერიც და მისამართიც. იქიდან დაიწყო ჩვენი რომანი. ბევრი გაჭირვებაც გამოვიარეთ, მაგრამ ულამაზესი ოჯახი შევქმენით. ორი შვილი გვყავს: 15 წლის ანანო და 10 წლის გიგი. ერთმანეთი დროსთან ერთად უფრო და უფრო გვიყვარდება. ის პროფესიით იურისტია. ბოლო ხუთი თვე კიევში უწევს ყოფნა, პროფესიული საქმეებიდან გამომდინარე.
– თქვით, რომ და გარდაგეცვალათ. რა გახდა ამის მიზეზი, რამდენადაც ვხვდები, ახალგაზრდა იქნებოდა.
– მე და ჩემი და ცალ-ცალკე, ბებიებთან ვიზრდებოდით, რადგან მშობლები ძალიან დაკავებულები იყვნენ. ერთმანეთს ზაფხულობით ვხვდებოდით, მაგრამ საოცარი სიყვარული გვქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის რუსეთში წავიდა, იქ დაამთავრა უნივერსიტეტი და ოჯახი შექმნა ქართველ თანაკურსელთან. ბოლო პერიოდში საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ და საქართველოში ვერ ჩამოდიოდნენ. თითქმის 15 წელი არ მყავდა ნანახი. უთხრეს, რომ სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ ისეთ სტადიაში არა, რომ სიკვდილი გამოეწვია. თუმცა, საშინელი ქიმია გაუკეთეს, რომელმაც ორ დღეში დაწვა და ამას ემსხვერპლა. ეს ექიმების შეცდომა იყო, თუმცა დასჯით არავინ დასჯილა. მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მოხდა ეს ტრაგედია და ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერზე ფიქრი აღარ შემეძლო. რომ არა ჩემი ოჯახი, ამ ტკივილს ვერ გადავიტანდი.
– დავუბრუნდეთ თქვენს პროფესიას. სერიალამდე როგორ მოხვედით?
– ჩემი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით ქასთინგმენეჯერს – ეკა მჟავანაძეს დავუკავშირდი. მას კარგად ვიცნობდი, მაგრამ არ მინდოდა, შემეწუხებინა და წერილი მივწერე: ნანა ვარ, ძალიან მერიდება, რომ გწერ, მაგრამ თუ რამე როლი გექნებათ, ძალიან გთხოვ, ქასთინგზე დამიძახე. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იფიქრო, რომ თუ არ მოგეწონები, ეს რამეს შეცვლის და ჩემს შენდამი სიყვარულს შეარყევს. ყოველთვის ძალიან მეყვარები, მაგრამ უბრალოდ, შანსი მომეცი-მეთქი. ორი დღის შემდეგ დამირეკა, მომიკითხა და მკითხა, თუ ვიცოდი მეგრული. მეგრული ფესვების ქალს ენა როგორ არ მეცოდინება-მეთქი და ეს რომ ვუთხარი, ქასთინგზე დამიბარა. გადავიღეთ პატარა სცენა და მის სახეზე ვკითხულობდი, რომ მოსწონდა, რასაც ხედავდა. გოგო, სად იყავი აქამდე, შენ რა გითხარი. ლიფონავას ვაჩვენეთ შენი შესრულება და თან, ველაპარაკეო. მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ დადებით პასუხს მივიღებდი, მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და არ მირეკავენ. ეს დღეები არ მეძინა, ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი და ისეთი ვიჯექი, ბავშვები გაშტერებულები მიყურებდნენ, რა სჭირს ამ ქალსო (იცინის). ბოლოს დამირეკა ეკამ და მეგრული კილოთი მითხრა, დაგამტკიცეს, გოგო, როლზეო და ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვკიოდი (იცინის). იმ დღესვე ვიცოდი, მაგრამ ცოტა გაგაწვალეო (იცინის).
– მილიონერის ნათესაობა როგორია?
– სინამდვილეში რომ მყავდეს მილიონერი ნათესავი, უკეთესი იქნებოდა (იცინის). ისე, ჩემს პერსონაჟს საერთოდ არ ვგავარ, ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით.