№23 სასტუმრო „აივანი” – საუკეთესო ადგილი თბილისის ისტორიულ უბანში
25 მაისს დედაქალაქის ისტორიულ – აბანოთუბანში, გრანდიოზულად გაიხსნა სასტუმრო „აივანი”, რომელსაც სამი ულამაზესი ტერასა ამშვენებს. იქიდან კარგად ჩანს თითქმის ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რითაც ძველი თბილისი ხიბლავს ტურისტებს. „აივნის” ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და საოცრად კომფორტული ნომრები სტუმრების მოთხოვნებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ადვილი მისახვედრია, რომ აქ ყველა დეტალზე საგულდაგულოდაა ნაფიქრი და დიდი ძალისხმევაა ჩადებული იმისთვის, რომ სრულყოფილი შედეგი მიეღოთ. როგორ იქმნებოდა და ვინ დგას ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრის უკან, ამის შესახებ სასტუმრო „აივნის” მეპატრონეს, ქალბატონ ციცო ფუტკარაძეს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ციცო, რამდენი ხანი დასჭირდა ამ სრულყოფილი შედეგის მიღებას და თქვენ როგორ იყავით ჩართული ყოველდღიურ სამუშაოებში?
– რასაც დღეს ხედავთ ამ ყველაფრისთვის წელიწადი და ოთხი თვე ყოველდღიურად არანორმალურ შრომას ვეწეოდით. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდში მუხლჩაუხრელად მედგა ჩემი ვაჟი – ოთარ ფუტკარაძე, რომელიც მაძლევდა ძალიან დიდ სტიმულს და ჩემსავით ისიც, მაქსიმალურად ორიენტირებული იყო საუკეთესო შედეგის მიღწევაზე. ყოველ დილით დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მოვდიოდი აქ და დაღამებამდე ვმუშაობდით. რაც მთავარია, მიყვარს ეს საქმე და არასდროს ვუდგები, როგორც მოვალეობას. აბსოლუტურად ყველა პროცესში ვიყავი ჩართული. ხშირად იყო ისეთი სიტუაცია, როცა კონკრეტული რაღაც ისეთი არ გამოდიოდა, როგორიც მინდოდა და ახლიდან ვიწყებდით, სასურველი შედეგისთვის რომ მიგვეღწია. ეს იყო ძალიან ქაოტური და დატვირთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერთი დღეც არ მახსენდება, რომ, რაიმე მიზეზით, აქ არ მოვსულიყავი.
– „აივანი” თავისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად მოიზიდავს ბევრ ტურისტს. ადრე რა ხდებოდა ამ ადგილას?
– 90-იანი წლების შემდეგ, შეიძლება ითქვას, ეს ადგილი მიტოვებული და სრულიად უსარგებლო იყო ქალაქისთვის. ძალიან მიხარია, რომ კონკრეტულად, ეს ობიექტი მოხვდა ჩემს ხელში და შევძელი ამ ადგილას ასეთი სასტუმრო გამეკეთებინა, მასში მთელი სული და გული ჩავდე. ამ ხნის განმავლობაში არცერთი წუთით არ შემიხედავს ამ ყველაფრისთვის სუფთა ბიზნესის თვალით. ჩემი უმთავრესი მიზანი იყო ის, რასაც დღეს აქ ხედავთ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ღირდა ამდენ შრომად. „აივანი” იქნება ადგილი ძველ თბილისში, სადაც გარდა იმისა, რომ მისი სტუმრები შეძლებენ კომფორტულ გარემოში დაბინავდნენ, ასევე, ჩვენი ტერასებიდან გადაშლილი ხედიდან შეიცნობენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს – დატკბებიან ულამაზესი ხედებით, რომელსაც ერთი მხრივ მეტეხი, ხოლო მეორე მხრივ, ნარიყალა და კიდევ არაერთი ულამაზესი ტაძარი ქმნის გარშემო.
– როგორ გაქვთ მოწყობილი სასტუმროს ნომრები და ვინ იზრუნა დიზაინზე?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სასტუმროს გარე ფასადი აბსოლუტურად შეესაბამება ძველი თბილისის იერსახეს, „აივნის” ნომრები თანამედროვე დიზაინის გახლავთ. ძალიან კომფორტულია და თითოეულ მათგანში შექმნილია ყველა პირობა ჩვენი სტუმრების დასვენებისა და სიმყუდროვისთვის. ჩვენთან სულ 25 ნომერია. მათ შორისაა საოჯახო – ოროთახიანი, ეგრეთ წოდებული, ვინტაჟური ნომრები, რაზეც დიზაინერმა ნანუკა გოცაძემ იმუშავა. ასევე, გვაქვს კლასიკური ოთახი, რომელსაც უზარმაზარი აივანი აქვს, მასზე ყველასთვის ცნობილმა არქიტექტორმა – ვაჟა ორბელაძემ იმუშავა, რომლის არაჩვეულებრივ ნამუშევრებს საქართველოს არაერთ ქალაქში შეხვდებით.
– ამ უზარმაზარი სამუშაოების შემდეგ, კმაყოფილი ხართ შედეგით?
– აბსოლუტურად! ეს ზუსტად ისაა, რისთვისაც ამდენ ხანს ვიბრძოდი. ახლა, ამ გადმოსახედიდან, როდესაც ვხედავ, როგორ ზის უამრავი ადამიანი ჩვენს ულამაზეს ვერანდებზე და ტკბება საოცარი ხედებით, რაც ჩვენი მთავარი სიამაყეა, მე უბედნიერესი ადამიანი ვარ!
ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ბატონ რევაზ ჩაჩხიანს, რომელმაც, როგორც მშენებელმა, თავისი წვლილი შეიტანა სასტუმრო „აივნის” მშენებლობაში:
რევაზ ჩაჩხიანი (მშენებელი): სასტუმრო „აივნის” აშენებას ჩვენ განსაკუთრებული ენთუზიაზმით შევუდექით, ქალბატონ ციცოსთან ერთად. ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს სახეზე გვაქვს თბილისის უძველესი უბნის ერთ-ერთი თვალსაჩინო შენობა, რომელიც შესაძლოა, მალე ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდეს ტურისტებისთვის. აქ თითოეული სამშენებლო დეტალი საგულდაგულოდ გათვლილი და მაღალპროფესიონალურად შესრულებულია.
მისამართი: ძველი თბილისი, სამღებროს ქ. ¹ 21.
საკონტაქტო ტელ: +995 32 500 800.