კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ ებმებიან ქართველი ბავშვები „ლურჯი ვეშაპის“ თამაშში და რის გამო გადაწყვიტა 11 წლის გოგონამ თავის მოკვლა, მისი მოძღვრის თქმით

თათია ფარესაშვილი ნინო სანებლიძე


ლურჯი ვეშაპი“ თვითმკვლელი თამაშია, რომელმაც რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე ბავშვის სუიციდი გამოიწვია. მან საქართველოშიც შემოაღწია. თამაშის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც მოთამაშეებს 50 დღის განმავლობაში სხვადასხვა დავალებას აძლევენ, ხოლო ბოლოს, 50-ე დღეს, თვითმკვლელობისკენ მოუწოდებენ. „კურატორების“ სამიზნე, ის ბავშვებია, რომელთაც ნაკლები ნებისყოფა და შეწინააღმდეგების უნარი არ აქვთ. დავალებები თავიდან სირთულით არ გამოირჩევა, მოთამაშემ უნდა ამოიკაწროს ვეშაპის ფორმა სხეულზე და დამამტკიცებელ საბუთად ფოტოსურათი ან ვიდეო გაუგზავნოს „უფროსს“. ამის შემდეგ, იწყება ბავშვზე ფსიქოლოგიური მუშაობა. თითოეულ დავალებას თავისი დატვირთვა აქვს. ბოლოს იყენებენ შანტაჟს და თუ, მოთამაშე თამაშს გამოეთიშება ან თვითმკვლელობას გადაიფიქრებს, ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან... თამაშის სახელიც არ არის შემთხვევით შერჩეული. უკვე რამდენიმე ათწლეულია ლურჯი ვეშაპები ოკეანიდან ხმელეთზე ხტებიან და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს – ფენომენი აქამდე ამოუხსნელია... ბოლო პერიოდში, საქართველოში მოზარდთა სუიციდი განსაკუთრებით გახშირდა. ერთი კვირის წინ, სოფელ ქვემო თელეთში, 11 წლის გოგონა გადმოხტა მე-5 სართულიდან. საზოგადოებამ ეს ფაქტი აღნიშნულ თამაშს დაუკავშირა, მშობლებსაც ცალსახად გაუჩნდათ ეჭვი. ამ საკითხზე დაწვრილებით, გოგონას მოძღვარს, მამა ბასილ იაშაღაშვილს, ქვემო თელეთის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარ-დეკანოზს ვესაუბრეთ.
– მამა ბასილ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შემთხვევა თვითმკვლელ თამაშს უკავშირდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– „ლურჯი ვეშაპის“ თამაშზე ლაპარაკობენ, მაგრამ აქ არ იკვეთება ანალოგიური დავალებები, თუმცა, არაფერია გამორიცხული. როდესაც ბავშვი გადმოხტა, გონზე იყო და ჩვენ მასთან გასაუბრება შევძელით. როგორც გვითხრა, თავი მოიკლა მისმა ინტერნეტ-მეგობარმა ბიჭმა, რის შემდეგაც, თავადაც განიზრახა თვითმკვლელობა. საქმე ასე მარტივად არაა. ჩვენ ბავშვის „ფეისბუქზე“ შევედით, სადაც მნიშვნელოვან ფაქტებს წავაწყდით. 11 წლის გოგონას ჰყავდა 2 000-ზე მეტი მეგობარი, გაწევრიანებული იყო სხვადასხვა ჯგუფში, მათ შორის, ერთში იმ გარდაცვლილი ბიჭის ფოტოებს დებდა ყველა. ჯგუფში ნათლად ჩანდა სუიციდისკენ მოწოდება: დებდნენ თვითმკვლელობის ვიდეოებს, ფოტოებს, გამონათქვამებს, პორნოგრაფიას. ბავშვებს ავსებინებენ ტესტებს, თუ ვისთან ჰქონდათ პირველი ხორციელი კავშირი და ასე შემდეგ. ბავშვზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა ეს ნაბიჯი გადაედგა. ეს არის ჯგუფი, სადაც მეგობრებს ერთმანეთის მიმართ არასწორი მიდგომები აქვთ, ბავშვები ერთმანეთს აიძულებენ, დაშორდნენ მშობლებს. ჰგონიათ, რომ დედ-მამა მათი არა მოყვარეები, არამედ მტრები არიან. მიიჩნევენ, რომ ცხოვრებას არ აქვს აზრი, არავის ისინი არ უყვარს. ამ არასწორი შეხედულებებით ერთმანეთი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. ეს არის დაჯგუფება და ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან რაღაც ინიციალებით. შეიძლება ითქვას, სულიერადაც არიან დაავადებულნი. ამ მდგომარეობიდან ბავშვის გამოყვანა ძალიან რთულია.
– ჰქონდა თუ არა ბავშვს ამოტვიფრული ვეშაპი, რაც მათი პირველი დავალებაა და კიდევ, რა გითხრათ საოპერაციოში შეყვანამდე?
– გარეგნულად ბავშვს არაფერი აღმოაჩნდა სხეულზე, არც ამოკაწრული ვეშაპი და არაფერი. ბავშვი რომ გადმოხტა, საღ გონებაზე იყო, ველაპარაკეთ კიდეც. ოპერაციის შემდგე  დაკარგა გონება და დაწვრილებით ვეღარ გამოვკითხეთ ვერაფერი. ეს იყო მისი საიდუმლო ცხოვრება და სიმართლე მხოლოდ იმ ჯგუფის წევრებმა იციან. საგანგაშო ის არის, რომ ეს საკითხი ერთ და ორ ბავშვს არ ეხება, მასობრივია, ხალხო. ათასობით ბავშვია იმ ჯგუში გაწევრიანებული და ყველა მშობელს დიდი ყურადღება მართებს. მიმოწერებში საოცარი ბილწსიტყვაობა, ეკლესიის მკრეხელობა და შეურაცხყოფა ფიქსირდება.
– მშობლები ვერაფერს ამჩნევდნენ? 11 წლის ბავშვი ასე მალულად, როგორ მოქმედებდა?
– ეს გოგონა ყველასთვის სანიმუშო იყო და ვერავინ წარმოიდგენდა მსგავს რამეს, მათ შორის, ვერც მშობლები. ამ ჯგუფში აღმოჩენის შემდეგ აიძულეს, აქამდე მისულიყო.  დავალებებს აძლევდნენ – რასაც ისინი აკეთებდნენ, ამასაც იგივე უნდა გაემეორებინა მოქმედებაში, წერილებში და ასე შემდეგ. მშობლები ამბობენ, რომ ტელეფონი სულ ხელში ეკავაო. მამა რომ ეტყოდა, რას აკეთებ, ვთამაშობო, პასუხობდა. ღამე ლოგინშიც ტელეფონი ედო. კიდევ, ერთ მნიშვნელოვან დეტალს გადავაწყდით. ბოლოს, უკვე, როცა გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, იქ დაუწერია, მივდივარო. პასუხები იყო შემდეგი: „გვიყვარხარ“, „ჩვენი გოგო ხარ“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბავშვი მშობლებს ჩამოშორდა, ტელეფონით გააბა საიდუმლო ცხოვრება, რომელმაც ამ ზომამდე მიიყვანა. ვერ შეძლო, რომ მშობლებისთვის ეთქვა ამ ყოველივეს შესახებ.
– როგორია ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა?
– ახლა გამოფხიზლდა, გაახილა თვალები და ნელ-ნელა, კონტაქტში შემოდის. სასიხარულო და ნუგეში ჩვენთვის ის იყო, რომ გადმოხტა, საუბარი შეეძლო, აღსარება თქვა და მოინანია, ეზიარა კიდეც. ოპერაციის დროს ტვინის შეშუპება დაეწყო, გული გაუჩერდა. ახლა ისევ გამოდის მდგომარეობიდან.
აღნიშნულმა თამაშმა მშობლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ბევრი დაიბნა, ბევრმა დასაჯა ბავშვი სამართლიანად თუ უსამართლოდ, ბევრმაც დაკვირვება დაიწყო მათზე... იმისთვის, რომ სწორად მიუდგეთ ბავშვს და იხსნათ მსგავსი შემთხვევებისგან, ამ თემაზე ფსიქოლოგ ნინო თოფურიას ვესაუბრეთ.
– ნინო, როგორ დავიცვათ მოზარდები მსგავსი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან?
– გარდატეხის ასაკში ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც მოზარდში იწვევს შინაგან დაძაბულობას, დაჭიმულობას. ხშირია ძილის რეჟიმის დარღვევა, ვერბალური თუ ფიზიკური აგრესიის გამოვლინება, საკუთარ თავში ჩაკეტვა, იზოლაცია სოციუმისგან, დევიანტური ქცევები. ძირითადი მახასიათებლებია: პროტესტი და უნდობლობა – მოზარდი არ ენდობა სამყაროს და მას მტრულ ადგილად მიიჩნევს, სადაც ბრძოლა უწევს საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. ამ პერიოდს უკლებლივ ყველა გადის, თუმცა მისი წარმატებით ან წარუმატებლად გადალახვაში, დიდ როლს თამაშობს მშობლების, პედაგოგებისა და მოზარდის გარემოცვის სწორი-არასწორი მიდგომა. სწორია – მოზარდის შინაგანი განცდებით დაინტერესება, მისი მოსმენა, მისი პრობლემების გაზიარება და თანაგანცდა, მხარდაჭერა და წახალისება. არასწორია – მოზარდის პრობლემების გაუფასურება, მისი არასერიოზულად აღქმა, ჭკუის დარიგება.  მეგობრული მიდგომით მოზარდს ვუმსუბუქებთ ამ რთულ პერიოდს და ისიც გვენდობა. ნდობის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია ამ საკითხში – განცდა იმისა, რომ ის არ არის მარტო და უსარგებლო, რომ ის სჭირდებათ და მას პატივს სცემენ. მოზარდი, რომელიც სოციალიზაციას წარმატებით გადის, მყარ თვითშეფასებასაც იყალიბებს და შესაბამისად, მეტად ძლიერი ფუნდამენტი აქვს, თავი დაიცვას სხვადასხვა სახის ზეგავლენისა და თუ მანიპულაციისგან.
– რა მექანიზმებითაა შესაძლებელი მსგავს აქტივობებში მათი ჩართულობის გაკონტროლება?
– ჩვენ არ შეგვიძლია, გავაკონტროლოთ თითოეული მომხმარებლის ქმედებები, თუმცა შეგვიძლია, გავაკონტროლოთ ინტერნეტ-სისტემა და ის მასალები, რაც მისი მეშვეობით ვრცელდება. აკრძალვა და დასჯა არასწორი მეთოდებია და ისინი მხოლოდ ამწვავებს არსებულ პრობლემას. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება სხვადასხვა ხერხით შევივსოთ ნაკლოვანი ინფორმაცია – თუ მე ამიკრძალეს ის, რაც მაინტერესებდა, ჩემზე ორმაგი ტენდენცია იწყებს მოქმედებას: აკრძალვა და ცნობისმოყვარეობა. შესაბამისად, მაინც გამოვნახავ გზას ეს ცარიელი ადგილი ინფორმაციით შევივსო, მაგრამ უკვე ნაკლებად მისაღები და რიგ შემთხვევაში, ნეგატიური შედეგის მქონე მეთოდებით. ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მოთხოვნილება ასეთ დროს იძენს მეტად მისტიკურ და რომანტიკულ ელფერს და ხდება დომინანტი, სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით.
– ბავშვი, რომელიც თვითმკვლელ თამაშშია ჩართული, როგორ შეიძლება, ჩამოვაშოროთ ამ ყოველივეს?
–  საჭიროა, ისევ და ისევ ცნობიერების ამაღლება მსგავს საკითხებზე. ახსნა-განმარტებითა და ლოგიკური მსჯელობით, მოზარდს თავად ვუტოვებთ არჩევანს. ჩვენი როლია, მივცეთ მას ლეგალური, მისაღები და ჯანსაღი გზით ინფორმაცია. მისი როლი კი არის მიიღოს, გააანალიზოს და შესაბამისად მოიქცეს. ეს არის სწორი კომუნიკაციის მეთოდი – არა ბრძანება და შესრულება. ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო ადამიანში იწვევს დეპრესიას, ნიჰილიზმს, უაზრობის განცდას, რაც მის შინაგან რესურსებს ანადგურებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოზარდს ჰქონდეს საშუალება, დრო ჯანსაღ აქტივობებს დაუთმოს - სწავლობდეს, მუშაობდეს, დადიოდეს წრეებზე, დროს ატარებდეს სამეგობროსა თუ ოჯახთან კომუნიკაციაში. ასეთ შემთხვევაში, ნაკლებად გვიჩნდება სურვილი, დრო მუდმივად ტექნიკასა და ვირტუალურ სამყაროზე მიჯაჭვულმა დავკარგოთ.  რაც შეეხება უკვე თამაშდამოკიდებულ მოზარდებს, აქ, რა თქმა უნდა,  საჭიროა, ჩაერთონ სპეციალისტები – ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, რადგან საქმე გვაქვს დამოკიდებულებასთან, გართულებული ფაქტორებით – მუქარა, მანიპულაცია. ეს ყველაფერი მოზარდს აქცევს მანკიერ წრეში, რომელსაც ის ვერ არღვევს. მოზარდს არ აქვს მყარი ცოდნა იმაზე, მის რომელ ქმედებას რა მოჰყვება. მისი კოგნიტური სქემები ეჭვებითაა სავსე. ამიტომ, ძირითად შემთხვევაში, მორჩილად ასრულებს დავალებებს: „მე რომ ასე მოვიქცე, რა მოხდება, რა შედეგი მოჰყვება ამას?“
– როდის ხდება ბავშვი მსგავსი ჯგუფების სამიზნე?
– ამის მრავალი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს და ზოგადად, მანიპულაციის სამიზნე ნებისმიერი ასაკისა თუ წოდების ადამიანი შეიძლება, გახდეს. შეგვიძლია, დავასახელოთ მანიპულაციის პოტენციური მსხვერპლის შესაძლო მახასიათებლები და ფაქტორები, რამაც შეიძლება, უბიძგოს მოზარდს, დაემორჩილოს ამას. ეს შეიძლება, იყოს პრობლემები/კონფლიქტები ოჯახში; მშობლებთან მტრული დამოკიდებულება და სამყაროსადმი უნდობლობა; დაუკმაყოფილებელი ამბიცია სოციალური სასურველობისა – იყო მიღებული და აღიარებული ან შესაძლოა, პოპულარული გარკვეულ ჯგუფებში; კომუნიკაციის დამყარების სირთულე და აქედან გამოწვეული იზოლაცია; სუსტი ნებისყოფა - როდესაც მოზარდს არ შეუძლია, შეწინააღმდეგება, რადგან არ ჰყოფნის შინაგანი ძალა; ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გადაჭარბებული, თუმცა დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება: „თუ რეალურ სამყაროში არავის ვჭირდები, ვირტუალურში მივიღებ ამას, ვარ ჯგუფის წევრი: ვარ საჭირო“;  დევიანტური ქცევებისადმი მიდრეკილება – შესაძლოა პროტესტის ერთ-ერთი ფორმა: „გავაკეთებ იმას, რაც არ შეიძლება და ამით გამოვხატავ ჩემს შინაგან პროტესტს, აგრესიას“;  აზარტული მიდრეკილებები – ინტერესის გამო დაწყება: „განა, რა უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ შევასრულო ან ვერ გავუძლო.“ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტორები მანიპულატორისგან აღიქმება როგორც სისუსტის გამოხატულება. მოზარდის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, „დარტყმა“ სწორედ მის სუსტ წერტილებში ხორციელდება – საკუთარი უსარგებლობის განცდა, დაბალი თვითშეფასება, კომუნიკაციის ნაკლებობა მშობლებთან, სიყვარულისა და ყურადღების დეფიციტი, საზოგადოებისგან გარიყულობა.
– რას განიცდის ბავშვი, როდესაც სუიციდი აქვს გადაწყვეტილი და შესაძლებელია თუ არა, ეს ყოველივე გარეგანად გამოიხატოს, რაც მშობლის თვალს არ უნდა გამორჩეს?
– შინაგანად მოზარდი განიცდის: მუდმივ შფოთვას, რასაც ის ფსიქოზამდე მიჰყავს; დაძაბულობას, გაღიზიანებადობას, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიულობასაც; იკეტება საკუთარ თავში; ცდილობს, იზოლირებული იყოს და მთელ დროს ატარებს ტექნიკასთან; ხდება მეტად დეპრესიული და უყურადღებო სოციალური ცხოვრების მიმართ; შესაძლოა, მოზარდი მალავდეს შინაგან განცდებს, მაგრამ სხეულებრივ დონეზე, ფსიქოსომატურად, მაინც ვლინდება ნებისმიერი შინაგანი კონფლიქტი, ფსიქიკა პოულობს სხვადასხვა გზას, რათა შველა ითხოვოს – ფიზიკური ტკივილები, შაკიკი, ხელების ოფლიანობა, ალერგიული გამონაყარი სახესა თუ გულმკერდზე – შინაგანი, ჩაფლული ემოცია აუცილებლად გამოდის გარეთ სხვადასხვა ფორმით. მთავარია, მასზე დაკვირვება. იმ შემთხვევაში, თუ  მშობელი კარგად იცნობს საკუთარ შვილს - იცის მისი პიროვნების შესახებ ფაქტები, იცის როგორ სამეგობროში ტრიალებს, რა აწუხებს, როგორ უმკლავდება პრობლემებს – დიდი ვარაუდით, ის შეძლებს, ამოიცნოს საკუთარ შვილში მიმდინარე ცვლილებები და დროულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. პირიქით, თუ მშობელს არ აქვს ცოდნა საკუთარი შვილის შესახებ, არ აქვს მასთან კომუნიკაცია და არ იცნობს მას – შესაძლოა, ფუნდამენტური ცვლილებაც კი ვერ შენიშნოს იქამდე, სანამ ეს ცვლილება ფატალურ შედეგამდე არ მივა. მოზარდში მიმდინარე მკვეთრი ცვლილება არ უნდა გაუფასურდეს და დარჩეს უყურადღებოდ. მთავარი აქცენტი მაინც მშობლებსა და იმ სოციალურ წრეზე კეთდება, რომელშიც მოზარდი ცხოვრობს.
– დაბოლოს, რადგანაც დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ. ეგრეთ წოდებული „სპინერის“ სათამაშოსკენ ბავშვების სწრაფვა გაიზარდა. მშობლები შეშფოთებულები არიან, ბავშვები ამ უფუნქციო სათამაშოს რომ ესწრაფვიან. საშიშია თუ არა ეს?
– „სპინერის” მოქმედება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე – ზოგს აღიზიანებს, ზოგს სიამოვნებს ან ამშვიდებს. „სპინერის” ტიპის სათამაშო შესაძლოა სხვადასხვა დარღვევის მქონე ადამიანს ეხმარებოდეს, კონცენტრაციის მოკრებასა თუ „წიკების” მოშორებაში („წიკს” ანაცვლებს „სპინერი” და შინაგანი შფოთვა, „წიკის” ნაცვლად, შესაძლოა, გადავიდეს მასზე), თუმცა დღესდღეობით, დროულად ყველა ტიპის ადამიანი იყენებს მას, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ამას. ვფიქრობ, ეს სათამაშო ბაზარზე ახალი შემოსულია და ამიტომაც გამოიწვია ასეთი მითქმა-მოთქმა. როგორც თავის დროზე ტყლარწი გახდა პოპულარული, ასევეა „სპინერიც.” სიახლე ადამიანებში აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა არა – მუდმივად. ზოგადად, იმისთვის, რომ სენსორული შიმშილი დავძლიოთ, რაც დღევანდელი ბავშვების საერთო სენია, საჭიროა, მათ ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ ბუნებრივ ნივთებთან და არა ხელოვნურ სათამაშოებთან. რა თქმა უნდა, სხვა ყველაფერთან ერთად, ზომიერ ფარგლებში ეს სათამაშოც გარკვეული გასართობია – ნერვების დასამშვიდებელი თუ კონცენტრაციის მოსაკრები (ზოგ შემთხვევაში გამფანტავი) საშუალება. მაგრამ, მხოლოდ ამაზე დამოკიდებულებით, ბავშვის მოტორიკა უფუნქციოდ რჩება და განვითარებას წყვეტს. საჭიროა, ბავშვი ეხებოდეს ხეს, მიწას, თიხას, ბალახებს. ბუნებასთან შეხება ასწავლის მას საკუთარ შესაძლებლობებს, უვითარებს მოტორიკას. ტყლარწი, „სპინერი” ან სხვა სახის სათამაშოები ვერასდროს ჩაანაცვლებს ბუნებრივი სათამაშო, ძლიერ დადებით გავლენას. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს ავუკრძალოთ ან წავართვათ ეს სათამაშო, უმჯობესია, მას ჰქონდეს „სპინერი” და ტყლარწიც, თუ ასე სურს და ამასთანავე, ხშირად ვატაროთ სასეირნოდ, პიკნიკზე. ბუნებასთან სიახლოვე თუ აქვს ბავშვს, სხვა სახის სათამაშოებს - თუნდაც „სპინერს” აღარ აქვს მასზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და ის რჩება უბრალოდ, ერთ-ერთ დამატებით სათამაშოს სახეობად.
скачать dle 11.3