№23 „მჭამელები“
ანუ „არავის საქმეში არ ვერევი მე“
გასულ კვირას ჩვენი თანამემამულეების გულები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის – აფგან მუხთარლის – გაუჩინარების ფაქტმა შეაშფოთა. უფრო ზუსტად, იმან, რომ ის აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან აზერბაიჯანში, საზღვარზე უკანონობის ჩადენის გამო.
ამ ვერსიის არ სჯერათ არც ქართველ სამოქალაქო აქტივისტებს და არც არასამთავრობოელებს, ცხადია, არც ხსენებული აფგან მუხთარლის მეუღლეს (ეს სავსებით ბუნებრივია), რომლებმაც ერთობლივი საპროტესტო აქცია მოაწყვეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან და მოითხოვეს: ზოგმა – მთავრობის გადადგომა, ზოგმაც – ლამის ქართული სპეცსამსახურის გაუქმება, დანარჩენებმა კი – გამოძიება და დამნაშავეების უპირობო დასჯა.
იმას გარდა, რომ არც აზერბაიჯანის ხელისუფლის მისამართით დაუშურებიათ უსიამოვნო ეპითეტები (ავტორიტარი, დიქტატორი) და არც საქართველოს ხელისუფლებისადმი (როგორ დაუშვეს დიქტატორ-ავტორიტარის ხელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჩაგდებაო) ნათელზე ნათელია, რომ ავტორიტარ-დიქტატორის ხელში ჟურნალისტიც ცოდვაა და არაჟურნალისტიც, ისევე, როგორც ის, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანი ვერც ადამიანის უფლებების დაცვით დაიკვეხნის და რაც მთავარია, არც აქვს ამის სურვილი.
ოღონდ, მეორე მხრივ, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას ჯარში წასვლა არ უნდა (მათ შორის, საპროტესტო აქციის მონაწილეებსაც), მით უფრო, არც თავიანთი შვილების გაშვება (მათ შორის, იმ საპროტესტო აქციის მონაწილეებს), უცნობია, რის იმედად ვიბრიქებით?! ანუ ვის ხარჯზე ვართ გულმოცემულები?!
იმას გარდა, რომ მთავარი საკუთარი სახელმწიფოს მიზნები და პრიორიტეტებია, მაშინაც კი, თუკი საპირწონედ სხვა ქვეყნის მტრედივით უწყინარი ადამიანის ბედია შეგდებული.
და ისიც ფრიად საინტერესოა, მოქალაქეობრივად რაა მართებული: საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოება დაიცვა ყველაფრის ფასად თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ შემოთავაზებული „მიირთვა“ (არ მინდა, ვთქვა, „ჭამო“)?! –