№23 რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა გენერალური აუდიტის პირველი მოადგილის, ნინო ლომჯარიას, მეუღლე და რატომ არ მიუთითა მან დეკლარაციაში საკუთარი აუდიტორული ხელფასი
გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია 1984 წელსაა დაბადებული. უცნობია, სად მიიღო მან საბაკალავრო უმაღლესი განათლება. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ 2006 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა (სამართალში), ხოლო 2011-ში, სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი, ოღონდ აშშ-ის სამართალში.
ნინო ლომჯარიას შრომითი ბიოგრაფია 2002 წელს დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მან 2003 წლამდე იმუშავა მოსამართლის ასისტენტად. 2003-2004 წლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურიდიული დახმარების ცენტრის ასისტენტი იყო; 2005-2007 წლებში – ისევ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პროექტ „სახელმწიფო ფონდების ფინანსური გამჭვირვალობის ანტიკორუფციის მონიტორინგის“ იურისტი; 2008-2010 წლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საარჩევნო პროექტების კოორდინატორი გახდა; 2011 წელს კი ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქში მუშაობდა სამართლის პროფესორის ასისტენტად. 2011-დან 2015 წლის ჩათვლით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ; იმავდროულად, 2014-2015 წლებში – სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორიც. 2015 წელს ევროპული და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელის (ENEMO) გენერალურ მდივნად დაინიშნა; 2016 წელს – კვლავ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურიდიულ და საარჩევნო კონსულტანტად. 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილეა.
შესაბამისად, ნინო ლომჯარიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2017 წლის იანვრით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე: 1976 წელს დაბადებული შალვა ნეფარიძე და ორი შვილი: 2007 წელს დაბადებული ეკატერინე და 2012 წელს დაბადებული ნიკოლოზი.
უძრავ და მოძრავ ქონებასაც მხოლოდ გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის მეუღლე ფლობს. კერძოდ, შალვა ნეფარიძის საკუთრებაა: ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე (192 კვ. მ.), მეორე ბინა თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე (68 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე (124 კვ. მ.), ბინა ბაკურიანში (29 კვ. მ.) და ავტომანქანა „ემ ელ მერსედესი“.
სამაგიეროდ, ნინო ლომჯარიას აქვს ანაბარი „საქართველოს ბანკში“, რომელზეც 9 658 ლარს ინახავს.
შალვა ნეფარიძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა: არის 1995 წელს დაფუძნებული შპს „იმედი 93-ს“ დირექტორი და ამ საქმიანობამ 2016 წელს 6 000 ლარი მოუტანა. ნინო ლომჯარიამ კი, როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” საარჩევნო და სამართლებრივმა კონსულტანტმა, 2016 წლის ნოემბრამდე 41 000 ლარი აიღო. სამწუხაროდ, დეკლარაცია არაფერს გვეუბნება, თუ რა ანაზღაურება მიიღო ნინო ლომჯარიამ გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის ამპლუაში 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
2014 წელს ნინო ლომჯარიას მეუღლეს იპოთეკური სესხი აუღია (18 500 აშშ დოლარი), რომლის მომსახურებაც 2016-ში 4 200 აშშ დოლარი დასჯდომია.