№23 როგორ დაითანხმა შუა კონცერტზე ხელის თხოვნით ნიკოლოზ კანდელაკმა ნიკ უესტი ცოლობაზე
ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ კანდელაკმა ცნობილ ამერიკელ ბასისტსა და მომღერალს, ნიკ უესტს „ატლანტა ჯაზ-ფესტივალზე“, კონცერტის დროს, საჯაროდ, მაყურებლის წინაშე მუხლზე დაჩოქილმა სთხოვა ხელი. რის შემდეგაც მან ნიკ უესტისგან თანხმობა მიიღო, ხოლო მაყურებლის მხრიდან დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ნიკოლოზ კანდელაკი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შვილია და ასევე, „ისთერნ პრომოუშენის“ გუნდის წევრი. ნიკოლოზმა ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა, მუსიკის ინდუსტრიის მართვის განხრით და როგორც თავის ფეისბუქ-გვერდზე წერს, ის ჩვენს რეგიონში ამ სფეროში პირველი კვალიფიციური სპეციალისტია: „ჩემთვის წარმოუდგენელი 6-წლიანი მიზანი მიღწეულია... 1. Bachelor’s of Business and Finance - London, UK. 2. Master of fine arts in Music Industry Administration - LA, USA. მადლობა ჩემს მშობლებს 6-წლიანი გაძლებისა და სწორ გზაზე დაყენებისთვის! მიყვარხართ! აუცილებლად დაგიფასებთ ყველას! და ბოლოს, ჩვენს რეგიონში დღეს გავხდი პირველი კვალიფიციური მაგისტრი მუსიკის ინდუსტრიაში. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა”...
„ნიკოლოზს, როგორც „ისთერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელს, წლების განმავლობაში მსოფლიო დონის ვარსკლავებთან უწევდა შეხვედრა, მათ შორის, სნუპ დოგთან, რომლის დაბადების დღეზეც იყო. მას, ასევე, ლოს-ანჯელესში, უნივერსიტეტში, სტენლი კლარკმა და მეისი გრეიმ გაუწიეს რეკომენდაცია.
ნიკოლოზ კანდელაკი: „მეისი გრეისთან დიდი ხანია, ვმეგობრობ. ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე გავიცანი, როცა სტაჟიორად ვმუშაობდი. მერე რამდენჯერმე შევხვდი ლონდონში და რეკომენდაციით დამეხმარა. სტენლი და მისი ცოლი თბილისში გავიცანი ჯაზ-ფესტივალზე. როცა მათ ვუთხარი, რომ მუსიკის ბიზნესის სწავლა მინდოდა, მირჩიეს ის უნივერსიტეტი, სადაც მათი შვილი სწავლობდა. შემდეგ, როცა ჩაბარება გადავწყვიტე, სტენლი ძალიან დამეხმარა და სარეკომენდაციო წერილი დამიწერა უნივერსიტეტისთვის... ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე ბევრ არტისტთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. შემდეგ, როცა გაიგეს, რომ ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ, სხვადასხვა წვეულებაზე დამპატიჟეს. სნუპ დოგის დაბადების დღე იყო ისტორიულ „როლიკების” დარბაზში, სადაც NWA-ის პირველი კონცერტი გაიმართა. ყველა „როლიკებით” დასრიალებდა 80-იანი წლების სტილში გამოწყობილი”.
ნიკოლოზის წარმატება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ის ქუინსი ჯონსის გუნდის წევრიც გახდა.
ნიკოლოზ კანდელაკი: „ქუინსი ჯონსს შევხვდი ბათუმში და მასთან მუშაობით დავინტერესდი. გავუგზავნე სივი და რამდენიმე მუსიკოსის რეკომენდაცია. მას შემდეგ სამეტაპიანი გასაუბრება მქონდა. დამაწერინეს თემა, რომელიც ქუინსი ჯონსს უნდა წაეკითხა. სულ 100-მდე კანდიდატი იყო და მიხარია, რომ ვითანამშრომლებ მათთან”, – ამის შესახებ ნიკუშა კანდელაკი „თბილისელებთან” ინტერვიუში წერდა.
რაც შეეხება ნიკოლოზ კანდელაკისა და ნიკ უესტის ურთიერთობას, მათ ერთმანეთი ორი წლის წინ, საქართველოში გაიცნეს და ამერიკაში კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ. ისინი ხშირად დადიოდნენ ერთად სხვადასხვა ადგილას და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებდნენ. ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ნიკოლოზი და ნიკი არიან აღბეჭდილი, ნიკოლოზი მასზე წერდა: მე მას ვატარებ, როგორც დედოფალს. ნიკ უესტი დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული გიტარისტი და მომღერალია. ის თავის დროზე ისეთ დიდ მუსიკოსებთან მუშაობდა, როგორებიც არიან პრინცი, სტივენ ტაილერი, ჯონ მეიერი. „მისი ენერგია პირველივე შეხვედრისას ვიგრძენი, ვიცოდი, რომ იყო რაღაც განსაკუთრებული მასში და მის თმაში” – ასე შეაფასა ნიკ უესტი სტივენ ტაილერმა.
ნიკოლოზ კანდელაკის მიერ ხელის თხოვნის ვიდეო ნიკ ვესტმა თავის ინსტაგრამ-გვერდზე და ასევე, ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა და საკმაოდ ვრცელი სტატუსიც მიუძღვნა. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს: მის გეგმებში ქორწინება საერთოდ არ შედიოდა, თუმცა ნიკოლოზ კანდელაკმა შეძლო მისი დათანხმება და დღეს მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, ამ მშვენიერ წყვილზე საუბრობს.
ნიკ უესტის ინსტაგრამ-სტატუსს ბევრი გამოხმაურება და მილოცვა მოჰყვა, წყვილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ულოცავენ. „ეს არ იყო ჩემი ცხოვრების გეგმა. მე მომწონს ჩემი თავისუფლება და ჩემი ფრთები. მე ვარ პეპელა, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. მე ვხტები თვთმფრინავიდან, ვუკრავ გიტარაზე, ვრისკავ და მოგვიანებით ვფიქრობ შედეგებზე. ქორწინება არ ყოფილა ჩემი მიზანი. მაგრამ, გამოჩნდა ეს ადამიანი და მას არასდროს უცდია ჩემი შეცვლა. ის ხტუნაობს ჩემთან ერთად, მიჰყვება დინებას, არ აშინებს ჩემი თავდაჯერებულობა, საქმიანობა და ჩემი სიგიჟე (დიახ, მე ვამბობს, რომ გიჟი ვარ და მიყვარს ეს), ის იღებს ჩემსას ყველაფერს და ეს მე თავს მაგრძნობინებს დაცულად, შეყვარებულად და ის, უპირველეს ყოვლისა, ფიქრობს ჩემზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ორ წლის წინ, საქართველოში, თუმცა ის ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში. მე არ შემიმჩნევია, მაგრამ მან შემამჩნია და წამოვიდა ჩემთან ერთად. ბიჭი, რომელიც მიჰყვება იმას, რაც მას სურს, ყოველთვის მიმზიდველია ნამდვილი ქალისთვის. „კი“, რომელიც მე ვუთხარი მას შეხვედრაზე, იყო საუკეთესო „კი“, რაც კი ოდესმე მითქვამს. მე მოუთმენლად ველოდები ახალ თავგადასავლებს ნიკოსთან ერთად”. სტატუსის ბოლოს ნიკმა „ატლანტა ჯაზ-ფესტივალს“ გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ მის მორიდებულ ბიჭს მისთვის ამ სიურპრიზის გაკეთებაში დაეხმარნენ.
ნიკოლოზ კანდელაკი პირად ცხოვრებასა და ამ თემაზე საუბრისგან ჯერჯერეობით თავს იკავებს. მისმა მამამ, კახა კანდელაკმა კი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოპულარული და ნიჭიერი სარძლოს ვიდეოები გააზიარა, სადაც მას მეგობრები ასე ულოცავდნენ: „კახა, გილოცავ! ბედნიერება მათ. ძალიან მაგარი გოგოა, სასწაული! რა ფანტასტიკური რძალი გყავთ! მშვენიერი ამბავია, სხვა ლეველზე გადავედით უკვე... მზეთუნახავი მოევლინა ბნელ საქართველოს.
P.S. ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს და ნიკუშა კანდელაკს ვუსურვებთ პირად ცხოვრებაში ბედნიერებასა და კარიერაში – უფრო მეტ წარმატებას.