კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რამაზ იოსელიანი: ყველა ახლობლის სიკვდილი წინასწარ ვიცოდი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


  მსახიობი რამაზ იოსელიანი, უკვე წლებია, ქალაქის ხმაურს გაექცა, ბავშვობის ოცნება აიხდინა და სოფელში დასახლდა. სოფლის მეურნეობასაც კარგად ართმევს თავს, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობაც ისწავლა და თონეში ცხობაც გადასარევად გამოსდის. მისი სამსახიობო ნიჭის შესახებ, რასაკვირველია, საუბარი ზედმეტია. თუმცა ის, რომ მას ინტუიცია ისე აქვს განვითრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებას წინასწარ გრძნობს, უცნაურ სიზმრებს ხშირად ხედავს და ორსულის შეხედვისას, ექოსკოპიის გარეშეც გადასარევად ხვდება, ბიჭის მოლოდინშია დედა თუ გოგოსი, ეს ნამდვილად, აღმოჩენა იყო ჩემთვის.

რამაზ იოსელიანი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სულ მშურდა იმ ბავშვების, არდადეგებიდან დაბრუნებულები რომ ამბობდნენ, სოფელში ვიყავიო, რადგან, მე არ გამაჩნდა. ამიტომ, ეს ოცნება ავიხდინე, შევიძინე სოფელში სახლი და წლებია, იქ გადავცხოვრდი. მიწასაც ვამუშავებ, ცხოველებსაც ვუვლი, მაწონსაც ჩემი ხელით ვაკეთებ, პურსაც ვაცხობ თონეში და არც სტუმრები მაკლია, რომლებსაც ჩემი ხელით მოყვანილ-დაკრეფილი ხილ-ბოსტნეულით ვუმასპინძლდები. ამბობენ, წინა ცხოვრებაში ფერმერი იყავიო, ჰოდა, რამდენიმე საუკუნით უკან დავიხიე და ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს (იცინის).  ახლა სამოთხეში ვცხოვრობ, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში. ეს აგარაკი შევიძინე, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. მყავს ქათმები, გოჭები, იხვები, ოცლიტრიანი რძის მეწველი ძროხა – დოდონა, რომელიც ჩემმა მეგობარმა მამაომ მაჩუქა და ძაღლი – ბუბუ... დოდონას ისე ველაპარაკები, როგორც ადამიანს და ზუსტად ვიცი, ესმის. ბუბუ ისე მეკამათება და მეჩხუბება, თუ რამე შეურაცხმყოფელი ვუთხარი, ეს უნდა ნახოთ (იცინის). კატაც მყავდა – სოფო, მაგრამ, სოფლის კახპა აღმოჩნდა და გავუშვი. ახლა, თხებიც უნდა მოვიყვანო. ბევრს უკვირს, ეს მსახიობი კაცი სოფლის მეურნეობაზე როგორ საუბრობო (იცინის). აქ ულამაზესი ბუნებაა და საოცარი სიმშვიდე. სოფლის ცხოვრების არაფერი ვიცოდი, მაგრამ, არ არსებობს, რამე მოინდომო და ვერ ისწავლო. ყველამ უნდა მოძებნოს თავისი საქმე, თავისი სამოთხე დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხმაურიან ქალაქში გავიზარდე, ახლა სოფელში, სიმშვიდეში მირჩევნია ყოფნა. ქალაქს ფარისევლობა სჭირს, სოფელში კი ღია ურთიერთობებია, უფრო სუფთა ხალხია.  მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება და ეს ჩემს პროფესიაში ძალიან მადგება. ზოგადად, ახალ როლზე მუშაობა, მშობიარობას ჰგავს. იგივე პროცესია, როცა შენც, ქალის მსგავსად,  ახალი როლი უნდა შვა და ამისთვის მოემზადო. არ დამავიწყდება, ჯარში რომ არ გავეწვიე, საავადმყოფოში დამაწვინეს. ჩემს პალატაში ხანშიშესული მამაკაცი გარდაიცვალა და პირველად ვნახე როგორ მიდის ადამიანი იმქვეყნად. მთელ ამ პროცესს, ჩემი თვალით ვუყურე. სპექტაკლზე მუშაობის დროს, ბატონმა მიშა თუმანიშვილმა მითხრა, მომაკვდავი კაცის სცენა მჭირდებაო. წამოვხტი, მე ამას ასე გავაკეთებ-მეთქი... მოკლედ, გამახსენდა ის მომაკვდავი კაცი, დავიწყე იმ პროცესის გავლა, რაც საკუთარი თვალით მქონდა ნანახი. ისე შევედი როლში, ბატონი მიშა წამოხტა და დაიყვირა, გეყოფა, აღარ მინდაო. იმდენად იმოქმედა, ვერ გაუძლო. სულ მახსოვს ის მომენტი და ბატონი მიშა, რომელმაც შემიცვალა მთელი ცხოვრება და გზაზე დამაყენა.
– ნიჭიერი მსახიობი რომ ხართ, ეს ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ სმენია, თქვენი ინტუიციის შესახებ, რომლიც არასდროს ცდება და წინასწარ გაგებინებთ, მოსალოდნელი ფაქტების შესახებ. ასეა?
– ინტუიცია მართლაც მაქვს განვითრებული და ადამიანს რომ შევხედავ, შინაგანად ვგრძნობ, როგორი ბუნების პიროვნებაა, შეიძლება თუ არა მისი ნდობა ან – პირიქით. ასევე, ორსულ ქალს შევხედავ თუ არა, ეგრევე ვხვდები, ბიჭი ეყოლება თუ გოგო და ვხუმრობ, მგონი, მოსიარულე ექოსკოპია ვარ, ჯერ არ შევმცდარვარ ნაყოფის სქესში-მეთქი (იცინის). ბევრჯერ ნიძლავიც დამიდია და მომიგია. რაღაც ენერგია მოდის ორსული ქალისგან და შინაგანად ვგრძნობ, მისი მომავალი შვილის სქესს. ასევე, ვხედავ სიზმრებს, რომლებიც ისეთი სიზუსტით მიხდება, ხანდახან დაძინების მეშინია (იცინის).
– ის, რომ ადამიანის გარდაცვალებას წინასწარ გრძნობთ, ესეც მართალია?
– დიახ, ზუსტად ვხვდები ადამიანის გარდაცვალებას, რადგან მოდის სული და ის ამაზე მიმანიშნებს, ოღონდ, 40 დღის განმავლობაში თუ უნდა გარდაიცვალოს. ანუ, დავინახავ ადამიანს და ვგრძნობ, რომ ის დიდხანს ვეღარ იცოცხლებს და ბევრი ფაქტი არსებობს, რომ ამაშიც არ ვცდები. მაგალითად, ბატონი მიშა თუმანიშვილი ჩემი პედაგოგი იყო და ის, რომ მალე გარდაიცვლებოდა, ამას წინასწარ მივხვდი. „ალუბლის ბაღის“ რეპეტიციას გავდიოდით, სცენაზე ჩამეხუტა და მე ხელი ვკარი. მკითხა, რა მოხდაო, ვუთხარი, არაფერი-მეთქი. არადა, სუნი მომივიდა და მალევე, 40 დღის განმავლობაში გარდაიცვალა. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ სულთმობრძავია ადამიანი და დიდხანს წვალობს, საკმარისია, მის სანახავად შევიდე, გამოვიდე და გარდაიცვლება. აი, ამის მეშინია და ტაძარში მივდივარ, რომ განვმარტოვდე და შვება ვიგრძნო.  ხშირად, უფალს ვთხოვდი, მომაშორე ეს წინასწარმეტყველური სიზმრები-მეთქი, რადგან ის, რაც მეორე დღეს უნდა მომხდარიყო, მე უკვე, სრული სიზუსტით ვიცოდი. არ მინდოდა, წინასწარ მცოდნოდა რა მოხდებოდა, მაგრამ სიზმარში მაინც ვხედავდი. ერთხელ, ბატონ მიშას, ერთ-ერთმა მსახიობმა შესთავაზა,  ჩემს დუბლიორად დანიშნულიყო. იმ დღეს, მე არ ვიყავი თეატრში და მესიზმრა, რომ იმ ბიჭმა, ეს სთხოვა. მოკლედ, იმ დღეს შევხვდი ქუჩაში და ვუთხარი, ჩემ მაგივრად გინდა თამაში და ბატონ მიშას ჩემი როლი სთხოვე-მეთქი. გადაირია: ვა, კაცო, რა ხალხია, ვერავის ენდობი, კი მაგრამ, ვინ გითხრა ასე მალე, ახლა დავშორდიო. ამიტყდა სიცილი და ვუთხარი, არავის უთქვამს, სიზმარში ვნახე-მეთქი (იცინის). თან, სერიებად ვხედავ სიზმრებს და ეს არის საინტერესო. ცხონებულმა მამიდაჩემმა დამიტოვა ერთოთახიანი ბინა. დამესიზმრა, მამიდაჩემი, კუბოში იწვა მიცვალებული. პანაშვიდია და სიზმარშივე ვფიქრობ, ნინა გარდაიცვალა და ბინა დამრჩა-მეთქი. უცბად, მიცვალებულმა მამიდაჩემმა კუბოდან ხელი ამოწია და სამი თითის კომბინაცია მაჩვენა (იცინის). რომ გამომეღვიძა, ისტერიკულად ვიცინოდი.
– ოკულტიზმითა და ეზოთერიკით  თუ დაინტერესებულხართ ოდესმე?
– ადრე, თინეიჯერობის ასაკში, მაინტერესებდა მსგავსი რამეები და თეფშიც დამიტრიალებია. ბავშვები, თეფშს ვატრიალებდით და ერთმანეთს ვაგიჟებდით (იცინის). ერთხელ, სული დარჩა და აღარ წავიდა. ვეხვეწებოდით, წადი, წადიო. რაღაც ძალა, ნამდვილად არსებობს. ერთი რაღაც გამახსენდა – სპექტაკლის წინ, უცხოეთში ყოფნის დროს, ვიფიქრე, დავისვენებ-მეთქი და მოვადუნე კუნთები. ფიქრი დავიწყე სულზე – აბა, თუ გავუშვებ სხეულიდან-მეთქი. ფეხები გამეყინა და ვიგრძენი, როგორ ამოდიოდა, ნელ-ნელა სული სხეულიდან. მზად ვიყავი, რომ სულს დაეტოვებინა ჩემი სხეული, მაგრამ, უცბად მივხვდი, ეს არ უნდა გამეკეთებინა. რომ გამოვფხიზლდი, ცოტა შემეშინდა. დროულად რომ არ მეშველა, შეიძლება, გაღმა დავრჩენილიყავი (იცინის). მკითხავებთანაც სასაცილო ისტორიები გადამხდენია. დავიჭერ მის სუსტ წერტილს, ინტუიციურად ვხვდები, რა აწუხებს, რა სტკივა და ისე ველაპარაკები, ისე ვუტრიალებ როლებს, იქით მეკითხებიან რაღაცეებს (იცინის). ერთმა მკითხავმა კი ჩემს ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა. როგორც გითხარით, წინასწარ ვგრძნობ ადამიანის გარდაცვალებას და ყველა ახლობლის სიკვდილი ვიცოდი, დედაჩემის გარდა. დაქალმა მოიყვანა მკითხავი და იმან მითხრა, დედაშენი უცბად გარდაიცვლებაო. რასაკვირველია, არ დავიჯერე და მართლაც, უცბად, ავადმყოფობის გარეშე, ჩემს ხელში დალია სული.
– მეგობრები აღნიშნავენ, რომ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა გაქვთ და შეგიძლიათ, ყველაზე ცუდი და საშინელი ფაქტიც კი, ისეთი ინტერპრეტაციით მოყვეთ, ადამიანს პოზიტიური განწყობა შეუქმნათ.
– რა ვიცი, მეგობრები ამბობენ, რომ კარგი იუმორის გრძნობა მაქვს (იცინის). ყველას ჩემი მოყოლილი ის ისტორია ახსოვს, ავადსახსენებლი ოთხმოცდაათიანების  პერიოდში რომ დამაყაჩაღეს – მიმაბეს, გამსკოჩეს და მე, ამას როგორი ხალისით ვყვებოდი. მოკლედ, ჩემმა მეგობარმა ამერიკიდან გამომიგზავნა საჩუქრები, მათ შორის, იყო წინდები. შევინახე, ვიფიქრე, მერე ჩავიცვამ-მეთქი და მთელი ორი წელი ვეღარ ვიპოვე. სახლში შემომიცვივდნენ, დამაყაჩაღეს, შემიკრეს ხელ-ფეხი, ჩამჩარეს პირში რაღაც, რომ არ მეყვირა. არადა, ყვირილის თავი ვის ჰქონდა. წაიღეს რაც წასაღები იყო. მოკლედ, დამტოვეს ასე. ძლივს გავითავისუფლე ხელები, გამოვიღე რაც პირში ჩამჩარეს და რას ვხედავ – ის, წინდები არ არის? გაბრაზებამ ეგრევე გამიარა. ვიფიქრე, გავეკიდები, დავეწევი და ვკითხავ იმ ქურდებს, რა ფოკუსი ჩაატარეს, სად ნახეს ეს წინდები, მთელი ორი წელი რომ ვეძებდი და დაკარგული მეგონა-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3