№23 რა სერიოზულ პრობლემას გადაურჩა ამერიკაში ვაჟა მანია და რა რჩევები მისცა მას ლენი ვაითმა
20 მაისს მომღერალმა ვაჟა მანიამ და პიანისტმა, პაპუნა შარიქაძემ Tribeca Performing Arts Center-ში გამართულ გალა კონცერტში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ისინი პირდაპირ ონლაინ-კონკურსიდან MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION მოხვდნენ. მათ ლეგენდარული „გრემის“ მფლობელ მუსიკოსების გვერდით მოუწიათ დგომა და რაც მთავარია, სამომავლო თანამშრომლობაზეც საინტერესო შეთავაზებები მიიღეს.
ვაჟა მანია: ეს კონცერტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი იყო. ჯაზის ქალაქში, ნიუ-იორკში, შედგა ჩემი დებიუტი. მეც და პაპუნაც ველოდებოდით დიდი მონდომებით. კვარტეტი ვიყავით მიწვეული, მაგრამ საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე და პაპუნა წავედით და ვითანამშრომლეთ „გრემის“ მფლობელ, დიდ მუსიკოსებთან – ლენი ვაითთან და ჯონ ბენიტესთან. როგორც კი ჩავედით, ერთი დღე გვქონდა მათთან რეპეტიციისთვის, მეორე დღეს უკვე კონცერტი გვქონდა. მინიმალისტურად იყო ყველაფერი – პროფესიონალები ასე მუშაობენ: სწრაფად მოვუყარეთ თავი საკონცერტო პროგრამას. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ მუსიკოსებთან ჩვენი თანამშრომლობა შედგა. მანამადე ყველაფერზე ვფიქრობდი, ვფრთხილობდი, მაგრამ ძალიან მოეწონათ. ავტობუსში მე და პაპუნა ვხუმრობდით: ისე რომ იმღერო, კონცერტის ბოლოს მოვიდნენ და ნომერი გამოგართვან, ჩვენთან ერთად წამოდი კონცერტზე – მოკლედ, ჯაზურად რომ მოხდეს ყველაფერიო. დამთავრდა რეპეტიცია, ორივემ ჩამოგვართვა ხელი: ძალიან კარგი ბიჭები ხართო და მერე ჯონ ბენიტესი მეუბნება: შენი ნომერი ჩამაწერინეო. პაპუნას გავხედე: ასე აგიხდეს ყველაფერი-მეთქი. პაპუნასაც უთხრა: თქვენი ნომერი, მეილები დაგვიწერეთ, ვითანამშრომლოთო. ის, რაც ვიფიქრეთ, აგვიხდა. მათ რომ მოეწონათ, ეს ძალიან გამიხარდა.
– როგორი იყო პირველი შეხვედრა?
– მეილზე მოგვწერეს, მანჰეტენზე სარეპეტიციო სტუდიაში გაქვთ რეპეტიციაო. ყველანი ველოდებოდით, როდის მოვიდოდა ეს ლეგენდა ხალხი. მოვიდნენ, არც კი შეგვიმჩნიეს: ზოგმა ტაში დაუკრა, ზოგი დაიბნა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მათ გაშალეს ინსტრუმენტები და დავიწყეთ რეპეტიცია, რომლის დასრულების შემდეგ, ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთეს. კონცერტის შემდეგ ბასისტმა ისიც მითხრა: სექტემბრიდან რომ იქნები აქეთ, ერთად ჩავწეროთ რაღაც, კარგი ხმა გაქვსო და ასე შემდეგ. ძალიან გამიხარდა და მოლოდინიც მაქვს. აქეთ რომ იქნებით, შეგვეხმიანეთ და ვნახოთ, რა იქნება... ჩემი მხრიდანაც უნდა ამას აქტიურობა, იქ ყოფნა და იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. სწორედ ამის მიღება მინდოდა კონცერტიდან – გაგრძელება მოჰყოლოდა. რეპეტიციაზეც საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯეთ, რჩევებს გვაძლევდნენ. მეორე დღეს „საუნდ ჩეკი” გვქონდა რეპეტიციაზე. იქ ბასისტი საერთოდ არ მოსულა, დრამერი იყო და პიანისტი. რეპეტიციას რომ მოვრჩით ლენი ვაითმა დაგვიძახა: ახლა რასაც გეტყვით, ამას პედაგოგი ვერ აგიხსნით. თუ გვინდა, ჯაზი დავუკრათ, დღეს კონცერტზე ჯაზი უნდა დაიკრასო. ანუ, ყველაფრისგან გათავისუფლდითო და მართლაც ყველაფრისგან გავთავისუფლდი. მასწავლებელი ხომ მილიონ რჩევას მაძლევს, მაგრამ ასეთი მუსიკოსის ორი სიტყვა იმდენს ნიშნავდა – არ ვიცი, მაგია აქვს თუ რა, მთელი აზროვნება შემიცვალა იმ წუთებში. თან, რომ იცი, უკან ასეთი მუსიკოსები გიდგანან და მოსწონთ, შენ რომ მღერი და გავუშვი ფრთები – ეს თემა იყო. მათთან ურთიერთობის შემდეგ თითქოს გავიზარდე, რადგან მათ გვერდით ყოფნა ბევრ რამეს ნიშნავს. თან, როცა ამხელა დარბაზში დგახარ, მაყურებლის წინაშე. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა, სავსე იყო დარბაზი. პირველი სიმღერა რომ დავიწყეთ, შუაში ტაშიც იყო. წესით, არ „მოსულა“ ამ დროს ტაში, მაგრამ დაუკრეს. ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამ მუსიკოსებს მოვწონებოდი და ამ ყველაფერს გაგრძელება ჰქონოდა. ჯონ ბენიტეს სადმე რომ გადავეყრებოდი, სულ გამოხატავდა ემოციებს და საბოლოო ჯამში, წამოვიდა მისგან ეს შემოთავაზებაც. რაც მთავარია, შედგა ყველაფერი. დუეტიც ვიმღერე ფრანგ გოგოსთან ერთად და ამანაც კარგად ჩაიარა. სხვათა შორის, მე და პაპუნას ისიც გვითხრეს: ნიუ-იორკში ჩამოდით, ბოსტონში რა გინდათო.
– ახლა „ბერკლიში“ ერთი სემესტრი დაგრჩა და დაამთავრებ სწავლას.
– ერთი სემესტრი დამრჩა, რომელიც ორად გავყავი, რადგან სასწავლო წელი მაისში მთავრდება და დავამთხვიე. მინდა, ნიუ-ვისწავლო მაგისტრატურაზე.
– რა იყო ამერიკაში ცხოვრების განმავლობაში შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– ჩემთვის ყველაზე რთული იყო ერთი წელი, როდესაც ყველაფრის გარეშე ვიყავი. დაფინანსება არ გამოვიდა, საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი, ბინაში წინასწარ გადახდილი ფული უნდა დამეკარგა. სწავლაც დაწყებული მქონდა, როდესაც გავიგე, რომ დაფინანსება არ მექნებოდა, მაგრამ დავრჩი. ერთი თვე იყო გასული და გამოცდების ბოლომდე ისე მივედი, ფული არ გადამიხდია. გარკვეულწილად, მოვატყუე ისინი. ბოლოს გამოცდებზე არ დამიშვეს და თითიც დამიქნიეს. იმდენად მინდოდა იქ ყოფნა, რომ საკუთარი თავი მოვატყუე. იმ დროს არც ფული მქონდა, არც არანაირი შემოსავალი და ვერც ვმუშაობდი. გარეთაც ვერ ვიმუშავებდი, რადგან ვეღარ ვისწავლიდი. ყველაფრის გარეშე ვიყავი. ფიზიკურად ორი დღე ვიმუშავე. ძალიან რთული იყო, დამსტრესა საშინლად. მოკლედ, სწავლაზე გავაკეთე არჩევანი: ვიწვალებ და მშიერი კუჭით ვისწავლი-მეთქი.
– როგორ ცხოვრობდი?
– მეგობართან ვცხოვრობდი, რომელმაც ჩემი სიტუაცია იცოდა. მითხრა: დარჩი, რასაც მე შევჭამ, ის ჭამე შენც, გავიყოთ ყველაფერიო. მეგობრის ხარჯზე ვიყავი ნახევარ წელი და ეს იმდენად სტრესული იყო – ერთი დოლარიც არ მდებია ნახევარი წლის განმავლობაში ჯიბეში. მაშინ გამოვცადე, რას ნიშნავს, ამერიკაში იყო უფულოდ. თან არ ვახმაურებდი ამ ამბავს, არავინ იცოდა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ, ბევრ რამეზე იმოქმედა. ეს რომ არ გამევლო, იმის გამოცდილებაც არ მექნებოდა – როგორ უნდა გადაირჩინო ამერიკაში თავი. ამან უფრო მეტად გამზარდა და სტიმული მომცა. ძალიან რთულად გაიარა ყველაფერმა და სემესტრი რომ მიიწურა, მასწავლებლები გაგიჟდნენ: ფული არ გაქვს გადახდილიო?!
– ხომ შეიძლებოდა, სერიოზული პრობლემები შეგქმნოდა.
– თავისუფლად შეიძლებოდა, სერიოზული პრობლემები შემქმნოდა. პოლიციასთანაც იყო გასაუბრება, გამოძიებასავით – თუ იცოდი, რატომ დამალე, ან თუ არ იცოდი, რატომ არაფერი გვითხარიო. მოკლედ, პატიოსანი თაღლითი გამოვედი: ფულს არ ვიხდიდი და ვსწავლობდი. ვინმეს კი არ ვპარავდი, უბრალოდ, ფული არ მქონდა და ვსწავლობდი. მაგრამ, ყველაფერი ისე მოგვარდა, რომ არავინ დაზარალებულიყო. თან, ვოკალის განყოფილება ჩაერია, თქვეს: კარგი სტუდენტიაო და გადავრჩი. სულ შიში მქონდა – ყოველი სემესტრის შემდეგ მეუბნებოდნენ: არ იქნება დაფინანსებაო. იმდენად ვიყავი მონდომებული, რომ არ შემეძლო მიტოვება. ძალიან რთულად გაიარა ყველაფერმა – მეშვიდე წელს დავამთავრებ 4-წლიან სწავლებას. სამი წელი იყო საშინელი სტრესი, რომელიც, წესით, არც უნდა ყოფილიყო. თუმცა, არ ვიცი, ეს რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა, რადგან სტრესიც ერთგვარი გამოცდილებაა.