კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ გააქრო 20-მილიონიანი ქურდული „ენზე“ მილიციის ჩანერგილმა აგენტმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


„სხოდკა“

1969 წლის 2 მაისს მოსკოვში, ძველ არბატზე, ერთ-ერთ ქურდულ „მალინაში” ოცი, ძალიან ცნობილი საბჭოთა კანონიერი ქურდი შეიკრიბა საგანგებო „სხოდკაზე”, რომელიც ვახტანგ ანდრონიკაშვილის, მეტსახელად „ქოჩორას“ მიერ იყო ორგანიზებული. 60 წლის „ქოჩორა“ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი გახლდათ საბჭოთა კავშირში და მან კოლეგებს ცენტრალიზებული, ქურდული მმართველობისა და დიდი ქურდული „ობშჩიაკის“ შექმნა შესთავაზა. ქურდებს მან განუმარტა, რომ ერთიანი მმართველობა მათი სამყაროს გასამყარებლად იყო საჭირო და იქ შემთხვევითი ხალხი არ უნდა მოხვედრილიყო. ქურდული სალარო ყველაზე უკიდურესი შემთხვევისთვის უნდა გახსნილიყო და ქურდული სამყაროს აღორძინებას მოხმარებოდა, თუკი ასეთი კრიზისი დაუდგებოდათ ქურდებს. „ქოჩორამ“ კოლეგებს მმართველობის ძალიან მარტივი სისტემა შესთავაზა: თითოეულ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთი მაყურებელი უნდა დანიშნულიყო, ხოლო ქურდული სალაროს ხელშეუხებელ მარაგში („ენზე“) კრიმინალური საქმიანობით მოპოვებული ქონების ათი პროცენტი უნდა შეენახათ. „ენზეში“ მხოლოდ ძვირფასეულობა იდებოდა, რადგან „ქოჩორას“ თქმით, ფული შეიძლებოდა, გაუფასურებულიყო, ძვირფასი ლითონები და ქვები კი – არა. ანდრონიკაშვილის წინადადება ქურდებმა ერთხმად მიიღეს და თითოეულ რესპუბლიკაში ერთი მაყურებელი დანიშნეს. შექმნეს ქურდული საბჭო, რომელშიც ხუთი ქურდი შევიდა და მას „ქოჩორა” ხელმძღვანელობდა. „ენზეს“ კურატორად კი, ცნობილი ქურდი, პავლე ორლოვი, მეტსახელად „კორონა“ დანიშნეს. „ზაგაჟნიკის“, ანუ ქურდული სეიფის ადგილსამყოფელი იმ სახლის სარდაფში მოაწყვეს, სადაც ქურდული „სხოდკა” იმართებოდა და შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ოცივე ქურდის შეკრებით უნდა მიღებულიყო.

საიდუმლო პატაკი
ისტორიული „სხოდკიდან” ორი დღის შემდეგ, ანუ 1969 წლის 4 მაისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელი, პოლკოვნიკი ნოდარ გიორგაძე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში აგენტ „კურატორს“ შეხვდა, რომელმაც პოლკოვნიკს ქურდული „სხოდკის” შესახებ საიდუმლო პატაკი ზეპირად ჩააბარა.
– „ქოჩორას” არ უყურებ? მომინდომა „კოზანოსტრა“ და ქურდული ბანკი, – გაეცინა გიორგაძეს.
– რა მითითებები გექნებათ, ამხანაგო პოლკოვნიკო? – ჰკითხა „კურატორმა” თავის უფროსს.
– ჯერჯერობით ახალი არაფერი. იმოქმედე შემუშავებული გეგმის მიხედვით, ინფორმაციები მეორე არხით მომაწოდე, – მიუგო გიორგაძემ თავის აგენტს და ღიმილით ჩაილაპარაკა: „ქურდული ბანკი. ჰმ, ჭკვიანური მოფიქრებაა. წლების განმავლობაში, იქ შეიძლება, იმდენი ქუნება დაგროვდეს, რამდენიც ნამდვილ ბანკებშია“.
ნოდარ გიორგაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტურული ქსელის კურატორი გახლდათ, აგენტი „კურატორი“ კი – მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თანამშრომელი. პოლკოვნიკმა ის ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩანერგა ქურდულ სამყაროში და მისგან უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს იღებდა. „კურატორის“ ნამდვილი ვინაობა მხოლოდ გიორგაძემ იცოდა. მართალია, დაშიფრული მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ინახებოდა, მაგრამ მათი გაშიფვრა, პოლკოვნიკის გარეშე, ურთულესი იყო.

გამქრალი „ობშჩიაკი“
„ქოჩორას“ მიერ შექმნილმა ქურდულმა „ენზემ“ ძალიან მალე დაიწყო შევსება და ძველ არბატზე მდებარე ქურდულ სეიფს ძვირფასეულობა ემატებოდა და ემატებოდა. „კორონა” თავის უზარმაზარ საიდუმლო-საბუღალტრო ჟურნალში საგულდაგულო ჩანაწერებს აკეთებდა თითოეული შენატანის შესახებ. ოცეულის „სხოდკა“ ყოველ სამ თვეში ერთხელ იმართებოდა და სხვა საკითხებთან ერთად, „კორონა” თავის კოლეგებს „ობშჩიაკის“ რაოდენობას აცნობდა ხოლმე. ორი წლის შემდეგ, ტრადიციულ „სხოდკაზე” ორლოვმა ქურდებს აუწყა, რომ „ენზეს“ ღირებულებამ 15 მილიონი მანეთი შეადგინა, რაც ფანტასტიკური თანხა გახლდათ. საქმის კურსში იყო პოლკოვნიკი გიორგაძეც, რომელსაც აგენტი „კურატორი“ სრულ ინფორმაციას აწვდიდა.
– ორ წელიწადში – თხუთმეტი მილიონი, თანაც, ეს მხოლოდ მთელი შემოსავლის ათი პროცენტია. ჰმ, ქურდული იმპერია ყვავის. ჩვენ, მილიცია კი, პირდაღებული ვუყურებთ, თუ როგორ იძარცვება ქვეყანა და მისი მოქალაქეები, –  თქვა გიორგაძემ, როცა „კურატორის” მორიგი ინფორმაცია მოისმინა.
– ამხანაგო პოლკოვნიკო, დრო ხომ არაა, ამ ქურდულ ბანკს დავეცეთ და ექსპროპრიაცია მოვახდინოთ? – უთხრა „კურატორმა“ გიორგაძეს.
– არავითარ შემთხვევაში. მაშინ ქურდებზე კონტროლს დავკარგავთ. სეიფს კი, აბა, ვინ ახლებს ხელს? შეივსოს. დაცემასა და ექსპროპრიაციას ყოველთვის მოვასწრებთ.
– რომ გავიშიფრო, მაშინაც ხომ დავკარგავთ კონტროლს?
– შენზე რა, ეჭვი შეიტანეს?
– არა.
– აბა, რაშია საქმე?
– გარედან რომ გავიშიფრო?
– გამორიცხულია, – თავი გააქნია გიორგაძემ, – შენ შესახებ სამინისტროში მხოლოდ მე ვიცი, სადაც დამცავი შიფრი დევს და მისი გასაღები, ასევე, მხოლოდ მე ვიცი. ამიტომ, სისულელეებზე ფიქრს მოეშვი.
ამ საუბრიდან სამი თვის შემდეგ, მილიციის პოლკოვნიკი ნოდარ გიორგაძე საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. ერთი თვის მერე კი, ძველი არბატის სარდაფის სეიფიდან ოცი მილიონის ღირებულების ქურდული „ობშჩიაკის“ „ენზე“ გაქრა. „კორონამ“ ცარიელი სეიფი რომ აღმოაჩინა, ადგილზევე გაუსკდა გული და ქურდულმა სამყარომ „კრისის“ ძებნა დაიწყო.
აგენტი „კურატორი“
საკავშირო ქურდული ობშჩიაკის „ენზე“ 1971 წლის 27 ივლისს გაქრა. ორი დღის შემდეგ კი, სასწრაფო „სხოდკა” შეიკრიბა, რომელზეც „ქოჩორამ” „ენზეს“ დაკარგვის ამბავი შეატყობინა კოლეგებს.
– „კორონა” გამოირიცხა. მას გული გაუსკდა და „კრისა” ჩვენ შორის უნდა ვეძებოთ. მხოლოდ ჩვენ ოცმა ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ, – თქვა „ქოჩორამ“, რაშიც დანარჩენი თვრამეტი ქურდიც დაეთანხმა და „სხოდკა“ დაიშალა.
მიუხედავად იმისა, რომ „ენზეს“ გამტაცებელს ინტენსიურად ეძებდნენ, შედეგი ნულის ტოლი იყო. მართალია, „ქოჩორა” უმწიკვლო ქურდი გახლდათ, მაგრამ „ენზეს“ მოსაძებნად, ქურდული კანონების დარღვევაზე წავიდა და პოლკოვნიკ იური კანარეიკინს შეხვდა. ის დაღუპული გიორგაძის ადგილზე ახალდანიშნული იყო. „ქოჩორა“ კანარეიკინს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ გაეცნო, როდესაც ახალგაზრდა მილიციელმა ის ბრილიანტის სამაჯურის ქურდობისთვის დააპატიმრა.
– გატყობ, მართლაც ძალიან სერიოზული საქმე გაქვს, თორემ არ შემხვდებოდა, – უთხრა პოლკოვნიკმა „ქოჩორას“.
„ქოჩორამ“ დაწვრილებით უამბო კანარეიკინს ყველაფერს და უთხრა:
– იური გავრილოვიჩ, ბევრი ვიფიქრე და დავასკვენი, რომ ჩვენს ქურდულ ოცეულში თქვენი აგენტი იყო ჩანერგილი, რომელმაც „ენზე“ წაიღო. ასეთი დამპალი კი არც ჩვენ გვაწყობს და არც თქვენ. ამიტომ გთავაზობ, „კრისა” გამიშიფრო. ხოლო ქონებას რომ დავიბრუნებთ, ნახევარი შენი იყოს. ათი მილიონი მანეთი პატარა ფული არაა.
– მეფური წინადადებაა. თავში რაღაც-რაღაცეებს დავალაგებ, – მიუგო პოლკოვნიკმა ქურდს.
– რამდენი ხანი დაგჭირდება?
– აქვე გეტყვი პასუხს, ცოტა დამაცადე, – მიუგო კანარეიკინმა „ქოჩორას” და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ათიოდე წუთის შემდეგ კი, უთხრა:
– მოკლედ, ასეა. ის, ვინც აგენტურასთან მუშაობდა, ორი თვის წინ ავარიაში დაიღუპა და მის ადგილზე მე ვარ. მის აგენტებზე წარმოდგენა არ მაქვს. სამინისტროში მათზე დაშიფრული ინფორმაცია არსებობს, მაგრამ შიფრის გასაღები არ ვიცი. მე ყოველმხრივ შევეცდები მის გაშიფვრას. ასე რომ, ჩემო კარგო, მთელი თქვენი „ენზე“ ერთმა კაცმა წაიყო და მე ამაში დარწმუნებული ვარ. თქვენთვის ის „ოცეულის“ ქურდია, სინამდვილეში კი – მილიციის აგენტი. დაელოდე ჩემს პასუხს და შენს კოლეგებში არ თქვა, რომ „კრისას” ეძებ, თორემ ის გაქრება.
პოლკოვნიკი კანარეიკინი აგენტი „კურატორის“ ვინაობის დადგენას შეუდგა. თუმცა, თავად აგენტმა იგრძნო საფრთხე და 1971 წლის 20 ნოემბერს, ცნობილი კანონიერი ქურდი, ერევნელი არამ გევორქიანი, მეტსახელად „კეხიანი“ მოულოდნელად გაქრა. მან 20 მილიონის ქურდული „ენზე“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტაცა და იქვე გარდაიცვალა 1994 წელს.
скачать dle 11.3