№23 რა ასაკიდან იწყებს კანი დაბერებას
კანი სხეულს გარეშე ნივთიერებების შეღწევისაგან იცავს, მაგალითად, ინფექციებისა და დასხივებისაგან. მას, რა თქმა უნდა, აღდგენის უნარი აქვს, თუმცა 25 წლის შემდგომ, ეს პროცესი ნელდება და რთულდება, რამდენადაც კანის უჯრედები უწინდელი ინტენსივობით აღარ იყოფიან. ანუ, თანდათან წყვეტენ განახლებას. ზედა შრე თხელდება და ქსოვილში იკლებს სითხისა და ცხიმის შემცველობა. ყველაფერში დამნაშავე კი – ოქსიდირების პროცესია, კერძოდ, კანის მოლეკულაში არსებული თავისუფალი რადიკალების – ოქსიდანტების „შეხვედრა” ჟანგბადთან.
ოქსიდანტები ძალიან ბევრ სასარგებლო პროცესშია ჩართული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ ორგანიზმისთვის. საშიშია მხოლოდ მისი მოჭარბებული რაოდენობა, რადგან ანადგურებენ მოლეკულებს, უჯრედებს. დნმ-საც კი შლის და იწვევს მუტაციას. სწორედ, თავისუფალი რადიკალების სიჭარბის ბრალია ისეთი დაავადებები, როგორიცაა: სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით კი, იმითაა საშიში, რომ ყველგან გვხვდება – საკვებში, ჰაერში, ორგანიზმის უჯრედებში.
ჩვეულებისამებრ, ჯანსაღ ორგანიზმს თავადვე შესწევს უნარი, გაუმკლავდეს ოქსიდანტებს. მაგრამ, მაგალითად, ინფექციური დაავადების გამო, იმუნური სისტემის დაქვეითებისას, ის თავდაცვას ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში საჭიროა გარეშე ჩარევა და დახმარება. ანტიოქსიდანტი თავად ბუნებამ შექმნა და გამწმენდის როლს ასრულებს – ანეიტრალებს უკვე არსებულ თავისუფალ რადიკალებს, აგრეთვე, ხელს უშლის ახლის წარმოქმნას.
ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია: A, C, E და K ვიტამინები. აგრეთვე, გლუტატიონი. რამდენადაც სახის კანი, უპირველესად ხდება თავისუფალი რადიკალების სამიზნე, მის დასაცავად უფრო სერიოზული ნივთიერებები უნდა გამოვიყენოთ. ასეთია ფლავონოიდი, რომელიც C და E ვიტამინებზე 10-ჯერ ეფექტურია. მაგალითად, წითელი ღვინის რეგულარულად, მაგრამ, მცირე ოდენობით მიღება, გულის შეტევის თავიდან არიდებაში გვეხმარება. მასში არსებული ფლავონოიდები, არა მხოლოდ წარმატებით ანეიტრალიზებს თავისუფალ რადიკალებს, არამედ, ასტიმულირებს ანტიოქსიდანტების გამომუშავებას ორგანიზმში. ეხმარება კანს თავდაცვის გაძლიერებაში.
დასახელებულ ნივთიერებას შეიცავს ბევრი ახალი თაობის სახის კრემი, რომელიც 25+ ასაკის ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი. ამიტომ, დამცავი საშუალების შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ ნივთიერებათა შემცველობასა და შემადგენლობას.
კანისთვის ყველაზე რეალურ საშიშროებას წარმოადგენს ნარუჯი. ულტრაიისფერი დასხივება მართალია, კანს ოქროსფერ ელფერს სძენს, მაგრამ სწორედ ის აქცევს ნეიტრალურ მოლეკულებს აგრესიულად. ანადგურებს რა უჯრედს შიგნიდან, ის მას დაუცველსა და უმწეოს ხდის.