№23 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-22(857)
ისტორია მეოცე
ფერადი ფიქრების სიბნელე
(მოქმედი პირი: ლადო, არატრადიციული ორიენტაციის)
ამიტომ ვიარე კარატეზე. მერე კუნ-ფუს შავი ქამარიც დავირტყი. ახლა იოგას და სუნთქვას ვამუღამებ. მედიტაციაში ისე გავდივარ სინათლეში, უკან დაბრუნება აღარ მინდა ხოლმე. თუმცა არც იქ მაჩერებენ დიდი ხნით. ეტყობა, არსად არის ჩემთვის ადგილი. ნეტა, იმ სინათლეშიც ამ ორიენტაციის გამო უნდა დავიჩაგრო? ესაა სამყაროს ჰარმონიული წყობა და სამართლიანობა? ვითომ ჩემი ბრალია, ასეთ ოჯახში რომ დავიბადე და იმთავითვე ერთი კაცი წამლად არ მყავდა გვერდით. ქალებმა კი რაც მოახლაფორთეს - ეს ვარ...
რაღაც დღეს სენტიმენტალურ ტალღაზე გამეღვიძა. რაშია საქმე, ლადო?! ხომ არ გეწყება მორიგი დეპრესიონერა? თუმცა არც ესაა გასაკვირი - ქვეყანა ხომ ისეთი ქრონიკული დეპრესიის მატარებელია, აქ სხვაგვარად იყო ადამიანი, ესაა საკითხავი, თორემ გულშემოყრილი და არეული, ზუსტადაც რომ ნორმაა. ჰოდა, ასე - აქ მაინც დავექვემდებარები სტანდარტსა და ნორმებს...
ისე, გუშინ მაგარი გავიწეწე. ის ტიპი ჩემზე „იდეინი“ აღმოჩნდა და კი მომიხაზა, მაგრამ ეს მოულოდნელობის ეფექტის ბრალია. დღეს უნდა ვნახო და „აბაროტი“ ავუღო, მე არ ვიყო ლადო ფორჩხიძე! ვიღაცა პიდერმა დამაგოიმოს... ნეტა, მეც ასე მომიხსენიებს სხვა? არა, მე რატომ? ყველამ ისიც, რომ ერთი ხელის მოძრაობით შემიძლია, სამუდამოდ დავაინვალიდო და ამის გაფიქრებასაც ვერ გაბედავს ვერავინ. აი, დიტო კი მეიაზვება ხოლმე, მაგრამ დიტოსგან არ მწყინს. ვიცი, გულში რაც აქვს და მიტომ.
ა, ძაღლი ახსენე და...
– ახლა ვფიქრობდი ზუსტად, გაგახსენდი თუ?
– როდის მყავდი დავიწყებული, დედუ? მაგრამ ახლა საქმიანი ვიზიტით ვარ შენთან და კარი გამიღო უნდა.
– არ მითხრა, რომ ამ უთენია ჩემს სადარბაზოსთან დგახარ!?
– არ გეტყვი! მაგრამ კარის გაღება მაინც მოგიწევს. მარტო არ ვდგავარ.
– გამოცანებით იწყებ დილას, დიტოიავ და არ წაიმტვრიო ცხვირი. მეორედ ოპერაციაც ვერ გიშველის, იცოდე...
– უფ, როგორ შემეშინდა! მიდი, გააღე ეს ცხრაკლიტული, რავა დამფრთხალი კურდღელივით ჩაკეტილხარ.
– უყურე შენ! ამ უთენია რატომ დგას ჩემს სახლთან და თან, მარტოც არ ვარო? ვითომ ის ამბავი გასკდა? თუ რამე ძველი კუდი გაახსენდა? არა, დიტო ისე არ დამადგებოდა სახლში. თან, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ. ვნახოთ, აბა. ისე, რა ინტუიცია მაქვს! გაფიქრებას ვერ ვასწრება და სიტუაცია ადგილზეა.
– უფ, რა ძვირი სანახავივით იქცევი, დედი, თითქოს არ გიცნობდე, - დიტო შინაურივით ჩაეხეთქა ლადოს საყვარელ მოწნულ სავარძელში და ფეხი ფეხზე შემოიგდო. ეგრევე სიგარეტს დაწვდა და ღრმად დაარტყა ნაფასი, - აბა, ახლა სმენა იყოს და გაგონება! მე აქ საქმით ვარ და არა გავლით. დაჯექი, გოგო, რას დამდგარხარ, გინდა, დაგვყარო უწყვილოდ ეს ანგელოზივით ბალღები? ჰოდა, ასე, ლადოს ჭირიმები, ხომ გეუბნები, უჩემოდ შენი გზა ჯოჯოხეთზეც ვერ გადაივლის და დამიჯერო უნდა. თორემ სადაც წახვედი, ყველგან მე რომ დაგხვდი, ატყობ?
– დიტო, არ ვიცი, რა გინდა და არც ქალი ვიცი რატომ მოიყვანე ჩემთან, მაგრამ დროულად თუ არ ამოღერღავ, იცი, შენ ჩემი ამბავი.
– ხოხ, ვინ არ იცის? თუმცა აგერ ამ ქალმა ჯერ არ იცის რა საჩუქარი ერგო და ბარემ გაიგოს - იცნობდე: თეო! შენი დაიკო. აი, ეს კი ლადო - შენი ძამიკო. თუმცა, ეს ბოლო ვერსია პაწა დასაბუთებას მოითხოვს...
– დიტო, ტვინი აგტკივდა, თუ გინდა აგატკიო, რაც ტვინის ნაცვლად გითუხთუხებს მაგ დაპომადებულ თავში
– თეო, ხომ გეუბნებოდი - საინტერესო სიურპრიზი გელის-მეთქი. აი, ეს არის შენი ძმა, თუ რა ვიცი, კიდევ რა ჰქვია ასეთ სანათესაოს. მე მოგიყვანე და ახლა თავში ქვა იხალეთ ორივემ, დავიღალე მე. რომელი უინსტონ ჩერჩილი მე ვარ ან თქვენ რიბენტროპ-მოლოტოვი.
– რაებს ჩმახავ, შე უბედურო, ისტორია არ იცი, არ იცი, მაგრამ ენას კბილი რომ დააჭირო - მაგდენსაც ვერ ახერხებ, ხომ...
– ლადო, დამაცადეთ. მე მართლა საქმე მაქვს და მართლა თქვენი, შენი.. მოკლედ, მე და შენ საერთო პაპა გვყავს და ეს მისი თხოვნით...
– ეგ ბებერი ავაზაკი, ბაგრატიჩი, ხომ?
– ასე ბაბუაჩემს ნუ ახ...
– ვითომ რატომ? არ არის ბებერი თუ ავაზაკური საქციელი არ ეკადრება?
– მე მისი თხოვნით მოვედი და მინდა...
– აუ, შენ შიგ ხომ არა გაქვს, „დაიკო“? რა ბაბუა, რის თხოვნა, რისი ნათესაობა? მე საკუთარ ოჯახს არ ვაძლევ უფლებას, დაუპატიჟებლად მომადგეს და შენ ვის დაკარგვიხარ?
– მე არავის დავკარგვივარ! ასეა, მაგრამ შენთან მოსვლა იმ კაცმა მთხოვა, ვინც გამზარდა, ვინც დარდობს, რომ შენ ვერ გაგზარდა და ახლა ვხედავ, მართალს ამბობს - გაუზრდელი და ხეპრე ხარ!
– ფრთხილად, გოგონი, არ მოსრიალდე, აქ ბაბუაშენის სახლი არ არის! და მე არ დამიპატიჟიხარ. დიტო, შე უდღეურო, ცოტა იყო, ეტყობა, შენთვის, რაც ჩემგან მიიღე და ვერ დაყენდი თუ?
– მე მხოლოდ მეგობრის თხოვნა შევასრულე. რას მერჩი, ლადო? და მოგიყვანე და ამის გამო ილანძღები? არა, მართლა არატრადიციული ადამიანი ხარ და ეგაა!
– წავიდეთ, დიტო, აქედან, ეს ტიპი აშკარად არ არის იმის ღირსი, მასზე დრო დავხარჯოთ. ბაგრატიჩი იმაზე მეტად უნდა დარდობდეს, თურმე, ვიდრე ჰგონია...
– სადარდებელი რა მაქვს შენი მოკლე ჭკუით? შენ რომ არ გგავარ, თუ შენი დაშტერებული ბებრუხანასავით რომ არ ვაკეთებ უბან-უბან ნაბიჭვრებს და არ ვყრი ღვთის ანაბარა? ადექით ახლა, აკრიფეთ ძონძები და გაეტიეთ აქედან, სანამ დაგნაყეთ და იმ გამოსირკუტუებულ ბებერს გადაეცი, დაივიწყოს ჩემი ასავალ-დასავალი. არ მყავს მე ოჯახი და მით უფრო, ბაბუა და დაიკო. ვაჰ, რა მარაზმია, ჩემი! გააჯვით აქედან და არსად გადამეყაროთ. შენ კიდევ, უბედურო დიტოია, გნახავ, როგორც საჭიროა და დაგელაპარაკები.
– არა, რა! დილაც ამას ჰქვია. რას მოვიფიქრებდი, რომ წარსულის აჩრდილები დამატყდებოდნენ. მაინც რა უცნაურია სამყარო. და ვერასოდეს გათვლი, მეორე წუთში რას დაგახვედრებს... ბაგრატიჩიო. ვახ, ეს ბებერი ძაღლი, მაშინ უნდა მიმეთეთქვა, პირველად რომ ფული შემომთავაზა. ახლა გაახსენდა, რომ ბებიაჩემი მიაგდო და დედაჩემი თვალითაც არ უნახავს. ან თუ ნახა, შვილად არ გაუზრდია და ოჯახის კაცი იყო, თურმე, ბოლომდე. ჰოდა დარჩი, შე პიდარასტო, ვინ გექაჩება ერთ ადგილას? გთხოვე რამე? ვინმეს სჭირდება შენი ფული და შენი ახლობლობა? რა არ გასვენებს... ეტყობა, მიქელ-გაბრიელმა ჩამოუქროლა და ატყდა შიშით. მაგრამ ვერ მოგართვი, მე შენი ცოდვების მომნანიებელი სახელოსნო როდი მაქვს. საკუთარიც მყოფნის. ეს გოგო კიდევ, ტუტუცი! რამ მოათრია უთენია ჩემთან. რას ელოდა, ნეტა? მკერდში ჩავიკრავდი და ავქვითინდებოდი, ბრაზილიური სერიალების დარად?
გადამრევს ეს ხალხი! სულ „ცისფერების“ არატრადიციულობაზე იხოკავენ ღაწვებს და თვითონ იმდენ საზიზღრობას სჩადიან და თანაც, ჩქმალავენ, თმა ყალყზე დაგიდგება კაცს. ჰა, ეს რა კალამბურია, - სად მაქვს თმა და საერთოდ, კაციც გადამეტებულია აშკარად. თუმცა, ბაგრატიჩისნაირ კაცებზე უკეთესი კაცი თუ არ ვიყო, ჩემი დედას ვფიცავარ! ნაბიჭვრები უნდა ვამრავლო მაინცადამაინც და მჯიღი ვირტყა ბანჯგვლიან მკერდზე, რომ ნაღდი ქართველის წოდების ღირსი გავხდე? რატომ არ ვარ ვითომ ნაღდი და მაგარი ქართველი? სად წერია, როგორი უნდა იყოს ქართველი? ვინ ასრულებს ამ წესებს, დამანახვეთ და ვილაპარაკოთ. ლოთობენ, უსაქმურობენ. სადღეგრძელოების კაცუნებად იქცნენ. ქალებს თურქეთში თუ საბერძნეთში მიერეკებიან, რომ სხვისი „სუდნოები“ ასუფთავებინონ მყრალმა მოხუცებმა. და ასე ნაშოვნი ფულით ეს ვაჟკაცები აქ დომინოს ურახუნებენ და „ტაბურეტკას“ გვირახუნებენ, აქაოდა, ქართველობას გვართმევენო. მითხარით, რატომ არის ასეთი კაცი - ნამდვილი ქართველი და მე არატრადიციული, „ცისფერი“ და მით უფრო, პიდერი?!
ჩემზე მეტად უყვარს სამშობლო და დედა იმას, ვინც საკუთარ დედას აგინებს წარამარა? ვინც თბილისში ქეიფობს, როცა სოხუმი იწვის და სამაჩაბლო ინგრევა? იმიტომ, რომ მაინცადამაინც ქალი უნდა გავჟიმო? ეს არის ქართველობის და ტრადიციულობის საკმარისი და აუცილებელი კომპონენტი? ამით განისაზღვრება კაცობა და ქართველობა? სხვა რა განსხვავებაა ჩვენ შორის? რით მჯობია ასეთი კაცი მე, ლადო ფორჩხიძეს? ჰოდა, სანამ პასუხი არ გაქვთ და სანამ ასეთები ხართ, თქვენი დედების მეც და გაიკმინდეთ ხმა...
ლადო დაჭრილი ლომივით ბდღვინავდა და საკუთარი ბუნაგის კედლებს აწყდებოდა. ეს მერამდენედ არწმუნებდა თავს, რომ სხვაზე ნაკლები არაფრით არის. რომ იყო ქართველი, სულაც არ ნიშნავს იყო ჰეტეროსექსუალი. და რომ კაცობა და ადამიანობა იმით არ განისაზღვრება, ქალს ჟიმავ თუ კაცთან გირჩევნია ჩახუტება... არწმუნებდა ლადო საკუთარ თავს და ვერა და ვერ უჯერებდა... მაინც იყო რაღაც და სადღაც, რაც ეწინააღმდეგებოდა და ვერა და ვერ იყოლიებდა ამ უხილავ მტერს, რომელიც ასე მტრულად და მუხანათურად ერჩოდა. ღრღნიდა და მოსვენებას უკარგავდა. და როცა თავს წამოყოფდა, იცოდა ლადომ, რომ ის დღე გამწარებული იყო. დღევანდელი დღის სიმწარე კი მთლად დიტოს მხრებზე დაწვა. კარგი დღე არ ელოდა ამის გამო დიტოია ბოთეს და ახლა ლადო შურისძიების გეგმის დასალაგებლად ცდილობდა საკუთარი აშლილი ვნებების დალაგებას.
ისტორია მეოცე
ჯადო-მადო, ანუ როგორ გამოვაშტეროთ ქმარი
(მოქმედი პირები: ეკა, ლანა და ლელი)
ლაშას მოვატყუე, სასაფლაოზე წასვლას არ ვაპირებდი, იმიტომ კი არა, რომ მეზარებოდა. დღეს არ მინდოდა, რატომღაც. მაგრამ ლაშას საზოგადოებას მეტს ვეღარ გავუძლებდი. არასდროს ვარჩევ, ადამიანი ცუდია თუ კარგი, ეგ ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, თუ მამძიმებს, ვწყვეტ კონტაქტს, თუ კონტაქტის გაწყვეტა შეუძლებელია, მინიმუმამდე დამყავს. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, რომ უგულო ვარ. ოღონდ მე არ ვეთანხმები, უგულო რატომ ვარ, შემაწუხებელ ადამიანებს რომ არ ვატანჯვინებ თავს?! თუ ვინმეს მოსწონს ტანჯვა, იტანჯოს, მაგრამ მე „პას“. გმადლობთ, არ მინდა და ისიც სულ გადადებული ფეხის ცერზე მკიდია, ვის არ მოეწონება. თუ არ მოეწონება და, ცივი წყალი დალიოს, ოღონდ საკუთარი მაცივრიდან.
ისე, მგონი, რაღაც მჭირს და გავლევ სიცოცხლის ბოლო წლებს კატების ან ძაღლების გარემოცვაში. არა, მაინც რომელი ჯობია: კატა თუ ძაღლი?! იქნებ – ორივენიცა?! ვიფიქრებ მაგ საკითხზე. ესეც ასე – ეს პრობლემაც მოვაგვარე. როგორ ამბობდა სოკრატე? სიამაყე მარტოობის ერთადერთი მეგობარიაო?! ეტყობა, არ იცოდა, რომ კატაც გამოდგება მაგ საქმისთვის და ძაღლიც. ვარ თუ არა სოკრატეზე ჭკვიანი?! რა თქმა უნდა – ოღონდ არ მაფასებს ეს უმადური კაცობრიობა.
რა უნდა მჭირდეს?! ჯადო ხომ არ მაქვს გაკეთებული?! სულ გავრეკე – ჯადო არა, კიდევ შპიონები დამსდევენ, ეკამ არ გაბედოს პირადი ცხოვრების მოწყობაო?!
ვითომ, რატომ არ შეიძლება, ჯადო მქონდეს გაკეთებული?! და ვის უნდა გაეკეთებინა?! აბა, მე რა ვიცი?! ცოტაა მოცლილი?! ლანაც საეჭვოდ დუმს, ლელისთან, აბა, რისთვის მივიდა?! გენიოსი ვარ – ნამდვილად რაღაც უნდა, რომ უხიმანდროს ზურას. ნეტავ, რა თავში იხლიან ასე დაჭერილ კაცებს, გინდა ქმარი იყოს და გინდა – საყვარელი?! გამორიცხულია, მე ასე გამოვშტერდე.
მაგრამ აი, საგვარეულო წყევლის მჯერასავით. მოდი და, ნუ დაიჯერებ, ოთხი გვარი ამოგვიწყდა უკვე. ვითომ დამთხვევაა?! უცნაური დამთხვევა კი არის. ბებიაჩემი რა საშინელ ისტორიას მიამბობდა ხოლმე?! გახსენებაც არ მინდა, ისე მზარავს. არა, მაინც როგორ გაიმეტა ძმამ ძმა?! ვითომ მართალია ეს ამბავი?! ერთი დედაჩემს თავიდან უნდა მოვაყოლო. იქნებ რამეს მივხვდე, რატომ არ მეპიტნავებიან ეს კაცები. იქნებ ქალები მომწონს?! არააა – ქალები არ მომწონს კატეგორიულად! ამ საქმეში გრანტებიც რომ თავზე დამაცვივდეს, ქალი გამორიცხულია!!!
აბა, რა ჯანდაბა მინდა?! რა მინდა და, უნდა გავარკვიო, მაქვს თუ არა ჯადო. აჰა, აი, ესეც – დაილოცა „გუგლი”, ყველაფრის პასუხი აქ არის…
თუ ლოგიკურად ვიმსჯელებ, უნდა მქონდეს მარტოობის ჯადო… აი, ეს იქნება… და როგორ უნდა გავიგო?! ოპა – ეს მეთოდი მარტივია. ამას ახლავე გავაკეთებ და გავიგებ ყველაფერს. მაგრამ სად ვიშოვო ახლა მე სოფლის კვერცხი?! ქარხნულიც შეიძლება, თურმე, თუ მაცივარში არ არის ნამყოფი. მეზარება… არა, არ მეზარება. ჩავალ მარკეტში და ვიყიდი.
ვინ რეკავს, ახლა ხელს ვერ შევიშლი. მერე გადავურეკავ, არ მგონია, ვინმე იღუპებოდეს, თუ ჩემს ხმას ვერ გაიგონებს…
ესეც კვერცხი, მაცივარში არ ყოფილა, იმედია. ჰო, რა უნდა გავაკეთო? წყალი ავავსო ჭიქაში. ჩავახალო კვერცხი ისე, რომ გული მთელი დარჩეს. კარგია. და მერე? მერე ჭიქა დავიდო კეფაზე და გავიჩერო სამ წუთს.
ვაჰ, რა ნელა გადის დრო. გამიშეშდა ხელი. ორივეთი დავიჭერ… თავზე არ გადამესხას. ახლა რომ ვინმე მიყურებდეს, ხომ იფიქრებს, გააფრინა ამ საცოდავმაო. ესეც ასე, აბა, ვნახოთ, რა მჭირს. როგორ ეწერა? თუ წყალმა ბუშტუკები გაიკეთა, სუსტი ჯადო გაქვთო, თუ ცილა თეთრ ხაზებად დაეკიდა წყლის ზედაპირს, დაგერხათო…
ვაი – ერთიც და მეორეც!!! არაა – სისულელეა! კვერცხით რომ ეს დგინდებოდეს, ამდენი მჩხიბავი კი არ იქნებოდა?! ვაა – ლელი მირეკავდა, თურმე. ნეტავ, რა უნდოდა?!
– ლელიკო, საყვარელო, ვერ გიპასუხე, ხელები მქონდა დაკავებული. არა მიშავს, შენ ხომ კარგად?! ლანამ არ გიპასუხა? მგონი, სახლში უნდა იყოს. ვეტყვი, რომ დაგირეკოს. დღეს უნდა მოვიდეს?! ვეტყვი, კაი, გკოცნი. კი, მეც გამოვყვები, – ტელეფონი გავთიშე და ხმამაღლა მივმართე ლანას, სანამ მის ნომერს ვეძებდი ტელეფონში: ლანა, ლანა, აი, დღეს კი შანსი არ გაქვს, ვერ „მომტეხავ“, სულ დაწვრილებით უნდა გავიგო, რას უპირებ შენს ზურას. ისე, კი დადგა დრო, ცოტა უწესოდ მოვიქცე, ამოვიდა ყელში ეს წესიერება. ადამიანები მაინც იმას ფიქრობენ შენზე, რაც უნდათ, რომ იფიქრონ, თავით სულაც მარილი რომ დაუნაყო. ჰოდა, ცოტას მეც ვიცუღლუტებ. ბოროტი ვარ? არაა – ბოროტი არ ვარ, უბრალოდ, როგორც მექცევიან, ვცდილობ, ისეთივე ხურდა დავუბრუნო. სახლიდან ასე მარტივად ვერ გავა, მე დავჭირდები, როგორც ალიბი და ზურგი. ამიტომაც მე – შენ, შენ – მე, ლანა, ძვირფასო.
– ლანა, ჰო, ეკა ვარ. ლელიმ დამირეკა, ვერ დაგიკავშირდა, დღეს უნდა მოვიდესო… აუცილებლადო და ისიც წამოიღოს, რაც ვუთხარიო… მე მხოლოდ ამბავი გადმოგეცი. საქმეები მაქვს, თორემ ხომ იცი, უარს არ გეტყოდი, თან, ისევ არ მინდა, რომ გამომაბუნძულოთ… ვხუმრობ, ვხუმრობ… რა პრობლემაა სახლიდან გასვლა? სადაც გინდა, იქ წახვალ. პრობაციონერი ხომ არ ხარ, რომ შენი გადაადგილების კოორდინატები ამცნო ერსა და ბერს?! თუ რამეს მოვახერხებ, დაგირეკავ ნახევარ საათში. ვნახოთ, ვერაფერს გპირდები, მთლად ჩემს იმედად ნუ იქნები.
არ მომწონს, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ ისიც რომ არ მომწონს, ასე რომ მექცევიან?! ცოდვაა, გავყვები და კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ მაინტერესებს მათი ოჯახის ამბავი. ღმერთმა მოახმაროს ის თავისი ზურა, თუ ასე უნდა. ბოლოს და ბოლოს, იმ დილემის წინაშე მაინც არ დადგება სიბერეში, კატა იყიდოს თუ ძაღლი?! – ჩავილაპარაკე ისევ ხმამაღლა და ლანას დავურეკე, აბა, რა ჩემი წონითი კატეგორია იყო ლანა, რომ ასეთი სულმდაბლობა გამომეჩინა და ლელისთან არ წავყოლოდი?!
გაგრძელება შემდეგ ნომერში