№23 ლავრენტი ბერიამ მოსკოვის შემდეგ ცხელი წყლით მხოლოდ თბილისი უზრუნველყო
ცნობილია, რომ ლავრენტი ბერია უფრო მეტად სისხლიანი ჯალათის სახელითაა ცნობილი, ვიდრე წარმატებული აღმშენებლისა, არადა, ამ არაორდინალურმა ადამიანმა უფრო მეტი ააშენა და რომ იტყვიან – დაამშვენა, ხოლო დანგრევით კი, თითქმის არაფერი დაუნგრევია... პროფესორი სიმონ მალიშევი წერს: „ლავრენტი ბერია თავისი ნატურით აღმშენებელი, შემქმნელი იყო და არაფერი დაუნგრევია, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანების ცხოვრებას, ვინც „ბერიასეულ წმენდაში“ მოყვნენ. თუმცა, როგორც ამ ბოლო დროს ხდება ცხადი, ცნობები ბერიას ჯალათობაზე, როგორც მარკ ტვენი ამბობს, „ოდნავ გადაჭარბებულია...“ ხუმრობის გარეშე კი – თავის კოლეგა პოლიტბიუროს წევრებთან შედარებით, ლავრენტი ბერია რეპრესიების მხრივ „ფრთიანი ანგელოზი“ და „უმწიფარი ბავშვია“, როგორც მას პროფესორმა ვიტალი სავინმა უწოდა 1954 წელს ირონიით ხრუშჩოვის ჯინაზე და ეს ცნობილი ადამიანი სულ რაღაც ერთ თვეში, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. სინამდვილეში კი, ხრუშჩოვის ბრძანებით, ბერიას დაცვისთვის მოწამლეს და თავიდან მოიშორეს. არადა, სავინი ჯერ კიდევ 1932 წელს მიიწვია ბერიამ თავისთან სამუშაოდ და მაშინ ძალიან ახალგაზრდა, ყველასთვის უცნობი მეცნიერ-ურბანისტი, საყოველთაოდ ცნობილ პიროვნებად აქცია. ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე, ვარლამ ადამია იხსენებდა: „ლავრენტი პავლოვიჩი, ჩეკისტური წარსულისა და კარიერის მიუხედავად, მაინც შემოქმედი იყო – ისეთი, „ხაზიაისტვენიკს“ რომ უწოდებენ...“ ვარლამ ადამია 1953-1955 წლებში ბერიას გამო ციხეში იჯდა. შემდეგ ის გაათავისუფლეს, უცხოეთში გაიქცა და პერიოდულად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში მოგონებებს აქვეყნებდა თავის შეფზე. ერთ-ერთ ასეთ მოგონებაში წერდა: „გახდა რა საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი, ბერიამ თავისი აპარატი შეგვკრიბა და ყველას სხვადასხვა დავალება მოგვცა და სხვადასხვა მიმართულება დაგვისახა – რომ იტყვიან, ყველაფერი საფუძვლიანად დაგვიღეჭა. მე, ეგრეთ წოდებული, ურბანული მიმართულება ჩამაბარა. თავისთან დამიბარა და მითხრა:
– ვარლამ, იცოდე, ერთ კვირაში თბილისის მოწყობა-განვითარების ყველა პლუს-მინუსი უნდა ვიცოდე და აბა, შენ იცი, არაფერი გამოგეპაროს. ყველაფერი ზუსტად აღწერე და მომახსენეო.
რა დასამალია და, ლავრენტი პავლოვიჩი თავისი აპარატის ყველა მეგრულის მცოდნე მუშაკს, ძალიან ხშირად მეგრულად გველაპარაკებოდა. მეც მეგრულად მითხრა ეს ყველაფერი და გამომისტუმრა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრთა ოთხმოცდაათი პროცენტი მეგრული იყო და რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა ეს ენა. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ბერიას უახლოეს გარემოცვაში ასევე, ძალიან ბევრი იყო სომეხი და უკლებლივ ყველამ, კარგად იცოდა მეგრული (მათ ის სპეციალურად შეასწავლეს) და ხშირად თავის შეფს მის მშობლიური კუთხის ენაზე ელაპარაკებოდნენ. შემდგომში ბერიას საქმეზე გასამართლებული და სიკვდილით დასჯილი (დახვრიტეს) ბერიას უახლოესი მეგობარი, აზერბაიჯანელი მირ ჯაფარ ბაგიროვი, სუფთად, უაქცენტოდ ლაპარაკობდა მეგრულად. ერთი სიტყვით, ბერიას გარემოცვა „მეგრელი და არამეგრელი მეგრელებით“ (სერგო გოგლიძის ფრაზა) იყო სავსე.
ვარლამ ადამიას მოგონებაში ვკითხულობთ: „ზუსტად ერთ კვირაში ბერიას დავალება შევასრულე და რომ წაიკითხა, მითხრა:
– მდაა, ჩვენ ბობოლა მაღალჩინოსნებს, რომლებიც კეთილმოწყობილ, კომფორტულ გარემოში ვცხოვრობთ, გვგონია, რომ უბრალო, რიგითი ხალხიც ასე ცხოვრობს, – ბერიამ ხელი დაადო ჩემს მოხსენებას, – სიმართლე აქ წერიაო.
ერთი სიტყვით, როგორც ბერიამ ჩათვალა ჩემი მოხსენებიდან, იმ პერიოდში თბილისისთვის ყველაზე აუცილებელი „წყლის პრობლემის“ მოგვარება იყო და სასწრაფოდ მისი გადაწყვეტისთვის დაიწყო ზრუნვა. საამისოდ კი, მოსკოვიდან 27 წლის ახალგაზრდა მეცნიერ-ურბანისტი ვიტალი სავინი ჩამომაყვანინა, რომელსაც დაჟინებული ძებნის მერე მივაგენი და ბერიას მივუყვანე. სწორედ თბილისში და თბილისის მაგალითზე გააკეთა სავინმა ორი დისერტაცია, რომლებიც მოსკოვში დაიცვა და მთელ საბჭოეთში ძალიან გაითქვა სახელი. სავინის გაკეთებულია თბილისის პირველი წყალმომარაგების სისტემა. მან კარგა ხანს იმუშავა და საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ცივი, გაფილტრული სასმელი და ცხელი წყალი, რაც მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებისთვის დიდი ფუფუნება იყო... იმ პერიოდში მხოლოდ მოსკოვის ნაწილს ჰქონდა ცხელი წყალი და მთელ თბილისს, ხოლო სასმელი წყალი კი, საქართველოს დედაქალაქში საუკეთესო იყო, არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ ევროპაში და ეს პირადად ლავრენტი ბერიას დამსახურება გახლდათ. ბერიასვე ძალისხმევით და სავინის რჩევით, ფიზიოთერაპევტმა მიხეილ ზანდუკელმა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი დააარსა და ბუდაპეშტისა და ვენის მსგავსად, თბილისიც დედაქალაქ-კურორტად გადაიქცა...“
სხვათა შორის, ბერიას უკვე მზად ჰქონდა გრანდიოზული პროექტი, რომელიც მიხეილ ზანდუკელსა და ვიტალი სავინს დაამუშავებინა. მის მიხედვით, თერმული წყლების ტერიტორიის რადიუსი უნდა გაზრდილიყო და იმ მიდამოებში, ბალნეოლოგიურ-თერმული ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ზონა უნდა მოწყობილიყო. უნდა აეშენებინათ სასტუმროები და შეძლებისდაგვარად, თერმული წყლები უბრალო მოქალაქეების ბინებშიც უნდა შეეყვანათ, რაც უპრეცედენტო იქნებოდა მსოფლიო ურბანიზმის პრაქტიკაში. თუმცა, ამ პროექტის განხორციელებას ბერიას ვერაგულმა მკვლელობამ შეუშალა ხელი და ის გააუქმეს.
თურქეთში გადახვეწილი ვარლამ ადამია წერდა: „ვიტალი სავინი მხურვალე ბერიისტი იყო, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი. თურმე, საქართველოს იმჟამინდელ ხელმძღვანელობას დაუბარებია ის და უთქვამთ, თავი დაენებებინა ბერიას ქება-დიდებისთვის.
– ეს ხრუშჩოვის სურვილია, – უთქვამს სახელოვანი პროფესორისთვის ძალიან მაღალი თანამდებობის პირს. ვიტალი სავინს კი, იმ მაღალჩინოსნის კაბინეტიდან გასვლის წინ მეგრულად ჩაულაპარაკია: ხრუშჩოვის ნაბიჭვარი დედაცო... ეს კი მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი გახდა...“
ალბათ, ძალიან საინტერესო ფენომენია ის, რომ ბერიას გარემოცვის წევრები, ყველა უკლებლივ (ეროვნების მიუხედავად), უნაკლოდ ფლობდა მეგრულს და ასეთი რამ ალბათ, მათი შეფის (ბერიას) პატივისცემით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე მისი შიშით. როგორც ბერიასთან დაახლოებულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავდა, ბერიასთან მუშაობისას, ყველა დიდი პატივისცემით იყო განმსჭვალული თავისი შეფის მიმართ და შიში არაფერ შუაშია. ალბათ, მეგრულის ცოდნაც ბერიას პატივისცემის ხაზგასმით იყო გამოწვეული, რადგან ეს არაორდინარული, უნიჭიერესი კაცი, ნამდვილი პროფესიონალი, შემოქმედი გახლდათ. ყველაზე დასაფასებელი ისაა, რომ „ჩეკაგამოვლილი“ ბერია აბსოლუტურად თავისუფალი იყო პოლიტიკური სწორხაზოვნებისგან, რაც უკლებლივ ყველა ძალოვან მინისტრს ახასიათებს“.