№23 როგორ დასცინოდნენ ივანე ჯავახიშვილს, როდესაც მეცნიერი უნივერსიტეტს ქმნიდა და რა ბრალდებით გააძევეს ის იქიდან
„გიმნაზიაში სწავლის დროს ივანეს ინტერესი ისტორიისადმი განსაკუთრებით გამოიკვეთა. იგი გატაცებით სწავლობდა ლიტერატურას, ისტორიას, ძველსა თუ ახალ ენებს. წერდა რეფერატებსა და მოხსენებებს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე, სადაც სპეციალურ საგნად აირჩია საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესწავლა (წყარო: ბურუსი). როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება ნაშრომისთვის – „ანდრია მოციქულისა და წმიდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“. პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა. უნივერსიტეტში სწავლისას ივანე ჯავახიშვილმა სოლიდური განათლება მიიღო. ის დაეუფლა მთელ რიგ აღმოსავლურ, კლასიკურ და დასავლეთ-ევროპულ ენებს. თავისუფლად იყენებდა ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სპარსულ და სირიულ წყაროებს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1899 წელს, ივანე ჯავახიშვილი ნიკო მარის მოთხოვნით და აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით, დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. ორი წლის მუშაობის შემდეგ, 1901 წლის 27 იანვარს, მან ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო „ქართული სიტყვიერების მაგისტრანტის” ხარისხი.
სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ივანე ჯავახიშვილი უცხოეთში მიავლინეს. 1901-1902 წლებში ის მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც ისმენდა ევროპის გამოჩენილ სპეციალისტთა ლექციებს. გერმანიაში ყოფნის დროს მან არაერთი წინადადება მიიღო ძველი ქართული მწერლობის ძეგლების გერმანულად თარგმნისა... კ. შულცესთან ერთად გერმანულად გადათარგმნა და გამოკვლევა დაურთო იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებას”. ცნობილია, რომ პროფესორი ა. ჰარნაკი, მოხიბლული ივანე ჯავახიშვილის ღრმა ცოდნით, დაბეჯითებით სთხოვდა მას, ბერლინის უნივერსიტეტში დარჩენილიყო სამუშაოდ.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 1902 წელს ივანე ჯავახიშვილი ნიკო მართან ერთად, გაემგზავრა შუასაუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს საზღვარგარეთულ კერაში — სინას მთაზე, იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერების გამოსავლინებლად და შესასწავლად. ორი დიდი მეცნიერის ამ ექსპედიციამ ქართულ მწერლობას ბევრი ახალი, მანამდე უცნობი ძეგლი შესძინა. მრავალი უცნობი ძველი ქართული სამწერლობო ძეგლი გადმოიწერეს ან ფოტოზე გადაიღეს.
ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტის თანამდებობა შესთავაზეს, სადაც მოღვაწეობდა 1917 წლამდე...
ზაფხულობით ივანე სამშობლოში ჩამოდიოდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე. ეს ლექციები მსმენელი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა. მას დიდძალი ხალხი ესწრებოდა. 1913-1914 წლებში ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა თავისი შრომის – „ქართველი ერის ისტორიის” პირველი ორი ტომი. ეს იყო დიდი მოვლენა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ფაქტობრივად, ამ შრომის გამოქვეყნებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეცნიერულ ისტორიას. სწორედ ასე აღიქვა ეს მოვლენა ქართველმა საზოგადოებამ. ამიტომაც იყო, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წერილი მისწერა ივანე ჯავახიშვილს: ჩვენ კონკურსი გამოვაცხადეთ საქართველოს ისტორიის საკითხებზე გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად. გთხოვთ, თქვენი ნაშრომი წარმოადგინოთ კონკურსში მონაწილეობისთვის. ეჭვი არ არის, რომ თქვენი „ქართველი ერის ისტორია” უთუოდ გამარჯვებული შეიქნებაო. ივანე ჯავახიშვილის პასუხი ამ თხოვნაზე საოცარი თავმდაბლობისა და მაღალი ზნეობის იშვიათი ნიმუშია. მადლობას გიძღვნით მოწვევისთვის, მაგრამ იძულებული ვარ, უარი გითხრათ თქვენს თხოვნაზე ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, მე ჩემი პრივატ-დოცენტობა საშუალებას მაძლევს, იმდენი სახსარი მქონდეს, რომ მუშაობაში ხელი არ შემეშალოს. მეორეც, კონკურსში გამარჯვება და სახელი ახალგაზრდა მეცნიერებს უფრო სჭირდებათ. ზნეობრივი არ იქნება ჩემი მხრივ მათთვის გზის გადაღობვაო...
ნანატრი უნივერსიტეტი
...1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი თავის თანამოაზრეებთან, შალვა ნუცუბიძესთან, იოსებ ყიფშიძესთან, აკაკი შანიძესთან ერთად, სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების – უნივერსიტეტის დაარსებისთვის.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი; თანადამფუძნებლები – გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.
ბევრი თვით ქართველ საზოგადოებაშიც ეჭვის თვალით უყურებდა ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეას. „რამდენი იყო ჩვენში 1917 წელს — ამბობდა შემდეგში ის, — ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც ან მთელი ეს კამათი სასაცილო გულუბრყვილობად მიაჩნდა, ანდა მის გაგონებაზე ღიმილი მოსდიოდა. რამდენი გვყავდა ბრძენი დამრიგებელნი, ჭკუის მასწავლებელნი და წინასწარმეტყველნიც კი, რომელნიც, მათი ღრმა რწმენით, სრულებით უნიადაგო და უიმედო განზრახვისგან ხელის აღებას გვირჩევდნენ. ისეთებიც ხომ იყვნენ, მათ შორის მეცნიერებიც კი, რომელთაც მთელი ეს გეგმა და დაწყებული საქმე თვით ქართველებისთვისავე დამღუპველად ჰქონდათ პრესაშიც კი“... ივანე ჯავახიშვილი გამოდის ლექცია-მოხსენებებით და საზოგადოებას უმტკიცებს ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას. „დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას, — აღნიშნავდა ის, — ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან, თუ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს”. სამეცნიერო ჯგუფმა გაშალა ფართო მუშაობა უნივერსიტეტისთვის საჭირო სახსრების შესაგროვებლადაც. მართალია, დროებითმა მთავრობამ, ფაქტობრივად, უარი თქვა თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე და მის ნაცვლად, აქ რუსული უნივერსიტეტის შექმნა გადაწყვიტა, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციამ ამ მთავრობასთან ერთად, მისი ეს განკარგულებაც გააუქმა და უნივერსიტეტის გახსნისთვის უკანასკნელი დაბრკოლებაც მოხსნა.
რევოლუციიდან უკვე მეორე დღეს – 28 თებერვალს ივანე აკაკი შანიძესა და შალვა ნუცუბიძეს ეტყვის: დაყოვნება დაუშვებელია, ხვალვე, ანუ 1 მარტს, უნდა შევიკრიბოთ და ქართული უმაღლესი სკოლის საკითხი განვიხილოთო. ივანე ჯავახიშვილის ბინაზე ეს შეხვედრა მართლაც 1 მარტს შედგა. შემდეგში, 1938 წელს ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა: ჩვენ მაშინ ვერ ვგრძნობდით, რომ „ისტორიულ საქმეს ვაკეთებდით”. ეს რომ ასე იყო, ისიც ადასტურებს, რომ „ოქმიც კი არ შეგვიდგენიაო”.
ფაქტი კი ფაქტად რჩება. სწორედ ამ კრებაზე ჩაეყარა საფუძველი კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების საქმეს. უნივერსიტეტის დამხმარე საზოგადოების 1917 წლის 3 და 8 ოქტომბრის საერთო კრებების შემდეგ, მთელ საქართველოში აზვირთდა სახალხო ენერგია უნივერსიტეტისთვის ფულადი სახსრების შესაგროვებლად.
უნივერსიტეტისთვის ფულადი შემოწირულობები შემოდიოდა საქართველოს ყოველი კუთხიდან. ცნობამ უნივერსიტეტის დაარსების თაობაზე, უდიდესი სიხარული გამოიწვია უცხოეთში მცხოვრებ ქართველებშიც. შემოწირულობები შემოდიოდა მოსკოვში, ხარბინში, ტაშკენტში, ერევანში მცხოვრები ქართველებისგანაც. ოვანეს თუმანიანის პირით, სომეხი ხალხის საუკეთესო შვილები მიესალმებოდნენ ქართული უნივერსიტეტის გახსნას... დაიწყო ლატარიის გათამაშებაც, რომლის შემოსავალი მთლიანად უნივერსიტეტის ფონდში ირიცხებოდა. 9 ოქტომბერს უნივერსიტეტის დამხმარე საზოგადოებამ და საფინანსო კომისიამ ივანე ჯავახიშვილს, პეტრე მელიქიშვილსა და ანდრია რაზმაძეს დაავალა ქართული უნივერსიტეტის პროფესორების მოწვევა და პროფესორთა კოლეგიის შედგენა. მალე ივანე ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა (ანდრია რაზმაძე ჯერ კიდევ მოსკოვის უნივერსიტეტში იმყოფებოდა) წარმოადგინეს ქართველ მეცნიერთა სია... 1918 წლის 13 იანვარს, უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველმა სხდომამ განიხილა უნივერსიტეტის რექტორის არჩევის საკითხი.
ყველას აზრი ერთმნიშვნელოვანი იყო: ქართული უნივერსიტეტის პირველი რექტორი უნდა ყოფილიყო ივანე ჯავახიშვილი. მაგრამ ივანე სიტყვას ითხოვს და ამბობს: „პეტრე მელიქიშვილი ცნობილი მეცნიერია, რუსეთშიც და უცხოეთშიც, და მისი არჩევა დიდ პრესტიჟს შეუქმნის ჩვენს უნივერსიტეტს…”
1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს) ქართული უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტში არსებულ ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად, ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს.
პეტრე მელიქიშვილი შემდეგში აღნიშნავდა: „ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა. აქ მას ვერავინ შეეტოქება და შეეზიარება”... ცნობილი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი წერდა: „ივანე ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთი — გუთნისდედობა თვით ქართული, მძიმე, ღრმადმხვნელი გუთნისა… ჯავახიშვილის მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო. ქართული გიმნაზიის შენობა მან გვიქცია ეროვნული დიდების ტაძრად, მისი პირველი უნივერსიტეტის სავანედ”. ქართული უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი მაღალი მეცნიერული ღირსებითა და კომპეტენტურობით წარმართავდა უნივერსიტეტის საბჭოსა და გამგეობის მუშაობას. ეს მუშაობა უაღრესად ძნელ პირობებში მიმდინარეობდა. მელიქიშვილი ემყარებოდა პრინციპს, რომ რექტორი უნივერსიტეტის თანასწორ პროფესორთა შორის ერთ-ერთია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის რექტორის მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებდა, მაგრამ ერთ თუ ორ პროფესორთან სიტყვიერი ინციდენტი შეემთხვა, რომლის შემდეგაც, ამ მაღალი ზნეობისა და პიროვნული ღირსების მქონე მეცნიერმა აღარ ისურვა თანამდებობაზე დარჩენა... ამის შემდეგ მთელი ორი თვის განმავლობაში რექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო. ივანე ჯავახიშვილი არა თუ რექტორობას არ თანხმებოდა, არამედ დეკანობიდანაც გათავისუფლებას ითხოვდა.
1919 წლის 17 დეკემბრის პროფესორთა საბჭოს სხდომას ივანე არ დაესწრო, საბჭოს თავმჯდომარის სახელზე კი წერილი დატოვა: „ბატონო თავმჯდომარევ! თუ ვინიცობაა, პროფესორთა საბჭოს კრებაზე ჩემი კანდიდატურა წამოყენებულ იქმნა, უნივერსიტეტის რექტორობის თანამდებობაზე არჩევის დროს, გთხოვთ, ჩემი წერილობითი განცხადებით აუწყოთ საბჭოს. მე უარს ვამბობ, მეტისმეტი დაღლილობის გამო, კანდიდატურაზე და თანაც, გთხოვთ, იმ პირთა სიითგან, რომელთაც რექტორობაზე კენჭი ეყრებათ, ჩემი გვარი ამოშალოთ”.
17 დეკემბრის სხდომამ ივანე ჯავახიშვილი ერთხმად აირჩია რექტორად. სხდომაზე სხვა კანდიდატურა არც განხილულა.
1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია. ქვეყნის დამოუკიდებლობის გადასარჩენად, დაირაზმა ქართული მხედრობა, ინტელიგენცია, სტუდენტი-ახალგაზრდობა. ბოლშევიკების მიერ თბილისის აღების შემდეგ, უნივერსიტეტს წითელარმიელების შემოჭრის საფრთხე დაემუქრა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წესრიგის დაცვა მოითხოვა… 1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში. შენობა ვეღარ იტევს ხალხს. მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართველი მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი, ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს: „შვილებო! ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!” ივანე ჯავახიშვილის გაუტეხლობამ და პრინციპულობამ თავისი გაიტანა – უნივერსიტეტი აოხრებას გადაურჩა... 1923 წლის 30 მარტს, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ივანე ჯავახიშვილი ახალი ვადით აირჩია რექტორად. სამწუხაროდ, მალე საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დაიწყო ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ ცილისმწამლებლური კამპანია, რასაც 1926 წლის 23 ივნისს, მისი რექტორობიდან გათავისუფლება მოჰყვა... ბევრი მოქალაქე გრძნობდა ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის უსამართლობას, ჩუმად თანაუგრძნობდა, მხარდაჭერის გამომხატველ წერილებს უგზავნიდა სახლში, მაგრამ ხმამაღლა, საჯაროდ, მის გამოქომაგებას ვერავინ ბედავდა.
1926-1931 წლებში ივანე ჯავახიშვილი განაგრძობდა მოღვაწეობას უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ.
საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე, 4 სპეციალური სასწავლო ინსტიტუტი შეიქმნა. განათლების სახალხო კომისარიატის 1931 წლის 28 მაისის დადგენილების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილი გააძევეს პედაგოგიური ინსტიტუტიდან „კონდრატიევშჩინას” მავნებელთა ჯგუფის თანამოაზრეობის ბრალდებით... 17 თებერვალს ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის საქართველოს ძველი ისტორიის კათედრის გამგედ დაინიშნა, სადაც ის 1935 წლამდე მუშაობდა.
ამ პერიოდში განახლდა დაუნდობელი ბრძოლა ივანე ჯავახიშვილის მიმართ... ჯავახიშვილმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – 1936 წლის 10 აპრილს განათლების სახალხო კომისარს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აუწყებდა უნივერსიტეტში მოღვაწეობისთვის თავის დანებების შესახებ.
მალე ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია შეწყდა“.