კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ მოიგო სადუნ მანკაბერდელმა ჰულაგუ ყაენისა და დავით ულუს გული

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე



 მონღოლებს ძალიან უყვარდათ ჭიდაობა და ფალავნები მთელ იმპერიაში დიდ პატივში ჰყავდათ. ხშირად იმართებიდა ორთაბრძოლები. ყაენებსა და მონღოლ დიდებულებს ართობდათ  ჭიდაობის ყურება. ყაენებს უნდოდათ, კარგი ფალავნები ჰყოლოდათ და ეამაყათ. გარდა ამისა, ერთობოდნენ მშვილდოსნობაში შეჯიბრებით, ჯირითით...
მონღოლებს უყვარდათ ის ხალხი, ვინც მათ ენას სწავლობდა, პატივით ექცეოდნენ და აწინაურებდნენ. უყვარდათ საქმის მცოდნე ადამიანები და თანამდებობებსაც აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების იქნებოდა და როგორი წარმომავლობის – დიდებულთა თუ ღარიბების წრიდან.
1250 წელს, ბიჯნისში, ავაგ ათაბაგის ტირილში, დავით მეშვიდეს მოეწონა ავაგის ქვრივი, გვანცა კახაბერისძე, რაჭის ერისთავის ასული და რამდენიმე ხანში იქორწინა კიდეც მასზე. ავაგისა და გვანცას ასული, ხვაშაქი და ავაგის მამული ჩააბარა სადუნ მანკაბერდელს, ავაგის ყმა აზნაურს, რომელიც ყოფილა კაცი ბრძენი და გონიერი, კეთილის განმზრახავი, კარგი აღნაგობის, ძალითა ფრიად ძლიერი, მორკინალი, რჩეული საჩინო, მოისარი ხელოვანი – ასე ახასიათებს მონღოლთადროინდელი უცნობი ქართველი მემატიანე სადუნს.
მანკაბერდის ციხე ყოფილა გუგარეთში, ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში. ეს ტერიტორია სომხებმა დაიკავეს და თავის სამეფოს მიუერთეს. დავით აღმაშენებელმა საქართველოს დაუბრუნა.
სადუნი გახლდათ სარწმუნოებით სომეხი. არის ვარაუდი, რომ წარმოშობით იყო ქურთი, ისევე როგორც მხარგრძელების შესახებაა მსგავსი ვარაუდი. თუმცა, სომხები მიიჩნევენ, რომ სადუნი არწრუნთა საგვარეულოს წარმომადგენლის, ამირ ქურდის შვილიშვილი იყო. ეს თუ მართალია, სადუნ მანკაბერდელი ყოფილა ჩვენი სამშობლოს დედაქალაქ ტფილისის ამირათა-ამირას (მმართველის), ქურდ არწრუნის შთამომავალი. ქურდ არწრუნამდე ტფილისის ამირა (ამირათა-ამირა) იყო მისი უფროსი ძმა, ვასაკი. ვასაკისა და ქურდის და – საგდუხტი ცოლად ჰყავდა სარგის მხარგრძელს, ზაქარია და ივანე მხარგრძელების მამას, ავაგის პაპას. ამგვარად, ავაგი და სადუნი ახლო ნათესავები გამოდიან. ნახარარი (დიდებული) არწრუნები დავით აღმაშენებელმა დააწინაურა საქართველოს სამეფოში და მანკაბერდი და ახპატი უწყალობა. ალბათ, არწრუნებს კავშირი ჰქონდათ იმდროინდელი არმენული ქალაქებისა და პროვინციების ზედა ფენებთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენს სამეფოში. ადრე არწრუნების საგვარეულო, ერთ-ერთ სომხურ სამეფოს, ვასპურაკანს განაგებდა, სანამ ბიზანტია წაართმევდათ.
1251 წელს მონღოლთა დიდი ყაენის ტახტზე ავიდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი მანგუ ყაენი. ჩვენს რეგიონში მისი ძმა, ჰულაგუ, ბატონობდა.
სომხეთში ერთი გადმოცემაა სადუნ მანკაბერდელის შესახებ:
„იმ დღეებში მანგუ ხანისგან გამოგზავნილი, ვიღაც ღატაკის ტანსაცმელში მოსილი მოვიდა. შესახედად საშინელი იყო: მაღალი, მხარბეჭიანი, კამეჩივით კისერი ჰქონდა, დათვის თათებივით დიდრონი ხელები, ყოველდღე თითო ცხვარს ჭამდა.
მან მანგუ ყაენისგან წერილი და ძვირფასი სამოსი მოიტანა. წერილში ეწერა: ეს ფალავანი გამოგიგზავნე, ძმაო ჩემო, ჰულაგუ ყაენო. თუ მოიძებნა შენთან ისეთი მოჭიდავე, რომელიც დაამარცხებს ჩემს ფალავანს, მიეცი მას ეს ძვირფასი ტანსაცმელი. თუ ჩემი მებრძოლი ყველა შენს ფალავანს სძლევს, მაშინ ჩააცვი სამოსი და პატივით გამოაგზავნე ჩემთან დიდი ელჩის თანხლებით.
ჰულაგუმ მოიხმო თავისი სარდლები და ჰკითხა: თუ იცით ვინმე ისეთი მოჭიდავე მონღოლთა, სომეხთა და ქართველთა შორის, რომელიც ჩვენთან ჩამოსულ ფალავანს დაამარცხებს?
თათრებს შორის ეძებეს ასეთი მებროლი, ვერ იპოვეს, რადგან ყველას შიშის ზარს სცემდა ჩამოსული მეომრის უშველებელი აღნაგობა. მაშინ სომეხთა და ქართველთა დიდებულებმა თქვეს:
ჩვენ ვიცნობთ ერთ კაცს, რომელმაც შეიძლება, მანგუს ფალავანი დაამარცხოსო. ილხანმა გასცა ბრძანება, სასწრაფოდ მოეყვანათ ის. ყაენს უპასუხეს, რომ ის მებრძოლი მათ არ ახლდა და საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
ჰულაგუმ ბრძანა, სასწრაფოდ მიეყვანათ მასთან ფალავანი, ოღონდ არა ცხენით, არამედ ურმით.
კაცი, რომლის შესახებაც საუბრობდნენ ქართველი და სომეხი დიდებულები, გახლდათ სადუნი, ამირა ქურდის შვილიშვილი, დიდებულ არწრუნთა გვარიდან. ის მაღალი იყო, კარგი აღნაგობის, ჭაბუკობიდან გამოირჩეოდა უჩვეულო ძალით, იყო გამოცდილი და დახელოვნებული ორთაბრძოლებში. მას არასდროს უჭიდავია ყაენის წინაშე. როცა მაცნეები მივიდნენ მასთან და ხანის სურვილი გააცნეს, სადუნი ძალიან დაღონდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არასდროს უჭიდავია ყაენის თანდასწრებით, მეორეც, იმიტომ, რომ მოწინააღმდეგის ძალისა და ვეებერთელობის შესახებ გადმოცემა აკრთობდა მას. მაგრამ სხვა გზა არ იყო. ბერებისგან დალოცვის მიღების მიზნით გაემგზავრა გაგის მონასტერში, განსაცდელის ჟამს მსწრაფლშემწე წმიდა სარქისის ეკლესიაში. თაყვანი სცა წმიდა და ნეტარი ვართაპეტის, მესროპის მიერ ნაკურთხ ჯვარს. დადო აღთქმა, შესაწირი შესწირა წმიდა ჯვარს და მაცნეს თანხლებით გაემგზავრა ჰულაგუ ყაენთან.
ყაენს ძალიან მოეწონა ტანმაღალი და კუნთმაგარი სადუნი. ბრძანა, ორივე ფალავანი   დაებინავებინათ და თითოეულისთვის, ცხრა დღის განმავლობაში, ყოველდღე საჭმელად მიერთმიათ თითო ცხვარი და თითო ტიკი ღვინო.
ცხრა დღის შემდეგ ნოინებს უბრძანეს, შეკრებილიყვნენ ილხანთან, რომელმაც მოაყვანინა ფალავნები და ანიშნა, ერთმანეთს შეჭიდებოდნენ. 3 საათი იყო, როცა ჭიდაობა დაიწყეს და 6 საათამდე ვერცერთმა ვერ მოახერხა გამარჯვება.
მაშინ სადუნმა ახსენა ღმერთი და მოულოდნელი ილეთით დააგდო მანგუ ყაენის ფალავანი ჰულაგუ ყაენის წინ. ამ გამარჯვების გამო სადუნმა ჰულაგუ ილხანისგან მიიღო საჩუქრები და ისეთი პატივი, რომლის მსგავსი არავის ღირსებია მთელ ქვეყანაში მონღოლთა ბატონობის დროს.
ჰულაგუმ ბრძანა, დაემზადებინათ სადუნისთვის იარლიყი და წინასწარ აპატია ცხრა დანაშაული.
სომხური გადმოცემა მსგავსია ქართულის, უცნობი ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს:
სადუნ მანკაბერდელი წარდგა ჰულაგუს წინაშე, თაყვანი სცა, ხელები აღაპყრო და უთხრა: „მოგცათ ღმერთმა ძლევა მტრებზე და ყველა კაცზე უმჯობესად წარმოგაჩინა. აქ დგას ასი ათასი მხედარი, თუ ვინმე შემერკინება, ან შემეჭიდება, ან ისრის სროლაში შემეჯიბრება, მზად ვარ!“ მაგრამ, ვერავინ აჯობა სადუნს, ყველას სძლია, ვინც შეეჯიბრა. და შეიყვარა ყაენმა ულომ (ჰულაგუმ) და განადიდა სადუნი. გონიერმა დავით მეფემაც დიდად პატივი სცა და ჩააბარა ავაგის სახლი და ქალიშვილი.
ავაგის სახლი საკმაოდ დიდი საფეოდალო იყო, რომლის ფაქტობრივი მმართველი, ხვაშაქის ეჯიბი, გახდა სადუნი. შემდეგში ხვაშაქი მონღოლთა დიდმოხელეს, საჰიბ-დივანს გაჰყვა ცოლად და ესეც კარგად გამოიყენა სადუნმა. თუმცა, სადუნ მანკაბერდელის საქართველოში დაწინაურების საქმეში ყველაზე დიდი როლი ითამაშა სადუნის ერთგულმა ქმედებამ 1262 წელს, როდესაც ის მთარგმნელად წაიყვანა ყაენ ჰულაგუს კარზე დავით ულუმ.
1260 წელს დავით ულუ აუჯანყდა ჰულაგუს, მაგრამ დამარცხდა. საბოლოოდ, ყაენმა გადაწყვიტა, შემოერიგებინა ქართველთა მეფე და ულუსში დაიბარა. ბევრი ელოდა, დავით მეფეს ყაენი სიკვდილით დასჯისო. ყაენის კარზე დაიწყო საქმის გარჩევა ყაენსა და მეფეს შორის. დავით მეშვიდეს საუბარი უჭირდა, შვიდი წლის განმავლობაში ჯურღმულში პატიმრობას მისთვის დაღი დაესვა და ცოტა ენას უკიდებდა. მაგრამ, მის ნათქვამს, მჭევრმეტყველი, „ენაკეთილი და სიტყვამარჯვე“ სადუნი ალამაზებდა, ავრცობდა და მონღოლურად ისე უთარგმნიდა ყაენს, რაც ძალიან მოეწონა მეფეს და დაუფასა კიდეც სადუნს გაწეული სამსახური.
ასე დაწინაურდა სადუნ მანკაბერდელი, ძალაუფლებას იკრებდა და ქონებას აგროვებდა, თუმცა, ცდილობდა, მონღოლების თავაშვებულობა შეენელებინა ქვეყანაში.
скачать dle 11.3