№23 როგორ უნდა შეძლოს ქრისტიანმა საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გამოსწორება და რატომ მიდიან ადამიანები ეკლესიიდან დაბოღმილები, განკითხვაში, დამძიმებული სულით
დღეს ყველაზე მეტად საკუთარი სინდისის გაკონტროლება ჭირს, არადა ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია. როგორ უნდა მოვუსმინოთ სინდისს და როგორ გავაკონტროლოთ ის, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ხშირად აღსარების ჩაბარებისას ამბობენ: მე სინდისი სუფთა მაქვს, არ ვიცი, ხალხი რას ამბობს ჩემზე, მაგრამ მართალი ვარ უფლის წინაშე და არ მაინტერესებს, რას იტყვიან სხვები ჩემზე. თუმცა არ მგონია, ასე იყოს ყველაფერი. სინდისი ის ცოდნაა, რომელიც ღმერთმა შენს გონებაში, გულში ჩადო. თუ სინდისს კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ის არ არის კარგ მდგომარეობაში. მაცხოვარი ბრძანებს მათეს სახარებაში: თუ თქვენი სიმართლე აღემატება ფარისევლებისა და მწიგნობრების სიმართლეს, ვერ შეხვალთ სასუფეველშიო.
– რით ჰგვანან თანამედროვე ქრისტიანები ძველი აღთქმის ფარისევლებსა და მწიგნობრებს?
– მწიგნობრები დღევანდელი ღვთისმეტყველები არიან, რომლებმაც დეტალურად იციან ღვთისმეტყველება, მაგრამ არ ცხოვრობენ ეკლესიურად, არაფერს ასრულებენ, რასაც ქადაგებდა მაცხოვარი. ფარისევლები კი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სპეციალურად დგებოდნენ გზაჯვარედინზე, ზარს შემოჰკრავდნენ და ოთხივე მხრიდან მოდიოდნენ მათთან მათხოვრები. სახალხოდ გასცემდნენ მოწყალებას: შემომხედეთ, ეს მე ვარ. რამდენი ასეთი ქრისტიანია, ყველას დასანახად რომ დადგება და მოწყალებას გასცემს, პირჯვარს იწერს. არ არის საჭირო იმის თქმა: ამ კაცმა ეს ტაძარი ააშენა, ეს გააკეთა. მაცხოვარი ამბობს: თუ ამ ადამიანებზე მეტი სიმართლე არ გაგაჩანიათ, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. სახარება უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუცია. თუმცა, ხშირად წავიკითხავთ სახარებას და გვგონია, რომ ის ჩვენს მეგობრებზე დაიწერა, ოჯახის წევრებზე, სულიერ შვილებზე – ეს მე არ მეხება, რადგან მე მართალი ვარ. მრჩება სინდისი, რომლითაც უნდა შევამოწმო, ის აღემატება თუ არა ფარისევლებისა და მწიგნობრების სიმართლეს.
– როგორ უნდა შევამომწოთ ჩვენი სინდისი?
– მამები გვირჩევენ: დაფიქრდით ყოველდღიურ შეცდომებზე. აიღეთ საწერი კალამი და ფურცელი და დაწერეთ, დილიდან საღამომდე რა შეცდომები დაუშვით – არა შენმა ოჯახის წევრებმა, არა მეგობრებმა, არამედ შენ. არ უნდა გადააბრალოთ თქვენი შეცდომა ოჯახის წევრებს ან მეგობრებს. რომ დაინახეთ – შეცდომა დაუშვით, მიხვდით, რომ ამ შეცდომის წყარო არც ეშმაკია, არც ღმერთი, არამედ თავად ხართ. ადამიანის დაცემული ბუნება იმდენად დაიხვეწა, რომ ეშმაკი უკვე მშვიდადაა – აღარ ერევა ჩვენს ცხოვრებაში, იმდენად დახვეწილები ვართ შეცდომების დაშვებაში. ასეთი პატერიკიც არსებობს: ერთმა წმიდა მამამ ნახა ეშმაკი გალაღებული, ჩამომჯდარი ხის ტოტზე. გაუკვირდა: როგორ შეიძლება, ეშმაკი იყოს მშვიდად, როცა 24 საათი ფიქრობს, ვინ როგორ შეაცდინოს, ცოდვა ჩაადენინოს. მაგრამ, ეშმაკი პასუხობს: მე რაღა უნდა გავაკეთო, ჩემს საქმეს ადამიანებიც კარგად აკეთებენო. ყველაზე დიდი ცოდვაა, როდესაც ცოდვას ჩადიხარ, არა ეშმაკის შთაგონებით, არამედ ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე – ასე მიეჩვიე ტყუილს, განკითხვას ზეწოლის გარეშე ჩადენილი ცოდვა კი ყველაზე საშინელი ცოდვაა. შენი ენა, თვალები, სმენა, ხელები, ფეხები მიეჩვია ცოდვის ჩადენას. არასდროს არავის არაფერი გადააბრალო. იმიტომ ვარ ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში, რომ ეს მთავრობის ბრალია. ასე რომ ვარ, ჩემი ცოლის, ან ქმრის ბრალია. თუ გინდათ, სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ, საკუთარი თავი სინდისისმიერად დაადანაშაულეთ და ბევრ რამეს მიხვდებით. შენი ქმარი ან ცოლი კარგად თუ არ იქცევა, მიხვდი, რომ ამაში შენი ბრალიცაა. ეცადეთ, საკუთარ თავში იპოვოთ ამის მიზეზი, გამოასწოროთ და მერე, აუცილებლად დაგიბრუნდებათ ქმარიც, შვილებიც და რაც მთავარია, საკუთარი თავიც. ხშირად ჩვენი თავიდან საკუთარი თავიც უნდა გაქრეს, რადგან რთულია, ორმა პიროვნებამ იცხოვროს ერთად: ძველმა და ახალმა. ძველი, რომელიც ძალიან გიყვართ და ახალი, რომელიც ჩვილია და არანაირი ცხოვრების წესით არ გამოირჩევა. მოდის ეკლესიაში, ეზიარება და ვერ იზრდება სულიერად, რადგან არანაირი ღვაწლი არ გააჩნია. ასევე, თუ გინდა მიხვდე, სუფთა სინდისი გაქვს თუ არა, ყურადღება მიაქციე საკუთარ სურვილებს. რეალურია თუ არა შენი სურვილი, შეძლებენ მეუღლე, შვილი, მოძღვარი, ხელისუფლება შენი სურვილის შესრულებას?! ნევროზიც ხომ სურვილებისა და რეალობის შეჯახებაა. რაღაცას ვითხოვთ, არ გვისრულდება და დანევროზებულები, დასნეულებულები ვართ. თუ გავიწყდებათ თქვენი სურვილები, მაშინ ჩაიწერეთ. მინდა, ძვირფასი მანქანა, სამსახურში დაწინაურება, ის უნდა იყოს ჩემი უფროსი, ის გაუნათლებელი?! და ასე შემდეგ... მთელ ცხოვრებას ბოლოს ისე გავატარებ, ვერც დავწინაურდები, არც უფროსი მეყვარება და თუ რაც მევალება, იმას აღარ გავაკეთებ, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდები... ან, ვიღაც ბიჭი მიყვარს, რომელსაც არ ვუყვარვარ, ანდა გოგო და მას არ ვუყვარვარ... მის სიყვარულში კი, ვერავის ვეღარ ამჩნევთ. არადა, იმდენი კარგი გოგო და ბიჭი დადის, მაგრამ იმ ერთის სიყვარულით სხვებს ვერ ამჩნევთ – დაბოღმილები, თავჩაღუნულები დადიხართ და ბოლოს, რჩებით დასაოჯახებლები. ამიტომ, შეამოწმეთ თქვენი სურვილები: ითხოვეთ მცირედი და ღმერთი დიდზე დაგადგინებთ. გინდა, კარგი ქრისტიანი გახდე? მაშინვე პარაკლისების კითხვას ნუ დაიწყებ, ნუ დარჩები ეკლესიაში 2 საათი. 10 წუთი მოუსმინე, გონებით ილოცე, საკუთარი თავი გამოასწორე და შემდეგ, ოჯახის წევრები.
– როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი სინდისი?
– როგორც მამები გვასწავლიან, ადამიანის შესახებ 4 შეხედეულება არსებობს: 1. სანამ ოჯახში ჩხუბი არ მოხდება, გიტანენ, არაფერს გეუბნებიან, მაგრამ ჩხუბის შემდეგ ყველაფერს მოგახლიან; 2. რას ფიქრობენ საზოგადოებაში – სანამ ჩხუბი არ მოხდება, მანამდე კარგი მეგობარი, კარგი თანამშრომელი ხარ, როგორც კი იჩხუბებ უგუნური და ცუდი ხდები; 3. რას ფიქრობ საკუთარ თავზე – ჩვენ ძირითადად, ნარცისიზმით ვართ დაავადებულები, საკუთარ თავს ვეფერებით, სანამ აღსარებაზე არ მივალთ და ჩვენი მოძღვარი, სახარება არ დაგვანახვებს საკუთარ თავს. 4. რას ფიქრობს უფალი ჩვენზე – უფალი რას ფიქრობს ჩვენზე, ამას სინდისი დაგანახვებთ. მუდმივად უნდა იფიქროთ იმაზე, ასრულებთ თუ არა იმას პირნათლად, რაც გევალებათ; როგორი ქმარი ხარ, როგორი ცოლი, შვილი, ქრისტიანი; ასრულებთ თუ არა უფლის მცენებებს და მთელი გულით თუ გიყვართ უფალი, მოყვასი: როგორ უყურებთ თქვენს ზემოთ ან ქვემოთ მდგომ ადამიანებს. ეკლესიაში რომ მოდიხარ, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რას წაიღებ აქედან და რამდენ სანთელს დაანთებ, არამედ იმაზე, როგორი დამძიმებული მოხვედი და როგორი მსუბუქი მიდიხარ. მაგრამ, ხშირად ეკლესიიდან უფრო დაბოღმილები მიდიან – განკითხვაში, დამძიმებული სულით. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა.