№22 როგორ დააგროვა გენერალური აუდიტის მოადგილის მეუღლემ ანაბარზე 520 000 აშშ დოლარი და რატომ აქვთ მათ გასესხებული 220 000 აშშ დოლარი
გენერალური აუდიტორის მოადგილე დევი ვეფხვაძე 1965 წელსაა დაბადებული. თავდაპირველად, უმაღლესი განათლება 1982-1989 წლებში მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით. 1996-2000 წლებში იქვე დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და სამართალმცოდნის კვალიფიკაცია მიიღო, 2002-2004 წლებში კი კავკასიის ბიზნესსკოლის სამაგისტრო პროგრამის სრული კურსიც გაუვლია.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1989 წელს დაიწყეთ „საქწყალექსპლუატაციის” N14 მმკ-ში ეკონომისტად, თუმცა 1993 წლისთვის უფროსის მოადგილეობამდეც წაუწევია წინ. 1993 წელს „ინტელექტბანკში“ გადაუნაცვლებია, სადაც „ინტელექტბანკის” გენერალური დირექტორიც იყო, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეც, შემდგომ კი – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც (2006 წლამდე). 2006-2008 წლებში კერძო ბიზნესში საქმიანობდაო (სახელდობრ, რომელში, მითითებული არ არის), 2008 წლის ნოემბერში კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტის მოადგილედ დანიშნულა და დღემდე იქაა.
შესაბამისად, დევი ვეფხვაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2008 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კონტროლის პალატის (აწ გენერალურ აუდიტად წოდებულის) თავმჯდომარის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა 1971 წელს დაბადებული მეუღლე, მედეა კრავეიშვილი და სამი შვილი: გიორგი, დავითი და თამარი. იმხანად დევი ვეფხვაძის საკუთრება იყო ბინა თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე (180 კვ.) და იმავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხი (25 კვ. მ.), ასევე, 1993 წლის ავტომანქარა „ბე ემ ვე“. დეკლარაციის შევსების მომენტში მასვე ჰქონდა ნაღდი ფული – 8 400 ლარი. მედეა კრავეიშვილი კი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა: იყოს შპს „ვახავტომატიკის“ პარტნიორი. იმხანად დევი ვეფხვაძეს გასესხებული ჰქონდა 100 000 , 250 000 და 50 000 აშშ დოლარი, მის მეუღლეს კი – 90 000 აშშ დოლარი. ხოლო ნასესხები ჰქონდა 30 000 აშშ დოლარი, ზეპირი შეთანხმებით. 2008 წლის განმავლობაში მან, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, 5 714 ლარი მიიღო.
ბოლო დეკლარაცია დევი ვეფხვაძემ 2017 წელს შეავსო, იმავე პოზიციიდან, ოღონდ ახლა უკვე გენერალური აუდიტორის მოადგილე ჰქვია. უცვლელია მისი ოჯახის წევრებისა და უძრავი ქონების ოდენობა. თუმცა, მეუღლე ანაბარზე 520 000 აშშ დოლარს ინახავს.
მედეა კრავეიშვილი კვლავ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას: არის 2010 წელს დაფუძნებული შპს „სან სიტის“ 14,5 პროცენტის მეწილე. შპს-ს კაპიტალია ორი მილიონი ლარი.
2016 წლის განმავლობაში დევი ვეფხვაძემ, როგორც გენერალური აუდიტორის მოადგილემ, 71 500 ლარი მიიღო. შემოსავალი მიიღო მისმა მეუღლემაც – 20 000 აშშ დოლარი (ვალი დაუბრუნეს).
ცოლ-ქმარს კვლავ აქვთ გასესხებული ფული. კერძოდ, ჩინოვნიკს – 100 000 აშშ დოლარი, ჩინოვნიკის მეუღლეს – 30 000 და 90 000 აშშ დოლარი 2006 წლიდან და უვადოდ და, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, არანაირი შემოსვალი არ მიუღიათ.
რაც შეეხება გასავალს: დევი ვეფხვაძეს მკურნალობა 4 900 ლარი დაუჯდა, შვილის სწავლის გადასახადი – 3 000 ლარი, სიმამრის მკურნალობა – 7 000 ლარი, ხოლო მედეა კრავეიშვილმა საგზურში 3 000 ევრო გადაიხადა.