№22 როგორ ესაუბრა შვილს გარდაცვალების შემდეგ მარიკა კვალიაშვილი და რა უთხრა მას პატრიარქმა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ვულოცავთ ქალბატონ მარიკას კიდევ ერთ ჯილდოს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, სადაც ის თავის განვლილ – ბედნიერებით, ტრაგედიითა და სასწაულებით აღსავსე ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრა.
მარიკა კვალიაშვილი: ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის უამრავი პრემია და საპატიო წოდება მაქვს მონიჭებული, მათ შორის: 1995 წელს „ღირსების ორდენი“, 2005 წელს – საესტრადო სიმღერებისთვის წლის საუკეთესო კომპოზიტორის წოდება, 2009 წელს – თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება და სხვა. ჩემი ვარსკვლავი გახსნილია. ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებას რომ ასე დააფასებენ, ამაზე დიდი სიყვარული, რა მინდა. მე რომ მივიდე და ვინმეს რამე ვთხოვო, ამას ვერავინ იტყვის. დაფასება თავისით უნდა მოვიდეს. რომ დამიძახეს ჯილდოს მისაღებად, ძალიან გამიხარდა, არც ვიცოდი ასეთი ჯილდო თუ არსებობდა – „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. მადლობა ყველა მომღერალს, მთავრობის წევრებს, ყველას, ვინც დამაფასა. ბიძინამ წაქცევის ნება არ მოგვცა ხელოვან ხალხს და არა მარტო ხელოვანებს, მაშინ, როდესაც წაქცევას მართლაც არაფერი გვიკლდა. ერთ კონცერტს კიდევ ჩავატარებ.
– არ გკითხავთ, მუსიკა როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში, ისეთ ოჯახში დაიბადეთ, სადაც სიმღერა, გენეტიკურად თუ ყოველდღიური ყოფით, თქვენი განუყოფელი ნაწილი იქნებოდა...
– დიდი იღბალი მხვდა წილად, რომ ამღერებულ, ბედნიერ ოჯახში დავიბადე და სიმღერა გახდა ჩემი ცხოვრების მეგზური. ბებია – მარო თარხნიშვილი, ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი იყო, სახელმწიფო ანსამბლი ჰყავდა. ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა. 7 თვიდან დედას და ბებიას გასტროლებზე დავყავდი. კულისებში გავიზარდე, სიმღერების ფონზე მეძინა. მომღერლები სანამ სცენაზე გავიდოდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ – მარწევდნენ, მაძინებდნენ. რომ წამოვიზარდე და აღქმა შევძელი, თურმე, მცოდნია სიმღერები. კულისებში რომ არ დამძინებოდა, ხან ერთ სიმღერას ვმღეროდი, ხან მეორეს და ამან განაპირობა, ბებიას რეპერტუარიდან, ხუთასიოდე სიმღერა ზეპირად რომ ვიცოდი. ისე შევისისხლხორცე, მეგონა, ყველას ბებია და დედა მომღერალი იყო. მეგონა ყველა ოჯახში ჩვენი ოჯახივით იყო რეპეტიციები, იყო ფილარმონიაში – კონცერტები... ასე რომ, ეს ყველაფერი, ჩემდაუნებურად მოვიდა. 4-5 წლის უკვე გამართულად ვუკრავდი. თუ რამეს გავიგონებდი, ზუსტად ვიმეორებდი. პატარაობიდანვე რაღაცას ვარჩევდი. აქედან გამომდინარე, სიმღერა არ ერქვა, რა თქმა უნდა – ერთი ფრაზა კი არ დავწერე, რაღაც ავაწყვე და ჩემებს ძალიან გაუხარდათ. იმ წუთში ამღერდნენ სამ ხმაში. მე ის მელოდია დღესაც კარგად მახსოვს, არც არასდროს დამვიწყებია და სულ ვამბობ, 90 წლის ასაკს თუ მივაღწევ, მე იმ ტექსტს სიმღერაში გამოვიყენებ-მეთქი. შემდეგ იყო კონსერვატორიის წლები...
– სიყვარული როდის გეწვიათ?
– 17 წლის ვიყავი, როცა სრულიად შემთხვევით გავიცანი სპორტსმენი, მოთხილამურე სვანი ბიჭი, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და იმ პერიოდში ასპირანტურაში სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. რაღაც თვალზე შეხედავთ ერთმანეთს და დამთავრდება. ყოველთვის შემთხვევითობას მოაქვს ყველაფერი. ღმერთის წყალობაც არის, რომ გახვედრებს ადამიანს, რომელიც შენი ცხოვრების მეგზური ხდება. ლამაზი სიყვარულის ისტორია იყო. ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო მაღალი საზოგადოების შეკრება. მოდიოდნენ კომპოზიტორები, მწერლები, მომღერლები. იმართებოდა პაექრობა სიმღერაში, ლექსის წაკითხვაში... აქედან გამომდინარე, შეიძლება, ძალიან ნებიერა ვყოფილიყავი, მაგრამ მე ქონება, ბრილიანტები არ მაინტერესებდა. ჯერ დაქორწინებულები არ ვიყავით, საქორწინო ბეჭედი რომ მიყიდა – ყველაზე უბრალო, მდარე ხარისხის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. მას შემდეგ მიკეთია. რომ ეთქვა, არც სახლი მაქვს, არც კარი, ტყეში, ხის ტოტზე ვიცხოვროთო, მაინც წავყვებოდი. სიყვარული სხვანაირად არ შეიძლება.
– როგორი იყო მუსიკოსისა და სპორტსმენის თანაცხოვრება?
– კონსერვატორიაში სწავლისას გავთხოვდი, ორი ვაჟი შეგვეძინა. მთავარია, რომ ის სიყვარული, რომელიც ოჯახის შექმნას ეყრება საფუძვლად, შეინარჩუნო და ფერი არ დააკარგვინო... მამაკაცსა და ქალს შორის ყოველთვის ქალს ვამტყუნებ. ქალმა უნდა იცოდეს იმ სიყვარულის ფასი, რომელითაც ოჯახი შეიქმნა. ქალმა ყველანაირად უნდა დააფასო ქმარი – უსიამოვნებას გასაქანი არ უნდა მისცე. ანჩხლი ქალები არ მიყვარს, სიანჩხლიდან და სიჯიუტიდან მოდის ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა, ჩემს თავს ვცემდი პატივს, არ მივიყვანდი იქამდე საქმეს, რომ ჩემთვის ხმამაღალი სიტყვა ეკადრებინა. იმიტომ რომ, ძალიან მიყვარდა და მეშინოდა, გული არ ამცრუებოდა. ტკბილად ვიცხოვრეთ, გვიხაროდა ერთმანეთი. ისე მიფრთხილდებოდა მთელი ცხოვრება, როგორც პატარა ბავშვს. ჩემზე ბედნიერი ქალი არ მეგულებოდა. ასე განვვლეთ 45 წელი ერთად. ყველგან თან დავყავდი. მასთან ერთად ყველა ის ადგილი, უღელტეხილი ფეხით მაქვს შემოვლილი, სადაც მანქანით ვერ მოხვდები. თხილამურებზე ცხოვრებაში არ ვმდგარვარ, არც გამომდიოდა, მეგონა, მიწა ფეხებიდან მეცლებოდა. მახსოვს, პირველად რომ წამიყვანა ბაკურიანში. მათ ჰქონდათ სათხილამურო ბაზა, რომელიც პარკში იდგა. იყო დაახლოებით ათი კვადრატული მეტრი ხის ქოხი, რაც მაშინ პირველად ვნახე. ამ ქოხიდან იყურებოდი ტყეში, დაორთქლილი ფანჯრებიდან. გარეთ თოვლის ფანტელები მოდის... დრო ხომ ვიცოდი, რა დროს მოდიოდა და ველოდი... შორიდან ვხედავ, ეს ორმეტრიანი ვაჟკაცი წერტილის ხელა მოჩანს და ნელ-ნელა დიდდება. მიხაროდა, რომ მოდიოდა. გავაღებდი კარს, შემოვიდოდა თოვლის ბერტყვით... შევეგებებოდი... ასე ტკბილად განვვლეთ ერთად ორმოცდახუთი წელი.
– ამავე დროს, თქვენს ცხოვრებაში მოხდა ისეთი ტრაგედია, როგორიც შვილისა და შვილიშვილის გარდაცვალებაა. თქვენ შეძელით, არ დაეცით და ღირსეულად განაგრძეთ ცხოვრება, რაც ბევრი შვილმკვდარი დედისთვის სამაგალითოა...
– 21 წლის შვილი გარდამეცვალა, რამდენიმე წლის წინ – შვილიშვილიც... ჩემი შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ასეთი ხილვა მქონდა. ვიღაც მომსდევს ზურგიდან და შევყავარ ოთახში, სადაც ჩემი შვილი იმავე მდგომარეობაში წევს, იგივე ტანსაცმლით, როგორც გავისტუმრე. მივედი მონატრებული, ვეხვევი, ვეფერები, ვკოცნი. ვიცი, რომ ცოცხალი არაა. უცებ წამოდგა და ვეკითები: ცოცხალი ხარ, გამიცოცხლდი-მეთქი? და მითხრა: დედა, ყველას გადაეცი, რომ სიცოცხლე გრძელდება. ჩვენები ყველანი აქ არიან, თავს მევლებიანო. პირველად ღმერთის მეშინოდა და იმისიც აღარ მეშინიაო. სად ხარ, რას ჭამ-მეთქი? დედა, რასაც მიკეთებ, ყველაფერი მომდის, ყველაფერს ვჭამო. აქ რომ დავდივარ ყოველდღე სასაფლაოზე, იქ ვინ არის-მეთქი და იქ ჩემი სხეულიაო. ვიგრძენი, რომ წასვლას აპირებს და ჩავეხუტე. თვითონაც ისე მომიჭირა ხელები, რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდან, მკლავები მტკიოდა მოჭერისგან. არ ინერვიულო, როცა მოგენატრები, ყოველთვის გეჩვენებიო. შენ ხომ მითხარი, სულ თქვენთან ვარო, ვუთხარი. თქვენთან ვარ, მაგრამ ასე დაგენახვებიო. ჩემი მეუღლე და ჩემი ბიჭი საშინელ განცდებში იყვნენ. მათ დასანახად ცრემლს არ ვღვრიდი, სულ საფლავზე დავდიოდი, იქ ვტიროდი. ახალი წლის ღამესაც კი იქ შევხვდით, განათებები დავაყენეთ, გულს ვიოხებდით, თორემ რა. იქ, სიბნელეში რომ მეგულებოდა მარტო, მივდიოდი, ვაფარებდი საფლავს, რომ წვიმა არ ჩასვლოდა. მესმის, რომ არასწორი საქციელია, მაგრამ, როდესაც სახლში იყო, ხომ ვუსწორებდი საბანს, რომ გემრიელად დასძინებოდა – ისეთივე დამოკიდებულება დამრჩა. ორი კვირის შემდეგ კიდევ ვიხილე. ადგა, ჩემს თვალწინ და მითხრა: დედა, რაც გითხარი, ყოველივე მართალი და ჭეშმარიტია. პატრიარქმაც გაიგო ეს ამბავი. პატრიარქმა მითხრა: ნუ გეშინია, ეს დიდი მადლია, ყველა დედას არ ეძლევა ასეთი შანსი, რომ შვილს იქ გამოჰკითხოს როგორ არისო. სხვა, შენს მდგომარეობაში მყოფ დედებს უნდა გაუზიარო და ნუგეში სცე ამ ამბითო. დარდს უნდა აჯობო, უნდა დათრგუნო. ის დარდი და მწუხარება მაინც ყოველთვის შენთანაა, შესაბრალისი არ უნდა გახდე. იცხოვრე შენი ტკივილით, მაგრამ ღირსეულად, რომ ვიღაცამ არ თქვას, საცოდავიაო. შვილი რომ დამეღუპა, მახსოვს, ერთმა ქალმა მითხრა: უკან არ გაიხედო, სულ წინ იხედე. ის მოგდევს ისედაც, შენი უკან ხედვა არ სჭირდებაო. ჩემმა შემოქმედებამ გადამარჩინა. ჩემი მეგობარია როიალი, ფურცელი და კალამი.
– ამ ყველაფრის შემდეგაც გაგრძელდა ხილვები და მინიშნებები თქვენს ცხოვრებაში?
– ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ხილვები. ბევრი სასწაული ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი რაღაცეები ემთხვევა, რომ სიზმრიდან გამოტანილი ეს ყველაფერი სიცხადეში ვლინდება. თან, იქიდან ისე გარიგებენ, გელაპარაკებიან... ერთხელ ჩაგვიქრა შუქი. მოულოდნელი იყო, პირველად დაიწყო შუქის ჩაქრობა და არც ლამპა გვქონდა, არც სანთელი. შვილიშვილები პატარები იყვნენ და ვთქვი: ბავშვები დასვით, სიბნელეში არაფერი დაიზიანონ, სანთელი მეგულება სადღაც და იქნებ, გავიხსენო, სად არის-მეთქი. ეს სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, ჩამოვარდა რაღაც, წამოვიდა გორაობით ჩემკენ და ფეხებთან გაჩერდა. ავიღე და სანთელი იყო. საიდან ჩამოვარდა, დღესაც არ ვიცი. ერთხელ დედა მყავდა ცუდად, ინსულტი მიიღო. რეანიმაციაში იწვა, რაღაც წამალი ჰქონდა დანიშნული, რომელიც ცხელ წყალში იხსნებოდა და შეტევა თუ დაემართებოდა, ეს უნდა მიმეცა. შუაღამეს დაემართა შეტევა და არც შუქია არც წყალი – ლიმიტით მოგვეწოდებოდა. დავრბივარ მეზობელ პალატებში, მაგრამ არავის აქვს ცხელი წყალი. პალატაში ცხელი და ცივი წყლის ონკანი იყო, მაგრამ ცხელი წყლის დიდი ხნის გაუქმებული გახლდათ, ცივი კი ღამით არ მოდიოდა. რატომღაც იმედიანად ვდგავარ ამ ონკანთან, პირჯვარს ვიწერ და წმიდა ნიკოლოზს ვევედრები: წმიდაო ნიკოლოზ, შენ ხომ შეგიძლია ყველაფერი, ნეტა, ახლა ცხელი წყალი წამოვიდეს, რომ დედა გადავარჩინო-მეთქი. არადა, ვიცი, არცერთში წყალი არ უნდა იყოს შუაღამისას. უცებ, რომ ვატრიალებ ამ გაუქმებულ ონკანს, მესმის მილებში შიშინი და წამოვიდა ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ასე გადავარჩინე დედა.