№22 რაში შეცდა სალომე ჭაჭუა, საბედნიეროდ და როგორ გამოხატავს ირაკლი მაქაცარია მის მიმართ ყურადღებას
სალომე ჭაჭუას კარიერაში სასიამოვნო სიახლეები და გეგმებია, რომელთა განხორციელებასაც ის სამომავლოდ აპირებს. სალომეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში განსაკუთრებულად გაუმართლა: მისი მეწყვილე, ირაკლი მაქაცარია ნიჭიერი, შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც პირველი ტურიდანვე სალომეს ღირსეულ პარტნიორობას უწევს.
სალომე ჭაჭუა: წელს ძალიან კარგი პარტნიორი შემხვდა. კარგად გამოსდის ცეკვა. იმის გარდა, რომ ირაკლი ძალიან შრომისმოყვარეა, იცის, რომ ეს საქმე უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს და კარგადაც გამოსდის ყველაფერი. ნიჭიც რომ აქვს, ეს კიდევ დამატებითი პლუსია. ჯერჯერობით პატარა კინკლაობაც არ გვქონია და ვფიქრობ, არც გვექნება. ძალიან დადებითი პიროვნებაა. შესაბამისად, კარგად და საინტერესოდ მიდის რეპეტიციები. თან, საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და ზოგადად, ვფიქრობ, როცა ადამიანს ასეთი დიდი იუმორის გრძნობა აქვს და ცეკვის კუთხითაც ბევრ რამეს დადებითად უყურებს, ეს ძალიან მაგარია. იმის გარდა, რომ შრომისმოყვარეა, გულწრფელიცაა და უყვარს სამართლიანობა, რასაც ძალიან ვაფასებ. კიდევ, კეთილია და ყურადღებიანი.
– რით გამოხატავს შენ მიმართ ირაკლი ყურადღებას?
– ყურადღებიანია იმ მხრივ, რომ შეიძლება, რაღაც დავიზიანო და შემდეგ დამირეკავს, მომიკითხავს, ხომ არ გტკივა და ასე შემდეგ.
– როგორც ვიცი, პროექტამდე არ იცნობდით ერთმანეთს.
– ანდრია გველესიანისგან ვიცოდი, რომ არსებობდა ირაკლი მაქაცარია და სულ ამბობდა, ერთმანეთს ძალიან ვგავართ – ტყუპი, ტყუპიო. პირველად რომ დავინახე, მართლა რაღაცით ჰგავდა, „დეჟავუ” დამემართა-მეთქი. რომ გავიცანი, ირაკლი აბსოლუტურად სხვანაირია. სხვათა შორის, ირაკლის აღნაგობიდან გამომდინარე, არ მეგონა, თუ ასე კარგად გამოუვიდოდა ცეკვა – ცეკვისთვის ზედმეტად ათლეტურია. საბედნიეროდ, შევცდი. თან, თავიდან, არ ვიცი, ის იყო მორცხვი თუ – მე, სულ სხვანაირი მეგონა. მაგრამ, მერე, ვარჯიში რომ დავიწყეთ, მივხვდი, ჩვენგან ძალიან კარგი წყვილი გამოვიდოდა.
– „შენ შეგიძლია ცეკვის“ ჟიურის წევრი იყავი. ეს, ალბათ, შენთვის გამოწვევა იყო და გარკვეული სირთულეც?
– რთულად დავთანხმდი ამ პროექტზე, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება სცენაზე ვდგავარ და სხეულით ვსაუბრობ. დუტა სხირტლაძე დამეხმარა, რაღაც ხრიკები მასწავლა და მომცა დავალებები. როგორც ცეკვას ვუდგები, ასე მივუდექი ამ საკითხსაც. თავიდან ძალიან მიჭირდა. სცენაზე რომ გავდივარ, სულ ვცეკვავ, ამიტომ კულისებში ვხურდები და ჟიურის წარდგენისასაც კულისებში სხეულის გახურებას ვიწყებდი. მერე ვფიქრობდი ჩემთვის: რატომ ახურებ სხეულს? პირის აპარატი გაახურე-მეთქი. ძალიან სასაცილო იყო.
– მას შემდეგ, რაც პირველად გამოჩნდი საზოგადოების წინაშე, რამდენიმე წელი გავიდა და შენც შეიცვალე. გაიზარდე...
– დავრჩი ისეთი, როგორც ვარ, უბრალოდ, რაღაცეებში გავიზარდე, ახლა უფრო დიდი ვარ. შინაგანად დავრჩი ისეთევე, როგორიც ვიყავი. მაშინაც ვიყავი მორიდებული და ახლაც ვარ. უბრალოდ, რაღაც ბარიერები გადავლახე, რომელიც ხელს მიშლიდა.
– როგორ იქცევი სირთულეების გადასალახად?
– სირთულეებს ცოტა სხვანაირად ვუყურებ. თუ რაღაც მინდა, მაქსიმალურად ვიღვწი იმისთვის, რომ მივაღწიო. რისთვისაც კი მიმიღწევია და ჩემთვის მნიშვნელოვნად ჩამითვლია, რაღაც სირთულე ყოველთვის ახლდა. ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა. სირთულე შეიძლება, იმასაც დავარქვა, რომ ძალიან ხშირად ვერ ვნახულობ ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს. მიჭირს მათ გარეშე ყოფნა და არ მაქვს მათთან ისეთი ხშირი ურთიერთობა, როგორიც უნდა მქონდეს.
– როდესმე გატეხილხარ ფსიქოლოგიურად?
– არა და იმედია, არასდროს გავტყდები. ბევრი გატეხილა. მათი კარგად მესმის. ჩემს ცხოვრებაშიც ხშირად ყოფილა პერიოდი, მიფიქრია: მოდი, აღარ მინდა... მაგრამ, არავითარ შემთხვევაში! იმდენად ფანატიკურად მიყვარს ეს ცეკვები, რომ როგორ შეიძლება, დავნებდე ან გავტყდე. არც ცხოვრებაში გავტეხილვარ ფსიქოლოგიურად. ჩემი და ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მე. ბევრ რამეს ცივი გონებით ეჯახება. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებთ და ვავსებთ.
– წარსულით ცხოვრება შეგიძლია?
– არასდროს ვცხოვრობ წარსულით. მთავარია, ადამიანს შეეძლოს შეცდომის აღიარება და შეეცადოს, ის პერიოდი აღარ გაიმეოროს. თუ ჩემს ან სხვის ცხოვრებაში რაღაც ცუდი, ან არასასიამოვნო მოხდა, რა თქმა უნდა, არ ვიხსენებ და არ ვცხოვრობ იმით.
– პატიება შეგიძლია?
– გააჩნია სიტუაციას, შეიძლება, ის ჩემთან ახლოს აღარ იყოს, მაგრამ აუცილებლად ვაპატიებ.
– რა არის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს საკუთარ თავში?
– მიმნდობი ვარ და ამის გამო ცხვირშიც მომხვედრია. ეს თვისება არ მომწონს. კიდევ, არ შემიძლია ტელეფონით კონტაქტი, ეს „წიკი“ მაქვს. მირჩევნია ადამიანი ვნახო, ვიდრე ტელეფონით დავურეკო, მოვიკითხო. მეგობრები ამას მინუსად მითვლიან.
– როგორც ვიცი, შენს კარიერაშიცაა სიახლე.
– შემოთავაზებები სულ არის, გასაკუთრებით პარტნიორების მხრიდან, ვისთანაც შეიძლება, ტურნირებზე ვიცეკვო. მაგრამ, არ შემიძლია დიდი ხნით საქართველოს დატოვება. მიყვარს ძალიან და თან, სტუდიაც მაქვს, რომელიც ჩემი მეორე ოჯახია. ვზრდი ბავშვებს, რომლებიც შვილებად მიმაჩნია. აგვისტოში მივიღე ძალიან კარგი შემოთავაზება, უბრალოდ, დიდხანს არ ვახმაურებდი. არსებობს ამერიკული სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ძალიან წარმატებული Burn to The Floor, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულია. რთულად ირჩევენ მონაწილეებს. შარშან ზაფხულში სინჯზე ვიყავი წასული იტალიელ მეწყვილესთან ერთად, რომელთან ერთადაც ტურნირებზე გამოსვლას ვგეგმავდი. მაშინ მითხრა, ამ შოუში ვაპირებ მონაწილეობასო და ისე, რომ არ მკითხა, ჩემი ფოტოები და ვიდეოები შოუს პროდიუსერთან გადააგზავნა. მეილზე მომივიდა წერილი: Welcome Burn The Floor, გვიხარია, რომ თქვენისთანა მოცეკვავე აღმოვაჩინეთო. შოკში ვიყავი, მათგან ბევრი დადებითი შეფასება მივიღე, გადაირივნენ. ზაფხულში უნდა წავიდე. ვნახოთ. სხვა შემოთავაზეებიც მაქვს და ჯერ ვფიქრობ. თუ წავალ, მე და ის იტალიელი ბიჭი ერთად ვიცეკვებთ. ისინი სხვადასხვა ქალაქში მართავენ კონცერტებს. ბევრი მაყურებელი ჰყავთ. რაც მთავარია, საქართველოს სახელით წარვდგებით.
– რაც შეეხება შენს პირადს, ვიცი, რომ არ გიყვარს ამაზე საუბარი. უბრალოდ, მაინტერესებს, მომავალი ურთიერთობისას რას გაითვალისწინებ?
– ზოგადად, ურთიერთობაში არაფერს ვსაზღვრავ წინასწარ. რაღაც მოხდა და ამას გავითვალისწინებ – არა, მივყვები დინებას. ყველა ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვანაირი ურთიერთობა სჭირდება. ამიტომ, წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე, რაღაცეებს არ გავითვალისწინებ. ის სხვა იყო და ეს სხვა ურთიერთობაა – სიტყვაზე ვამბობ. შეიძლება, რაღაც გავითვალისწინო პიროვნებიდან და საკუთარი თავიდან გამომდინარე.
P.S. გარეკანის ფოტო მოგვაწოდა ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.