№22 რა გამოგონებით აიღეს პირველი ადგილი „ნასას“ კონკურსში სენაკელმა მოსწავლეებმა და რა წვრთნებს გადიოდნენ ისინი „ნასაში“
როდესაც სენაკელმა მერვე კლასის მოსწავლეებმა ლიკა კოკაიამ, დეა ჩიტაიამ, გვანცა ჩიქოვანმა, ნათია შამათავამ და ალექს ტყებუჩავამ გამოიგონეს შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის, ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ, რომ ეს პროექტი იმ დიდი გზის დასაწყისი იქნებოდა, რომელიც კოსმოსური კვლევების ცენტრ „ნასამდე“ მიიყვანდა მათ. სენაკელმა მოსწავლეებმა მაღალი და დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ჯავშნის შექმნით, „ნასას“ პროექტის ფარგლებში, ერთ კონკურსში – პირველი, ხოლო მეორეში – მესამე ადგილი დაიკავეს. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ამ ნიჭიერ ბავშვებს, რომელთაგან ერთ-ერთი, ლიკა კოკაია, გვიამბობს თავიანთი გამოგონებისა და „ნასაში“ ყოფნის შესახებ.
ლიკა კოკაია: ჩვენ გახლავართ სენაკის წმიდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მერვეკლასელები. ჩვენი პროექტის სახელწოდებაა: „შეტყობინებების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის“. ამ პროექტის მიზანია, მოსახლეობამ წინასწარ გაიგოს მეწყერის მოახლოების საშიშროება და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამ გამოგონებით ვმონაწილეობდით ათასწლეულების ინოვაციების კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. მას ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტით. კონკურსის მეგობარია კომპანია „ჯეოსელი“. ჯერ თბილისში დავამარცხეთ ყველა მეტოქე – 88 გუნდიდან ჩვენ პირველი ადგილი ავიღეთ, რის შემდეგაც, პრიზად მივიღეთ, „ნასაში” გამგზავრება და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ერთკვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა. პროგრამა დაიწყო პირველ მაისს და დამთავრდა 5 მაისს.
– რატომ გაგიჩნდათ ამ ხელსაწყოს შექმნის იდეა და როგორ გრძნობს, შემდეგ კი ატყობინებს ის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობას?
– 2016 წელს, სენაკში ჩამოწვა მეწყერი. ჩაინგრა ჩვენს სკოლა-გიმნაზიასთან მისასვლელი გზა და გაგვიჩნდა იდეა, გამოგვეგონებინა ხელსაწყო, რომელიც შეგვატყობინებდა მეწყრის მოახლოების საშიშროებას. ჩვენს მენტორთან ერთად დავიწყეთ გამოგონებაზე მუშაობა, რომელიც ორ თვეში დავასრულეთ. ეს ხელსაწყო ერგება ყველანაირ რელიეფს. როდესაც მიწაში რხევები შეინიშნება, ჩვენი ხელსაწყო ამას მაგნიტებით და სენსორებით გრძნობს და აგზავნის შეტყობინებას დარეგისტრირებულ მოსახლეობასთან შემდეგი ტექსტით: „მოსალოდნელია მეწყერი. დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია!“ ახლა მუშაობენ გეოლოგები, რომლებიც ცდიან ხელსაწყოს და უკვე დაწყებულია მოსახლეობის რეგისტრაცია. არსებობს სხვა ხელსაწყოებიც, მაგრამ ჩვენსას ანალოგი არ აქვს.
– „ნასაში“ ყოფნის დროსაც თქვენმა გამოგონებამ პირველი ადგილი აიღო. იქ რა გამოიგონეთ?
– ეს იყო ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც დილის რვა საათზე იწყებოდა და რვა საათი გრძელდებოდა. მოიცავდა ორ კომპონენტს. ერთი იყო სასწავლო ნაწილი – ვიღებდით პრაქტიკულ ცოდნას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ვასრულებდით პრაქტიკულ დავალებებს. გვაძლევდნენ სხვადასხვა სახის დავალებას. ჩატარდა ორი შიდა კონკურსი. ერთ-ერთი კონკურსის დავალება იყო – „სხეული“. ამ შემთხვევაში, კვერცხი უნდა დაგვეცვა მაღალი ტემპერატურისგან. უნდა შეგვექმნა ჯავშანი, რომელიც გაუძლებდა ძალიან მაღალ ტემპერატურას, ხოლო მეორე – ძალიან დაბალ ტემპერატურას. ეს ორივე დავალება დაკავშირებული იყო კოსმოსთან, რადგან ასტრონავტებს მოუწევთ, მარსზე ძალიან დაბალი, ან პირიქით, ძალიან მაღალი ტემპერატურა აიტანონ. ამ კონკურსში პირველი ადგილი ავიღეთ. ასევე, უნდა შეგვექმნა მინი რაკეტის მაკეტი, რომელიც გაფრინდებოდა და დაეშვებოდა უსაფრთხოდ. თუმცა, ჩვენ შევქმენით მაღალი დონის რაკეტა, რომელიც იქვე გავუშვით და ასაფრენ ბილიკზე გამოვცადეთ. მასში ჩამონტაჟებული იყო წამმზომი, რომელმაც გაზომა, თუ რამდენი წლით გაფრინდა ეს რაკეტა. შემდეგ გაიხსნა პარაშუტი. ეს რაკეტა ტექნიკურად სრულად იყო გამართული. ამაში მესამე ადგილზე გავედით... დიდი გამოცდილება მივიღეთ და ძალიან კმაყოფილები დავრჩით.
– კიდევ რა პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდით?
– „ნასაში“ შევხვდით ასტრონავტ დევიდ ბარტოს, რომელიც 1985 წელს გაფრინდა კოსმოსში. გვიამბო, როგორ მიფრინავენ, როგორ ძლებენ და ცხოვრობენ იქ. გვითხრა, რომ ახლაც, 500 დღეზე მეტია, კოსმოსშია ერთი ქალი. ვიყავით კოსმონავტების საწვრთნელ ცენტრში. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ ვიყავით საწვრთნელ აუზზე. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საწვრთნელი აუზი, სადაც ასტრონავტები უწონადობის პირობებში, კოსმოსში გაფრენამდე გადიან წვრთნებს. შევესწარით, ორი ასტრონავტი, რომლებიც 2023 წელს უნდა გაფრინდნენ კოსმოსში, როგორ ჩაუშვეს წყალში ექვსი საათით. თუ კოსმოსში უნდა გაძლონ ერთი საათი, იმ აუზში ჩადიოდნენ ექვს საათს. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, იმ მომენტში, მეც გამიჩნდა სურვილი, გავფრენილიყავი. საინტერესოა, იქ რა ხდება. ამის შემდეგ ჩვენც გავიარეთ უფრო მცირე ზომის აუზში წვრთნები. ერთი დღის განმავლობაში მთლიანად წყალქვეშა აქტივობებს გავდიოდით. ვისწავლეთ აკვალანგით ყვინთვა და შესაბამისად, აკვალანგით ვასრულებდით დავალებებს წყალქვეშ. ისეთივე დავალებებს გვაძლევდნენ, როგორსაც ასტრონავტები, რასაც ჩვენი მენტორების დახმარებით ადვილად ვართმევდით თავს. თუ ასტრონავტები ექვსი საათი იყვნენ წყალში, ჩვენ ვიყავით საათ-ნახევარი. ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ის, რომ დავათვალიერეთ „ნასას“ მუზეუმი, სხვადასხვა ტერიტორია, ღირსშესანიშნაობები. ვათვალიერებდით, ასევე, ისეთ ადგილებს, რომლებიც დახურულია ვიზიტორთათვის. ასევე, ვნახეთ ადგილი, სადაც იწყობა „ნასას” რობოტები და ვნახეთ უშუალოდ ის რობოტები, რომლებიც მარსზე პირველი მისიით უნდა წავიდნენ მანამ, სანამ ადამიანები გაფრინდებიან.
– სამომავლოდ რას აპირებთ, კიდევ თუ მუშაობთ, ახალ პროექტზე?
– უპირველეს ყოვლისა, უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მივიღეთ საერთაშორისო გარემოში მოხვედრით. საკუთარი თვალით ვნახეთ ის უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები, რაც მთელ მსოფლიოში ხდება და რითიც „ნასა” ამაყობს. ამასთანავე, დავამყარეთ კონტაქტი ინსტრუქტორებთან და ტრენერებთან, რომლებთანაც დღემდე აქტიური მიმოწერა გვაქვს. ამ პროექტზე ნამდვილად არ გავჩერდებით. კიდევ ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელსაც ჯერ ვერ გაგიმხელთ.