კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რის გამო ექმნება პრობლემები ოთო ღურწკაიას და რა ოცნებას ვერ ისრულებს ის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 ოთო ღურწკაია „X ფაქტორის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი ხმითა და შესრულებით, მაყურებლის მოხიბვლა შეძლო. ოთო 19 წლისაა, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და მომავალში ექიმობას გეგმავს.

ოთო ღურწკაია: მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა, ჩემთვის ახალი გამოცდილება, მიზნისკენ სწრაფვაა. ასეთი პროექტები, ძირითადად, სიმღერის კუთხითაა საინტერესო, თორემ სხვა შემთხვევებში, რესტორანში უნდა იმღერო ან ბარში. დიდ სცენაზე გამოდიხარ, ხალხი გიყურებს, აპლოდისმენტებია. მინდოდა, ხალხს გავეცანი, მათი სიყვარული დამემსახურებინა – ეს იყო ჩემი მიზანი.
– ვფიქრობ, არავინ დატოვე გულგრილი.
– მართლაც და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავითაც და იმ ხალხით, ვინც მწერს. ბევრი წერს: „ეს არის X ფაქტორი 2017” და გაიმარჯვებსო. ძალიან მიხარია და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. ჩემთვის მთავარია, კარგად შევასრულო სიმღერა. გამარჯვებაზე ნაკლებს ვფიქრობ, ჩემთვის მთავარია, ხალხი და მათი სიყვარული.
– უარყოფითი კომენტარებიც არის ხოლმე და ეს მოქმედებს შენზე?
– მიხარია, რომ ცოტაა ცუდი კომენტარი. თუმცა, იყო რამდენიმე: ეს ბიჭი როგორ იყენებს ხმას, ძალით როგორ იხლიჩავს ყელს. ნამდვილად არ ვიხლიჩავ ძალით ხმას – ლაპარაკის დროსაც ამომდის ხრინწი და ჩხრიალი. სტეფანეც გამოეხმაურა ამ თემას და პოსტიც დაწერა: ამ ბიჭს დიდი ხანია, ვაკვირდები, ძალიან კარგი მუსიკოსია და ის ხმა, რაც ამოსდის, თავისიაო. როგორც ვთქვი, ხალხის გამო ვარ პროექტში და ერთი-ორი ცუდი კომენტარიც კი გულზე მხვდება. თუმცა, ასეთ კომენტარებს სახელი და გვარიც არ აქვს მიწერილი. სულ ორი მეგობარი ჰყავს და ვხვდები, სპეციალურადაა შექმნილი რომ ხალხი აიყოლიოს, ცრუ განგაში ატეხოს. ამის ცოტა მეშინია, მაგრამ ვფიქრობ, საშიში არ არის.
– პროექტში ბენდების კატეგორიაში გამოდიხარ. მათთან დიდი ხანია, თანამშრომლობ?
– თავიდან ბიჭების კატეგორიაში ვიყავი. გიტარისტთან ერთად გამოვედი და ამას მოჰყვა, ბენდის კატეგორიაში უნდა იყოო. ბენდი მამუკა ჩიხლაძისაა და „ბლუზ ფაქტორი“ ჰქვია – მე ვარ ვოკალისტი. თავიდან ცოტა ის მანერვიულებდა, რომ ვოკალი შეიძლება, უკანა პლანზე გადასულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა – პირიქით... მიხარია, რომ მათ გვერდზე ვარ, ცოცხლად ხდება ყველაფერი. ერთი წელია, ვთანამშრომლობ მათთან. კონცერტებზე გამოვდიოდით ქალაქებში, რეგიონებში. ვიღაცეებმა თქვეს: ასეთი ახალგაზრდა ბიჭია და ასაკოვნებთან ერთად დგასო. ჩემთვის და მსმენელისთვის, პირიქით, ძალიან კარგია, რომ უკან ისეთი ხალხი მიდგას, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს. ეს უფრო მეტ ძალას მაძლევს.
– რატომ გადაწყვიტე სამედიცინოზე ჩაბარება? ბავშვობაში ხომ არ თამაშობდი ექიმობანას?
– არა, თამაშები არ მიყვარდა. დახუჭობანას გარდა, არაფერს ვთამაშობდი. ბავშვობიდან მეუბნებდნენ: შენს ასაკთან შედარებით, როგორი სერიოზული და სხვანაირი ხარო. მსიამოვნებდა, რომ ყველასგან განსხვავებული ვიყავი. მეუბნებოდნენ: როგორი ზრდილობიანი, კულტურული, ჩამოყალიბებული ხარო. ჩემს ასაკში ზრდილობა და კულტურა ყველას შეიძლება ჰქონდეს, უბრალოდ, ჩემი სერიოზულობა უკვირთ ხოლმე.
– რაიმე რთული პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში?
– არა. მშობლების დახმარებით, არ მიგრძნია ისეთი ტკივილი, რომ ამას ჩემზე, ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაზე ემოქმედა. მშობლების დამსახურებაა, რომ ასეთი ვარ.
– არასერიოზული არასდროს ხარ?
– ხუმრობა მეც შემიძლია. მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ამდენი წელია, ვცხოვრობ, რაღაცას ვიხუმრებ, ასე ხომ არ ვიჯდები. რამეს გავაკეთებ ისეთს, რომ ცოტა ხანს სხვანაირი ვიყო. ადამიანს თვალებში რომ ჩავხედავ, ვხვდები, როგორი პიროვნებაა და იმის მიხედვით ვეკონტაქტები. არ მიყვარს ისეთები, დიდი წარმოდგენა რომ აქვთ საკუთარ თავზე. ვცდილობ, მათგან შორს დავიჭირო თავი. არასერიოზული, ცანცარული რაღაცეები არ მიზიდავს, ისევე, როგორც ცანცარა ადამიანები.
– სამედიცინოზე სწავლის თემას დავუბრუნდეთ.
– ბიოლოგიამ ძალიან დამაინტერესა. მიმიზიდა და ნელ-ნელა ჩავუღრმავდი, განსაკუთრებით, როცა ანატომიაზე გადავედით. თან ჩემები მეუბნებოდნენ: ისეთი ხელები გაქვს, კარგი ქირურგი იქნებიო. ყველაფერმა იმოქმედა ჩემზე და დავიწყე ბიოლოგიის კარგად შესწავლა. გამოცდების ჩაბარებამდე ერთი წლით ადრე, ვიფიქრე: არის თუ არა ეს ჩემი პროფესია-მეთქი  და გადავწყვიტე, ოპერაციას დავსწრებოდი. პირველ ოპერაციაზე ცოტა შემეშინდა, გულის წასვლამდე მივედი. დამაწვინეს, მასულიერებდნენ. ახლობელმა, ვინც საოპერაციოში შემიყვანა, მითხრა: არ გინდა, არ არის ეს შენი საქმე, თან სისხლის გეშინიაო. ამაზე ნერვები მომეშალა და იმ დღესვე მეორე ოპერაციაზე შევედი. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. პაციენტის გადაწვენა-გადმოწვენაშიც ვეხმარებოდი. ვისიამოვნე კიდეც, საინტერესო იყო და აზარტულიც. ბავშვობაში ბევრჯერ მიმიღია ტრავმა, სისხლის შიშიც არ მქონია. უბრალოდ, დიდი ჭრილობა პირველად ვნახე, თან მშიერიც ვიყავი და ალბათ, ყველაფერმა იმოქმედა.
– ტრავმებს რატომ იღებდი?
– ბავშვობიდან მიყვარდა ხის კენწეროზე ასვლა. ვიმალებოდი ხოლმე და მსიამოვნებდა, ყველას ზემოდან რომ ვუყურებდი, თან ვისვენებდი. დავხტოდი სიმაღლეებზე, პარკურივით. ერთხელ, ორი მეტრის სიმაღლიდან როლიკებით გადმოვხტი და თავი გავიტეხე. ნაკერები დამადეს, გადავრჩი. სკოლაში ჩემი ბავშვობის ძმაკაცმა ძალიან მაწყენინა. არ მიყვარს ჩხუბი, ხელის გარტყმა – ეს არასდროს მსიამოვნებდა. ძალიან გავბრაზდი, კედელთან დავაყენე და მას ხომ არ დავარტყამდი, კედელს დავარტყი ხელი. ორი თითი გადამიტყდა.
– რას შეუძლია შენი წყობიდან გამოყვანა?
– შეურაცხყოფას რომ მაყენებენ, შეიძლება, რაღაც ეტაპამდე მოვითმინო. მერე კი ამომასხას – მოფრინდნენ ჩიტები და გადამეკეტოს. ასეთ დროს საკუთარ თავს არ ვგავარ.
– რა გაქვს სამომავლოდ გადაწყვეტილი, მედიცინის რომელ სფეროს აირჩევ?
– ორთოპედ-ტრავმატოლოგობა მინდა. ახლა „X ფაქტორის“ გამო, ძალიან  ვარ დაკავებული და სწავლას ყურადღებას ვეღარ ვაქცევ. ოცნება მაქვს, ორი საქმე ერთად ვაკეთო, მაგრამ მორალურად ვიღლები ხოლმე. უნივერსიტეტშიც ვერ დავდივარ, პრობლემები მექმნება.
– როგორ შეხვდნენ მშობლები შენს გადაწყვეტილებას?
– მამას არ მოეწონა: როდის დაამთავრებ, როდის შექმნი ოჯახსო. მაგრამ ჯერ ადრეა. თვითონ 64 წლისაა და შვილიშვილი უნდა.
– როგორც მახსოვს, სტიქაროსანიც იყავი.
– კი, სტიქროსანი ვიყავი მამა გურამთან (გურამიშვილთან). ახლა ვერ ვახერხებ სიარულს. 14-15 წლის ვიყავი, როცა პირველად მივედი ეკლესიაში. ძალიან ჩაკეტილი ვიყავი იმ დროს, ეკლესიაში დავიწყე სიარული. მამა გურამთან მივედი, ვუთხარი, რომ მისი სულიერი შვილი მინდოდა, გავმხდარიყავი. ერთ დღესაც მითხრა, სტიქარი შეიკერეო. ძალიან გამიხარდა. ჩემს ჩამოყალიბებაში ეკლესიამ, იმ გარემომ დიდი წვლილი შეიტანა. 6-7 თვეა, ვეღარ მივდივარ და ძალიან განვიცდი. მინდა, მივიდე, შევიმოსო და ყოველთვის რაღაც მიშლის ხელს. ერთხელაც გადავდგამ ეკლესიისკენ ფეხს და შევიმოსები. ახლაც ვაპირებ მამა გურამთან მისვლას. ურთულესი სიმღერა უნდა შევასრულო: იუდას არია და მინდა, მამა გურამისგან კურთხევა ავიღო.
скачать dle 11.3