№22 ვისზეა შეყვარებული მთელი ცხოვრება მაიკო კაჭკაჭიშვილი და რის გამო ვერ იგუებს ის გვერდში ქმარს
გასულ კვირას, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, „ოტიუმში”, კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. კონცერტზე ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა მაიკოს სიმღერები შეასრულეს. როცა საღამო დასასრულს მიუახლოვდა, კომპოზიტორს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, ისეთი სიურპრიზი გაუკეთა, რომ დააბნია, შოკში ჩააგდო – სწორედ იმ წუთს დარწმუნდა, რომ სასწაულები, ნამდვილად ხდება.
მაიკო კაჭკაჭიშვილი: დიდი შემართებით ვემზადებოდით ჩემი კონცერტისთვის და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე ასეთი სიურპრიზით დასრულდებოდა. ზოგადად, ისე ვნერვიულობ კონცერტის დროს, მეგობრებს ვეკითხები ხოლმე, კარგი იყო თუ ცუდი-მეთქი (იცინის). როცა ჩემს დაწერილ სიმღერებს ვუსმენ, იმდენად ვნერვიულობ, რეალობის აღქმის უნარს ვკარგავ. ახლაც ასე ვიყავი და რომ გამოაცხადეს, გადაეცემა სამოთახიანი ბინა რემონტით მაიკო კაჭკაჭიშვილსო, სცენიდან გავედი. მერე დავბრუნდი, ჯერ გამოვართვი ფურცელი, ვერ წავიკითხე, რა ეწერა და უკან დავუბრუნე. ისე დავიბენი, თავს ვერ ვაკონტროლებდი, არაადეკვატური გავხდი (იცინის). ვერ გავიგე, რა უნდა გამეკეთებინა. სიურპრიზებისა და ამაღელვებელი მომენტების დროს, თავის ხელში აყვანა ვერ ვისწავლე.
– ახლა, როცა უკვე იცი და გაიაზრე, რომ სამოთახიანი ბინის მფლობელი ხარ, როგორი განცდაა? რა ურთიერთობა გაქვს, იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებთან, ვინც ასეთი სიურპრიზი გაგიკეთა?
– რომ ვიცი, ახალი სახლი მაქვს, ახლაც შოკში ვარ. ვგრძნობ, რომ ამდენი წელი შრომა წყალში არ ჩამყრია, ხალხს ვუყვარვარ და მაფასებენ. ზოგადად, პატივისცემა დამოკიდებულებით განისაზღვრება და არა მატერიალურით. ბინა შეიძლება, რამდენიმე გქონდეს, მაგრამ ერთ დღესაც ქუჩაში აღმოჩნდე. თუ დაბადების დღეზე და კეთილი ადამიანებისგან ნაჩუქარ ნივთებს არ ჩავთვლით, მანქანა, მაცივარი ან სარეცხი მანქანა არავის უჩუქებია ჩემთვის (იცინის). ბევრჯერ მიცდია და არც ლატარიაში, კაზინოში მომიგია არასდროს და მჯეროდა, ამ სფეროში უიღბლო ვიყავი. აღმოჩნდა, უიღბლო კი არა, ყველაზე იღბლიანი ვყოფილვარ. მართლა, არ მეჯერა, თუ ასეთი ამბავი ჩემს თავს მოხდებოდა. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანია „ბილდინგ სოლუშენ 111-ს,” რომლის წარმომადგენლებსაც არ ვიცნობ და მიუხედავად ამისა, გამოთქვეს სურვილი, ბინა ეჩუქებინათ და ჩემს ტყუპებთან ერთად ქუჩაში არ დამტოვეს. ისინი ჩემი მფარველი ანგელოზები, მზე და მთვარე აღმოჩნდნენ. აქამდე, შეხება არ მქონია ამ სამშენებლო კომპანიასთან. ვიცნობ თეა აბაშმაძეს, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა ამ კომპანიაში და ვფიქრობ, თეასა და გუნდის ერთობლივი სურვილით გამიკეთეს ასეთი საჩუქარი. სხვათა შორის, რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვისაც არ გაუხარდა ჩემი ახალი ბინა – არც მომილოცეს და არც შეიმჩნიეს. გული დამწყდა, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტ ძალას მაძლევს, ვიშრომო და თავი შევაკლა მუსიკას. ისე მინდა, ვიცხოვრო და ვიყო წარმატებული, უკან რომ მოვიხედავ, არაფრის შემრცხვეს.
– თქვი, მადლობა, რომ მე და ჩემი შვილები ქუჩაში არ დაგვტოვესო. ახლა რომელ ბინაშიც ცხოვრობ, ის ხომ შენი საკუთრებაა?
– ახლა სადაც ვცხოვრობ, ის ბინა ჰაერშია. ბანკში ჩავდე, ვეღარ გადავიხადე და არ ვიცოდი, როდის მოგვიწევდა მე და ჩემს შვილებს მისი დატოვება. მინდა, ბანკის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, რომ დღემდე იქ გვაცხოვრებს და ერთხელაც არ უთქვამთ, ბინა დატოვეთო. როცა ვიყიდე, შავი კარკასი იყო. მერე ბინა ბანკში ჩავდე, რომ რემონტი გამეკეთებინა. მერე დაიწყო აგვისტოს ომი, არავის აღარ ემღერებოდა და შემოსავალიც აღარ მქონდა და ვალიც ვეღარ გადავიხადე ბანკში.
– სად მდებარეობს შენი ახალი ბინა და როდის აპირებ გადასვლას?
– მოსკოვის პროსპექტზეა. გარემონტებულია და დეკემბრის ბოლოს ჩამაბარებენ. ასე რომ, ახალ წელს, ახალ სახლში შევხვდები. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამისთვის, თეა აბაშმაძეს, კომპანია „ბილდინგ სოლუშენ 111-ს“, ანი როგავას, მაგდა ბერსენაძეს და ყველა იმ მომღერალს, ვინც იმ დღეს გვერდით მედგა და ჩემს სიხარულს იზიარებდა.
– ბავშვებს თუ გაუხარდათ და როგორ გამოხატეს ემოცია?
– ტყუპები უემოციოები არიან, ამაში მამას გვანან. გაუხარდათ, მაგრამ დიდად ვერ გამოხატეს. ზოგადად, უემოციო ადამიანებთან მიჭირს ურთიერთობა და იმედია, რომ გაიზრდებიან, ემოციის გამოხატვასაც ისწავლიან (იცინის).
– ორ ბიჭს მარტო ზრდი. მკაცრი დედა ხარ?
– თუ სიმკაცრე ყვირილსა და ცემაში გამოიხატება, არ ვარ. თუმცა, მათთან ორჯერ გამეორება არ დამჭირვებია. ერთი შეხედვა საკმარისია, მიხვდნენ, რა მინდა. ისეთი ზღვარი მაქვს ტყუპებთან, როგორიც უნდა ჰქონდეს დედას, რომელიც მათი დედაცაა და მამაც. არ ეშინიათ ჩემი, უბრალოდ, რიდი და პატივისცემა აქვთ.
– მაიკო, ახლახან გაიკეთე ოპერაცია და საკმაოდ დაგეტყო გარეგნობაზე. რატომ გადაწყვიტე საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა და არა დიეტებით, ზედმეტი კილოგრამების დაკლება?
– ორი ოპერაცია დამჭირდა – ერთი ნაღვლის ბუშტის და მეორე კუჭის. ძალიან მეშინოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ძალიან მინდოდა გახდომა და დღეს მიხარია სასწორზე დადგომა. დიეტებს ყველა იცავს, უბრალოდ, მე უმტკივნეულოდ მინდოდა დაკლება და შედეგს მივაღწიე. დიდი მადლობა დავით აბულაძეს და დავით კაპანაძეს, ჩემს ექიმებს. მათ, ფაქტობრივად, მეორედ გამაჩინეს. მათი წყალობით, ყოველ დილას, სასწორზე რომ ვდგები, გათენება მიხარია (იცინის). დიეტების გამო გული არასდროს წამსვლია, თუმცა, ოპერაციის შემდეგ, არ მაქვს შიმშილის გრძნობა. მაგრამ, ორგანიზმი რომ არ ვაშიმშილო, პატარა დოზით მივირთმევ, მაგალითდ 4-5 კოვზ საკვებს. ამის გამო თავბრუ მეხვევა და ერთხელ შაქარიც დამივარდა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაივლის. მთავარია, მე კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში, ახალი, აღმაფრენის ეტაპი დაიწყო და ყველაზე კარგი კიდევ წინ არის, ველოდები.
– როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– შარშან ზაფხულს ყველაზე რთული პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში – ფინანსურად ყველა წყარო დაიკეტა. ოჯახის წევრები, ზოგი სოფელში მყავდა გაშვებული, ზოგი ბათუმში და ვიჯექი სახლში მარტო, უთეთროდ. მაშინ მოვახდინე თავში გარდაქმნები, გადავწყვიტე, გამეხსნა სტუდია – გადავწყვიტე ის, გადავწყვიტე ეს და გამოვძვერი. ასეთი რადიკალური ვარ, სანამ ბოლომდე არ დავენარცხები, მანამდე ყველაფრის გაკეთებას ვაგვიანებ. რომ დავენარცხე, მივხვდი, მოქმედების დროა. გავინძერი და გამომივიდა. ზოგადად, ასე ვარ, თვითონვე ვეცემი და ვდგები – არავინ მაშველებს ხელს, რომ წამომაყენოს. მარტო ვიბრძვი, სულ მარტო და გამომდის.
– ასეთ დროს დეპრესიაში არ ვარდები?
– არ ვაძლევ თავს დეპრესიაში ჩავარდნის უფლებას. მაქსიმუმ, სამი დღე გაგრძლედეს დეპრესია და მერე ვაანალიზებ, რომ პატრონი არ მყავს. მე ვარ ყველას პატრონი და ჩაწოლისა და დეპრესიის უფლება არ მაქვს.
– ამ დროს, სად არიან შენი მეგობრები?
– მეგობრებში ნამდვილად გამიმართლა. მხარში მიდგანან მორალურად, მაგრამ, როცა დეპრესიის დღეები მაქვს, არავისი მჯერა, არავის ვუსმენ და არავის გავლენის ქვეშ არ ვექცევი. მოვუსმენ ყველას, მაგრამ ჩემს აზრზე ვრჩები. ჯიუტი ვარ (იცინის).
– თქვი, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოო. არასდროს გიფიქრია, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე?
– არასდროს მიფიქრია მეორედ ოჯახის შექმნა. მე ისეთი ვარ, ჩემ გვერდში ფიზიკურად მეორე ადამიანს, როგორც ქმარს, ვერ ავიტან. ასე რომ, ზუსტად ვიცი, ოჯახს აღარ შევქმნი. შვილები, მეგობრები, კარიერა – ესაა ჩემი პირადი ცხოვრება. ისე, როგორც კომპოზიტორი, პოეტი, შემოქმედი ადამიანი, სულ შეყვარებული ვარ – მთელი ცხოვრება ჩემი მუზები მყავს (იცინის).