კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როდის ლოცულობენ გიორგი შერმადინის ცოლი და სიდედრი მისთვის და რა მახეში გააბეს ის თანაგუნდელებმა

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 ესპანეთის ლიგა „ენდესა” ევროპაში საუკეთესო შიდა ჩემპიონატია და იქ თავის გამოჩენა ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს სეზონი ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა: ის, ტურის და თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ აღიარეს - იანვარში, მარტსა და მაისში. გარდა ამისა, გიორგისა და მისი მეუღლის, ანის ცხოვრებაში დიდი სიახლეა, წყვილი ტყუპი გოგონების მოლოდინშია. დანარჩენს, უფრო დაწვრილებით, ქართველი ბომბარდირი თავად გიამბობთ.

გიორგი შერმადინი: დავიწყებ იმით, რომ ძალიან კარგი სეზონია როგორც გუნდისთვის, ასევე, ჩემთვისაც. ყველა მოთამაშეს აქვს თავისი როლი და ეს ყველაფერი დადებითად აისახა თამაშებზეც. ზოგადად, ესპანეთის ჩემპიონატზე ყველაზე პრესტიჟულია თასზე მოხვედრა და ჩვენ ეს შევძელით. რაც შემეხება პირადად მე, შეიძლება ითქვას, საუკეთესო სეზონი მქონდა და იმედია, მომავალი უკეთესი იქნება. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აეწყო: მქონდა თამაშის დრო, ბურთთან შეხება, ბევრი პასი. ტრენერიც მეხმარებოდა, გუნდის წევრებს ეუბნებოდა, რომ პასი მოეცათ ჩემთვის.
– სეზონის დასრულების შემდეგ რას გეგმავ? ევროლიგაში ხომ არ აპირებ ისევ დაბრუნებას?
– რთულია სპორტსმენისთვის მომავლის დაგეგმვა. ერთადერთი, ის ვიცი, რომ ივლისში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მომიწევს ჩამოსვლა (იცინის). აქ რომ სეზონს დავამთავრებ, მერე გამოჩნდება სხვა გუნდი, მაგრამ რომელი, ჯერ არ ვიცი. მოხარული ვიქნები, თუ ისევ ევროლიგაზე დავბრუნდები. წლების განმავლობაში იქ ვთამაშობდი, მერე ხელი შემეშალა. 2-ჯერ მოგებულიც მაქვს ევროლიგა.
– გარდა კარიერული წინსვლისა, დიდი სიახლე გაქვთ ოჯახში. მესამე პატარას ელოდებით.
– მესამეს არა, ორი  მოდის ერთად (იცინის). ტყუპ გოგონებს ველოდებით. გვყავს უფროსი ნუციკო, 6 წლის და პატარა ნიკოლოზი, რომელიც 4 წლისაა. ივლისის დასაწყისში კიდევ ორი გოგონა შემოემატება ჩვენს ოჯახს, რაც ძალიან გვაბედნიერებს.
– სახელები უკვე შეურჩიეთ?
– დიდი განხილვები გვაქვს მაგ ამბავზე (იცინის). ვიდრე სქესს გავიგებდით, ვამბობდით, რომ ერთი გოგო იქნებოდა, მეორე კი – ბიჭი და სახელებიც შერჩეული გვქონდა. ბავშვებმაც იცოდნენ, რომ ბიჭი და გოგო იყვნენ. რომ გავიგეთ, ორი გოგო იყო, ნუციკოს ძალიან გაუხარდა. ნიკუშას ეწყინა: მე ბიჭი მინდა, ბიჭი სად არისო (იცინის).
– გამოდის, რომ ოჯახში ბიჭები უმცირესობაში ხართ.
– (იცინის) კი, ნამდვილად. ოთხი გოგო გვეყოლება ოჯახში, ანის ჩათვლით და აი, მომავალში ვნახოთ, კიდევ რა იქნება. ცოტა რთული თემაა. თან, გოგო მამისთვის სულ სხვაა, სასწაულები არიან. ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, მაგრამ გოგოებმა დიდი სიყვარული იციან. ერთი წამით არ უნდა ხოლმე ნუციკოს, ხელი გამიშვას, როცა სადმე მივდივართ. ნიკუშა გადარეულია, ძალიან მოუსვენარი. ერთი წამით ვერ დასვამ სკამზე. სკოლაში რომ მივიყვანეთ, გადარია ბავშვები და მასწავლებლები (იცინის).
– ჯერ პატარაა, მაგრამ მამის მსგავსად, კალათბურთელი ხომ არ უნდა გამოვიდეს?
– კი, აინტერესებს კალათბურთი. თამაშებზე დამყავდა ხოლმე ბავშვები და ნიკუშა ელოდებოდა, როდის მოვრჩებოდი თამაშს, ხელში რომ ამეყვანა და ფარში ჩაეგდო ბურთი (იცინის). ძალიან მინდა, ამ სპორტს გაყვეს და რაც მე ვერ შევძელი, ის გააკეთოს.  
– არ ხარ კმაყოფილი საკუთარი თავით?
– უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. შეცდომები დავუშვი გუნდიდან გუნდში გადასვლის დროს. მქონდა ტრავმები, ოპერაციის გაკეთებაც დამჭირდა მუხლზე. ამ ყოველივემ დამაბრკოლა.
– დატვირთული რეჟიმი გაქვს. როგორ უთავსებ ოჯახს და ვარჯიშს? ხომ არ აპროტესტებენ ოჯახის წევრები?
– ანი და ბავშვები 2 თვეა, რაც თბილისში არიან. ორსულობის გამო ფრენის ლიმიტი იყო. კონკრეტული კვირის მერე აღარ შეიძლებოდა ფრენა. ამიტომ, წავიდნენ თბილისში და მელოდებიან მე. როცა ჩემთან არიან, მაქსიმალურად ვცდილობ დროის გადანაწილეობას – ბავშვები დილით სკოლაში მიგვყავს. ანი სახლშია და  გემრიელ კერძებს გვიმზადებს (იცინის). სახლში ყველანაირად მიწყობენ ხელს. ვარჯიშიდან რომ მოვდივარ. ბავშვები ამბობენ, არ ვიხმაუროთ მამას დასვენება სჭირდებაო (იცინის). შეძლებისდაგვარად, ასრულებენ თავიანთ დაპირებას და ძალიან არ ხმაურობენ.
– ხშირად გიწვეთ ცალ-ცალკე ყოფნა? ეს დისკომფორტს არ იწვევს ურთიერთობაში?
– დისკომფორტს არ იწვევს, მაგრამ რთულია. ანიმ იცის, რომ ეს ჩემი სამსახურია. ძირითადად, სულ ჩემთან ერთად არიან, უბრალოდ, ახლა იყო გამონაკლისი. ბავშვებს რომ ველოდებით, ამიტომ წამოვიდა სეზონის დამთავრებამდე. ნაკრების მოსამზადებელი ეტაპი როცაა, მაშინ გვიწევს კიდევ ცალ-ცალკე ყოფნა, მაგრამ დიდი ხნით არ მივდივარ, მაქსიმუმ 25 დღით. წელს ეს გამონაკლისია და ძალიან სასიხარულო ამბავიც გვაქვს. ინტერნეტის მეშვეობით ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს.  
– ბევრი თაყვანისმცემელი რომ გყავს, ხომ არ ეჭვიანობს?
– არა, რა თქმა უნდა. ბევრი გულშემატკივარი მყავს და ბევრს ვუყვარვარ, განსაკუთრებით საქართველოში. ახლახან გამოკითხვა ჩატარდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად, სადაც მონაწილეობას ვიღებდით: მე, ბექა ბურჯანაძე და თორნიკე შენგელია. მთელი საქართველო გვგულშემატკივრობდა და ჩართული იყო ამ პროცესში. უნდოდათ, ქართველს მოეგო. თუმცა, პირველ ადგილზე გავიდა მადრიდის მოთამაშე, მესამეზე – გავედი მე. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ ადამიანს. მადლობა მათ, ასეთი დაფასებისთვის. იმედია, როგორც ისინი გვახარებენ, ჩვენც ანალოგიურად გავახარებთ მათ.
– ალბათ, ანის შენს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
– კი, ნამდვილად. ყველანაირად მხარში მიდგას. თან, ჩემი ოჯახი, მეუღლე, სიდედრი ძალიან მორწმუნეები არიან. დღის ნახევარს ლოცვაში ატარებენ. როცა, თამაში მაქვს, ყოველთვის ლოცულობენ ჩემთვის. მეც ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო – ვურეკავ ხოლმე მამა ელიზბარს და მამა იოანეს.
– ბევრი გუნდი გამოიცვალე და ახალწვეულობის დროს, რომელი ტრადიციის „მსხვერპლი“ გახდი?
– ერთი შემთხვევა მქონდა, მაგრამ ეგ იყო დიდი ხნის წინ და ვცდილობ, ეგეთ რაღაცეებში არ გავება. ცოტა გრძელი ისტორიაა, მაგრამ მოგიყვებით. ერთ დღესაც ვარჯიში დაგვიმთავრდა და თანაგუნდელთან ერთად მანქანით წავედით სახლში, მეზობლად ვცხოვრობდით. შუქნიშანთან იდგა გოგო, ჩვენც მანქანა გავაჩერთ და შევთავაზეთ, ჩვენთან ერთად წამოსვლა. გოგომ უარი გვითხრა, ჩემს მეგობარს ველოდებიო და ჩვენც წავედით. მეორე დღეს, ვარჯიშზე რომ მივედით, ეს გოგო აღმოჩნდა მესამე ტრენერის შეყვარებული. რომ დაგვინახა, ბუნებრივია, მის შეყვარებულს ყველაფერი უთხრა. გუნდში მოულაპარაკებიათ, რომ გამხუმრებოდნენ და ტრენერისთვის საჯაროდ ბოდიში მომეხადა. მეორე დღეს რომ მივედი, კაპიტანი მეკითხება: რა მოხდა გუშინ საღამოსო. არაფერი-მეთქი. აბა, ის გოგო, რომ ნახე, რა უთხარიო. ადგილზე გავშრი, ვერაფერი ვთქვი (იცინის). წამოდი ახლა და ტრენერს ბოდიში მოუხადეო. მეც წავყევი. შევედით ოთახში და კაპიტანმა ბერძნულად უთხრა რაღაც, მხოლოდ ჩემი სახელი გავიგე ამ ლაპარაკში. ისიც აყვირდა და გაბრაზდა. გამოვბრუნდით და კაპიტანი მეუბნება: ვიდეოების დროს, ყველას თვალწინ მოუხდი ბოდიშსო. მოკლედ, შეიკრიბა გუნდი და ვიდრე კაპიტანი ახსნას დაიწყებდა, იკითხა: ვინმეს რამე ხომ არ გაქვთ სათქმელიო. მეც ავწიე ხელი და დავიწყე: ბოდიში მინდა, მოვუხადო  ანდრიას, წუხელი მის გოგოს შევთავაზე რომ სახლში გამეყვანა, რა თქმა უნდა, ცუდი განზრახვით არ მითქვამს-მეთქი და ასე შემდეგ. აი, ოთახი დაინგრა სიცილით. მაშინ, მივხვდი, რა მახეშიც გამაბეს. ამის მერე გავხდი ფრთხილი (იცინის). ერთი სიკვდილი გავიარე იქ. იმის მერე, რამდენი გუნდი გამოვიცვალე და მსგავსი არაფერი მქონია.
скачать dle 11.3