№22 როგორ მოუწყვეს სახელმწიფო კონცერტი „გამოძახებით თოვლის ბაბუას“ ცნობილ ქართულ ოჯახში
მსახიობი თემურ კალანდაძე (კანტალო) ასეთ ისტორიას იხსენებდა: „ერთ-ერთ ახალ წელს, ცოტა ფული რომ გამეკეთებინა, „გამოძახებით თოვლის ბაბუად“ ვმუშაობდი. ჩემს მოვალეობაში სიმღერა, დეკლამაცია და გამომძახებლების გართობა შედიოდა. სიმართლე რომ ვთქვა, როგორც რუსები იტყვიან: „დო კანცა ატრაბატივალი“, ანუ ბოლომდე ვიხარჯებოდი და გამოძახების ცენტრში დაღლილი და მშიერი ვბრუნდებოდი. ჭამის დრო სად იყო, თანაც, არავინ გატანდა ძალას... მორიგი გამოძახება ვინმე როინიშვილთან მქონდა და გზაში ვწუწუნებდი – მამღერებენ, მალაპარაკებენ და მშიერს გამომიშვებენ-მეთქი. რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ თურმე ცნობილი მსახიობის, გია როინიშვილის ოჯახში არ გამოვუძახებივართ? რომ შევედი, სუფრას თამრიკოს დებიც უსხდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასეთ საზოგადოებაში ჩემი სიმღერა ვის სჭირდებოდა? სუფრასთან დამსვეს, ჯერ თამრიკომ და მისმა დებმა იმღერეს, შემდეგ – მარიამმა. იქ გიაც ჩაერთო. მე კი ვიჯექი და ამ დიდებულ კონცერტს სიამოვნებით ვუცქერდი, თან კარგადაც მოვილხინე სუფრაზე. ბოლოს კი, ფულიც გადამიხადეს და ისე გამომიშვეს. ასე რომ, მთელი ჩემი საახალწლო „პახაობა“ ერთმა გამოძახებამ შემიმსუბუქა და დააგვირგვინა.“