კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ დათანხმდა აფხაზეთის დაუმორჩილებელი მეფე თავისი მემკვიდრის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფებას და მონღოლებისადმი დაქვემდებარებას

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


 1247 წლიდან დავით მეექვსე ნარინი (უმცროსი) და დავით მეშვიდე ულუ (უფროსი) ერთად მართავდნენ საქართველოს ერთიან სამეფოს ტფილისიდან. 1259 წელს დავით ნარინი აუჯანყდა მონღოლებს, დამარცხდა, გადავიდა ქუთათისში და იქ დაჯდა მეფედ. ფორმალურად, ქვეყანა ჯერ გაყოფილი არ იყო ორად. მომდევნო წელს დავით ულუც აუჯანყდა მონღოლებს, ისიც დამარცხდა და დავით ნარინთან გადავიდა ქუთათისში. შემდეგში დავით ულუ შეურიგდა ყაენ ჰულაგუს და დაბრუნდა ტფილისში. ფაქტობრივად, ქვეყანა გაიყო ორ სამეფოდ – აფხაზეთს (დასავლეთ საქართველოს) მართავდა დავით რუსუდანის ძე, ნარინი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს – დავით ლაშას ძე, ულუ. 1270 წელს გარდაიცვალა დავით ულუ და გამეფდა მისი ძე, დიმიტრი მეორე. 1289 წელს, საილხანოში გამოვლენილი შეთქმულების გამო, სიკვდილით დასაჯეს დიმიტრი მეფის მძახალი, ბუღა ნოინი. მოღალატე ამირსპასალარის, ხუტლუბუღა სადუნის ძის რჩევით, ყაენმა მოაკვლევინა დიმიტრი თავდადებულიც და ჩამოართვა მეფობა მის მემკვიდრე დავითს. ხუტლუბუღას გეგმით, ყაენს სამაგიეროდ ტფილისის ტახტზე უნდა აეყვანა ქუთათისის ტახტის მფლობელის, დავით ნარინის უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე – ვახტანგი.
ყაენმა დაიბარა ხუტლუბუღა და უთხრა: „აჰა, დავხოცე ჩემი მტრები და მათ შორის შენი მტერიც, მეფე დიმიტრი. წადი ჩამომიყვანე აფხაზთა მეფის ვაჟი, მას მივცემ მეფობას და შენ ჩაგაბარებ მთელ საქართველოს. მართე როგორც გინდოდეს“, და ხუტლუბუღა  გამოაგზავნა ქუთათისში, მეფე დავით მეექვსესთან.
დავით ნარინი დათანხმდა მისი მემკვიდრე მეფედ დაესვათ ტფილისში. რუსუდანის ძემ იცოდა, რომ თავისი თანხმობით ლაშას შთამომავლების – დიმიტრის ვაჟების წინააღმდეგ წავიდოდა, კონკრეტულად, ტახტის მემკვიდრე დავითის წინააღმდეგ, და შესაძლოა, ლაშას შვილთაშვილები, დიმიტრის ვაჟები რომ გაიზრდებოდენ, მისი ძის მტრები გამხდარიყვნენ. მაგრამ, კარგად იცოდა დავით ნარინმა, თუ უარს იტყოდა, ეს წამგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის – დავით დიმიტრის ძეს ისედაც არ აძლევდნენ მეფობას, არც მის უმცროს ძმებს მისცემდა ტფილისის ტახტს დიმიტრიზე გამწარებული არღუნ ყაენი, და შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველო პირდაპირ მონღოლთა მიერ დანიშნული მოხელისთვის გადაეცათ. ეს არ იქნებოდა კარგი ქვეყნისთვის.
დავით ნარინი, ფაქტობრივად, არ ემორჩილებოდა ჰულაგუიანებს, მეტიც, მის მოწინააღმდეგეებს ეხმარებოდა კიდეც. თუ ტფილისში ტახტზე ავიდოდა დავით ნარინის მემკვიდრე, ფაქტობრივად, ქვეყანა გაერთიანდებოდა. მართალია, ამ შემთხვევაში, დავით ნარინს მოუწევდა მორჩილება გამოეცხადებინა ილხანისთვის და ჯარიც მიეშველებინა მისთვის, გაუთავებელ ომებში. მაგრამ, ეს ყველაფერი ღირდა აღმოსავლეთ საქართველოს შენარჩუნებისთვის და ქვეყნის გაერთიანებისთვის. მით უმეტეს, კარგად ხედავდა დავით ნარინი, რომ საქართველოს უკვე ჩამოცილებული იყო სამცხე და პირდაპირ ემორჩილებოდა ყაენს.
ყველაფერი აწონ-დაწონა ნარინმა და თანხმობა განუცხადა არღუნ ყაენის მიერ ელჩად გამოგზავნილ ხუტლუბუღას.
დიმიტრი მეფის შვილები დაფანტულები იყვნენ. მემკვიდრე – დავითი საილხანოში იყო ნოინ ტაჩართან, რომელმაც გამოსთხოვა მისი სიცოცხლე ყაენს და თვითონ ზრდიდა. უფლისწული ვახტანგ დიმიტრის ძე მთიულეთში იზრდებოდა. დედოფალი,  უფლისწულებთან, მანოელთან და ლაშასთან ერთად სკორეთის (სკვირეთის) ხევში იყო, რომელიც მათ სარჩოდ გადაეცათ. დიმიტრი მეფის მონღოლი ცოლი, დედოფალი სორღალა მამამისის სახლში დაბრუნდა და თან წაიყვანა უფლისწულები – ბაადური და იედგარი. გიორგი უფლისწული კი პაპამ – დედის, ნათელა დედოფლის მამამ, ბექა ჯაყელმა წაიყვანა სამცხეში და თვითონ ზრდიდა. „და დარჩა ქუეყანა ესე უმეფოდ“.
დავით ნარინი მემკვიდრე ვახტანგთან და ჯართან ერთად, ქართლში გამოემგზავრა და დადგა ტაშისკართან. იქვე მივიდნენ საქართველოში მდგარი მონღოლური ნაწილების მეთაურებიც – სირმონ ნოინის შვილი ყონჩიბა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომელიც იდგა ჯავახეთში, არტანსა და სამცხეს შორის. მოვიდნენ აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულებიც. ყველამ ერთგულების ფიცი დადო. დარწმუნდა რუსუდანის ძე, რომ ყველაფერი კარგად იყო და გააგზავნა თავისი ვაჟი არღუნ ყაენთან. თან, დიდებულები აახლა მემკვიდრეს. თვითონ კი ისევ გადავიდა დასავლეთ საქართველოში.
არღუნ ყაენს ძალიან მოეწონა ვახტანგ დავითის ძე, რომელიც ყოფილა „ტანითა სრული, პირითა ჰაეროვანი, ტკბილ, მოწყალე, სიმართლის მოქმედ, უხვი, მდაბალი, ენა-ტკბილი, განმზრახი კეთილი, ყოვლისა საქმისა მცოდნე“. დაამტკიცა ის აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ და გამოაგზავნა ტფილისში.  
ვახტანგის საქართველოში დაბრუნებისას შეიკრიბნენ: ქართლის კათალიკოსი, ეპისკოპოსები, დიდებულები, აკურთხეს მეფედ ვახტანგ მეორე და დასვეს ტფილისის ტახტზე.
საქართველო, ფაქტობრივად, გაერთიანდა მამა-შვილის, დავით მეექვსისა და ვახტანგ მეორის ხელში, „ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო“, – წერს მემატიანე. მხოლოდ ჯაყელ-ციხისჯვარელი არ ემორჩილებოდა მეფეებს. უხაროდათ ქართველებს ქვეყნის გაერთიანება და ის, რომ კვლავ ჰყავდათ მეფე „ნათესავი მეფეთა ჩვენთა, პატიოსანი, ღმრთისმოყვარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მხნე, და სამხედროთა ზნითა აღვსავსე“. აღმზრდელიც კარგი ჰყოლია ნარინის ძეს, „კეთილი და მეცნიერი“, ვინმე ფარსმანიშვილი.
ვახტანგ მეფემ სპასალარობა და ათაბაგობა ერთად მისცა ხუტლუბუღას.
გავიდა ორი წელი, ხუტლუბუღამ ვერ მოახერხა, ისე მოეწყო საქმე როგორც უნდოდა და თვითონ ემართა ქვეყანა. ვახტანგ მეორე საკმაოდ მტკიცე ხასიათის აღმოჩნდა. ამასობაში დაავადდა ყაენი არღუნი. ისე ცუდად იყო, ვეღარ მართავდა საილხანოს. ხუტლუბუღამ ისარგებლა ამით და დაიწყო ინტრიგების ხლართვა, რათა ტფილისის ტახტიდან ვახტანგი გადაეყენებინათ და მის მაგიერ დაესვათ დავით დიმიტრის ძე. ხუტლუბუღა ასე იმედოვნებდა ძალაუფლება კვლავ ხელში აეღო. ტაჩარ ნოინიც ცდილობდა დავითის გამეფებას. ოსთა მეფის ძეც, სახელად ფარეჯანი, მხარს უჭერდა დავითს. შეიკრიბა საბჭო ყაენის კარზე. მაგრამ, ქართველმა დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს დავითის გამეფებას, რადგან ეს ქვეყნის ისევ ორ ნაწილად დაშლას ნიშნავდა. თუმცა, დავითს სოფლები გამოუყვეს საუფლისწულოდ.
არღუნ ყაენი ვერ გამოკეთდა, პირიქით, იტანჯებოდა სნეულებისგან. მოსწყინდათ ნოინებს მისი ყაენობა და მოახრჩვეს თავისივე კარავში. ეს მოხდა ზუსტად 12 მარტს, მის მიერ დიმიტრი მეფის მკვლელობიდან ზუსტად სამი წლის თავზე. ქართველებმა და სხვათა შორის, მონღოლებმაც, არღუნის ტანჯვა და სიკვდილი 12 მარტს დაუკავშირეს დიმიტრი მეფის მკვლელობის გამო ღვთის მიერ არღუნზე მიწევნულ სასჯელს.
ამის მერე დავით უფლისწულის პოზიციები გაძლიერდა, მაგრამ ვახტანგ მეორეს მტკიცედ ეპყრა მეფობა. 1292 წლის 23 ივლისს, ნოინებმა ილხანთა ტახტზე დასვეს არღუნის ძმა, ქეღათუ. ისიც ფრთხილად ექცეოდა ვახტანგ მეფეს, რადგან, არღუნის დაავადებას, ტანჯვასა და დახრჩობას, მეფის მკვლელობის გამო მოწევნულ სასჯელად თვლიდაო – წერს ჩვენი მემატანე.
მაგრამ, მოულოდნელად დაავადდა ვახტანგ მეფე და გარდაიცვალა. მხოლოდ სამი წელი იმეფა საღმრთო და საკაცობო ნიჭით შემკობილმა მეფემ.
ეს რომ გაიგო ვახტანგის კონკურენტმა დავით უფლისწულმა, მწარედ იგლოვა, რადგან ძალიან კეთილი ახალგაზრდა გახლდათ ნარინის პირმშო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მეფე არ იყო დავითი, გასცა ბრძანება, გელათში გადაესვენებინათ და იქ დაეკრძალათ ვახტანგ მეორე, ნარინის ძე.
დავით მეექვსეზე, მამაზე, განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა პირმშოს სიკვდილმა. მას მერე სიხარული აღარც ჰქონია რუსუდანის ძეს. მალე გარდაიცვალა კიდეც.
ისევ ორ სამეფოდ უნდა გაყოფილიყო ქვეყანა.
скачать dle 11.3