კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 საბედისწერო ეფექტი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე (სტაუტ რექსი)



  იმ დილით მისტერ ჩიდენი განსაკუთრებით ცუდ გუნებაზე იყო. საკუთარმა დამ სიცოცხლე გაუმწარა. მშობლების სიკვდილის შემდეგ, მარიამ ხელში აიღო ოჯახის მართვის სადავეები, ძმა კი ყველანაირად შეავიწროვა. საოჯახო ბიზნესს – ოთახებს აქირავებდნენ თვიურად – მარია მართავდა. ფულსაც ის იღებდა, ჯონი კი შავ მუშად ჰყავდა. ერთ კაპიკსაც ვერ გააგდებინებდი. საჭმელსაც კი აყვედრიდა. სახარჯო ფულს მხოლოდ იმდენს აძლევდა, რამდენიც ოჯახისა და სასტუმროს საჭიროებებისთვის იყო აუცილებელი. მისტერ ჩიდენი ოცნებობდა, ერთხელ მაინც სამი დოლარით მეტი მიეცა მარიას, რომ ახალი შარვალი ეყიდა. მაგრამ, ქალი იშვიათი სიზუსტით აკონტროლებდა თითოეულ ცენტს. იმ დღესაც ფულის სათხოვნელად მივიდა დასთან. კიბეზე რომ ადიოდა, გუნებაში ითვლიდა იმ თანხას, რომელიც ოთახებში გაზის ონკანების გამოცვლას სჭირდებოდა. მარიამ ხომ არ იცოდა, რამდენი ონკანი იყო გამოსაცვლელი და ჩიდენსაც ამისი იმედი ჰქონდა. კიბის შუამდე მისულს დის ოთახიდან უცნაური ხმა შემოესმა. არ მოსჩვენებია, ოთახში ორი ადამიანი აშკარად ერთმანეთს კოცნიდა. განცვიფრებისგან კინაღამ ენა ჩაუვარდა. ეს წარმოუდგენელი იყო. ძნელად მოიძებნებოდა მამაკაცი, რომელიც შინაბერა მარიას კოცნას მოინდომებდა. მაღალი, ხმელი, გრძელცხვირა მარია ახალგაზრდობაშიც კი არ იყო მომხიბვლელი. ორმოცს რომ გადააბიჯა, გამოხედვა კიდევ უფრო მკაცრი და ულმობელი გაუხდა. ძმას ისე გადახედავდა ხოლმე, საწყალი ჯონი მუნჯდებოდა. ერთი სიტყვით, გათხოვების შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდა და თაყვანისმცემელიც არასდროს ჰყოლია. ჯონი გაჩერდა და სმენა დაძაბა. აშკარა იყო, რომ მარიას ოთახში ვიღაც ჰყავდა. როცა კარგად მიაყურადა, გარკვევით გაიგონა მამაკაცის ხმა: მარია, თქვენ უნდა მენდოთ, უნდა დამიჯეროთ. თქვენ თუ უარს მეტყვით ცოლობაზე, მე უბედური ვიქნები. ისეთი სუფთა ხართ... არასოდეს მინახავს თქვენნაირი ქალი.  ო, მარია, ხელს ნუ მკრავთ. მე ხომ თქვენ მიყვარხართ...
ჯონმა ფეხაკრეფით აიარა დარჩენილი საფეხურები  და კედელთან, კუთხეში დაიმალა. ცნობისმოყვარეობა კლავდა. უნდოდა, დაენახა, ვინ გამოვიდოდა მარიას ოთახიდან. ორი წუთის შემდეგ კარი გაიღო და ოთახიდან ქურდივით გამოიპარა მათი მდგმური მესამე სართულიდან, იტალიელი მოქანდაკე – კომიჩი. ჯონმა პირიც კი დააღო, კომიჩი მარიაზე ათი წლით მაინც იქნებოდა უმცროსი. საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურებოდა, ალბათ, ქალებიც არ აკლდა. ჯონმა გაიხსენა, როგორ დაინახა რამდენჯერმე მისი ბინიდან გამოსული ნახევრად შიშველი ქალები. კომიჩიმ მაშინ აუხსნა, ეს ქალები მენატურეები არიან და სეანსებზე მოდიან ჩემთანო. რადგან ჯონმა ვერაფერი გაიგო, კომიჩიმ შინ შეიყვანა და მარმარილოსგან გამოთლილი, რამდენიმე შიშველი ქალის ფიგურა აჩვენა, მთლიანად შიშველის. სხეულის ყველა ნაკვთი გამოკვეთილად უჩანდათ. ჯონს შერცხვა კიდეც. მაშინ მოქანდაკემ ძალიან იწუწუნა, რომ მისი საქმე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ მარმარილოს პატარა ნატეხი ძალიან ძვირი ღირს... და ეს კაცი მის შინაბერა დას ცოლობას სთხოვდა. სიყვარულის გამო რომ არ აკეთებდა ამას, ნათელი იყო. მარია არც საჩუქრებით გაანებივრებდა, საამისოდ ძალიან ძუნწი იყო. საკუთარი თავისთვისაც კი ენანებოდა ფული და ინახავდა. ოცი ათას დოლარზე მეტი ჰქონდა გადანახული. ვის დარჩებოდა ეს ფული, თუკი მარია კომიჩიზე გათხოვდებოდა  და  მერე მოულოდნელად მოკვდებოდა?! ჯონი მიხვდა, რომ სიტუაციის ამგვარად შემობრუნება კატასტროფას უქადდა. სამზარეულოში გადამალული სიგარეტი აიღო და საკუჭნაოში გავიდა. ყოველთვის იქ მიდიოდა, როცა საკუთარ თავთან განმარტოება და ფიქრი უნდოდა. მიუხედავად მარიას აუტანელი ხასიათისა, ის ნამდვილად ვერ გაუძლებდა გათხოვების ცდუნებას. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოეფიქრებინა. სიგარეტს ეწეოდა და თან საკუჭნაოს ათვალიერებდა. უცებ საღებავებიანი ყუთი დაინახა და სიხარულისგან სახე გაუნათდა. გამოსავალი ნაპოვნი იყო – ორივეზე იძიებდა შურს. პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა. თუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვთ მოხდებოდა, მარია არათუ სახლიდან შორს გააგდებდა თავის აბეზარ თაყვანისმცემელს, სხვა კაცების მიმართაც სიძულვილით განიმსჭვალებოდა და გათხოვების სურვილიც სამუდამოდ გაუქრებოდა.
ორი დღის შემდეგ კომიჩის უთხრა, სახლში რომ არ იქნებით, გაზის გამათბობელს ფილტრს გამოვუცვლიო. ისიც დაეთანხმა. ჯონიც დაელოდა, კომიჩი როდის გავიდოდა სახლიდან, მის ოთახში ავიდა და შავი საღებავიც აიტანა. ათიოდე წუთის მერე უკვე საკუჭნაოში იჯდა და კმაყოფილი გამომეტყველებით ეწეოდა სიგარეტს. ჯერჯერობით ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ახლა ცოტა ლოდინი მოუწევდა. ორი დღეც და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. შესაფერისი მომენტი შაბათს უნდა დამდგარიყო. ამ დღეს მისი და საქველმოქმედო წვეულებას მართავდა ხოლმე. ქალაქის ყველა ჭირიკანა, შინაბერა, თუ ოჯახის პატივსაცემი დიასახლისი მათთან, სასტუმროში იკრიბებოდა. ეს ერთადერთი დღე იყო, როცა მარია არ ძუნწობდა... შედარებით არ ძუნწობდა. მზარეულ ქალთან  და ძმასთან ერთად, საყიდლებზე მიდიოდა, ნაირ-ნაირი დელიკატესებით ავსებდა სუფრას და თავაზიანი მასპინძლის როლს თამაშობდა. სასტუმრო ოთახში ირჩეოდა ქალაქის ახალი და ძველი ჭორები. ყველას, ვინც კი არ მოსწონდათ, მიწასთან ასწორებდნენ. საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ.  ჯონმა ეს დღე ამოირჩია სამიზნედ.
ქალბატონები დანიშნულ დროზე შეიკრიბნენ. სასტუმრო ოთახში ყველაფერი ბზინავდა და ბრწყინავდა. სუფრა სავსე იყო ათასგვარი ნუგბარით. ახლად დაფქული ყავის სასიამოვნო სურნელიც ტრიალებდა. ჯონს სიხარულით უძგერდა გული. მხატვართან აირბინა და სრულიად უწყინარი სახით განუცხადა.
– ჩემმა დამ, მარიამ გამომგზავნა. მას და მის სტუმრებს თქვენი ნამუშევრების ნახვა სურთ.
კომიჩის სახე გაუბრწყინდა. მაშინვე ოთახში უწესრიგოდ მიყრილ ნივთებს ეცა მისალაგებლად. აფორიაქებული და დაბნეული იყო. ალბათ, მარიას მხრიდან ეს ყურადღება ქორწინებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩათვალა. ამასობაში ჯონი უკვე სასტუმრო ოთახისკენ გარბოდა. მარია მოიღუშა ძმის დანახვაზე.
– აქ რა გინდა? ხომ იცი, ამ ოთახში შემოსვლა აკრძალული გაქვს. ჩვენ სერიოზული საქმით ვართ დაკავებლი. ქველმოქმედება ხუმრობა არ არის.
– ჩვენმა მდგმურმა, მისტერ კომიჩიმ გამომგზავნა, თავისი სკულპტურების დასათვალიერებლად გეპატიჟებათ. ამბობს, რომ დიდ პატივად ჩათვლის, თუკი ერთი მათგანი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიყიდება. შეგიძლიათ, თავად ამოირჩიოთ.
მარია გაიბადრა და ამაყად გადახედა თავის სტუმრებს: წავიდეთ, ქალბატონებო!
კომიჩი ზღურბლზე მიეგება სასურველ სტუმრებს. მარიას მოწიწებით და აღფრთოვანებით გაუღიმა და ოთახში შეუძღვა. ჯონი ჩიდენი შორიდან ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ დასა და მოქანდაკეს შორის მოსალოდნელი ქორწინება ჩაეშალა. როცა კომოჩიმ შიშველი ქალების სკულპტურებს ტილო შემოაცალა, ყველა იქ მყოფმა დაინახა წარწერა ერთ-ერთ მათგანზე. შიშველი, მაცდუნებელი სხეულის ქვემოთ, სადგამზე გარკვევით იკითხებოდა წარწერა: მარია ჩიდენი. დაკვირვებული თვალი ადვილად მიხვდებოდა, რომ ქალის სხეულის თითქმის უნაკლო ფორმები არაფრით ჰგავდა მარია ჩიდენის ხმელ ფიგურას. მაგრამ ეს არავის შეუნიშნავს, საყოველთაო გმინვისა და აღშფოთებული შეძახილების ფონზე, ყველა მარიას მიაშტერდა, რომელიც ჭარხალივით გაწითლდა, ერთიანად აკანკალდა და საცოდავ მოქანდაკეს დაუფარავი სიძულვილით შეხედა. მერე ელვისებური ნახტომით სტატუეტს მივარდა, ხელი სტაცა და საცოდავ კომიჩის, რომელიც რაღაცის ახსნას ცდილობდა, ლუღლუღებდა და მარიასკენ მუდარით იშვერდა ხელებს, გამეტებით ჩაარტყა თავში.  ეტყობა, მარმარილოს სიმკვრივე ვერ გათვალა ან, პირიქით, გათვალა.  ასე იყო თუ ისე, დარტყმა მომაკვდინებელი აღმოჩნდა. თავგაჩეჩქვილი მოქანდაკე იატაკზე გაიშხლართა, საკუთარი სისხლის გუბეში. ჯონის გეგმებში არ შედიოდა მოვლენების ასეთი განვითარება, მას მხოლოდ ქორწინების ჩაშლა უნდოდა. მაგრამ, მარიას დასაცავად ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია, როცა ის  პოლიციელებმა წაიყვანეს. მეორე დღეს, როცა  პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა, სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. ტანთ კი ახალი შარვალი ეცვა.

скачать dle 11.3