კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ მოახერხა საქართველოში სათამაშო ბიზნესმა, გასულ წელს ოთხმილიარდიანი ბრუნვისთვის მიეღწია და რატომ არის დაკავშირებული სათამაშო ბიზნესთან რესტორნების, სასტუმროებისა და ავიარეისების სიმრავლე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


  2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ 302 მილიონ ლარს გადააჭარბა. მათ შორის, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვამცნობს, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი 849 090 631 ლარი იყო. სათამაშო ბიზნესი 2016 წელს ბიუჯეტს 109 987 188 ლარით შეეწია. ამ თანხიდან 50 მილიონი ლარი სანებართვო მოსაკრებელია, 35 მილიონზე ოდნავ მეტი –  საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადმა 60 მილიონ 156 ათასი ლარი შეადგინა, დამატებულმა ღირებულების გადასახადმა –  10 მილიონამდე, ქონების გადასახადმა კი, სულ რაღაც, 858 816 ლარი, ხოლო სხვა სახის გადასახადები 4 მილიონ 800 ათასამდე დაუჯდათ. ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა  7 365 იყო (წელს, მარტის ჩათვლით, 7 043 პირია დასაქმებული).
ციფრები, უდავოდ, შთამბეჭდავია, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია ის ზიანიც, რასაც სათამაშო ბიზნესი აყენებს ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას, რომელსაც უცაბედი გამდიდრების იმედი აქვს. თუმცა კაზინოები, როგორც წესი, კაზინოს მეპატრონის გამდიდრებისთვისაა შექმნილი და არა –  მოთამაშეების.
რამ ააყვავა სათამაშო ბიზნესი საქართველოში და უღირს თუ არა ქვეყანას ამ ფასად მიღებული შემოსავალი, –  ამ თემაზე ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთან ვისაუბრებით.

– გასულ წელს ოთხმილიარდიანი შემოსავალი ჰქონდათ კაზინოებს საქართველოშიო. ოთხი მილიარდი არ არის ურიგო თანხა. რა ტენდენციაზე მიანიშნებს?  
– სერიოზული შემოსავალი ჰქონია კაზინოებს. ჩემთვის წარმოუდგენელია ამხელა შემოსავალი. არ ვიცი, როგორ დათვალეს. მაშინ საბიუჯეტო გადასახადები მეტი უნდა იყოს, ვიდრე 100 მილიონი. ამდენად, ეჭვქვეშ ვაყენებ ამ ციფრს. ალბათ, ბრუნვაზეა ლაპარაკი.
– იყოს, თუნდაც, ბრუნვა. ერთია ეკონომიკური მომენტი, ანუ შემოსავლები და მეორე, თამაშის უარყოფითი ეფექტი. არის 100 მილიონი ლარი ის თანხა, რომ უღირდეს იმ ზიანად, რაც მოაქვს მისი მოსახლეობისთვის?
– ამის ხელაღებით თქმა ძალიან რთულია, რადგან სათამაშო ბიზნესთანაა დაკავშირებული რესტორნები, სასტუმროების ქსელი, აეროპორტები, ანუ ავიარეისების რაოდენობა. უნდა შემოვიღოთ რეგულაციები, რომ არასრულწლოვნები არ ჩაერთონ ამ პროცესში. თორემ სათამაშო ინდუსტრია არ ითვლება მხოლოდ იმით, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული, არამედ იმით, თუ რა ინვესტიცია ჩაიდო,  როგორ დაიტვირთა სასტუმროები და ასე შემდეგ. თბილისსა და ბათუმში რომ თავისუფალი ადგილი არ არის სასტუმროებში, ეს დიდწილად კაზინოების დამსახურებაა.
– სულ მაინტერესებდა, რის იმედად შენდება ამდენი ხუთვარსკვლავიანი, ანუ ძვირად ღირებული სასტუმროები. თურმე კაზინოების?!
– რა თქმა უნდა. კაზინოთი ცხოვრობს ბათუმში ყველა სასტუმრო და ეს არის მწარე სიმართლე. თუ არა კაზინო, ბათუმში ვერცერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ვერ დაიტვირთებოდა.
– ჩვენ რომელი ქვეყნებისთვის ვართ მომხიბვლელები კაზინოების სიმრავლით? ანუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩვენი კაზინოების კლიენტები?  
– ჩვენს სამეზობლოში კაზინოები აკრძალულია. ძირითადი მოთამაშეები არიან თურქები, აზერბაიჯანელები, ებრაელები… მათ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია და ამიტომ ჩვენთან მოდიან. ანუ ჰაბის როლი გვაქვს, კაზინოების მხრივ, ჯერჯერობით. მოდიან უკრაინიდან და რუსეთიდანაც. გადმოდიან სტეფანწმინდაში, ბათუმში. თბილისში მოფრინავენ. იმიტომაცაა ამდენი ავიარეისიც. ვაცხადებ ოფიციალურად, ბათუმში ვერცერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ვერ იქნებოდა რენტაბელური, რომ არა კაზინოები!
– სათამაშო ბიზნესი ჩვენი მოგონილი არ არის და ყველა ქვეყანა, სადაც ის ყვავის, სავარაუდოდ, ზრუნავს თავის მოქალაქეებსა და მომავალ თაობაზე. როდესაც თამაშობს ჩვენი მოსახლეობა, ისინი ვერც სასტუმროებს დატვირთავენ, ვერც რესტორნებს და ვერც ავიაბილეთებს გაასაღებენ. არის საკმარისი რეგულაციები, რომ ჩვენს ისედაც ღარიბსა და უმუშევარ მოქალაქეებს თამაშმაც რომ არ მოუღოს დამატებით ბოლო?
– ყველანაირი რეგულაცია შემოვიტანეთ, რაც არსებობს მსოფლიოში. ამოუწურავი თემაა,  თუ როგორ უნდა დაწესდეს კაზინოში რეგულაცია და ბოლომდე კონტროლი ვერ მოახერხა ვერც ლას-ვეგასმა და ვერც მაკაუმ. თუმცა საქართველოში მაქსიმალურადაა დარეგულირებული. ამან განაპირობა ის, რომ გამსხვილდა კაზინოები. ამაზე მეტი რეგულაცია უკვე ინვესტორს დააფრთხობს და ვერცერთი სასტუმრო ვერ აშენდება ბათუმში.
ცხადია, კაზინო ნარკოტიკივითაა, ანგრევს ოჯახებს, აუბედურებს ადამიანებს, მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებენ, ისევე, როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლს, თუმცა მავნებელია. ერთდერთი ის ვიცი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება, აშენდეს სასტუმროები, გაიმართოს ინფრასტუქტურა და ქვეყანამ წაიწიოს წინ. მოსაფიქრებელია ისეთი რეგულაცია, რომელიც არ დააფრთხობს ინვესტორებს და ქვეყნისთვისაც მისაღები იქნება.
– შედარებისთვის: სხვა ქვეყნებში რა წილი უჭირავს სათამაშო ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში?
– ასე თითქმის არავინ ანგარიშობს: თან, ბევრგან აკრძალულია კაზინოები და არ არის ნებადართული, რომ ისინი მთელ ქვეყანაში შენდებოდეს. კაზინო არ არის ეკონომიკის შემქმნელი: ის არის გასართობი ადგილი და იმის საშუალება, რომ ინვესტორმა უფრო იოლად გადაწყვიტოს სასტუმროს აშენება.
– რაზე მიანიშნებს ამ სექტორში 4-მილიარდიანი ბრუნვა?
– იმას, რომ ძალიან საინტერესონი გავმხდარვართ რეგიონის მასშტაბით. ეტყობა, ეს სფერო ვითარდება საკმაოდ მაღალი ტემპით და გაამართლა იმ მოდელმა, როგორიც საქართველოშია.
– გადახდილი გადასახადის ოდენობით, ანუ 100 მილიონით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ კაზინოების მეპატრონეების შემოსავალზე?
– ამას ვერავინ იტყვის, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენი შევიდა კაზინოში, რამდენმა მოიგო და რამდენმა წააგო. ზოგადად, ცნობილია, რომ 80 პროცენტში იგებს კაზინო, 20 პროცენტში –  მოთამაშე. ძირითადად, კაზინოებში თამაშობენ წვრილი მოთამაშეები. წვრილი მოთამაშეა 1 000 დოლარამდე, მსხვილი – 1 000 დოლარის ზემოთ. ბევრად მეტია წვრილი მოთამაშე. თურქ მძღოლებზეა აწყობილი ბათუმის კაზინოები ძირითადად.
– როგორ ახერხებენ იქ, სადაც აზარტული თამაშები ნებადართულია, დაიცვან არასრულწლოვნები. თუმცა ჩვენთან, მგონი, სრულწლოვნებიც დასაცავია.
– უნდა იყოს სიმკაცრე, კონტროლი, თუმცა აკრძალვა არ არის გამოსავალი. მაგალითად, რუსეთში აკრძალულია აზარტული თამაშები, მაგრამ აბსოლუტურად ყველა თამაშობს. ანუ ყოველთვის ჯობია, გააკეთო რეგულაცია, რომ სახელმწიფომაც მიიღოს შემოსავალი და ამ კომპანიებმაც განავითარონ თავიანთი სოციალური აქტივობა. აკრძალვას შედეგი არსად მოუტანია.
– ევროკავშირის ქვეყნებში როგორი მიდგომაა კაზინოებისადმი?
– სხვადასხვანაირი. კაზინო იშვიათობაა, მაგრამ არის ყველგან. მაგალითად, ლონდონში არის კაზინო და ამით ამაყობენ. გერმანიაში არის ზოგიერთ ქალაქში, მაგრამ ბევრ ქალაქში –  არა. იტალიაში არ არის, მაგრამ ლუზანოს კაზინოთი სარგებლობენ, რომელიც შვეიცარიის საზღვართანაა. საფრანგეთი კი გატენილია კაზინოებით. აშშ-ში, ლას-ვეგასის გარდა, რომელიც მსოფლიო ცენტრია, არის ატლანტაშიც.
– ოფშორებში რა ხდება?
– არის მონაკოში, ანდორაში, გიბრალტარში…
– აღმოსავლეთში?
– არის ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში, მაკაომ, მაგალითად, გაუსწრო ლას-ვეგასს. ტაილანდში ყველგანაა. მუსლიმანურ ქვეყნებში აკრძალულია აზარტული თამაშები, მხოლოდ პალესტინაშია კაზინოები და ებრაელებიც იქ გადადიან სათამაშოდ. მუსლიმანური ქვეყნებიდან მიფრინავენ სხვა ქვეყნებში, ან გემებზე თამაშობენ. ზღვას მოადგება გემი და იქ ადიან სათამაშოდ.
– კაზინოების სიმრავლე ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი არის? ანუ რას მიუთითებს მათი არსებობა ჩვენთან?
– ისეთი კაზინოები, როგორიც საქართველოშია, მიუთითებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და კარგად განვითარებადი, რადგან ჩვენთან მაღალი დონის კაზინოებია. ჩვენი კაზინოების დონე ტექნიკურად და ყველა პარამეტრით, მონაკოს დონეს უტოლდება, თუმცა არ არის ისეთი დრესკოდი, როგორიც ბადენ-ბადებშია და უჰალსტუხოდაც შედიან.
– ისეთი ტემპი ავიღეთ, რომ მალე ჰალსტუხებსაც გავიკეთებთ. ყველაზე დიდი ფული ბრუნავს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, პროსტიტუციაში, ადამიანებით ვაჭრობაში, იარაღით ვაჭრობაში. სათამაშო ბიზნესი რომელ ადგილზეა ამ ჩამონათვალში?
– მეათე-მეთეთრმეტე ადგილზეა, თუმცა ზოგან ლეგალურია ეს ბიზნესი, ზოგან –  არა. რუსეთში აკრძალულია, მაგრამ მაინც ბევრია არალეგალური, იატაკქვეშა კაზინო.
– ადრე იყო იდეა, რომ წყალტუბოში შექმნილიყო კაზინოების ქალაქი. მაინცდამაინც, დედაქალაქი უნდა იყოს ასეთი ცენტრი?
– სადაც არის მოსახლეობა და ტურისტი, იქ არის კაზინოც. ამიტომაც არის ბათუმსა და თბილისში. წყალტუბოში არავინ ჩადებდა ფულს, ეს იყო უტოპია. ბაზარი თვითონ არეგულირებს, სად უნდა იყოს კაზინო. თუ სახელმწიფო ჩაერევა ამ პროცესში, კაზინოები უბრალოდ გაქრება.
P. S. იმას, რომ აზარტული თამაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ დროის მოკვლა მოცალეობის ჟამს, მოწმობს მისი მდიდარი და უძველესი ისტორია. რთული სათქმელია, როდის გაჩნდა სამყაროში აზარტული თამაშები, თუმცა სათამაშო ბიზნესი ცივილიზაციის ისტორიის ნაწილია ლამის მისი დასაბამიდან.  ეგვიპტეში სათამაშო ბიზნესის ჩანასახები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 500 წლის წინათაც იყო. კერძოდ, სათამაშო ქვები, სპილოსა და დათვის ძვლებისგან დამზადებული. მაგალითად, ხეოფსის პირამიდაში აღმოჩენილია თიხის ცხრილი, რომელზეც მოთხრობილი მითი კალენდრის წარმოშობას სწორედ თამაშს უკავშირებს.
გერმანულ ტომებში იმას, რასაც დღეს კამათლებს ვუწოდებთ, საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა და ამის მეშვეობით იგებდნენ, თუ რამდენად კეთილგანწყობილი იყო მათდამი ზენა ძალები. დღესაც ბევრი იმიტომაც დადის კაზინოში, რომ ფორტუნის დამოკიდებულება გამოიცნოს.
აზარტული თამაშები პოპულარული იყო ძველ საბერძნეთსა და რომშიც, სადაც დღევანდელი „რულეტკის“ პროტოტიპსაც კი იყენებდნენ –  დისკს ან ბორბალს, რომელიც ხმლის წვერზე ტრიალებდა. კარტი კი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაირსახეობაა. ვარაუდობენ, რომ მათი სამშობლო ინდოეთია, მეორე ლეგენდის თანახმად კი, ბანქოს სამშობლო საფრანგეთია: 1392 წელს მეფე კარლ მეექვსე გაგიჟდა და მისი გართობის მიზნით მოიგონეს კარტის თამაში.  ბანქოს წარმოშობის აღმოსავლური ჰიპოთეზა უფრო კონკრეტულ ფაქტებს ეხება: ჩინელებმა შექმნეს დომინო და როდესაც დომინო გადაიტანეს მუყაოზე, გამოვიდა კარტები, რომლებზეც ქულების რაოდენობა იყო მითითებული. შემდეგ მათ დაუმატეს ფიგურები, რომლებიც იმხანად ჩინურ ფულზე იყო გამოსახული.
პირველი სათამაშო სახლები რომის იმპერიაში გამოჩნდა –  აშენდა დიდი ცირკი, სადაც დებდნენ ფსონებს ტოტალიზატორზე და თამაშობდნენ კამათლებით. ეს იდეა ორი ათასი წლის შემდეგ განავითარა, ასევე, იტალიელმა, რომელმაც 1765 წელს, პარიზში გახსნა კაზინო. სხვათა შორის, რულეტკის გამოგონებას უკავშირებენ მეცნიერ პასკალს, რომელიც, სულაც არ გეგმავდა აზარტული თამაშების წახალისებას. მისი მიზანი ალბათობის თეორიის კვლევისთვის გამოსადეგი ხელსაწყოს შექმნა გახლდათ.
ასეა თუ ისე, დღეს დედამიწის არცთუ მცირერიცხოვანი მოსახლეობა აზარტული თამაშების მანიითაა შეპყრობილი და სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე სარფიან საქმიანობადაც მიიჩნევა.

скачать dle 11.3