კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის რუსეთ-თურქეთ-ირან-ჩინეთის ინტერესი ამ ტერიტორიაზე და შეუძლია თუ არა ჩინურ კაპიტალს დააბალანსოს რუსული საფრთხეები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


  ისე მოხდა, რომ რუსულსა და თურქულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური გავლენისთვის უპირისპირდებიან ერთმანეთს, ახლა უკვე ირანიც დაემატა და ჩინეთიც, რომელთანაც გასულ კვირას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც ავამოქმედეთ (რაც, ექსპერტების ნაწილის თქმით, არც თუ სახარბიელო მოვლენაა, ამ ორი ქვეყნის ზომა-წონიდან გამომდინარეც). შექმნილი რეალობა, თუ საქართველოს ტერიტორიის მოცულობას გავითვალისწინებთ (ოკუპირებული ტერიტორიებიანად –  67 000 კვადრატული კილომეტრი), ბადებს კითხვებს: რატომ იკლავენ თავს აქ დასამკვიდრებლად და, რაც მთავარია, მათი სიმრავლე ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა თუ, პირიქით, დამატებითი საფრთხეების წყარო, –  ამ კითხვებზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე გვიპასუხებს.

– რა ინტერესი აქვს ამ ოთხ უზარმაზარ ქვეყანას ჩვენი 67 000 კვადრატული კილომეტრისადმი?
– ეს ინტერესი, გარკვეულწილად, საფრთხეებს შეიცავს, თუმცა სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის საფუძველზე, გარკვეული უსაფრთხოების ბალიშის შექმნის პირობაცაა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი მოთამაშეები აღმოვჩნდებით ჩვენ. რა თქმა უნდა, საქართველო თავისი მდებარეობის გამო, ხშირად იწვევდა გარე ძალების ინტერესს და ისინი ამ ინტერესს არა მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ, ანუ ეკონომიკური დაინტერესებით, არამედ სამხედრო აგრესიითაც და ეს ჩვენმა თაობამაც გამოსცადა საკუთარ თავზე. რაც შეეხება ამ სახელმწიფოებს: თითოეული მათგანი ცდილობს თავისი ინტერესების რეალიზაციას და ჩვენს გამართულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებით გავართმევთ თავს ამ ამოცანას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუქთა ყველი მხოლოდ სათაგურშია. ეკონომიკური დახმარება და თანადგომა ამა თუ იმ ქვეყნის მხრიდან არ არის მხოლოდ ემპათიის გამოხატულება ჩვენდამი, რომ აი, რა კარგი ხალხია ქართველები, რა კარგი ისტორია აქვთ, რა კარგი „ვეფხისტყაოსანი“ დაუწერიათ.
– რომ, მაგალითად, ათა თურქმა დაიბარა, ქართველებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთო.
– ეს საზოგადოების ნაწილში არსებული ინფანტილიზმისა და რომანტიზმის გამოხატულებაა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც იყო ასეთი რამდენიმე ტალღა. მაგალითად, 1993 წლის მარტში, რომ მოდის შევარდნაძე, მოაქვს სამი მილიარდი და რამდენიმე წელიწადში შვეიცარიასავით ვიცხოვრებთო.  ჩვენ უნდა დავძლიოთ ეგრეთ წოდებული ელიოზის კომპლექსი.
– ნატვრის თვალის პოვნის იმედი
– დიახ, ელიოზის კომპლექსი მე დავარქვი ხელის ერთი მოსმით მსხვილი კუშის მოხსნის იმედს, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. არადა თავი  და თავი სწორ სტრატეგიაში და შესაბამის ტაქტიკურ სვლებშია. ვითარება მყისიერად ვერ სწორდება, თუმცა არის ისტორიაში ასეთი კურიოზებიც: შეიძლება, უდაბნოში ამოხეთქოს ნავთობის შადრევანმა და ზოგიერთს გაუმართლა კიდეც, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ელიოზის კომპლექსით არ უნდა ვიცხოვროთ. სამწუხაროდ, საქართველოს მაგალითი ამას არ ადასტურებს. კაზინოების ოთხმილიარდიანი ბრუნვა არ არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აკრძალულია აზარტული თამაშები, არამედ იმითაცაა განპირობებული, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი თავიანთი ოჯახის წევრების მიერ უცხოეთიდან გადმოგზავნილი თანხით ცდილობს…
– პირდაპირი მნიშვნელობით მოხსნას კუში?
– სამწუხაროდ. მე არ მინდოდა ამის ასე პირდაპირ თქმა. აი, ეს უნდა დავძლიოთ.
– რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკური ინტერესი გასაგებია, ირანსა და ჩინეთს მხოლოდ გასასვლელები უნდათ?
– მათი ინტერესი მხოლოდ ვაჭრობით არ შემოიფარგლება. თუმცა ვაჭრობაშიც ძალზე საინტერესო ტენდენციები იკვეთება. ეს ქვეყნები ცდილობენ გაფართოებას საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში. ახსენეთ ოთხეული: რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, ირანი; მათგან სამი –  თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი პირველ, მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში. ირანი მათ ჩამორჩება, მაგრამ უკვე გადის ათეულში. და აი, ამ ქვეყნების წილად ჩვენი ექსპორტის, დაახლოებით, 30 პროცენტი და იმპორტის თითქმის 40 პროცენტი მოდის. მეტიც, ზრდის ტემპების მიხედვით, მათი მაჩვენებელი 117 პროცენტი იყო, მაშინ, როდესაც დანარჩენ მსოფლიოსთან იყო 11-პროცენტიანი ვარდნა სავაჭრო ბრუნვაში. ანუ ეს ოთხი ქვეყანა ზრდის თავის პოტენციალს საქართველოში.
ახლახან მოვაწერეთ ხელი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვიხარია, რომ ჩვენი საქონელი თავისუფლად შევა ჩინურ ბაზარზე. იმას კი ვივიწყებთ, თუ რამდენად იქნება დაცული აქ ჩვენი ბაზარი. ამავე დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩინური ბანკი შემოდის საქართველოში მილიარდდოლარიანი საწესდებო კაპიტალით. თუ ეს ბანკი იმავე რეჟიმში იმუშავებს, როგორც დანარჩენი ბანკები ჩვენთან, ის გახდება მათი მნიშვნელოვანი კონკურენტი, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოში და თამაშის თავის წესებს შემოიტანს. ჯერჯერობით ძალზე მწირი ინფორმაცია ვრცელდება ახალი ჩინური ბანკის შესახებ: არ ვიცით, ის სუფთა კომერციული იქნება თუ საინვესტიციო დატვირთვის.
– ანუ ეს ბანკი იქნება ერთგვარი უზრუნველყოფა ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების?
– არა მარტო, რაც უნდა მიმზიდველად გამოიყურებოდეს საქართველო ჩინური კომპანიებისთვის, ის მაინც არ წარმოადგენს მათთვის საბოლოო დანიშნულების პუნქტს. ჩინური ბანკის საქართველოში ამოქმედება ნიშნავს მნიშვნელოვანი ჩინური პლაცდარმის შექმნას ევროპული მიმართულებით. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიცით, მოეწონებათ თუ არა და გაუგებენ თუ არა ქართულ მხარეს ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებთანაც ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
– გავახსენოთ მკითხველს, რომ ჩინურ კომპანიებს ექნებათ საშუალება, თავიანთი პროდუქტი შეფუთონ საქართველოში და შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე, როგორც ქართული პროდუქტი, რადგან თავად მათ დამოუკიდებლად არ აქვთ ამის უფლება.
– რა თქმა უნდა და ევროკავშირმა, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ გააფორმა ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შეზღუდვები დაგვიწესა უბაჟო შეტანაზე არა მარტო ხორცზე, არამედ –  თვით ნიორზეც კი. ასეთ პირობებში კი, როდესაც ასეთ მძლავრი ჩინური ბანკი შემოდის, იმის ილუზია სულაც არ მაქვს, რომ ის ბანკი შემოიფარგლება იმ პროექტებით, რომლებიც სუფთა ქართული ან მაქსიმუმ სამხრეთკავკასიური დატვირთვის იქნება. ასე რომ, მათ ჩინური მასშტაბით ექნებათ განზრახულობანი. ამდენად, სერიოზული მუშაობაა საჭირო, რომ საქართველო არ გავხადოთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ეჭვიანობის საგანი ჩვენი პოლიტიკით, შემდეგ  –  ამ ეკონომიკური დაპირისპირების პოლიგონი და, ბოლოს, ღმერთმა დაგვიფაროს, უფრო რთული ურთიერთობების პოლიგონი.
– არის საამისო საფრთხე?
– გააჩნია, როგორ ვიმოქმედებთ და რას გავაკეთებთ. თუმცა ბოლო დროს პოლიტიკოსების განცხადებებს რომ ვუსმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი პასუხისმგებლობის არეალი დაბალია. შედეგი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ჭკვიანურად და დიპლომატიურად ვიმოქმედებთ. ორი მიმართულებაა: შეიძლება, იმ კაზინოს მეპატრონის როლში აღმოვჩნდეთ, რომლის კაზინოშიც შედიან მოთამაშეები და აგებენ ფულს ან „შეხვედრა წარსულთან“ ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის გმირის როლში,  როდესაც აკვირინეს ყანაში კომკავშირლები და კულაკების შვილები თავიანთი ინტერესების გამო ჩხუბობენ და სულ გაანადგურებენ სიმინდის მოსავალს, რომლის იმედზეცაა აკვირინეს ოჯახი. ამ ქვეყნებს ჩვენდამი ინტერესი აქვთ, ეს ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენ უნდა შევეცადოთ, ვიყოთ კაზინოს მფლობელები და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი და შემოსავალი ისე, რომ ჩვენი ინტერესი არ დაზარალდეს.
– რუსეთსა და თურქეთს ფეხი აქვთ მოკიდებული ქართულ ბაზარზე, შეიძლება, რომ ჩინურ ინტერესს რამე დაუპირისპირონ?
– საერთოდ, რუსეთის პოლიტიკა განსაკუთრებით ფრთხილია ჩინეთის მიმართ. ამდენად, ჩინური კაპიტალის შემოსვლა საქართველოში შესაძლოა, განვიხილოთ იმის საპირწონედ, რომ რუსეთი ხელაღებით ვეღარ გაატარებს თავის ინტერესებს. ანუ ჩინური კაპიტალი შეასრულებს ისეთსავე ფუნქციას, როგორიც შეასრულა ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენებმა 2008 წელს. რომ არა ისინი, რუსეთის მოქმედება საქართველოში იქნებოდა უფრო რადიკალური და ფრონტალური.
– ირანზე არაფერი გვითქვამს. ის ვის და რას დააბალანსებს თუ დააბალანსებს?
– ირანსაც აქვს თავისი ინტერესები საქართველოს მიმართ. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრი სანქციების ქვეშ, თუმცა მის ეკონომიკურ განვითარებას ამით დიდი არაფერი დაკლებია, როგორც, მაგალითად, კუბას. კუბის განვითარება გაიყინა 1959 წლიდან. ირანს კი ეს პრობლემა არ ჰქონია და როგორც კი სანქციები შესუსტდა, რეალურად გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ უფრო აქტიურად მოახერხოს თავისი საგარეო ურთიერთობის დივერსიფიკაცია. მათ შორის, საქართველოშიც და საქართველოზე გავლითაც. ამიტომ მისი ინტერესი სავსებით ბუნებრივია და არ გამოვრიცხავ ირანის უფრო აქტიურ ჩართვას საქართველოს ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციაში.
– რატომ ინფრასტრუქტურულის?
– ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსული კაპიტალი სხვა სფეროებშია ჩართული და ამდენად, ვფიქრობ, ირანი შეეცდება, სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. „ქართული ოცნების“ პროგრამაში ლაპარაკი იყო სივრცით განვითარებაზე, მაგისტრალების, გვირაბების მშენებლობაზე, რაც მოითხოვს ძალიან დიდ თანხას, რის რესურსიც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ აქ არის ორი გზა: ან პირდაპირ გამოვაცხადოთ ტენდერი, ან შევქმნათ კონსორციუმი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და ეს კონსორციუმი უნდა დააფინანსონ იმ ქვეყნების კომპანიებმა, რომლებმაც უნდა ისარგებლონ ამ ინფრასტრუქტურით თავიანთი ინტერესების რეალიზაციის მიზნით. სხვათა შორის, თავის დროზე ეს ნავთობთან მიმართებაში გააკეთა ჰეიდარ ალიევმა, როდესაც შექმნა ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონსორციუმი და მოიწვია მსხვილი მოთამაშეები. ჩვენც შეგვიძლია, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, დიდი მეზობლები და არამეზობელი ქვეყნები ჩავრთოთ და დავაბალანსოთ პოტენციალური ინვესტორების ინტერესები ისე, რომ პირველი ვიოლინოს ფუნქცია საქართველომ შეასრულოს.
– ამ კონტექსტშია ლაპარაკი იმაზე, რომ რიკოთზე ავტობანს ჩინელები ააშენებენ?
– არ გამოვრიცხავ ირანული კაპიტალის ჩართვასაც. ეს მილიარდიანი პროექტია. რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური ავტობანის მშენებლობა დიდ რუსურსს მოითხოვს, ასე რომ, უპრიანი იქნება უცხოური კაპიტალის მოზიდვა.
ორ მაგალითს მოგიტანთ: შავი ზღვისპირეთში ზღვას მიჰქონდა სანაპირო ზოლი –  აფხაზეთიდან ჭოროხამდე და შეიქმნა შავი ზღვის სანაპირო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც ცენტრალიზებულად ასრულებდა შესაბამის სამუშაოებს –  ინერტული მასალები შეჰქონდა ზღვაში და ზღვამ თანდათანობით უკან დაიხია.
გასული საუკუნის 30-40-იან წლებში აფხაზეთში მაღალმთიანი და ნაკლებად მთიანი რაიონებიდან ცენტრალიზებულად ჩაასახლეს ქართველი გლეხები. შემდეგ სეპარატისტები საყვედურობდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ამით შეიცვალა დემოგარფიული სურათი. თუმცა ეს არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან რუსეთის იმპერიის 1917-1918 წლის აღწერის მონაცემებით, ქართველთა წილი აფხაზეთში გაცილებით მაღალი იყო აფხაზებზე. გუდაუთაში, ოჩამჩირესა და სოხუმში 7-8-14-ჯერ მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე აფხაზი. იმის თქმა მინდა, რომ, როდესაც სახელმწიფო  სწორი სტრატეგიული გეგმით მოქმედებს, შედეგი უფრო თვალსაჩინოა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. ამდენად, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ინტერესი უნდა იყოს პირველადი, ჩვენი პარტნიორების ინტერესები კი –  დაბალანსებული.
– არის საშიშროება, რომ ამ პროექტებში მუშების ადგილიც არ შეგვხვდეს, თუ ფხა ვერ გამოვიჩინეთ და სახელმწიფოებრივი აზროვნება?
– ხომ გახსოვთ გამონათქვამი: უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. აი, ამიტომ გვინდა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ეს პროექტები გვჭირდება იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ამ სახელმწიფოს უკან მდგარი ეთნოსის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებები, შეიქმნას კომფორტული პირობები მათი განვითარებისთვის და არა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვამ ნახოს სარგებელი. იგივე ეხება დასაქმებასაც. მაგალითად, ევროკავშირშიც კი, გამოცხადებულ ვაკანსიებზე პირველი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს იღებენ და თუ ორი კვირის შემდეგ, მაინც დარჩა ადგილები, ამის შემდეგ იღებენ სხვებსაც. ანალოგიურად უნდა იყოს საქართველოშიც: თუკი მილიარდიანი პროექტიდან 400 მილიონი გამოყოფილია სახელფასო ფონდზე, უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა თანხა უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების ხელფასებს.
скачать dle 11.3