№21 მიწადასაყრელები…
ანუ „მშობლიურო ჩემო მიწავ!“
რაკი ყველაფერი იყიდებაო და გასაყიდიც დიდი ვერაფერი დაგვრჩა: დიდი ვნებათაღელვაა იმის გამო, უნდა გაიყიდოს თუ არა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
აქამომდე ამის უფლება მხოლოდ იურიდიულ პირებს ჰქონდათ (რომლის დამფუძნებელი ან მეწილე შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქეც ყოფილიყო), რის გამოც ეს ჩვენი არასამთავრობოელები ლამისაა კანიდან ამომხტარიყვნენ – უცხო ქვეყანათა მოქალაქეების უფლებები ირღვევაო (და მერე რა, რომ იმ უცხო ქვეყნებში მტკაველს არ მოგყიდიან, თუ იქაური მოქალაქე არ ხარ?!).
ასე იყო თუ ისე, ხელისუფლებამაც – რადგან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, ან, სხვა, ჩემთვის უცნობი მოსაზრებებით – მიწის გაყიდვა აწ უკვე პირდაპირ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაწყვიტა.
მაგრამ, თუმცა გადაწყვიტა, გადაწყვეტილება ჯერჯერობით სისრულეში ვერ მოიყვანა (მეორე მხრივ, მიწა გაიყიდოს, ოღონდ დათქმებით, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია!), იმიტომ რომ, მართალია, ამ მიწის დამუშავებითა და მოვლა-პატრონობით, თავს დიდად არ ვიკლავთ, ოღონდ ჯერ კიდევ გვახსოვს, რომ ამის მეტი არაფერი გვაბადია.
ამასობაში კი ავანსცენაზე „გირჩმაც“ გამოანათა და მთავარმა „გირჩელმა“ (ზურაბ ჯაფარიძემ), რომელიც, ცხადია, მიწის უპირობოდ გაყიდვის მომხრეა (თუმცა აი, ის კი საკითხავია, მერე კანაფს სადღა ჩათესავენ?),
მას შემდეგ, რაც გაგვანათლა, რომ მიწის უცხოელისთვის მიყიდვა არ ნიშნავს მის სხვა ქვეყნის იურისდიქციაში გადასვლას, გვამცნო, რომ (ბარემ ციტატას მოვიშველიებ): „უნდა ვილოცოთ, რომ სოროსი იქნება, აბრამოვიჩი თუ ჯეკ მა, აქ მიწის ყიდვა მოუნდეს“.
შესაბამისად, მივიღეთ პასუხი კითხვებზე: ჯერ ერთი, რატომ შექმნა საკუთარი სექტა (კაცს თავის სალოცავში ლოცვა მოსწყურებია?!) და, მეორეც, რატომ მიაჩნია ჯარში სამსახური უფლებების დარღვევად (მიწას ვინც იყიდის, მანვე უნდა დაიცვას?!).
და, ბოლოს, თუ ჩვენ ამ მიწისთვის ოფლის დაღვრაც გვენანება და სისხლისაც – ვითომ რატომ არ უნდა მოიხმაროს უცხომ მშვიდობაში?! –