№21 მობანავენი
ანუ კარგ მთქმელს, კარგი გამგონეო
მაშინ, როდესაც ჩვენმა ამჟამინდელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქართულ საკულტო ზღაპრებს ლამისაა „საღვთო ომი“ გამოუცხადა (თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ აგერ უკვე 25 წელზე მეტია, ქართული განათლების სისტემა ვერ ჩამოყალიბებულა, ვინ უნდა აღზარდოს, რა მიზნით, ანუ, საყველპუროდ რომ ვთქვათ, აზრზე არაა, სადა ბანაობს), მორიგი საერთაშორისო კვლევის შედეგიც გამოქვეყნდა.
შედეგი კი ისეთი გვიჩვენებია, რომ რიგითი მოქალაქით დაწყებული და ქვეყნის უმაღლესი პირით დამთავრებული, ყველანი ერთად, ორ-ორ აგურს უნდა ვეძებდეთ.
უნდა ვეძებდეთ, ვინაიდან, კვლევის მიხედვით, ჩვენმა 15 წლის მოზარდებმა წაკითხულის გააზრებაში 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილი ძლივს დაიკავეს.
უფრო გულგასახეთქი კი ის ფაქტია, რომ, ამ მონაცემით, სტაბილურად მაჩანჩალას როლი გვაქვს (ანუ, წინა წლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევებითაც, იმავე შედეგს ვაჩვენებდით). რაც იმ ეჭვს აღძრავს, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ ან ვერ შველის ამ პრობლემას. ხოლო, თუ ვერ (შველის) – ვითომ უკვე დიაგნოზია?!
მეორე მხრივ, თუ გულზე ხელს დავიდებთ და გულწრფელად ვაღიარებთ, რომ წაკითხულ-გაგონილის გააზრებით, მაინცდამაინც, ვერც ზრდასრულები დაიკვეხნიან (და არცთუ იშვიათად), ეს ჩვენი კულტურა, ნეტავ, შემოგვაპარეს?! –