№21 რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ თბილისის ქუჩებში ქვეწარმავალს გადაეყრებით და საიდან მოხვდა დედაქალაქში დიდი ზომის შხამიანი გიურზა
ბოლო პერიოდში, თვითმხილველების თქმით, თბილისის ბევრ უბანში ნახეს გველები. როგორც ეგზოტერიუმის მომვლელი, თეკლა კვაჭაძე ამბობს, მათი გამოჩენა, ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ ამბავში უჩვეულო არაფერია. მისივე თქმით, ის გველები, მოსახლეობამ რომ ნახა, არ არის საშიში. თუმცა, მათთან შეხვედრა ბევრს შიშს ჰგვრის. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველს გადაეყარეთ, რა ჯიშის ქვეწარმავლები გვხვდება თბილისის ტერიტორიაზე, არიან თუ არა საშიში და რომელ სამსახურში უნდა დარეკოთ, მათი კბენის შემთხვევაში, ამ თემებთან დაკავშირებით, თეკლა გვესაუბრება:
– ბოლო პერიოდში, თბილისის მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობს. კერძოდ, რომელ უბნებში გამოჩნდნენ?
– მზიანი ამინდები გამოვიდა, ბუნებამ გაიღვიძა და ის, რომ მთელი თბილისის მასშტაბით გამოჩნდნენ გველები, ეს ბუნებრივი მოვლენაა. ზოგადად, ამ პერიოდში იღვიძებს ქვეწარმავალი და არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდებით მათ. თუ დედაქალაქში აღმოაჩენთ ქვეწარმავალს, უნდა დარეკოთ „112-ში” და მათ აქვთ შესაბამისი სამსახური – მომზადებული სპეციალისტები ჰყავთ, რომლებიც იჭერენ და შემდეგ, უსაფრთხო ადგილას, ბუნებაში უშვებენ მათ.
– საკმაოდ ბევრი გველი ნახეს იპოდრომის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსახლეობა, ამის შესახებ სოციალური ქსელითაც წერდა.
– ამ ტერიტორიაზე ანკარები, მცურავები და გველხოკერები შეგხვდებათ. ისინი საშიში ქვეწარმავლების ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ლისის ტბაზე მათი გავრცელების არეალია და იქ უამრავი ანკარა ბინადრობს. ზოგადად, ნებისმიერ წყალსაცავთან, მდინარესთან ან ღელესთან ახლოს შეხვდებით მათ. ქვეწარმავლებს წყალთან ახლოს უყვართ დაბუდება. გველხოკერები, არიან ერთგვარი კანიბალები და ჭამენ პატარა ზომის გველებს. თუმცა, ადამიანებს არ ერჩიან და არც შხამიანები არიან. სულ ვამბობ, ქვეწარმავლის შიში არ უნდა ჰქონდეს ადამიანს და ამით არც სხვებს შეუქმნას ილუზია, თითქოს ადამიანს შეჭამენ. წელს უკვე მოიყვანეს თბილისის ზოოპარკში, ეგზოტერიუმში ქვეწარმავლები. ამას წინათ, ანკარა მოიყვანეს. ის თბილისში ერთ-ერთმა მოსახლემ დაიჭირა და აინტერესებდა, რა ჯიშის იყო. არ არიან მომრავლებული გველები, უბრალოდ, ჩვეულებრივი აქტივობაა – ზამთრის მერე მზეზე გამოდიან. თუ დააკვირდებით, ყველა გველი ლამაზია და თავისებური ხასიათი აქვს. უბრალოდ, შხამიანი გველია საშიში. თორემ, თუ ქვეწარმავალი შხამიანი არ არის, ის ბუნების სილამაზეა.
– გასაგებია თქვენი დამოკიდებულება. მაგრამ, როცა ბავშვს ასეირნებს დედა და მის ახლოს ქვეწარმავალს ხედავს, რთულია, პანიკაში არ ჩავარდეს და იმ წუთას იმაზე იფიქროს, შხამიანია თუ არა ის.
– გეთანხმებით, მაგრამ ბავშვებს ქვეწარმავლების შიში და ზიზღი კი არ უნდა ჩავუნერგოთ, არამედ, თუ მას გადაეყრება, სწორი მიდგომა და თავის დაცვა უნდა ვასწავლოთ. მაგალითად, ჩვენთან მოჰყავთ ბავშვები, რომ შიში დაძლიონ. ჯერ ხელით ეხებიან გველს, შემდეგ კი ეფერებიან და ხვდებიან, რომ რეალურად, თუ მას სწორად მიუდექი, არ არის საშიში. ბავშვები უფრო გამბედავები არიან ამ მხრივ, დიდებთან შედარებით. შესაძლოა, ნებისმიერმა გველმა გიკბინოს, თუ ქვას ესვრი ან გააბრაზებ. ლეტალური ფაქტებიც არსებობს, როცა გიურზამ დაკბინა ადამიანი და ის გარდაიცვალა. გიურზას ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდეთ. როცა ხედავ გველს, უნდა გაჩერდე, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიო და მისცე უფლება, გადაადგილდეს. თუ გაიქეცით, დაიწყეთ ყვირილი და პანიკაში ჩავარდით, არ არის გამორიცხული, გიკბინოთ. ადამიანი შიშის დროს გამოყოფს ფერმენტებს, რომელსაც გველი გრძნობს და ეს აღიზიანებს. მკვეთრი მოძრაობაც თუ ერთვის ამას, გველი საშიშროებად აღიქვამს და ადამიანს თავს ესხმის, კბენს. რეალურად, გველს უფრო ეშინია ადამიანის. ადამიანი არ არის მათთვის საკვები. ის მტაცებელი ცხოველია, რომელსაც უფრთხის. თუმცა, თუ გააბრაზეთ ან საშიშროება იგრძნო თქვენი მხრიდან, ის თავს იცავს.
– ამ დროს, ლეტალურად რომ არ დასრულდეს გველის ნაკბენი, რამდენი დრო გვაქვს, რომ ექიმს მივმართოთ?
– თუ გველი შხამიანი არ არის, ექიმთან ვიზიტი არ არის აუცილებელი. მაგრამ, თუ ვერ ერკვევით გველის წარმომავლობაში, აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება და აჩვენოთ ნაკბენი ექიმს. გიურზას ნაკბენი კი, საკმაოდ საშიშია და უმოკლეს დროში უნდა მიაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებას. გველის ნაკბენი პატარა ბავშვისთვის უფრო საშიშია და დროც ცოტა გაქვთ, რადგან შხამის რაოდენობა მცირე წონის მასაზე ადვიალად ნაწილდება. შებინდებისას, გველები აქტიურად გამოდიან და ჩნდებიან, ღამის პერიოდში კი იმალებიან. წელს გველის ნაკბენით არავის მიუმართავს. შარშან კი ასეთი შემთხვევა, ბევრი იყო. წელსაც ნახავთ გველებს სახლის სარდაფებში, პირველ სართულზე, ეზოსა და სკვერებში. ამ დროს „112-ში” უნდა დარეკოთ და გამოიძახოთ სპეციალური ჯგუფი. თბილისში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ცენტრში, მაგალითად, პეკინზე, გიურზა აღმოაჩინეს. ის მანქანაში დაიმალა და აღმოსავლეთიდან ასე ჩამოაღწია დედაქალაქამდე. საკმაოდ დიდი ზომის იყო, დაახლოებით 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი. წელს კი ნახეს მასზე დიდი გიურზა, მაგრამ არა თბილისში, არამედ – გრემში. ზოგადად, შხამიანი გველები აღმოსავლეთ საქართველოშია დაფიქსირებული. ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მანქანებს დედაქალაში რაიონიდან და სოფლებიდან ჩამოჰყვა ქვეწარმავალი. შარშან, ზოოპარკის ტერიტორიასთან ახლოს ნახეს გველი, რომლიც მანქანას გამოჰყვა. საათ-ნახევარი ვცდილობდით მანქანიდან ამიერკავკასიური მცურავის გამოყვანას. წითელი მცურავი საკმაოდ აგრესიულია და გვხვდება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. როცა ადამიანს დაინახავს, დგომას იჭერს, მაღლა იწევა და იწყებს სისინს. მას აუცილებლად უნდა მოერიდოთ. ის ორ მეტრამდე იზრდება და აგურისფერი, მოწითალო შეფერილობა აქვს.
– გამიგია, რომ წყალში ქვეწარმავალი უსაფრთხოა და თუ გველს რძიან ჯამს დაუდგამ ეზოში, ის სახლში არ შემოვა. ეს რეალურია?
– ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია, თითქოს წყალში ჩასვლამდე გველი შხამს ქვაზე ტოვებს და ისე ჩადის საცურაოდ. რა თქმა უნდა, ეს სასაცილო და არარეალურია. ყველა გველი ჩადის წყალში, მაგრამ შხამს ქვაზე არ ტოვებს. არც რძეს სვამენ გველები. ისინი ცოცხალი მტაცებლებით იკვებებიან, მაგალითად, თაგვებით, ვირთხებით. არც ინდური მითოლოგიაა სიმართლესთან ახლოს, როცა გველს რძეს მიართმევენ რიტუალის დროს. სინამდვილეში, იმ რძით ვირთხები იკვებებიან და მერე მათ ჭამს გველი. ასე რომ, რძით სავსე ჯამს ტყუილად ნუ დაუდგამთ გველს იმ მიზნით, რომ მას დალევს, წავა და სახლში არ შემოვა.