№21 როდის ხდება ტანსაცმელი ალერგიის, უძილობისა და გინეკოლოგიური დაავადებების გამომწვევი და რას უნდა მიაქციოთ ამ მხრივ ყურადღება
ადამიანის სხეული, ერთგვარი ენერგოინფორმაციული ობიექტია, რომელზეც გავლენას ახდენს ტალღების ვიბრაცია და სხვა ფაქტორები. ტანსაცმელი კი, რითაც ჩვენ ვიმოსებით, უშუალოდ მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. როგორც ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ამბობს, ტანსაცმლის ხარისხი და უსაფრთხოება ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია და ამიტომ, ქსოვილი, რითაც ის არის შეკერილი, სწორად და გულისყურით უნდა შევარჩიოთ.
რამაზ გახოკიძე: ნედლეულის ტიპის მიხედვით, ქსოვილები იყოფა სამ ჯგუფად: სინთეტურ, ხელოვნურ და ნატურალურ ანუ ბუნებრივ ქსოვილებად. ნატურალური ქსოვილები მზადდება ცხოველური და მცენარეული ბოჭკოებისგან, ხელოვნური – ბუნებრივი ნივთიერებების მოდიფიკაციით. სინთეტურ ქსოვილებს კი აწარმოებენ ქიმიური გზით მიღებული პოლიმერული ქსოვილებისგან. სინთეტური და ხელოვნური ქსოვილი წარმოადგენს მკვდარ მასალას – ფორების არარსებობის გამო, მნიშვნელოვნად ზღუდავს ჰაერთან კავშირს, რაც იწვევს ადამიანის სხეულის გარემოსთან თავისუფალი ურთიერთობის დარღვევას. ამ დროს იბლოკება ორგანიზმიდან ტენის გამოყოფის ბუნებრივი გზებიც – ცხოველმყოფელობის მნიშვნელოვანი პროცესი. ყველაზე გავრცელებული ნატურალური მასალებია: სელი, ბამბა, შალი, აბრეშუმი, ჯუთი, კანაფი, აგავა, ბამბუკის ბოჭკო. ნატურალური აბრეშუმი დადებითად მოქმედებს ადამიანზე – მზის სხივებთან, ჰაერთან და მთელ ბუნებასთან კონტაქტის საშუალებას იძლევა. ნატურალური მასალების წყარო ცოცხალი, ბუნებრივი უჯრედებია. აბრეშუმის ქსოვილი შეიქმნა ხუთი ათასი წლის წინ ჩინეთში. იგი ძვირად ფასობდა და მისგან დამზადებული ტანსაცმლით მხოლოდ იმპერატორები იმოსებოდნენ. აბრეშუმის სამკურნალო თვისებები, ჯერ კიდევ ცნობილი იყო ძველ ჩინეთსა და იაპონიაში. აბრეშუმი აახალგაზრდავებს კანს და აფერხებს დაბერებას. თუთის აბრეშუმხვევიის ძაფები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კანის სიმშრალეს და ამშვიდებს მას, ახასიათებს ანტისეპტიკური თვისებები. აბრეშუმის ნაწარმის ხმარება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ართრიტი, დერმატიტი, ალერგია. მუდმივი ანგინისგან თავის დაღწევა შეიძლება, აბრეშუმის შარფის ტარებით. აბრეშუმის სახვევი მაჯასა და მუხლებზე ხსნის სახსრების ტკივილს. აბრეშუმის პიჟამა შველის უძილობას. ძველ ჩინეთში დაბანის შემდეგ სახესა და პირს იმშრალებდნენ აბრეშუმის ქსოვილით და ეძინათ აბრეშუმის თეთრეულში. აბრეშუმის ბალიშისპირი და საბანი არ იკარებს მტვრის ტკიპებს და საპროფიტებს. ჩინეთში მამაკაცებს იმპოტენციის მარტივი ფორმების სამკურნალოდ ურჩევდნენ ბუნებრივი აბრეშუმის ქვედა საცვლებს. აბრეშუმის ტანსაცმელი, როგორც ნატურალური ქსოვილი, საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაა. აბრეშუმის ტანსაცმლის ხმარება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში ის ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ზაფხულში – სიგრილეს. აბრეშუმი ისრუტავს სხეულის ნესტის 50 პროცენტს და ადვილად შრება. ნატურალური აბრეშუმი აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს კანს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აბრეშუმში შემავალი პროტეინი ფიბრიონი შვიდჯერ უფრო მეტ სინესტეს აკავებს, ვიდრე სხვა დამატენიანებელი კომპონენტები. ფიბრიონი ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიკურობას. ნატურალური აბრეშუმი ფიზიოლოგიური ბოჭკოა, რომლის ქიმიური შედგენილობა ადამიანის თმის სტრუქტურის მსგავსია. აბრეშუმი შედგება 97 პროცენტი ცილებისგან, 3 პროცენტი ცხიმებისა და ცვილისგან. მასში შედის 18 ამინომჟავა, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის მეტაბოლიზმზე. სინთეზურ ბოჭკოებს ანალოგი არ გააჩნია ბუნებაში. ყველა ,,სინთეტიკა” ბუნებისა და ადამიანისთვის უცხოა და უმრავლეს შემთხვევაში, მავნეა.
– ასაკში შესული ადამიანებისგან მსმენია, რომ ყველაზე კარგია ბამბის თეთრეულის ტარება?
– ბამბა კარგად ისრუტავს წყალს, იოლად ატარებს ჰაერს და მაღალი ჰიგიენური თვისებები გააჩნია. მისთვის დამახასიათებელია თერმომდგრადობა, მაღალი გამძლეობა გარეცხვისა და სინათლის მოქმედების მიმართ. ასევე, სელის ბოჭკოებიც, ბამბის მსგავსად, სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ადვილია მისი დაუთოება, მაღალჰიგიენურია, კარგად ისრუტავს ტენს და ინარჩუნებს ოპტიმალურ ტემპერატურას წლის ნებისმიერ დროს. სელი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, რადგან შესანიშნავი ბაქტერიოციდული საშუალებაა. გინეკოლოგები ქალებს ურჩევენ, ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებული ქვედა საცვლების ტარებას. დერმატოლოგების რეკომენდაციით, უარი უნდა ვთქვათ 100-პროცენტიანი სინთეტიკიდან დამზადებული ტანსაცმლის შეძენაზე. დასაშვებ ნორმად შეიძლება, ჩაითვალოს მხოლოდ 30 პროცენტი სინთეზური ბოჭკოს შემცველობა. რაც მეტია სინთეტიკა, მით უფრო ცუდად ცირკულირებს ჰაერი, ირღვევა თერმორეგულაცია, რაც იწვევს ოფლიანობას. სინთეტური ქსოვილები დროთა განმავლობაში, დაუთოების შედეგად, გამოყოფს ტოქსიკურ აქროლად ნივთიერებებს.
– ბაზარზე საკმაოდ ბევრი სინთეტიკური მასალისგან შეკერილი თეთრეულია, რომელიც არც ისე ძვირი ღირს და ხელმისაწვდომია. რამდენად საშიშია ამ პროდუქციასთან ყოვედღიური შეხება?
– ასეთი ქსოვილები მიიჩნევა ,,უსულოდ“ და არავითარი საერთო ცოცხალ მატერიასთან არ აქვს. სინთეტიკა ენერგეტიკულად დაუცველია, რადგან საკუთარი ენერგეტიკა არ გააჩნია. სინთეტიკა უცხოა ბუნებისა და ადამიანისთვის და უმრავლეს შემთხვევაში მავნეა. სინთეზური ქსოვილები იაფია, არ იჭმუჭნება, ადვილად ირეცხება, დიდხანს ინარჩუნებს ფერს. ვისაც აწუხებს ალერგია, კანის დაავადებები, ფსორიაზი ან ეგზემა, კატეგორიულად ეკრძალებათ სინთეზური ქსოვილების ტარება. ჯანმრთელ ადამიანებსაც, შესაძლოა განუვითარდეთ დერმატიტი, დაბალი ხარისხის, სინთეტური ქსოვილების ტარებით. სინთეტური ქსოვილით დამზადებული ტანსაცმელი აგროვებს სტატიკურ ელექტრობას, რის გამოც ასეთ ტანსაცმელზე ადვილად ეწებება მტვერი. ის იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას და ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებას. მისი ზემოქმედებით იცვლება სისხლძარღვთა ტონუსი. ორგანიზმზე სტატიკური ელექტრობის ხანგრძლივი ზემოქმედებით, ვითარდება სწრაფი დაღლა, გამაღიზიანებლობა, უძილობა, არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, სისხლძარღვთა დისტონია. გარდა ამისა, სინთეტიკა კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მოძრაობისას სხეული ცხელდება და იორთქლება საკუთარ ოფლში, რაც იწვევს სხეულზე გამონაყარს, ქავილს და ქრონიკულ სურდოს. სინთეტური ქსოვილი არ ატარებს სითბოს, რის გამოც ვერც ადამიანის სხეულს ათბობს ზამთარში და ვერ აგრილებს ზაფხულში. ნებისმიერი სინთეტური ქსოვილი ქმნის სათბურის ეფექტს, რაც პათოგენურ ბაქტერიათა გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობაა და იწვევს სოკოვან ინფექციათა გავრცელებას. განსაკუთრებით, მავნეა ნეილონის, სინთეზური აბრეშუმისა და პოლიეთერის თეთრეულის ხმარება. სინთეტიკის კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა, მავნე მიკროორგანიზმებით სწრაფი დაბინძურება. მათ ფორებში ადვილად გროვდება ობის სოკოები და სხვა მიკროორგანიზმები. ლეიბს, რომელსაც 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებენ, მიკროორგანიზმთა რაოდენობა დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება. ბალიშებში კი, სინთეზური შემავსებლებით, ობის სოკოები 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბუმბულით გატენილ ბალიშებში. ისინი ლორწოვან გარემოში მოხვედრისას, იწვევენ სერიოზულ დაავადებებს. სინთეტიკასთან ერთად, ტანსაცმელი შეიძლება შეიცავდეს საშიშ საღებავებს, წებოს და სხვა ტოქსიკანტებს, რაც იწვევს ალერგიასა და ონკოლოგიურ დაავადებებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში, საბჭოთა კავშირში აიკრძალა აზოსაღებავებით შეღებილი მაისურების ხმარება, რადგან სხეულთან შეხებით იწვევდა ონკოლოგიურ დაავადებებს. სინთეზურ საღებავებად, ძირითადად, გამოყენებულია არომატული ამინები, რომელთა შემცველობა დასაშვებ ნორმას 10-ჯერ აღემატება. ამასთან, ხანგრძლივი კონტაქტისას ეს ნივთიერებები შეიძლება საშარდე ბუშტისა და შარდსადინარის კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს. უსუნო ნივთიერებების აღმოჩენა ნაწარმში მომხმარებელს დამოუკიდებლად არ შეუძლია. სამწუხაროდ, ამას იყენებენ ნატურალური მასალების შესაღებადაც. ჩინური წარმოების ბავშვთა ტანსაცმლის ზოგიერთ პარტიაში აღმოჩენილია კიდევ უფრო ძლიერი შხამი – ფორმალდეჰიდი. ჩინეთში წარმოებული ბავშვთა ნივთების უმრავლესობა არ პასუხობს უსაფრთხოების ნორმებს. მათი ნაწილი შეღებილია ისეთი საღებავებით, რომლებიც შეიძლება კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს. ბავშვთა ხარისხიანი ტანსაცმელი დამზადებული უნდა იყოს ნატურალური და არა სინთეზური მასალისგან.
– ზაფხულის პერიოდში ქსოვილის სწორად შერჩევა აუცილებელია, რათა მცხუნვარე დღეებში, სხეული დავიცვათ გადახურებისგან, ულტრაიისფერი სხივების მავნე გამოსხივებისა და ალერგიისგან. ამ მხრივ, რა რეკომენდაციებს მოგვცემთ?
– ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომენდებულია ატაროთ ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი. ის ულტრაიისფერი სხივებისგან სხეულს უკეთ იცავს, ვიდრე სინთეტიკა. ერიდეთ ტანსაცმელს, რომელიც პირველი გარეცხვით ფერს შეიცვლის. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ასეთი ცვლილება მიუთითებს საღებავის დაბალ ხარისხზე. აუცილებლად დაყნოსეთ ქსოვილი. თუ იგრძნობთ საღებავის უსიამოვნო სუნს, უარი თქვით ასეთ ტანსაცმელზე. ქსოვილის შესაღებად, უმრავლეს შემთხვევაში, გამოყენებულია ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი საღებავები. ასეთი ქსოვილების გასუფთავება ფხვნილებითა და სხვა სარეცხი საშუალებებით, შეუძლებელია. ბუნებრივი აბრეშუმის დასადგენად, ქსოვილიდან გამოიღეთ რამდენიმე ძაფი და ცეცხლი მოუკიდეთ. ნატურალური აბრეშუმი გამოყოფს დამწვარი თმის სუნს, ფერფლი ჩვეულებრივი ნახშირივით ისრისება. ბუნებრივი შალი კი ცეცხლის მოკიდებით ბოლავს და გამოყოფს დამწვრის სუნს. სინთეზური ქსოვილი არ იწვის, ის დნება, პლასტმასის უსიამოვნო სუნს გამოყოფს და ტოვებს მყარ ნამწვს. ნატურალური აბრეშუმისგან დამზადებული ქსოვილი ნაკლებად იჭმუჭნება. დაკეცილი ქსოვილი მოათავსეთ მუჭში და მოუჭირეთ. რამდენიმე წამის შემდეგ შეამოწმეთ. ხელოვნურ ქსოვილს ექნება მკაფიო ნაკეცები, ხოლო ნატურალურ აბრეშუმს – ოდნავ შესამჩნევი. აბრეშუმი განსაკუთრებული თერმული თვისებების გამო უცებ იღებს სხეულის ტემპერატურას. აიღეთ ქსოვილის პატარა ნეჭერი და მიიდეთ სხეულზე ან ლოყაზე. სასიამოვნო შეგრძნება მიუთითებს ქსოვილის ნატურალობაზე. ბამბის ქსოვილი, სინთეტიკისგან განსხვავებით, არ ბრწყინავს. ის თბილი და პლასტიკურია, სინთეტიკა კი უფრო უხეშია. განსხვავების აღმოჩენა შეიძლება ძაფის წვით. სინთეზური ძაფი დნება და მყარ ნადნობს იძლევა, ხოლო ბამბისა – იწვის და ფერფლი იფანტება. ასევე, შეიძლება, სელის ქსოვილის გამოცნობაც. გარეცხვის შემდეგ, სუფთა ბამბის ქსოვილი დიდხანს შრება. რაც მეტი რაოდენობით შეიცავს ის სინთეტიკას, მით უფრო სრაფად შრება, რადგან წყალი ადვილად ჩამოედინება ქსოვილის სინთეტიკის დაბალი ჰიგროსკოპულობის გამო. გარეცხვის შემდეგ გაფენილი თეთრეული თანაბრად თუ შრება, ის სუფთა ბამბისაა. თუ ზევით გაშრა და ქვევით სველია, შეიძლება ითქვას, რომ სარეცხი დიდი რაოდენობით შეიცავს სინთზურ მასალას. 100-პროცენტიანი ბამბის ქსოვილი დაუთოებისას, სინთეტიკისგან განსხვავებით, გამოყოფს სასიამოვნო სუნს.