კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა სიტუაციაში აღმოჩნდა ნუგზარ ერგემლიძის ოჯახი მოულოდნელად და რა ვითარებაში დაეჯახა მის მეუღლეს სასწრაფო დახმარების მანქანა

თათია ფარესაშვილი ნინო სანებლიძე


ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ნუგზარ ერგემლიძის მეუღლეს, ქალბატონ ანას, სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა. ამბავი უცებ გახმაურდა და შესაბამისად, ოჯახიც ყურადღების ცენტრში მოექცა... როგორია ცნობილი მუსიკოსის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სიახლე აქვს მას შემოქმედებაში, სტატიიდან შეიტყობთ
.
– ბატონო ნუგზარ, როგორაა თქვენი მეუღლე?
– ახლა არა უშავს. ნელ-ნელა ფეხზე ადგომასაც შეძლებს. თუმცა, მძიმე მდგომარეობაში იყო, რამაც ყველა შეგვაშინა. ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო, რასაც მოჰყვა ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაბეჟილობა. ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იწვა რამდენიმე დღე და ახლახან გამოწერეს. უკვე სახლშია და იმედია, მალე მომჯობინდება.  სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში.
– სამანქანო გზაზე გადაადგილდებოდა, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს შემთხვევა?
– არსად არ გადადიოდა, არც გზას ჭრიდა და არაფერი, უბრალოდ, იდგა გაჩერებაზე. შემთხვევა 51-ე სკოლასთან მოხდა, სადაც არის ცალმხრივი მოძრაობა. სასწრაფო მოდიოდა უკუსვლით და ვერ შენიშნა ადამიანი, რასაც მოჰყვა დაჯახება. სასწრაფოს მანქანის მძღოლს უნდა გამოეჩინა ყურადღება, თუმცა ახლა ვეღარაფერს შევცვლით. საბედნიეროდ, სავალალო შედეგი არ მოჰყოლია.
– რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს შემოქმედებაში? ხშირად აღარ ჩანხართ. შემოქმედებითი პაუზა ხომ არ გაქვთ აღებული?
– არა, პაუზა არ მაქვს, როცა რამე ხდება, ყველგან ვარ. სიმღერებსაც ვწერ. უკვე 10-ზე მეტი ახალი სიმღერა დამიგროვდა. ასევე,  ვმუშაობ თარგმანებზე და ვხატავ. დავწერე მეოთხე რომანი, რომელიც მინდა, დავბეჭდო, მაგრამ ჯერჯერობით თანხა არ ჩანს (იცინის). რომანი ფანტასტიკურ-ეზოთერულ-გასართობია, რაც ჩემი სტილია. პარალელურად, კონცერტებზეც გამოვდივარ. 2 მაისს ქუთაისში ვიყავი „გვირილობის“ დღესასწაულზე მიწვეული, სადაც ჩემი სიმღერები შევასრულე.
– იმ პერიოდში, როცა თქვენ ამ სფეროში დაიწყეთ მოღვაწეობა, რთული იყო თავის დამკვიდრება?
– მუსიკასთან შეხება სკოლის ასაკიდან მქონდა. პირველად ბათუმში გამოვედი სცენაზე. ეს იყო 1971 წელი, მეცხრეკლასელი ვიყავი.  შევასრულე ჩემი დაწერილი პირველი სიმღერა. ამის შემდეგ წავედი სამხატვრო აკადემიაში. მუსიკაში არაფერს  ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა, ჰობი პროფესიად მექცა.  ბათუმში ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ძალიან ცნობილი კომპოზიტორი, სოსო ბარდანაშვილი. ის უსმენდა ჩემს პირველ სიმღერებს. მან გამიწია მასწავლებლობა. ასევე, იცოდა ჩემი ლექსების შესახებაც და როგორც პოეტი ისე შესთავაზა ჩემი თავი რობერტ ვარძიმაშვილს. მაშინ, უკვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, სადაც მუსიკალური ჯგუფი გვქონდა ჩამოყალიბებული ვახტანგ მანაგაძეს, ავთო შარვაძეს და ასე შემდეგ.  საინტერესო საღამოებს ვმართავდით. ყოველდღე ბანკეტებზე ვიყავით მიწვეულები... ამასობაში აკადემიაც დავამთავრე. პროფესიით, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დიზაინერი ვარ და გავხდი „75-ის” წევრი. ანსამბლმა ათი წელი იარსება და დამსახურებულად, ვარსკვლავიც კი გაუხსნეს. თუმცა, ერთი შეცდომა კი დაუშვეს ბიჭებმა. პირველი ქართული როკ-ოპერა შეასრულა „75-მა”, რის შემდეგაც ამერიკაში მიიწვიეს. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ვინ გაგიშვებდა ასე მარტივად იქ. ამის გამო, შეიძლება ითქვას, დაბლოკეს და ამერიკაში კი არა და აღარსად უშვებდნენ. ანსამბლის მერე გადავედი ტელევიზიაში რედაქტორად. ამ სფეროში 25 წელი დავყავი. მარტივი ნამდვილად არ იყო თავის დამკვიდრება, თან იმ პერიოდში, როცა ყველას უჭირდა.
– რთული პერიოდიც გექნებოდათ...
– რთული პერიოდი ყოველთვის მეტია, ვიდრე კარგი. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების დინებაა. ყოველდღე ზეიმი არ არსებობს. იყო გაჭირვების ხანაც, თუნდაც 90-იან წლებში. მაშინ მთელი საქართველო გაჭირვებული იყო. მაგრამ, მყავდა მეგობრები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ. იმ პერიოდში ბევრს ვქეიფობდით და ვსვამდით. რამდენჯერმე სერიოზულად მოვიწამლე სასმლისგან. იმ დროს მიწისქვეშა რესტორნები იყო და შემოჰქონდათ ფალსიფიცირებული სასმელი. ამ რესტორნებში სასწაულები ხდებოდა. ჭერი სულ დახვრეტილი იყო სროლისგან – თავისუფლად შემოდიოდნენ იარაღით. ერთხელ, მეუღლესთან ერთად ვიყავი დაბადების დღეზე. ჩვენ წინ ახალგაზრდა კაცმა „ლიმონკა”  ჩააგდო ღვინოში და ისე დალია. ეს რომ დავინახე, ჩვენთან გვესტუმრეთ, ლიმონკიან ჩაის დაგალევინებთ-მეთქი (იცინის). ასეთი დრო იყო. ტანკებზე პურმარილი იშლებოდა. დამინახავდნენ და მეპატიჟებოდნენ საქეიფოდ. კიდევ კარგი, გამოვასწარით იმ განუკითხავ პერიოდს.
– იყო დრო, როცა ძალიან პოპულარული იყავით და თქვენს სიმღერებზე ახალ-ახალი ურთიერთობები იქმნებოდა... იქნებ, ბობ დილანთან შეხვედრაც გაიხსენოთ.
–  ნამდვილად იყო პერიოდი, როცა ვქუხდით, მაგრამ მე ის კაცი არ ვარ, ვინც მხოლოდ წარსულს ადიდებს, ჩვენ კიდევ გავიბრწყინებთ (იცინის). ყოველდღე ბანკეტზე ვიყავით და უხაროდა ხალხს ჩვენთან შეხვედრა. სხვათა შორის, პოპულარული ბავშვობიდან გავხდი. აი, მაშინ, მე-9 კლასში პირველად რომ გამოვედი სცენაზე. სახლში მივედი თუ არა, გოგონებმა დამირეკეს (იცინის). მაშინ ოჯახის ტელეფონით საუბარი იყო მოდაში. ჩვენც ვიკავებდით ხაზს და ამას მოჰყვებოდა ერთი ამბავი. კი, იყო სიმღერები, რომლებზეც მართლა იქმნებოდა ურთიერთობები, ისტორიები. მაგალითად, სიმღერით „თუკი გესიზმრები” ზოგს ცოლი მოჰყავდა, ზოგი კიდევ საყვარელ ადამიანს აცილებდა უკანასკნელ გზაზე. ასეთი უცნაური ამბებიც ხდებოდა. რაც შეეხება ბობ დილანს, 1986 წელს ჩამოვიდა თბილისში. ბატონმა რეზო ამაშუკელმა ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მასთან შეხვედრაზე მიმიწვია. შეხვედრა იყო ჯერ მწერალთა კავშირში, შემდეგ რესტორან „ქალაქურში”. გაბრაზებული კაცი იყო ბობი, შავი სათვალე ეკეთა და საბჭოთა კავშირი არ მოსწონდა (იცინის). ყურებჩამოყრილი იჯდა, ზედაც არ გვიყურებდა არავის. ბაბუამისი იყო ოდესელი და იქ უნდოდა წასვლა, სადაც არ გაუშვეს, ამიტომ ნაწყენი ესტუმრა თბილისს.  ჩვენც არ ვიცოდით, როგორ გაგვემხიარულებინა გაუცინარი ხელმწიფე. ბოლოს, შემოვიდნენ ქსოვრელები დუდუკებით და დოლებით შეიარაღებულები. ბობ დილანსაც ამაზე თვალები აუციმციმდა. მერე მეც ვიმღერე ჩემი სიმღერა. ხელი დამარტყა ბეჭზე და მადლობა გადამიხადა. ოღონდ „თუკი გესიზმრები” არ მიმღერია და ვნანობ, იქნებ მოსწონებოდა და  ახლა ცოტა ფული მექნებოდა (იცინის).
–  მეუღლე სად გაიცანით? თქვენი სიყვარულის ისტორია გვიამბეთ...
– მეუღლე 1985 წელს, ძველით ახალ წელს გავიცანი. მე და ჩემმა მეგობრებმა მცხეთაში გავაკეთეთ კლუბი. კედლები მხატვრული ელემენტებით იყო გაფორმებული. იქ მოვიდა ანაც. მეორე დღეს დავპატიჟე მხატვართა სახლში. გაცნობიდან თითქმის 4 თვეში დავქორწინდით. მას შემდეგ მოვდივართ ერთად.
– ადრე თქვენს შვილთან კონფლიქტი გქონდათ. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– იყო ჩვენს შორის რაღაც გაუგებრობა და დამთავრდა. მსგავსი სიტუაცია ყველა ოჯახშია. უბრალოდ, გიორგიმ საჯაროდ დაწერა. ახლა ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.
скачать dle 11.3