№21 როგორ დააშინა მოსკოველი „გაიშნიკები“ ბორია წიფურიამ
რუსეთის მთავარი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია ასეთ კურიოზს იხსენებს: „მე და სულგანათლებული ბორია წიფურია ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვმეგობრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებულები ვიყავით, საკმარისი იყო, მე ჩავსულიყავი თბილისში ან ის ჩამოსულიყო მოსკოვში, რომ განუყრელნი ვხვდებოდით და ერთად ვატარებდით დროს. 1975 წელს ბორიას მხატვრულ ფილმში – „ცენტრალური თავდამსხმელი“ ერთ პატარა როლში იღებდნენ და მოსკოვში მოუწია ჩამოსვლა. თანაც, საკუთარი მანქანით ჩამოვიდა, პირდაპირ კლინიკაში მომაკითხა და ეგრევე, რესტორან „არაგვში“ წამიყვანა საქეიფოდ. კარგად რომ მოვილხინეთ და სახლში ვბრუნდებოდით, „გაიშნიკმა“ ზედ წითელ მოედანთან გაგვაჩერა და „ლიშენია“ რომ არ მოეცა, 100 მანეთი „აგვაფცქვნა“. მილიციის კაპიტანთან არც ჩემმა პროფესორობამ გაჭრა და არც ბორიას სახალხო არტისტობამ. თანაც, ბორიას მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა, რაზეც მოსკოველი „გაიშნიკები“ განსაკუთრებით ნადირობდნენ და ფულიან ქართველებს „პარსავდნენ“.
– შენ, ძმაო, თუ ასე გპარსეს, მანქანის აქ დატოვება მოგიწევს და კიდევ ვალებს დაიდებ, – ვუთხარი ბორიას. მან კი მიპასუხა:
– მე მაგათ ვუჩვენებ სეირს, ნახე, რა უხეშად დავარღვევ წესებს და ფეხებსაც ვერ მომჭამენო.
ბორიამ მანქანა რკინეულობის მაღაზიასთან გააჩერა და გადავიდა. უკან რომ დაბრუნდა, ხელში წებო „მომენტი“ ეჭირა. წებო მან ხელებზე დაისხა, შემდეგ მანქანა ადგილიდან დაძრა და კალინინის გამზირზე ისეთი საშინელი მანევრი გააკეთა, მოძრაობის წესების ასეთი დარღვევასთვის ასი კი არა, ათასი მანეთიც ვერ გვიშველიდა.
„გაიშნიკმა“, რა თქმა უნდა, მანქანა გაგვაჩერებინა და „პრავაც“ მოითხოვა. ბორიამ მას „პრავა“ მიაწოდა, თავად კი ხელის მტევნებზე მიმხმარი წებოს მოძრობას და ასფალტზე დაყრას შეუდგა.
– ხელებზე რა გჭირთ, რას აკეთებთ, მოქალაქევ? – დაინტერესდა „გაიშნიკი“, რომელიც მანქანისა და ჩვენს მილიციაში გადაყვანას გეგმავდა.
– ვერ ხედავ, რა მჭირს? ინფექციური კეთრი მაქვს. ხორცი მძვრება და ვყრი, – მიუგო ბორიამ „გაიშნიკს“.
ეს რომ მოისმინა, „გაიშნიკმა“ „პრავა“ მანქანაში შემოაგდო. შემდეგ თავის მოტოციკლს მოახტა და ალბათ, საავადმყოფოში გაქუსლა გასასინჯად.
ბორია, მოსკოვში სამი კვირა დარჩა და უკვე ყველა „გაიშნიკმა“ იცოდა მისი მანქანის ნომერი. „კეთროვანს“ ვინ გააჩერებდა ინფიცირების შიშით და როგორც გვინდოდა, ისე დავქროდით დედაქალაქის ქუჩებში.“