№21 გაუპატიურებული ქალის დედამ მოძალადე ნათესავი თოფით მოკლა
54 წლის ნელი მ-შვილი 43 წლის ბესიკ კ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ ყველა სამხილი და მტკიცებულება ქალის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებდა და თავად ნელი მ-შვილიც აღიარებდა ნათესავი მამაკაცის მკვლელობას, ვინც ქალს კარგად იცნობდა, გამოძიების ვერსიის დაჯერება ძალიან უჭირდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა, საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში მუშაობისას თოფიდან ორი გასროლით მოკლა ბესიკ კ-ძე. მერე გარდაცვლილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მიატოვა და პოლიციას საკუთარი ფეხით ჩაჰბარდა. რა გახდა დანაშაულის მოტივი ამის შესახებ გამოძიებისთვის დიდხანს არ იყო ცნობილი. ნელი მ-შვილი მკვლელობას აღიარებდა, მაგრამ მოტივზე არ ლაპარაკობდა. მისი ჩვენების მიხედვით, მას ბესიკ კ-ძესთან კონფლიქტი ჰქონდა და მამაკაცი ამ კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა.
ნელი მ-შვილს მეზობლები და ახლობლები განსაკუთრებით დადებით პიროვნებად ახასიათებდნენ. ის ადრეულ ასაკში დაქვრივდა და ორი მცირეწლოვანი შვილი მარტომ გაზარადა. ქალი ახალგაზრდობაში საკუთარ ფერმას და მეურნეობას უძღვებოდა, შემდეგ კი სასურსათო მაღაზია გახსნა და ოჯახს ვაჭრობით არჩენდა. მშრომელი და დაუზარელი ქალი მთელი სოფლის პატივისცემით სარგებლობდა. ყველა, ვისაც რითი შეეძლო, ეხმარებოდა. მოგვიანებით მისი ბედი გაიზიარა მისმა ქალიშვილმაც და ასევე, ახალგზარდა, 28 წლის ასაკში დაქვრივდა – სამი წლის შვილით მარტო დარჩა. დედა შვილის და შვილიშვილის ერთადერთი პატრონი იყო. ვერავინ ვერაფერს ამბობდა იმაზე, თუ რატომ შეიძლებოდა, მოეკლა ქალს მამაკაცი, რომელიც მისი გარდაცვლილი ქმრის შორეული ნათესავი იყო. მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა და კონფლიქტი კი არა, საერთოდ არაფერი აკავშირებდათ.
საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა ბესიკ კ-ძის ნაკვეთში მოხდა. ორი შვილის მამა იქ მარტო მუშაობდა. ამონაწერი ვალერი ც-შვილის ჩვენებიდან: „ნელი შემთხვევის ადგილზე მე მივიყვანე. მას კარგად ვიცნობ. ჩემი ავტომობილით ვტაქსაობ და ნელი ხშირად მიმყავდა სხვადასხვა ადგილას. იმ დღეს ტელეფონზე დამირეკა და სახლში მისვლა მთხოვა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. სახლიდან რომ გამოვიდა, არ შემინიშნავს, მაგრამ მანქანიდან გადასვლისას შევამჩნიე, რომ ნაჭერში გახვეული, მოგრძო ნივთი გადაიტანა. გამიკვირდა, როცა ნელიმ სოფლის მიმდებარედ, ნაკვეთებში ჩაყვანა მთხოვა, ერთი კაცი უნდა ვნახო, ნაკვეთი უნდა მომაქირავოსო. მაგრამ, როცა ავტომანქანიდან გადმოსულმა მითხრა, წადი არ დამელოდო, აქ დიდხანს შვვყოვნდები და თუ დამჭირდა, დაგირეკავ წასაყვანადო, უცნაურად მეჩვენა. არ დავმალავ, ნელი როგორც კი დავტოვე და წამოვედი, გულმა არ მომითმინა და რამდენიმე ასეულ მეტრში გავჩერდი. მაინტერესებდა, რატომ ჩამაყვანინა ქალმა თავი ნაკვეთში, სადაც მას, წესით, საქმე არ უნდა ჰქონოდა. მე სულ სხვა რამ ვიფიქრე მარტოხელა ქალზე, ალბათ, 10 წუთი იქნებოდა გასული, თოფის ორი გასროლის ხმა რომ შემომესმა. მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა. სასწრაფოდ დავქოქე მანქანა და იქით წავედი, სადაც ნელი დავტოვე. მაგრამ, იქ ვერ ვნახე. ახლო-მახლო დავიწყე მისი ძებნა. ისიც ვიფიქრე, რომ თავი მოიკლა-მეთქი. ნაკვეთებიდან ჩემი თანასოფლელები გამოცვივდნენ. ბოლოს ყველამ ერთად აღმოვაჩინეთ ნელი ბესიკ კ-ძის ნაკვეთში. მამაკაცი უკვე გარდაცვლილი გახლდათ, საშინელი სანახავი იყო ყველაფერი. ბესიკის ცხედართან ახლოს ეგდო გადაჭრილი თოფი. ნელი მიწაზე იყო ჩამჯდარი, ხელები სახეზე აეფარებინა და ტიროდა. ერთმა წყალი მიაწოდა. მე ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ხმა არავისთვის გაუცია, ისე მთხოვა, სახლში ამიყვანე ორი წუთით და მერე რაიონის პოლიციაში მიმიყვანეო. იქაც მიმაყვანინა თავი.”
დაკავებულმა ნელი მ-შვილმა მკვლელობის იარაღის, თოფის შესახებ განაცხადა, რომ მისი გარდაცვლილი ქმრის კუთვნილება იყო და წლების განმავლობაში, ოჯახში ინახავდა. ბრალდებული ქალი ცდილობდა, გაესაიდუმლოებინა დანაშაულის მოტივი. გამოძიებისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ქალმა, რომელსაც ყველა დადებითად ახასიათებდა, მამაკაცს მიჯრით, ახლო დისტანციიდან ესროლა და მოკლა, გაურკვევლი მიზეზის გამო. თავად ნელი მ-შვილი საკუთარ დანაშაულზე პირველივე ჩვენებაში აცხადებდა, რომ, როდესაც ბესიკ კ-ძის ნაკვეთში მივიდა, მამაკაცს მუშაობის პროცესში მიუსწრო. „უკნიდან მივეპარე, თოფი უკვე მომზადებული მქონდა. დავუძახე ახლო დისტანციიდან და როგორც კი შემოტრიალდა, თოფიდან ორჯერ გავისროლე. ბესიკი ძირს დავარდა. მე ისტერიკა დამემართა. იქვე, მიწაზე დავჯექი და ვხედავდი, როგორ კვდებოდა”. რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ბრალდებულის შვილი, მარეხ მ-შვილი დაკითხეს. ახალგაზრდა ქალმა გამოძიებასთან აღიარა ის საიდუმლო, რასაც ბრალდებული დედის გარდა, არავის უმხელდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ბესიკ კ-ძემ მარეხ მ-შვილი ნათესავის სახლში გააუპატიურა. ამ ამბის შემდეგ მარეხი დეპრესიაში ჩავარდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა თავს გადახდენილი ამბავი დედას გაუმხილა, რასაც მოგვიანებით, ქალის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული მოჰყვა. სასამართლომ ნელი მ-შვილი დამნაშავედ ცნო ბესიკ კ-ძის განზრახ მკვლელობაში და მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.