კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ ჩამოაკიდებინა ბაგრატ მეოთხემ სომეხთა მეფე ბოძზე

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


მეთერთმეტე საუკუნის შუა წლებში ჩვენს რეგიონს ახალი დამპყრობლები შემოესივნენ შუა აზიიდან. 1064 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი უგრძნეულად შემოიჭრა საქართველოში, შემუსრა ქართლში კანგარი და მერე თრიალეთი. მისმა მარბიელმა ლაშქარმა მიაღწია ყველის ყურს, იქიდან გადავიდნენ შავშეთში, კლარჯეთში და ტაოში, ფანასკერტამდე. იმავე დღეს, თურქთა ჯარის ერთმა ნაწილმა მიაღწია თორს და ლეღვის ხევს. თავად სულთანი თრიალეთში დამდგარა სამი დღე.
იმ დროს საქართველოს მეფე ბაგრატი მეოთხე, დედამისი, მისი და და მემკვიდრე ვაჟი, გიორგი ტაოდან მოდიოდნენ, თურმე, მცირე ამალით და გაჩერებულან ხეკრებულთაში დასასვენებლად. როცა გაემზადნენ გზის გასაგრძელებლად, სულთნის ჯარი თავს დაესხა მათ. ძლივს მოასწრო სამეფო ოჯახმა ქართლში გადმოსვლა. თურქები ჯავახეთში გადავიდნენ და ახალქალაქს მიადგნენ. ახალქალაქის მცირერიცხოვანი გარნიზონი თავგანწირულად იბრძოდა. სამი დღე გაგრძელდა ალყა. საქმეს ართულებდა ის, რომ ახალქალაქის გალავანი არ იყო დასრულებული. ამიტომ, თვითონ ქართველები გადავიდნენ შეტევაზე. ყოველმა ახალქალაქელმა მამაკაცმა მახვილი აიღო ხელში. გააღეს ქალაქის ჭიშკრები, მედგრად შეუტიეს მტერს და ბევრიც დახოცეს. მაგრამ, მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა, შევიდნენ ქალაქში თურქები და უამრავი ქრისტიანი ტყვედ ჩაიგდეს. გაძარცვეს ახალქალაქი და დიდი ალაფი მოაგროვეს – „და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა“.
ახალქალაქიდან კაცი გამოუგზავნა სულთანმა ჩვენს ხელმწიფეს და სთხოვა, დავმძახლდეთ, შენი დის ასული ცოლად მომეციო.
თვითონ სულთანი ალფ-არსლანი გავიდა საქართველოდან, გადავიდა ყოფილ სომხეთში, აიღო არმენთა ერთ-ერთი ყოფილი დედაქალაქი, ანისი, რომელიც იმ დროს ბიზანტიის საკუთრება იყო, გაძარცვა და ტყვედ აიყვანა უამრავი ადამიანი. ქალაქი ანისი გადასცა მანუჩას, აბულასვარის ძეს. შემდეგ სულთანს აუღია ყარსიც.  თურქმანებს ამ ქმედებით სურდათ, ჩრდილოეთიდან გარანტირებული ჰქონოდათ საზღვრები თავისი საძოვრებისთვის, რომელიც უნდა გაემართათ მდინარე არაქსის მიდამოებში. ნაძარცვით დატვირთული სულთანი წავიდა თავისი სამფლობელოებისკენ, ახალშეძენილი ქონების დასაბინავებლად.
ბაგრატ მეფის დის ასული, რომლის ხელიც ითხოვა სულთანმა, იყო „სომეხთა მეფე“ კვირიკე (იგივე გურგენ) მეორის ძმისშვილი. კვირიკე გახლდათ ტაშირ-ძორაგეტის ყოფილი მეფის, დავით უმიწაწყლოს ვაჟი, წარმოშობით სომეხი ბაგრატუნების გვერდითა შტოდან, კვირიკიანებად წოდებული საგვარეულოდან. ადრე, ქვემო ქართლი, სხვა ტერიტორიებთან ერთად, არაბებმა წაართვეს ქართველებს და ტფილისის საამირო დააარსეს. საამიროს დასუსტების მერე, ქვემო ქართლის ნაწილზე გავლენა გაავრცელეს სომეხმა ბაგრატუნებმა. ტაშირ-ძორაგეტის სამთავრო ძირითადად ქართულ, ნაწილობრივ, სომხურ და მერე ნაწილობრივ, ალბანურ ტერიტორიებზე დაარსდა მეათე საუკუნის ბოლოს, როდესაც საქართველო არ იყო ერთიანი. ერთიანი საქართველო დასავლეთ და სამხრეთ დასავლეთ საქართველოში ყალიბდებოდა და ქართველ ხელმწიფეებს ჯერ არ ჰქონდათ დრო და სამყოფი რესურსი, ყველა ქართული ტერიტორიისთვის ერთდროულად ებრძოლათ. ამიტომ, არ შეეძლოთ, ქვემო ქართლი და ტფილისი დაეკავებინათ, თუმცა ეს გეგმაში ჰქონდათ. ამით ისარგებლეს სომეხი ბაგრატუნების განაყოფმა კვირიკიანებმა და დააარსეს „სომეხთა სამეფო“. მისი დედაქალაქი გახდა ქართული ციხე-ქალაქი სამშვილდე (სოფელი სამშვილდე მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში). კვირიკეს მამას, დავითს, „სამშვილდარსაც“ უწოდებდნენ.
სამწუხაროდ, ქართული იდეოლოგია ხანდახან  შეცდომებს უშვებდა. კვირიკიან მეფეებს უწოდეს „სომეხთა მეფეები“, იმის მაგიერ, რომ „სომეხი მეფე“ ეწოდებინათ. ქვემო ქართლის დიდ ნაწილს კი დაუმკვიდრდა სახელი – სომხითი, რაც მაშინაც შეცდომა იყო და შემდეგშიც ძალიან ძვირად დაგვიჯდა მსგავსი შეცდომა, როდესაც შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილს (ჩრდილო ქართლს), ცხინვალის რეგიონს, ხანდახან სამხრეთ ოსეთად მოვიხსენიებთ. სხვათა შორის, ქვემო ქართლს სომხურ წყაროებში „ვრაც დაშტი“ - ქართველთა ველი ეწოდება. რა თქმა უნდა, ტაშირ-ძორაგეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი და მათ შორის მოსახლეობაც, ქართული იყო. მანამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არაბების ბატონობის გამო გაწყდა, ან დემოგრაფიულად შეიცვალა. ქვემო ქართლი (ლორეს მიწებიანად), ბუნებრივ საზღვრამდე - ბამბაკის მთებამდე ისტორიულად ქართულია.
„სომეხთა მეფე“ კვირიკე გახლდათ დიდი ქართველი ხელმწიფის, ალავერდის დიდებული ტაძრის აღმშენებლის, ბიზანტიის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მეფე გიორგი პირველის მოკავშირის, კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკე მესამე დიდის დისწული. კვირიკე მესამეს მემკვიდრე არ დარჩა და კახეთ-ჰერეთში გამეფდა სომეხი მეფე კვირიკე მეორის უმცროსი ძმა – გაგიკი, ალბათ, ბიძის მიერ ქართულად გაზრდილი.
სთხოვა ბაგრატმა „სომეხთა მეფეს“, მაგრამ მან არ მისცა პრინცესა სულთანზე გასათხოვებლად. მაშინ გააგზავნა ბაგრატ მეფემ ვარაზ-ბაკურ ერისთავი ჯარით. კვირიკეს ქვეშევრდომებიც გადმოიბირა და სამშვილდისკენ მიმავალი მეფე კვირიკე და მისი ძმა, სუმბატი შეიპყრეს ქვეშისჭალაში და აცნობეს ჩვენს ხელმწიფეს. სწრაფად წამოვიდა შიდა ქართლში ქართველთა მეფე. ქვახვრელში მოჰგვარეს შეპყრობილი ძმები და მოსთხოვა მათ სამშვილდე, მაგრამ უარი უთხრეს სომეხმა ბაგრატუნებმა ქართული ქალაქის, სამშვილდის გადაცემაზე ქართველთა მეფეს.
მათი ერთი ძმა, ადარნასე ამ დროს სამშვილდეში იყო. მიიყვანეს სამშვილდის გალავანთან კვირიკე მეფე და სუმბატი, აღმართეს ძელი და გასვეს სომეხი მეფე ძელზე, ესე იგი, ბოძზე დაკიდეს, სამი დღე. ბაგრატ მეფესთან მივიდა სომეხთა ორი ერისთავი – ლუკიისა და კაქვაქარისა და მოახსენეს, სომეხი მეფის ძმა, შენი ტყვე სუმბატი, იძლევა სამ ციხეს, ოფრეთს, კოშკსა და ვარზაქარსო. შეეცოდა ბაგრატ მეფეს ძელზე გასმული კვირიკე და მისი ძმა – სუმბატი, გაათავისუფლა და ისევ გადასცა ციხეები, მხოლოდ სამშვილდე დაიჭირა თავის საკუთრებად „და ეგრეთვე მონებდეს სომეხნი“. მეფე კვირიკემ დედაქალაქი ლორეს ციხეში გადაიტანა, ასევე ქართულ ტერიტორიაზე.
გაათხოვა ბაგრატ მეფემ თავისი დის ასული თურქ-სელჩუკთა  სულთან ალფ-არსლანზე. ამგვარად, შეეცადა, მშვიდობა მოეპოვებინა ქვეყნისთვის. იმ დროს პოლიტიკური ქორწინებების მეშვეობით ხდებოდა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირება.
სამი წლის შემდეგ, სულთანი ალფ-არსლანი შეიჭრა ჰერეთში. ამ დროს ჰერეთს მართავდა სომეხი მეფე კვირიკეს ძმისწული – აღსართანი, გაგიკის ძე. ჰერთა და კახთა დიდებულების დიდი ნაწილი ერთიანი საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის მომხრეები იყვნენ, რადგან, კახეთ-ჰერეთი ქართული მიწა იყო ყოველთვის, ქართველებით დასახლებული, მართლმადიდებლური და გაერთიანება უნდოდათ.
სულთნის კახეთ-ჰერეთში შეჭრის დროს აღსართანი და მისი მომხრენი მთებში გაიქცნენ. ბაგრატ მეფე ამ დროს კახეთის ასაღებად იყო წასული. ქართული ჯარის წინამბრძოლები ვეჟინთან იყვნენ, შემობრუნდნენ და მოახსენეს ჩვენს ხელმწიფეს საქმის ვითარება. ბაგრატი გამოერიდა თურქ-სელჩუკებს და ქართლში დაბრუნდა.
აღსართანი, მეფე კახეთ-ჰერეთისა, დიდი ძღვენით მივიდა სულთანთან, უარყო თავისი სარწმუნოება, აღიარა ისლამი და იკისრა ხარკი. სულთანმა დაუბრუნა ციხეები და აღიარა მეფედ. ვერაგი და ძარცვის მოყვარული სულთანი ვერ დასჯერდა კახეთ-ჰერეთის მეფის ვასალად (ყმად) მიღებას და სამი კვირის მერე, წამოემართა ქართლისკენ, თან იახლა აღსართან კახეთ-ჰერეთის გამაჰმადიანებული მეფე და ტფილისის ამირა. სულთნის ჯარის რაოდენობა  ხუთასი ათასი იყოო, წერს მემატიანე. ეს ცნობა, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია, ალბათ, დედაწულით მოსული ჯარი  ძალიან დიდი რაოდენობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ, ჩვენს ლაშქარზე მრავალრიცხოვანი რომ იყო თურქთა ჯარი, ნამდვილად უეჭველია. თურქ-სელჩუკები ქართლში შემოიჭრნენ 1069 წლის 10 დეკემბერს.
скачать dle 11.3