№21 ღალატის საზღაური
სტაუტ რექსი
ჯიმი პრესტონს ცოლი ძალიან უყვარდა, თითქმის არანორმალურადაც კი, მაგრამ გამოხატვა ნაკლებად შეეძლო. მით უმეტეს, საერთოდ არ იცნობდა ქალის ბუნებას. ამიტომ, ძალიან უკვირდა, როცა სესილს, თავის საყვარელ ცოლს ზოგჯერ (და ბოლოს სულ უფრო ხშირად) ძალიან უბედური გამომეტყველება ჰქონდა. მართალია, შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ ჯიმიმ მაინც უყიდა ძვირფასი საწოლი პატარასთვის, რათა ამით სესილისთვის მიენიშნებინა: არ იდარდო, ახლა ეს საწოლი ცარიელია, დრო მოვა და მასში ჩვენი შვილი დაიძინებსო. მაგრამ, ქალი ვერ მიუხვდა, გაღიზიანდა და იტირა. სესილს ყველაფერი ჰქონდა. ჯიმი კარგად გამოიმუშავებდა. ცოლისთვის ძვირფას ტანსაცმელს ყიდულობდა, დასასვენებლად რამდენჯერმე წაიყვანა კარგ კურორტზე. საყიდლებისთვის საკმაო ფულს აძლევდა, კარგი და კომფორტული სახლი ჰქონდათ, სადაც კვირაში ერთხელ დამხმარე ქალიც მოდიოდა, რომ სესილს საშინაო საქმეებში დახმარებოდა. ოჰ, ეს ჯიმი, მაინც ვერაფრით ხვდებოდა, რატომ ენამებოდა წამწამები ცოლს ცრემლით, ან რატომ გამოიბუსხავდა ხოლმე ტუჩებს წყენით. ჯიმის არც ახალი ინტერესები იზიდავდა. დიდად არ იკლავდა თავს, რომ ცხოვრება გაემრავალფეროვნებინა. სწორედ ამიტომაც, ყველანაირი ლოგიკით, უნდა გამოჩენილიყო ადამიანი, რომელიც ქალს სიცარიელეს შეუვსებდა – ანუ, „მესამე ზედმეტი“ – და ამ „მესამე ზედმეტს“ მესონი ერქვა. ის საიდანღაც, ატლანტიკიდან ჩამოვიდა და დაკავებული იყო სწორედ ისეთი ქალების შეცდენით, როგორც მისის პრესტონი გახლდათ – სესილი ხომ ცოტათი მელანქოლიური, ცოტათი სევდიანი, ცოტათი თავგადასავლების მაძიებელი იყო...
სესილმა მესონი პატარა კონცერტზე გაიცნო, რომლის შემდეგ ფურშეტი გაიმართა და მესონი ისეთ საინტერესო რაღაცეებს ყვებოდა... მოკლედ, მესონმა ქალის ყურადღება მიიპყრო. ერთი კვირის შემდეგ ჯიმიმ ორჯერ დარეკა სახლში და აღმოაჩინა, რომ სესილი სახლში არ იყო. როგორც წესი, მისი ცოლი არსად დადიოდა. მხოლოდ გაისეირნებდა ხოლმე. მაგრამ, თუ სადმე წავიდოდა, მაგალითად, საყიდლებზე, გამოფენაზე ან ახალი ფილმის სანახავად – პრესტონს კინო დიდად არ უყვარდა, თუმცა ცოლს იქ სიარულს არ უშლიდა. ჯიმი დიდად არ აუღელვებია ცოლის დღის განაწესის შეცვლას, არც იმას, რომ სესილმა მოუხშირა მესონზე საუბარს და როცა მასზე ლაპარაკობდა თვალები უცნაურად უციმციმებდა. მერე უცებ გაჩუმდებოდა და ფიქრებში წავიდოდა. ჯიმიმ ერთხელ ჰკითხა:
– ვინ არის მესონი?
სესილმა ფართოდ გაახილა თვალები და ქმარს წყრომით შეხედა.
– მე ხომ გელაპარაკებოდი მის შესახებ? როგორ არ გახსოვს, ის ნამდვილი, ჭეშმარიტი ჯენტლმენია.
– მართლა? შენ მეგობრობ მასთან?
ქალმა თავი დაუქნია. ჯიმი შეიჭმუხნა და ქალს უჩვეულოდ შეხედა.
– რა იყო? – სესილს არ მოეწონა მისი გამოხედვა.
ჯიმიმ თავი გააქნია.
– არაფერი... – კაცი ადგა და სასტუმრო ოთახში გავიდა. სავარძლიდან გაზეთი აიღო და გაშალა, თუმცა არცერთი სტრიქონი არ წაუკითხავს. მეორე დღეს ჯიმის თავისმა გათხოვილმა დამ დაურეკა. ის მასზე უფროსი იყო და თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ძმაზე ეზრუნა.
– ჯიმი, სესილი როგორ არის?
– კარგად. რა იყო?
– ორი დღის წინ ვნახე, ვიღაც ახალგაზრდა კაცთან ერთად იყო. გესმის? საყიდლებზე ვიყავი და ყავის დასალევად კაფეში შევიარე. სესილი დავინახე იმ ვიღაც ტიპთან. ძალიან ბედნიერი ჩანდა. იღიმოდა და სახეც გასხივოსნებული ჰქონდა. ჯიმი, გესმის, რას ვამბობ?
– ჰო, მესმის, – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ჯიმიმ, – შენ, რისი თქმა გინდა?
– მგონი, სესილს სერიოზულად უნდა დაელაპარაკო.
– ვნახოთ.
– ჯიმი, შენს სიმაღლეზე დადექი, – ხმა გაიმკაცრა ქალმა, – თუ გინდა, მე თავად დაველაპარაკები.
– არა... დამშვიდდი. ყველაფერი წესრიგშია.
– ჯიმი, შენს სიმაღლეზე დადექი-მეთქი. გეუბნები, საეჭვოდ მხიარული იყო.
– გავიგე, – მკაცრად მიუგო ჯიმიმ და ყურმილი დაკიდა.
– იმავე საღამოს სესილი უცნაურად იქცეოდა. ჯერ მაგიდა გააწყო და ჯიმის სთხოვა, ერთად ვივახშმოთო. მერე, მოულოდნელად, თეფში ძირს დააგდო და დაუყვირა, – შენ არაფერი გაინტერესებს, უგულო ხარ, არც მე გიყვარვარო.
ჯიმიმ მხრები აიჩეჩა.
– რა გინდა, სესილ?
– მე შენგან უნდა წავიდე, ჯიმი... – თქვა უცებ ქალმა, – გესმის? მივდივარ-მეთქი.
– რატომ? – დაღლილი ხმით ჰკითხა კაცმა.
– იმიტომ რომ, აღარ მიყვარხარ. თანაც, მე ორსულად ვარ.
კაცს თვალები გაუბრწყინდა.
– სესილ, როგორც იქნა, ეს ხომ შენი... ჩვენი...
– ტყუილად გიხარია. მე შენ გიღალატე და უნდა წავიდე.
– იმასთან?
– ჰო. ხვალ დილით აქ აღარ ვიქნები. გძულვარ?
კაცმა თავი გააქნია.
– არა. ყველაფერი გავიგე. თუ გინდა, შენ იყავი და მე წავალ.
– არა. მესონმა სახლი იქირავა. ეს ამბავი გადაწყვეტილია.
***
როცა ქალმა კარი გააღო, ზღურბლზე მდგარი ჯიმი ლამის ვერ იცნო.
– რა მოხდა? – ჰკითხა შეშფოთებულმა, – სესილი კარგად არის?
– სესილს რაღაც დაემართა. შეგიძლია, წახვიდე მასთან?
ქალმა შეშფოთებით შეხედა.
– რა ხდება, ჯიმი?
– წადი მასთან...
ჯიმი იქვე, სახლის წინ, პატარა სკამზე ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო და ასე იჯდა მანამ, სანამ ქალი არ დაბრუნდა. მაგრამ, ის მარტო არ იყო, პოლიციელები ახლდნენ. იქვე იყო ინსპექტორიც, რომელმაც ჯიმის მხარზე დაადო ხელი.
– ერთ შეკითხვაზე უნდა მიპასუხოთ: ცოლი თქვენ გაგუდეთ?
ჯიმიმ თავი დაუქნია. მისმა დამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.
– რატომ გააკეთეთ ეს?
– იმიტომ, რომ ჩვენი ოცნება მოკლა. მიღალატა, სხვა კაცისგან დაორსულდა.
ქალმა ისევ შეჰკივლა.
– ჯიმი, ეს რატომ გააკეთე, რატომ მოკალი სესილი. ის შენგან იყო ორსულად!
კაცმა შეშლილი თვალებით შეხედა დას.
– რას ამბობ, ვერაფერს ვხვდები.
– რამდენი ხანია, რაც ის მესონი სესილის ცხოვრებაში გამოჩნდა?
ჯიმი შეიჭმუხნა.
– ალბათ, ორი თვე იქნება.
ინსპექტორმა ჯიმის მხარზე დაადო ხელი.
– ექსპერტმა თქვა, რომ თქვენი ცოლი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო.