№21 ქურდი
– კამერის ჩანაწერი ამოვიღე, ერთი ეს ნახე?!
– ვა, მამედას ბიჭი არ არის, რა უნდა ამ დროს გასახდელში? მოიცა, უკან გადაახვიე!
***
რაღაც პერიოდი, სათამაშოების ფაბრიკაში ვმუშაობდი დირექტორის მოადგილედ. დირექტორს ქარხნის არაფერი გაეგებოდა, მეცნიერი კაცი იყო – ყელზე შარფით და თავზე ბერეტით. ამიტომ, ქარხანას მე ვხელმძღვანელობდი. პატარა ქარხანა იყო, პლასტმასის ჩამოსასხმელი დანადგარებითა და ჩამოსასხმელი ყალიბების დასამზადებელი მექანიკური საამქროთი. სულ, დირექტორით დაწყებული და ყარაულით დამთავრებული, 50 კაცამდე ვიქნებოდით. სათამაშოების გარდა, ხანდახან, ფართო მოხმარების საგნებს – ეგრეთ წოდებული „შირპოტრებსაც” – ბოთლის გასახსნელებს, ქილის მოსახუფებს, სავარცხლებს, სასაპნეებს და ვინ მოსთვლის, კიდევ რას არ ვაკეთებდით. ამას მუშახელი ხედავდა, მაგრამ მეპატრონეებთან არ გვაბეზღებდა, რადგან მუშებსაც ვაძლევდით „ლევი” შეკვეთების კეთების საშუალებას.
მამედა ალიევი ქარხნის დაარსებიდან ზეინკლად მუშაობდა. ოქროს ხელი ჰქონდა – ყველაზე რთულ ყალიბებს მაგას ვაწყობინებდით. პატიოსანი კაცი იყო, „ლევ” შეკვეთას რომ იშოვიდა, სხვებისგან განსხვავებით, ჩემთან მოჰქონდა.
– ლადოჯან, „ზაკაზი” მოვიტანე და რა ვქნაო? რა თქმა უნდა, ვაძლევდი შეკვეთის შესრულების საშუალებას. „ლევი ზაკაზიდან” ფულს რომ აიღებდა, ნახევარი ჩემთან შემოჰქონდა.
– წესია ეგეთიო! – მე არ ვიღებდი. მადლობელი მრჩებოდა.
– ამით, ჩემს ფეიზულას, შენს სახელზე რამეს ვუყიდიო!
***
– აბა, თავიდან დაიწყე!
– ხედავ, მიჩვეულია, პირდაპირ ვანოს კარადას მიადგა, იცის, რომ იმ დღეს შეკვეთიდან ფული აიღო.
– აუ, ვანო რას ჯაჯღანებდა?!
***
ერთხელ, კაბინეტში ვიჯექი, მამედამ თავი რომ შემოჰყო.
– ლადოჯან, შეიძლება?
– შემოდი მამედ, დაჯექი! – სკამზე მივანიშნე. მორიდებით ჩამოჯდა.
– ლადოჯან, შეიძლება, ჩემი ბიჭი, ფეიზულა, სამსახურში გვერდში დავიყენო? არ მინდა, ქუჩაში გავიდეს.
– რა შეუძლია?
– ხელფასი არ უნდა, ხელობა მინდა ვასწავლო.
– კარგი, მამედ, მოიყვანე!
– „სპასიბა,” ლადოჯან!
მეორე დღეს შვილთან ერთად მოვიდა. გვერდით დაიყენა. ფეიზულა ჭკვიანი ბიჭი გამოდგა – მამისგან ზეინკლობა ისწავლა, ზაურასგან მღარავობა და ტრისტანასგან – ხარატობა. ცოტა ხანში, ტრისტანა რომ პენსიაზე გავაცილეთ, ფეიზულა გავაფორმეთ ხარატად.
***
– გამორთე, საკმარისია, ეგ არის ქურდი!
– მამამისი რა პატიოსანი კაცი იყო, ეს ვინ გაუზრდია?!
***
მეპატრონეებმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და ქარხნის გადასაიარაღებლად, ცოტა ფული გაიმეტეს. ოღონდ, იმ პირობით, რომ ახალ დანადგარებზე „ლევი” შეკვეთები არ გაკეთდებოდა. ბოლო თაობის პროგრამული ჩარხები შევიძინეთ, ძველები კი, ვინც მათზე მუშაობდა, იმ ხელოსნებს მივყიდეთ იაფად, რომ თავიანთი შეკვეთების შესრულება შესძლებოდათ.
მამედამ და ფეიზულამ სახარატო ჩარხი შეისყიდეს. წასაღებად მანქანაზე რომ დებდნენ, ამწეს მძღოლმა, ეტყობა, ტროსები არასწორად ჩააბა, აწეული ჩარხი გვერდზე გადაწვა და მამედა ქვეშ მოიყოლა. ოჯახს ცოტა დავეხმარეთ და არ უჩივლია. დავმარხეთ მამედა, მის ადგილზე ჯაჯღანა ვანო მივიღეთ, მაგრამ სულ მამედას მივტიროდით.
***
– მე დავუყარაულდები და დავიჭერ!
– ოღონდ, არავინ გაიგოს, თორემ შეიძლება, გააფრთხილონ!
***
– უჰ, შე შობელძაღლო! – ქეჩოში ვწვდი ფეიზულას.
– ვა, ლადო ძია?! – ცრემლიანი თვალები მომარიდა.
– სხვის კარადაში რას ეძებ? – მხრებში მოვკიდე ხელები და შევანჯღრიე.
– ვერ გეტყვი, მრცხვენია!
– ფულს იპარავ, შენი დედა, არა? – კბილებში მუშტი გავუქანე.
– არა, ლადო ძია, გეტყვი, ოღონდ არავის უთხრა! – სახელოთი მოიწმინდა გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლი.
– მიდი, თქვი!
– იქ მამაჩემის სუნია, როცა მომენატრება ხოლმე, მოვდივარ და ვსუნამ! – თვალებში ჩავხედე, შევეჭვდი. კაბინეტში ავედი და ბოლომდე ვუყურე ჩანაწერს – ფეიზულამ კარადა მიკეტა და გამოვიდა. ცოტა ხანში, გასახდელში მხეხავი ელდარა შევიდა, კარადებს ჩამოუარა და ყველას ამოუსუფთავა ჯიბეები.
მექანიკურ საამქროში ჩავედი ფეიზულასთვის ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ მის სამუშაო ადგილზე განცხადება დამხვდა სამსახურიდან გათავისუფლებაზე.